შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

სიამაყე და ცრურწმენა საქართველოში სურსათის მოხმარების შესახებ
პარასკევი, 03 ოქტომბერი, 2014
ქართული სუფრები და სიღარიბე

სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ყველაზე მეტად აღიარებული ასპექტია. სტუმრის პატივისცემა ოჯახისთვის სიამაყეა. დედაჩემი პატარა იმერულ  ოჯახში გაიზარდა და როგორც ის მიყვება ხოლმე, ბავშვებს არ აძლევდნენ ხოლმე ჭამის უფლებას, მანამ, სანამ სტუმრებს ბოლომდე არ სცემდნენ პატივს, ე.ი. სანამ სტუმრები სათანადოდ არ დანაყრდებოდნენ. სოფლის ყველაზე ღარიბი ოჯახიც კი საკუთარ შესაძლებლობებს (და შემოსავალსაც) კი გადააჭარბებდა იმისთვის, რომ ადგილობრივი დელიკატესების, ხორცის, ბოსტნეულის და სახლის ღვინის სიუხვით სტუმარზე შთაბეჭდილება მოეხდინა. დღესაც, არცერთი სოციალური თავყრილობა და დღესასწაული არ ჩაივლის სუფრის გარეშე, სადაც სტუმრის პატივსაცემად, საჭმელი სართულებად  არის დახვავებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ქართველებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება, უცხოელები შეიძლება გააოცოს სუფრის ამ ტრადიციამ და ზედმეტად ექსტრავაგანტული მოეჩვენოთ საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის. უპირველეს ყოვლისა, ეს იწვევს დიდი რაოდენობით საკვების დანაკარგს, რადგან იშვიათად, თუ რომელიმე სტუმარი მოახერხებს, რომ დააგემოვნოს მაინც ყველა კერძი რამდენიმესაათიან დღესასწაულზე. უფრო მეტიც, ქართული ოჯახების უმრავლესობას არ შეუძლია გასწვდეს ასეთ ტრადიციულ ნადიმებს.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საკვები, არაალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი საშუალო ქართული ოჯახის დანახარჯების მეოთხედს შეადგენს. ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შემოსავლების განაწილების მიხედვით, საზოგადოების დაბალ ფენას მიეკუთვნებიან. ქართველების 65% აცხადებს, რომ გასული 12 თვის მანძილზე, ერთხელ მაინც მოხდა ისე, რომ საკვების საყიდლად საკმარისი ფული არ ჰქონდათ; და 58%  აღიარებს, რომ გასული 6 თვის მანძილზე, ერთხელ მაინც ისესხა ფული საკვებისთვის (CRRC კავკასიის ბარომეტრი, 2013).  და ბოლოს,   თავმოყვარე ქართველი ერისთვის სირცხვილია, იმის დანახვა, თუ როგორ ქექავს თბილისში ღარიბი ადამიანი ნაგავს საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად.

ქართულ სუფრაზე დახვავებული საკვები შეიძლება არ იყოს ადვილი „მოსანელებელი“. განსაკუთრებით, თუ იმ უკიდურეს სიღატაკეს გავიხსენებთ, რომელშიც უამრავ ქართველს უწევს ცხოვრება. მაგრამ, მოუტანს კი, რამდენიმესართულიანი სუფრის შემცირება ღარიბ ადამიანებს რაიმე სარგებელს?

საერთაშორისო მტკიცებულება

საკვების მსგავსი დანაკარგი უნიკალური არ არის საქართველოსთვის. FAO-ს (გაერთიანებული ერების საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მიხედვით, ადამიანის მოხმარებისთვის დამზადებული კვების პროდუქტების დაახლოებით მესამედი (!) გადაყრილია. გადაყრილ საკვებთან დაკავშირებული მონაცემები ხშირად წარმოდგენილია მშიერი ადამიანების მონაცემების გვერდით, რომლებიც მთელს მსოფლიოში მრავლად არიან (800 მილიონზე მეტი) და ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ შიმშილით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე შიდსით, ტუბერკულიოზით და მალარიით ერთად აღებული (World Food Programme). მაგრამ, გარდა მორალური აღშფოთების გამოხატვისა, შეგვიძლია კი რაიმეს გაკეთება საკვების ნარჩენების საკითხთან მიმართებაში? შემცირდება მოშიმშილეთა რაოდენობა მსოფლიოში (ან საქართველოში) უფრო მოკრძალებული სუფრების გაშლით? ალბათ, არა.

საკვების ნარჩენებისა და დანაკარგების (FLW- Food Waste and Loss) სრული აღმოფხვრა, FAO-ს განსაზღვრების მიხედვით, შეიძლება არც იყოს სასურველი. ულრიხ კოესტერის მიერ FAO-სთვის მომზადებული სინთეზური ანგარიშის მიხედვით, FLW იყოფა ოთხ კატეგორიად: 1) გადაჭარბებულად შეფასებული; 2)  გარდაუვალი დანაკარგი; 3) ეკონომიკურად გამართლებული დანაკარგი; 4) გაუმართლებელი დანაკარგი.

    1. გადაჭარბებული შეფასება სახეზეა მაშინ, როდესაც საკვები, რომელიც გამოიყენება ცხოველის გამოსაკვებად ან გადაეცემა ღარიბს, ასევე ჩათვლილია FLW-ში. შეიძლება ღორების გამოკვება დარჩენილი პურით არ არის იდეალური ქცევა, მაგრამ ის ემსახურება მომავლისთვის საკვების წარმოებას. საკვების ღარიბისთვის შეწირვა არ არის დანაკარგი, უფრო მეტიც, ეს პირდაპირ ამცირებს შიმშილობას. საბოლოოდ კი, FLW-ს გაზომვა რაოდენობით და არა კალორაჟით სულ მცირე, ართულებს მსოფლიოს მასშტაბით დაკარგული საკვების რაოდენობის ზუსტად შეფასებას.
    2. გარდაუვალი დანაკარგია, მაგალითად, შენახვით ან ტრანსპორტირებით გამოწვეული დანაკარგი, რომლის თავიდან აცილება რეალურ საბაზრო ეკონომიკაში ძნელი, და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია. თუკი ჩვენ გვინდა, რომ სასოფლო სამეურნეო პროდუქტები მოვიხმაროთ მთელი წლის მანძილზე, უნდა გვესმოდეს, რომ შენახვა მათ მასასა და ხარისხზე უარყოფითად აისახება. ვერ გადარჩება თთითოეული ვაშლი ან კარტოფილი, რომელსაც ხანგრძლივად შევინახავთ.
    3. ეკონომიკურად გამართლებული დანაკარგი. თეორიულად, საოჯახო მეურნეობებს შეუძლიათ საკვები დანაკარგების შემცირება, თუკი ისინი პროდუქტებს იყიდიან მცირე რაოდენობით, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. თუმცა, ისიც ჭკვიანურია, რომ ოჯახები საკუთარი დროის და ფულის დასაზოგად, სურსათს რაღაც პეიოდულობით და დიდი რაოდენობით ყიდულობენ. საყიდლებზე უფრო ხშირად სიარული სხვა სახის არაეფექტურობას წარმოშობს და თან, ვერ შეამცირებს გლობალურ შიმშილს.
    4. გაუმართლებელი დანაკარგი შესაძლოა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ჩარევის სამიზნე, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის და ტექნოლოგიების გამუჯობესებას. კოესტერის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგი ჩნდება ღირებულებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე, ყველაზე მეტი სარგებლის მიღწევა, მომხმარებლის დონეზეა შესაძლებელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საკვების დანაკარგის შემცირება რაღაც დონემდე შესაძლებელია, უნდა გვახსოვდეს, რომ დანაკარგების თავიდან აცილება არ ნიშნავს, ავტომატურად, მოშიმშილეთა კვების გაუმჯობესებას.

ქართული თავმოყვარეობისა და ცრურწმენების დაძლევა

როგორც ჩვეულებრივი ქალაქელ დიასახლისს, მეც მინდა, ჩემი ოჯახის საკვების ნარჩენები  სხვის საკვებად გადავაქციო. თუმცა, ამის გაკეთებაში რამდენიმე ფაქტორი მზღუდავს. პირველი: მეორადი ტანსაცმლისაგან განსხვავებით, მალფუჭებად საკვებს ვერ გავუზიარებ სამხრეთ საჰარაში მცხოვრებ ღატაკ აფრიკელებს, რომლებსაც ასეთი დახმარება, შეიძლება, ყველაზე მეტად სჭირდებათ. მეორე: მე კი შემიძლია, რომ ნარჩენებით დავეხმარო ჩემს ახლო გარემოცვას (ღარიბ ნათესავებს და, მეზობლებს), მაგრამ ამის გასაკეთებლად მჭირდება ინფორმაცია, რომელიც თავმოყვარე ქართველმა შეიძლება არ გაამჟღავნოს. უფრო მეტიც, საკვების შეთავაზებით, შეიძლება მიმღები უნებლიედ, უხერხულ მდომარეობაში ჩავაყენო.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, საკვების გაზიარების ტრადიცია საკმაოდ გავრცელებულია საქართველოს ღარიბ სოფლებში. 2013 წლის CRRC-ს კავკასიის ბარომეტრის მონაცემებით, სოფლად ყოველი მესამე ოჯახი ამბობს, რომ ძნელად მიუწვდება ხელი საკვებზე (ქალაქისგან განსხვავებით, სადაც ყოველი მეხუთე ოჯახია მსგავს მდგომარეობაში). სოფლად, მოსახლეობა ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობს, და მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანებს საკუთარ მაგიდებთან ეპატიჟება. როგორც ბიზნესებთან ინტერვიუების დროს აღმოვაჩინეთ, ბიზნესის მხრიდან, ოჯახების საკვებით დახმარება ხშირად ადგილობრივი მღვდლების მეშვეობით ხდება. საბოლოოდ, ქართული ხუთსართულიანი სუფრის ნარჩენები, ერთი შეხედვით, შეიძლება დაკარგულ საკვებად მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს საკვები  ნაკლებად შეძლებულ მეზობლებში ნაწილდება და მათ ოჯახებს,  რამოდენიმე დღის განმავლობაში ინახავს.

განაწილებისა და გაზიარების ეს სისტემა  პატარა ქალაქებსა და სოფლებში სრულდება, მაგრამ მსგავსი ეფექტურობის მიღწევა ძნელია დედაქალაქში. უფრო მეტიც, ტიპურ ქართველ ქალაქელს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენია ე.წ. „ძაღლის ტომარის“ (“doggy bags”) კონცეფცია – ევფემიზმი, რომელიც გამოიგონეს რესტორანში საკვების მოხმარების „ეფექტურობის“ ლეგიტიმაციისთვის (2013 წელს, CRRC-ს მონაცემების მიხედვით, თბილისის რეზიდენტების დაახლოებით 50% სულ ცოტა ერთხელ მაინც იყო რესტორანში გასული 5 თვის განმავლობაში). მაშინ, როდესაც „ძაღლის ტომარას“ სიამოვნებით იყენებენ ჩრდილოეთ ამერიკის უმეტეს ქალაქებში, ნარჩენი საკვების რესტორნიდან წამოღება სირცხვილად ჩაითვლება საქართველოში (დაახლოებით ისე, როგორც საფრანგეთში და სხვა რამოდენიმე ევროპულ ქვეყანაში).

როგორც, „ძაღლის ტომარა“ იყო წარმატებული  ხელმომჭირნე ქცევასთან დაკავშირებული მცდარი წარმოდგენების გადალახვაში, უკეთესმა განათლებამ და ინსტიტუციონალურმა ინოვაციებმა – როგორიცაა, მაგალითად საქველმოქმედო მაცივრები – ასევე შეიძლება გაათავისუფლოს თავმოყვარე ღარიბი ქართველები ტრადიციული მფლანგველის ბორკილებისგან. კარგი ისაა, რომ შეიძლება გარე თვალისთვის ეს შეუმჩნეველია, მაგრამ პრინციპში, ქართველებს ახასიათებთ პრაგმატული ქცევა. მაგალითად, სოციალურ სტიგმას არ ვანიჭებთ საკვების დაკონსერვებას – რაც მარტივი საშუალებაა, რომ მალფუჭებადი პროდუქტი (მეტწილად ბოსტნეული და ხილი) მოსახმარებლად გადაიტანო ერთი სეზონიდან მეორეში.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა