შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

რა რაოდენობის რეგულაცია სჭირდება სახელმწიფოს?
პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2014

Democracy and Freedom Watch-ის 9 ოქტომბრის ახალი ამბების მიხედვით “საქართველოს ახალი, საკამათო კანონი იმიგრაციის შესახებ, შესაძლოა შეიცვალოს”. DFW წერს, რომ კანონმა „ქვეყნის ექსპატრიატთა საზოგადოებაში გაურკვევლობა და გაღიზიანება გამოიწვია. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ახალი კანონის განხორციელებისას რაიმე პრობლემა შეიქმნება „ჩვენ აუცილებლად ჩავასწორებთ მას”.

ერთი თვის წინ კი, საზოგადოების გაურკვევლობა და გაღიზიანება გამოიწვია კიდევ ერთმა კანონმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა ურეცეპტოდ გასაყიდი მედიკამენტების რაოდენობა. მღელვარება განაპირობა იმან, რომ შეზღუდვაში მოყვა მრავალი ფართოდ მოხმარებადი წამალი, როგორიცაა, მაგალითად, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები და მათი შეძენა რეცეპტის გარეშე შეუძლებელი გახდა. კანონის ძალაში შესვლიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში, 11 სექტემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შესწორება შეიტანა კანონში და ამის შედეგად, ურეცეპტოდ გასაყიდ მედიკამენტთა სიას 772 წამალი დაემატა.

შეიძლება ვინმემ, გერმანელების მსგავსად, თქვას – ende gut, alles gut (ყველაფერი კარგია, თუ კარგად მთავრდება). მაგრამ, alles is nicht gut (ახლა კარგი დასასრული არ არის). ის ფაქტი, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი შეცდომები დაიშვა, მიუთითებს საქართველოს პოლიტიკური მანქანის დიდ ნაკლოვანებაზე.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხია „საზოგადოებრივი პოლიტიკის“ დროსთან შეუსაბამობა. მართლაც, სიჩქარე არ ერთი კანონის შემთხვევაში არ იყო აუცილებელი; შესაბამისი ტექნიკური გადახედვა, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაცია და საზოგადო დებატები ორივე კანონს გააუმჯობესებდა.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ეს ჩავარდნები მიუთითებს, არის ის, რომ ქართველ კანონმდებლებს სრულად არ ესმით ეკონომიკაში რეგულაციის როლი და არც ის, თუ რა დოზით სჭირდება (ან რამდენს გასწვდება) საქართველოს მსგავს ქვეყანას რეგულაციები.

დაყოვნების და დებატების უპირატესობა

რეგულაციების ნებისმიერი განხილვა ადვილად შეიძლება პოლიტიკურად აქტიური საკითხი გახდეს და აშკარად უსარგებლო და ხანგრძლივი პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვიოს. მემარცხენეები იტყვიან, რომ რეგულაციები საჭიროა ბაზრის ჩავარდნების აღმოსაფხვრელად (მაგალითად, წამალზე დამოკიდებულება და ანტიბიოტიკების ხშირი მოხმარება) ან სუსტების დასაცავად (მაგალითად, მათი სამუშაო ადგილების შენარჩუნებით და დახმარების გაწევით). ლიბერტარიანელების აზრით, ბაზარი თავისთავად დარეგულირდება. პატერნალიზმს არ შეუძლია ყველა პრობლემის აღმოფხვრა და ის თავად ქმნის ზედმეტ „წითელ ლენტებს“ და მოსდევს გაუთვალისწინებელი შედეგები, როგორიცაა სიზარმაცე, კორუფცია, არალეგალური ეკონომიკური საქმიანობები („შავი ბაზარი“) და კონტრაბანდა. ლიბერტარიანული ხედვით, მთავრობის ჩავარდნა ისეთივე პრობლემაა, როგორც ბაზრის ჩავარდნა.

იდეების ასეთი დაპირისპირება საკმაოდ ლეგიტიმურია და ის ნებისმიერ საზოგადოებაში მისასალმებელია, თუ ცივილური და კონსტრუქციული გზით წარიმართება. განხილვა კანონმდებლებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ იმ პრობლემის არსს, რომლის მოგვარებასაც ცდილობენ (თუ საერთოდ არის ასეთი პრობლემა), ამ კონკრეტულ შემთხვევებში კი:

    • საქართველოში ანტიბიოტიკო რეზისტენტობის მაჩვენებელი;
    • იმიგრანტები, რომლებიც კონკურენციას უწევენ დაბალკვალიფიციურ ქართველ მომუშავეებს (ან მათთვის ქმნიან სამუშაო ადგილებს);
    • პანჯაბი ფერმერების მიერ მიწების მიტაცება (ისევე როგორც მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები და შექმნილი სამუშაო ადგილები).

და ბოლოს, იმის გარკვევა, ქმნის თუ არა პრობლემას ლიბერალური საიმიგრაციო კანონი (ან მედიკამენტებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა), პოლიტიკის გადასაწყვეტია და არა მეცნიერების. და მაინც, რეგულაციის დაწესებამდე მისი განხილვა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ვინაიდან ხშირად, „მყვირალა“ სათაურების მიზეზად ქცეული „პრობლემები“, რეალურად, ძალიან უმნიშვნელოა, ან საერთოდ, არც არსებობს.

ასევე, თავიანთი საკანონმდებლო პროექტის დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში, რეგულაციის მომხრეები იძულებულნი იქნებიან, განიხილონ ალტერნატივები დანახარჯების, განხორციელების ეფექტურობის, კორუფციის რისკის და სხვა შესაძლო ზიანის გათვალისწინებით.

არ დაპირდე იმაზე მეტს, ვიდრე შეგიძლია გააკეთო!

რეგულაციების განხორციელების შესაძლებლობის იდეოლოგიურად ყველაზე უფრო თავისუფალი კრიტერიუმი ალბათ ის არის, აქვს თუ არა ქვეყანას საჭირო ადამიანური რესურსები. ისეთი მარტივი რეგულაციაც კი, როგორიცაა შუქნიშნები, შესაძლოა არაპროდუქტიული იყოს, თუ სათანადოდ არაა დაგეგმილი და განხორციელებული. პირველი, მთავარი კითხვაა, როგორ უნდა დარეგულირდეს კონკრეტული გზაჯვარედინი (შუქნიშანი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოძრაობის ინტენსიურობა გარკვეულ ზღვარს აღემატება, რაც თითქმის არასდროს ხდება ღამით). მეორე, შუქნიშანზე მოძრაობის დრო ისე უნდა იყოს შერჩეული რომ მაქსიმალურად გაიზარდოს გამტარიანობა. ცუდად დაგეგმილი შუქნიშნები – ვეხმიანები თბილისს! – არა მხოლოდ აფერხებს მოძრაობას, არამედ საფრთხესაც ქმნის გზებზე.

ის, რაც სწორია საგზაო მოძრაობისთვის, სწორია ისეთი რთული რეგულაციებისათვისაც, როგორებიცაა ანტიმონოპოლიური, შრომის ან საკვები პროდუქტებს უსაფრთხოების რეგულაცია, რომლების შემოღებაზეც საქართველო დათანხმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მაგალითად, შვედური სტილის ანტიმონოპოლიური კანონის განხორციელებისათვის საჭირო პრფესიული შესძლებლობების პარლამენტსა და იურისპრუნდენციაში დანერგვას, კონკურენციის მონიტორინგის განხორციელებას, ეკონომიკური, იურიდიული და მენეჯერული პროფესიების დანერგვას წლები, და შესაძლოა, თაობები დაჭირდეს. ამ დროისათვის, საქართველო დაუდევრად ასრულებს ევროკავშირთან აღებულ რამდენიმე ვალდებულებას (მაგალითად, კონკურენციის სააგენტოს შექმნა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ზუსტი გადმოტანა საქართველოსათვის რელევანტური ჩასწორებების გარეშე).

იმიგრაციის და ფარმაცევტული კანონის ხელახლა გადაწერის მცდელობები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქართულ ბიუროკრატიაში პროფესიონალების ნაკლებობაა. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს სახელმწიფო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა; განათლებული ელიტა საზოგადოების მცირე ნაწილია და ეს მცირე ნაწილიც შემცირდა მრავალწლიანი „ტვინების გადინებით“ და ემიგრაციით. ამ სიტუაციაში, საქართველოს მთავრობამ იმაზე მეტი არ უნდა დაპირება არ უნდა გააჟღეროს, ვიდრე შეუძლია შეასრულოს; უნდა აირიდოს რთული რეგულაციები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თეორიულად სასარგებლოა, ან საერთაშორისო პარტნიორების მიერ არის მოთხოვნილი. და, რა თქმა უნდა, შესწორების გარეშე არ უნდა გადმოიღოს რეგულაციები, რომლებიც სხვა ვითარებაში და სხვა ადგილას ჩამოყალიბდა.

* * *

ლევ ტოლსტოის მოკლე მოთხრობა "რამდენი მიწა სჭირდება კაცს" აღწერს მიწის მოსურნე რუსი გლეხის, პახომის ამბავს, რომელსაც დაჰპირდნენ, რომ მისცემენ იმ მიწას, რომელსაც მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე შემოუვლის. თუმცა, ერთი პირობით: მან სრული წრე უნდა შეკრას და დაბრუნდეს იმ ადგილზე, საიდანაც დაიწყო. იმისათვის, რომ დიდი ზომის მიწა მიიღოს, პახომი ამბიციურ მარშრუტს ირჩევს. როდესაც მიხვდება, რომ ვერ ასწრებს, სირბილს იწყებს და ძალაგამოცლილი კვდება იმ ადგილას, საიდანაც სიარული დაიწყო. მსახური კი მას ორი მეტრის სიგრძის საფლავში კრძალავს. ამით, მოთხრობის სათაურში დასმულ კითხვას ირონიული პასუხი ეცემა.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა