შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

დანაშაული და სასჯელი საქართველოში
სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2014

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და სხვა გამოკითხვების მიხედვითაც, პოლიცია ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინსტიტუტად მიიჩნევა. 2011 წელს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 88% დადებითად აფასებდა მის საქმიანობას. ამ მაჩვენებლით, პოლიცია, ეკლესიის შემდეგ (93%), მეორე ადგილს იკავებდა. 2013 წელს, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9% (7% — 2012 წელს) უცხადებდა უნდობლობას ქართულ პოლიციას.

2004 წლიდან ხომ პიროვნებისა და საკუთრების უსაფრთხოება თბილისისა და მთლიანად საქართველოს მთავარ ძლიერ მხარედ იქცა. თუ არ გავითვალისწინებთ ავტომობილების ჯიგიტურ  მართვის სტილსა და ტროტუარების ნაკლებობას (იხილეთ ფლორიან ბიერმანის კრიტიკული სტატია "თბილისი – ქალაქი მანქანებისთვის და არა ხალხისთვის” ISET-ის ეკონომისტის ბლოგზე), თბილისი ევროპული დედაქალაქების უმრავლესობაზე უსაფრთხო ქალაქია. ეს არის ქალაქი, სადაც შეგიძლია ისეირნო, დღისით თუ ღამით, ძალადობის ან ძარცვის ყოველგვარი საშიშროების გარეშე.

ტყუილი, უფრო დიდი ტყუილი და დანაშაულის სტატისტიკა

დანაშაულის (სავარაუდო) ზრდა და (სავარაუდოდ) არაადექვატური საპასუხო ზომები, 2014 წლის გვიანი ზაფხულიდან, ქვეყანაში ცხარე დებატების საფუძველი გახდა. შემთხვევით, თუ არცთუ შემთხვევით, უარყოფითი მოვლენები ამა წლის 28 ივლისს პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენებასა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმ წევრების (შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბაჩო ახალაიას) დამნაშავედ ცნობას მოჰყვა, რომელთა უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა პოლიციის წარმატებული რეფორმა.

ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მოჰყვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მკაცრი განცხადებები;  ისინი გმობდნენ მზარდ ძალადობას ციხეებში (მაჭავარიანი), ამტკიცებდნენ, რომ  ნარკოტიკები ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახდა (ბეჟაშვილი) და რომ „ხელისუფლება დანაშაულთან ბრძოლის ნაცვლად, სტატისტიკას აყალბებს“ (ბოკერია).

მეორე მხრივ კი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ჭიკაიძე და იზორია ირწმუნებიან, რომ კრიმინალი საქართველოში მხოლოდ შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები უნდობლობას უცხადებენ, მთავრობის პოზიციას უფრო უჭერს მხარს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ქართული პოლიცია არამხოლოდ დანაშაულის პრევენციას ახერხებს უკეთ, არამედ უფრო წარმატებულია საქმეების გახსნაშიც:

    • რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 2014 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით 17%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
    • დანაშაულის გახსნის საშუალო მაჩვენებელი (რომელიც გამოითვლება გახსნილი საქმეების რეგისტრირებული დანაშაულების მთლიან რაოდენობასთან შეფარდებით) კი, 56%-დან 60%-მდე გაიზარდა.

თუმცა, თუკი სტატისტიკა სანდო აღარაა, ხალხს არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ენდოს საკუთარ გამოცდილებასა და შეგრძნებებს მდგომარეობის შეფასებისას. მაგალითად, ჩვენი ორი ISET-ელი კოლეგა, ბოლო დროს, ძარცვისა და ქურდობის (თითოეული ორგზის) მსხვერპლი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ფინანსური ზიანი მაინცდამაინც დიდი არცერთ შემთხვევაში ყოფილა (ძირითადად, 10-20 ლარის ფარგლებში), გამოცდილება მტკივნეული აღმოჩნდა. თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, ეს ფაქტები უფრო არსებითი დასკვნების გამოტანის საშუალებასაც გვაძლევს საქართველოში „ჭეშმარიტ“ კრიმინოგენული მდგომარებისა და ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის შესახებ.

ზოგადად, ნებისმიერი დანაშაულის სტატისტიკის დაბალი ხარისხის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ხალხი, როგორც წესი, პოლიციას არ ატყობინებს წვრილმანი დანაშაულის შესახებ (ISET-ის თანამშრომლების ოთხი ინციდენტიდან არცერთი  შესულა რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვში). მეორე მიზეზი კი ის არის, რომ პოლიციელებს არ აქვთ ამგვარი დანაშაულის აღრიცხვის მოტივაცია, ვინაიდან ამ საქმეების გახსნის ალბათობა ნულთან ახლოსაა და შესაბამისად, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელსაც აუარესებს. არშეტყობინება და არაღრიცხვა ადამიანის ბუნებაში ღრმად ფესვგადგმული ფენომენებია, რომლებიც მარტივად ვერ აღმოიფხვრება.

დანაშაულის სტატისტიკის პრობლემატურობის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულთაგან განსხვავებით, უფრო მარტივი გამოსასწორებელია, არის მონაცემთა შეგროვების გამჭვირვალე მეთოდოლოგია და მონაცემთა გამოქვეყნება საზოგადოებისთვის გასაგებ ფორმატში. ჩვენი მცდელობა, გაგვეანალიზებინა ქართული დანაშაულის სტატისტიკა, შეფერხდა იმის გამო, რომ გამოქვეყნების არსებული ფორმატი PDF ფაილის სახით ზღუდავს დამოუკიდებელ ზედმიწევნით ანალიზს დინამიკაში დანაშაულის ტიპების მიხედვით. არც მეთოდოლოგიური ცვლილებებია განმარტებული, რაც ოპონენტების წისქვილს ასხამს წყალს.

...და ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ

პოლიციის რეპუტაცია და საზოგადოების მიერ ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და წესრიგის აღქმა წვრილმანი საქმე არაა, არც პოლიტიკურად (როგორც ციხის სკანდალის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მიერ ძალაუფლების დაკარგვამ აჩვენა 2012 წლის ოქტომბერში) და არც ეკონომიკურად. ძირითადად, უცხოელების მიერ მიღებულ მთავარ საინვესტიციო გადაწყვეტილებებში, პიროვნებისა და საკუთრების უსაფრთხოების შესახებ წარმოდგენები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

2003-2012 წლებში საქართველომ დანაშაულს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა და შედეგად, პატიმართა წილით მსოფლიო ლიდერების გვერდით აღმოჩნდა. 547 პატიმრით 100 000 მოსახლეზე 2009-2010 წლებში ქვეყანას მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა მთელს მსოფლიოში. საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს იმდროინდელი მოღვაწეობა მკაცრი კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდა როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, ადამიანის უფლებებისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის სისტემატური შებღალვის გამო.

ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული 2013 წლის მასიური ამნისტია კი მიზნად ისახავდა პატიმართა რაოდენობის განახევრებასა და გამოთავისუფლებული რესურსებით საპატიმროებში მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამნისტიის შემდეგ პატიმართა რაოდენობა 2012 წელს 19 349-დან  2013 წელს 9 093-მდე შემცირდა. შედეგად, საქართველომ 100 000 მოსახლეზე პატიმართა მაჩვენებლით მსოფლიოში მე-4-დან 159-ე ადგილზე ჩამოინაცვლა.

გასაგებია, რომ ამნისტიამ საზოგადოებაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინი გააჩინა. ამ საშიშროებას აღიარებდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. მართლაც, 2012 წლამდე, კრიმინალურ აქტივობასა და პატიმართა რაოდენობას შორის ძლიერი უარყოფითი კორელაცია არსებობდა (იხილეთ გრაფიკი).

ერთი მხრივ, მთავრობა ეცადა ამგვარი შიშების პრეემფციას რიგი საკანონმდებლო აქტების მეშვეობით, რომლებიც კრძალავდა ან ზღუდავდა გარკვეული ტიპის ქცევას, როგორიცაა ცივი იარაღის (მაგ. დანის) ტარება. ასევე, შესამჩნევად გაიზარდა პოლიციის რეიდები და პატრულირება.

სადამსჯელო ზომების პარალელურად, მთავრობამ, უფრო კონკრეტულად კი, დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა შესათავაზა. პროგრამა, რომელიც იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა და მისივე პირადი ზედამხედველობით ფუნქციონირებს, ფსიქო-სოციალურ კონსულტაციას, პროფესიულ გადამზადებას, დასაქმებაში, ჯანმრთელობისა და იურიდიული პრობლემების მოგვარებაში დახმარებასაც მოიცავს.

სამწუხაროდ, თითქმის არაფერია ცნობილი საზოგადოებისთვის იმის შესახებ, თუ რამდენად წარმატებულია ცენტრი ყოფილი პატიმრების მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენციის საქმეში. ამ პროგრამების წარმატებებისა და წარუმატებლობების საჯარო განხილვა, გრძელვადიან პერიოდში, ცენტრის ეფექტურობასაც აამაღლებდა და საზოგადოებაში პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წუხილსაც გაანელებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური რეიდები და განურჩეველი ჩხრეკა იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა დანაშაულთან ბრძოლას აგრძელებს, ამ მეთოდების გამოყენება, საზოგადოებისათვის შესაბამისი ახსნა-განმარტების გარეშე, არცთუ ეფექტურია დანაშაულის პრევენციის საქმეში. ასე, დანაშაულის პრევენციისთვის მიღებული ზომები, რიგითი უდანაშაულო მოქალაქეების მიერ მხოლოდ იმგვარ უსიამოვნო მოვლენად აღიქმება, რომელიც შევარდნაძის დროინდელ კორუმპირებულ პოლიციასთანაა ასოცირებული.

* * *

საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საზოგადოება შეძრა იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მოქალაქე (რომელიც კერძო ფილანტროპიული ორგანიზაციის მმართველია) მანქანის გასაღების აცმაზე მიმაგრებული 5.8-სანტიმეტრიანი შვეიცარიული არმიის დანისათვის დააჯარიმეს. დასავლელი კოლეგების მხარდაჭერით წახალისებულმა მოქალაქემ, ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, უეჭველია, რომ საქართველოს პოლიციასა და სასამართლოს მათ ხელთ არსებული შეზღუდული დროის და ადამიანური რესურსების უკეთესი გამოყენება შეუძლიათ.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა