შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ქართული ღვინის ეკონომიკური პოტენციალი
სამშაბათი, 07 ოქტომბერი, 2014

მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, რომელიც ქართველებმა დღევანდელ დღემდე შემოინახეს. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ ყურძენი საქართველოში 8000 წლის წინ ხარობდა და აქ ღვინის დამზადება ყველაზე ადრე დაიწყეს. ტრადიცია კვლავ ცოცხალია – დღეს ღვინო, ღვინის ქარხნების გარდა, სახლშიც მზადდება; განსაკუთრებით სოფლად, საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნით.

ქართული მეღვინეობის დიდი ისტორია საერთაშორისო მასშტაბითაა აღიარებული. 2012 წლის ივლისიდან, საქართველოს აქვს ექსკლუზური უფლება, ქართული წარმოების ღვინოს ევროკავშირში პოპულარიზაცია გაუწიოს სიტყვებით „საქართველო – ღვინის აკვანი“.

მაღალხარისხიანი პროდუქტი

საქართველოში არც ისე ბევრი ექსკლუზიური და განსაკუთრებული პროდუქტი მზადდება, რომელიც ბაზრის მდიდარ სეგმენტზე  იქნება კონკურენტული. ღვინო ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია. ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასებით, ქართული ღვინის კულტურა მსოფლიოში უნიკალურია  სხვადასხვა მიზეზით.

პირველი, საქართველო გამოირჩევა ყურძნის ენდოგენური ჯიშების სიუხვით. აქ ხარობს 500 ენდოგენურ ჯიშზე მეტი, რაც მსოფლიოში არესებული ყურძნის ჯიშების 20%-ია.

მეორე, საქართველო ქვევრის ღვინის სამშობლოა. ხის კასრებში, მეტალის ან ბეტონის კონტეინერებში ფერმენტაციის ნაცვლად, როგორც ეს დანარჩენ მსოფლიო შიხდება, საქართველოში ტრადიციულად, ღვინოს აყენებენ თიხის ჭურჭელში, რომელიც მიწაში ინახება. ქვევრები ზომით განსხვავდება, ნახავთ როგორც რამდენიმე ლიტრის, ასევე რამდენიმე ათასი ლიტრის მოცულობს ქვევრებს. 2013 წელს, ქვევრს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

მე-19 საუკუნიდან, საქართველოში დაიწყეს ღვინის ევროპული ტექნოლოგიით დაყენება. პირველი ევროპული მარანი სამეფო დინასტიის შთამომავალს და რუსეთის იმპერიის არმიის გენერალს, ივანე მუხრანბატონს ეკუთვნოდა. მის სასახლეში, რომელიც თბილისიდან არც ისე შორს მდებარეობს, დღეს „შატო მუხრანის“ ღვინოები ისხმება. მუხრანბატონი პოინერი იყო იმაში, რაც შემდეგ ქართული ღვინის ინდუსტრიის ბიზნეს მოდელი გახდა: ის  ღვინოს ევროპული ტექნოლოგიით აყენებდა და ექსპორტზე გაჰქონდა ევროპასა და რუსეთში. სწორი მარკეტინგული სვლებით, რასაც ემატებოდა ღვინის კარგი ხარისხი, მისმა ღვინოებმა სწრაფად მოიპოვა აღიარება, როგორც რუსეთის საზოგადოების მაღალ კლასებში, ასევე ევროპაში. 1898 წელს, მუხრანბატონის ერთ-ერთმა ღვინომ პარიზის ღვინის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო მიიღო.

საბჭოთა კავშირის დროს, ქართველი მეღვინეების მისწრაფება, ეწარმოებინათ მსოფლიო დონის ღვინო – დასრულდა. იმ პერიოდში, საბჭოთა კავშირს ღვინით ძირითადად საქართველო და მოლდოვა ამარაგებდა და მრავალი სხვა პროდუქტის მსგავსად, ღვინის ხარისხიც გაურესდა. მეღვინეები ყურძნის წვენს ამატებდნენ წყალს და შაქარს მოცულობისა და ალკოჰოლის გასაზრდელად, თუმცა მომხმარებლებს არ ჰქონდათ სხვა არჩევანი, რომ ქართული ღვინო სხვა წარმოების პროდუქტისთვის შეედარებინათ. საბჭოთა კავშირში ქართული ღვინის განსაკუთრებული როლის გამო, 1990-იან წლებში, რუსეთში კვლავ მაღალი იყო ქართულ ღვინოზე მოთხოვნა. ღვინის ექსპორტის უდიდესი ნაწილი რუსულ ბაზარზე მიდიოდა, რის გამოც,  2006 წლის რუსეთის ემბარგო დიდი დარტყმა გახდა ქართული ღვინის ინდუსტრიისათვის. ამის შედეგად, 2006 წელს, ღვინის ექსპორტი  50%-ით შემცირდა და კლება შემდეგ წლებშიც გაგრძელდა. თუმცა, რუსულმა აკრძალვამ ქართველ მეღვინეებს ხარისხის გაუმჯობესებისაკენ უბიძგა, შედეგად კი, ქართულმა ღვინომ, მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მხოლოდ 2014 წელს, ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი და ღვინის საერთაშორისო გამოწვევა, ქართულმა ღვინომ, შესაბამისად, 39 და 32 ჯილდო აიღო.

ქართული ღვინო ექსპერტების მაღალ შეფასებას იმსახურებს. გაერთიანებულ სამეფოში, ღვინის იმპორტიორის (გაუმარჯოს) ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კონდოლის რქაწითელს აქვს „კომპლექსური, თაფლის და მწიფე ვაშლის არომატი, არის დახვეწილი და სასიამოვნოდ დასალევი“. 2007 წლის ქვევრის ღვინოზე კი წერენ: მას აქვს “მდიდარი ოქროსფერი ფერი, ვაშლის, მსხლის და კომშის კომპლექსური არომატი, რომელსაც თან სდევს ვანილის მსუბუქი გემო. აქვს თეთრი ღვინისთვის უჩვეულო სტრუქტურა, რომელიც მას ელეგანტურად დაძველების საშუალებას მისცემს. ის ტოვებს ხილის ინტენსიურ გემოს. ტრადიციის დამაინტრიგებელი ნიშანი. არ მიირთვათ ძალიან ცივი - ოდნავ გრილი“.

ეკონომიკური თვალსაზრისი

შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ეკონომისტები ღვინოზე საუბრობენ. თუმცა, უკანასკნელ წლებში, ღვინის ეკონომიკა კვლევის მნიშვნელოვანი სფერო გახდა. არსებობს ღვინის ეკონომისტების ამერიკის ასოციაცია, მრავალი ვებ-გვერდი, მაგალითად, www.wineeconomist.com (რომელსაც მართავს მაიკ ვესეტი, ავტორი წიგნისა ღვინის ომები, რომელიც „მოგვითხრობს ბაზრის ტრენდების ომის შესახებ, რომლებიც მსოფლიო ღვინის ახალ რუკებს ადგენენ“), და ასევე არის სპეციალიზებული სამეცნიერო ჟურნალები, მაგალითად Wine Economics and Policy (Elsevier) და Journal of Wine Economics (Cambridge University Press). ამ საკითხს მრავალი ეკონომიკური წიგნი და აკადემიური ნაშრომი ეხმიანება.

რა შეგვიძლია ვთქვათ ქართული ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ ასპექტზე? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშონს, რომ უკანასკნელ წლებში, ღვინის ექსპორტი იზრდება და 2013 წელს, 130 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, 2014 უკეთესი წელი ჩანს! მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ რვა თვეში ექსპორტირებულია 118.5 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 83%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს. 2012 წელს, რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, რუსეთი კვლავ ქართული ღვინის უდიდესი იმპორტიორია. ასევე, აშკარაა ღვინის ექსპორტის ფასი ზრდა, 90-იანი წლების შუა პერიოდიდან, როდესაც ნიშნული 1 დოლარზე ნაკლები იყო, 2011 წლისთვის 3.2 დოლარამდე და შემდგომაც. მიმდინარე მდგომარეობით, ქართული ღვინის საექსპორტო ფასი, მსოფლიოს საშუალოს აღემატება, რაც მისი, როგორც ფუფუნების პროდუქტის სტატუსს ამყარებს. მომავალში სავარაუდოა, რომ მიწოდების გაზრდა ექსპორტის ფასზე იმოქმედებს, როგორც ეს მოხდა ავსტრალიის შემთხვევაში, 2000-იან წლებში, როდესაც ავსტრალიური წარმოების ღვინოებზე ფასი შემცირდა, მაგრამ ასევე სავარაუდოა, რომ მიწოდების ეფექტი კომპენსირებული იქნება ევროპასა და ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდით.

ვინ მიიღებს სარგებელს, თუ გაიზრდება ქართული ღვინის წარმოების მოცულობა და ფასი? ღვინოს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს „ინკლუზიურ ზრდას“, ე.ი. ზრდას, რომლის დროსაც, სარგებელს იღებენ არა მხოლოდ მეწარმეები და წარმოებაში უშუალოდ ჩართული პირები (როგორც ეს ხშირად თან სდევს ეკონომიკურ აქტივობებს განვითარებად ქვეყნებში). ეს მსჯელობა ემყარება იმ ფაქტს რომ სოფლად, განსაკუთრებით კი კახეთში, მევენახეობა შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ღვინის კომპანია თავად ფლობს ვენახებს და ყურძენს იქიდან იღებს, სხვები  ყურძენს, ძირითადად, საოჯახო მეურნეობებიდან ყიდულობენ. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 2-3-ჯერ მეტი ღვინო იწრმოება ოჯახებში, ვიდრე ღვინის ქარხნებში. ეს ნიშნავს, რომ თუ ქართული ღვინის მოთხოვნა და ფასი გაიზრდება, ღვინის ქარხნებს შორის კონკურენცია გაზრდის ყურძნის ფასსაც. ამ გზით, მსოფლიო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია პირდაპირ აისახება ქართველი მევენახე გლეხების შემოსავალზე!

ამას გარდა, გაიზრდება ღვინის მწარმოებელი კომპანიებიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები.

და მაინც, რა რაოდენობის ღვინის წარმოებაა შესაძლებელი? ბოლო წლებში ქარხნების მიერ, ღვინის დასაყენებლად საშუალოდ, 30-40,000 ტონა ყურძენი გამოიყენება. საოჯახო მეურნეობების მფლობელობაში არსებული ვენახების მოსავლის უმეტესობა, ოჯახის ღვინის დასაყენებლად გამოიყენება, თუმცა, თუ ღვინის კომპანიები მევენახეებს მისაღებ ფასს შესთავაზებენ, ისინი, მოხმარების ნაცვლად, გაყიდიან ყურძენს. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია კომერციულად წარმოებული ღვინის რაოდენობის გაორმაგება.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში 60 ათას ჰექტარზეა ვენახი გაშენებული. ეს მხოლოდ იმ ფართობის ნახევარია, რაზეც 1980-იანების დასაწყისამდე იყო ვენახი გაშენებული (მათი დიდი ნაწილი გაიჩეხა გორბაჩოვის ანტი-ალკოჰოლური კამპანიის შედეგად); ამის მიუხედავად, საქართველო მეოთხეა (პორტუგალიის, ჩილეს და იტალიის შემდეგ) სასოფლო-სამეურნეო მიწების წილით (8%), რომელიც გამოყენება ვაზის კულტივირებისათის. ასე რომ, ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდა შესაძლებელია ვენახების იმ ტერიტორიაზე გაშენებით, სადაც ისინი გაიჩეხა.

ქართული ღვინის სტიმულირება

მიუხედავად იმისა, რომ რუსი მომხმარებელი კარგად იცნობს ქართულ ღვინოს (თუმცა ყველამ არ იცის, რომ ხარისხი ბოლო წლებში შესამჩნევლად გაუმჯობესდა), ისტორია გვიჩვენებს, რომ რუსული ბაზარი სანდო არაა. ასე რომ, საქართველომ უნდა მოახდინოს იმ ქვეყნების დივერსიფიკაცია, სადაც ღვინის ექსპორტს ახდენს. ქართული ღვინო უნდა გაიყიდოს სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკასა და აზიაში (ღვინის მოხმარებამ პიკს მიაღწია ჩინეთში, რაც მეტად მნიშვნელოვანია ღვინის მწარმოებელი ყველა ქვეყნისათვის). მართალია, ექსპერტები მას უკვე იცნობენ, მაგრამ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების გარდა, ქართული ღვინო ჯერ კიდევ არაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

კიმ ანდერსენის მიხედვით, (“არის საქართველო შემდეგი „ახალი“ ღვინის ექსპორტიორი ქვეყანა?”, სამუშაო კვლევა 162523, Robert Mondavi Institute Center for Wine Economics), ღვინის ექსპორტიორი არაევროპული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კონკრეტული ბრენდის რეკლამირებასთან შედარებით, გაცილებით ეფექტურია წარმოების ქვეყნის რეკლამირება. ასევე, სოფი ღვანიძემ თავის სადოქტორო ნაშრომში (Bedeutung des Country-of-Origin-Effekts für die Wahrnehmung deutscher Weinkonsumenten: eine Untersuchung am Beispiel des georgischen Weines) აჩვენა, რომ გერმანიაში (რომელიც ღვინის ყველაზე დიდი იმპორტიორია) წარმოების ქვეყანას დიდი გავლენა აქვს ღვინის მომხმარებლის ქცევაზე.

საქართველომ ქვეყნის ბრენდი შეუძლია გამოიყენოს არა მხოლოდ ღვინის რეკლამირებისათვის, არამედ (ღვინის-)ტურიზმის, მინერალური წყლების, საკვები და სხვა  პროდუქტების პოპულარიზაციისათვისაც. ასეთი ბრენდი ვერ შეიქმნება კერძო კომპანიების მიერ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ერთობლივად იმოქმედებენ. ამის მიზეზია „უბილეთო მგზავრის“ ცნობილი პრობლემა: შეუძლებელია აიძულო კომპანიები მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ბრენდის ჩამოყალიბებაში, თუმცა მისგან ყველა კომპანია მიიღებს სარგებელს, იმის მიუხედავად, თავად რა წვლილი მიუძღვით ბრენდის შექმნაში. ასე რომ, კომპანიებისათვის საუკეთესო სტრატეგიაა, არ მიიღონ მონაწილეობა და უფასოდ ისარგებლონ სხვების მცდელობით მიღწეული შედეგით.

ქვეყნის ბრენდის შექმნა მხოლოდ მთავრობას შეუძლია და ამ ფაქტს სერიოზული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა