შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებამ
სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2014

2013 წელს, სომხეთის ევრაზიის საბაჟო კავშირში (სადაც მთავარ ფიგურას რუსეთი წარმოადგენს) შესვლამ შეშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებში. სავარაუდო იყო, რომ ეს საქართველოს ეკონომიკურ შევიწროვებას გამოიწვევდა რუსეთისა და სომხეთის მხრიდან, ვინაიდან ეს უკანასკნელი, რუსეთზე გეოგრაფიული დამოკიდებულების გამო, მის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ (ხანდახან, პირდაპირ აგენტადაც) ითვლება რეგიონში.

სავარაუდო იყო, რომ ამ მოსალოდნელ საფრთხეს, რომელიც რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერებას გულისხმობდა, საქართველო დასავლელ პარტნიორებთან კავშირების გამყარებით უპასუხებდა.  შესაბამისად, დამთხვევა არ უნდა იყოს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დროში თითქმის დაემთხვა სომხეთის ოფიციალურ განცხადებას ევრაზკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

გამართლებული იყო თუ არა საქართველოს სიფრთხილე? თუ ამ საკითხს უკეთ განვიხილავთ, სომხეთის გადაწყვეტილება საქართველოსათვის ერთდროულად შეიცავდა რისკსაც და ახალ შესაძლებლობებსაც. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხეთი პირდაპირ არის დამოკიდებული საქართველოზე, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაზე და სომხეთის ვაჭრობის ზრდისაგან ნებისმიერ შემთხვევაში – იქნება ეს ევრაზკავშირთან თუ მის გარეთ – საქართველო აუცილებლად მიიღებს სარგებელს. ამასთან, საბაჟო კავშირი შეეცდება, ხელი შეუწყოს ექსპორტის ზრდას საქართველოს გავლით, რადგან მასზე გადის უმოკლესი გზა მის პარტნიორ ქვეყნებამდე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სომხეთი დაალაგებს ურთიერთობებს თურქეთთან (რაც არც ისე სავარაუდოა ახლო მომავალში), საქართველო მაინც დარჩება მისი ექსპორტისათვის ყველაზე მიმზიდველ სატრანზიტო ქვეყანად. 

რა არის სომხეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები საქართველოს პერსპექტივიდან?

ენერგეტიკა

სომხეთს სურს, მომავალში ერთ-ერთი მსხვილი ენერგო ექსპორტიორი გახდეს. თუმცა სომხეთის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქვეყანა ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია ხმელეთით და ამასთან, მას მტრული ურთიერთობა აქვს ორ მეზობელ ქვეყანასთან: აზერბაიჯანთან და თურქეთთან. დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, ექსპორტის ტრანზიტულ ქვეყნად არც ირანი გამოდგება, ასე რომ, საქართველო რჩება ერთადერთ გზად სომხეთის ენერგო რესურსების საერთაშორისო ბაზარისათვის მისაწოდებლად. მაგრამ აქვს თუ არა სომხეთს შესაძლებლობა გახდეს მსხვილი ენერგო ექსპორტიორი?

სომხეთის მთავრობა ცდილობს, ხელი შეუწყოს და მნიშვნელოვნად გაზარდოს ფიქალის გაზის წარმოება ქვეყანაში – მცდელობა, რომელიც მოტივირებულია არა მხოლოდ დიდი რაოდენობის პოტენციური შემოსავლით, არამედ ასევე ენერგო-დამოუკიდებლობის გეოპოლიტიკური მიზნებითაც.

ამ ბიზნესს ქვეყნისათვის დიდი პერსპექტივა აქვს რადგან, მეცნიერულად დასაბუთებულია სომხეთში ე.წ. ფიქალის ფისის (сланцевая смола) დიდი მარაგების არსებობა. 2011 წლის ივნისის დასაწყისში, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრსა და ქვეყანაში აშშ-ს ელჩს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლითაც აშშ-ის გეოლოგიური სამსახური სომხეთს დაეხმარება ამ სახის საწვავის ძიება-მოპოვებაში. შტატების მხარდაჭერას ახორციელებს აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS), მეცნიერული ორგანიზაცია, რომელის კომერციულ სამეცნიერო მომსახურებასაც ეწევა.

შეთანხმების შემდეგ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა სოფელ არამუსთან აღმოაჩინეს 44 მლნ ტონა ფიქალის საწვავის მარაგი. ასევე, მნიშვნელოვანი მარაგებია იჯევანის, შამუტის, ჯერმანისის და დილიჟანის რაიონებში (არც ისე შორს საქართველო-სომხეთის საზღვრიდან). ოქტომბერიანის რაიონში, 3.5 კმ სიღრმეზე, აღმოჩენილია ჩვეულებრივი ბუნებრივი გაზის საბადო.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი მცდელობა მთავრობის მხრიდან სომხეთის ენერგო პოტენციალის განვითარების. სომხეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ბრიტანეთის მენის კუნძულზე დარეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია International Minerals and Mines (IMM)-თან გააფორმა მემორანდუმი, რომლითაც მან სომხეთში ფიქალის გაზის დაზვერვა და შეფასება უნდა მოახდინოს.  ამ მიზნით, ერევანში დაფუძნდა ერთობლივი კომპანია IMM Energy Armenia. უკვე 2012 წლის დეკემბერში, სომხეთის მთავრობამ შვეიცარულ კომპანიას “ინტეგრალ პეტროლიუმს” (Integral Petroleum) მისცა  ქვეყანაში ნავთობისა და გაზის დაზვერვის ნებართვა. გაფორმდა პროდუქციის გაყოფის ხელშეკრულებაც იმ შემთხვევისათვის, თუ მოხდა ნახშირწყალბადების სამრეწველო მარაგების აღმოჩენა. ადრე სომხეთს ამ კომპანიასთან ჰქონდა ბიზნეს ურთიერთობა, მაგრამ ის ეხებოდა ბულგარეთიდან და რუმინეთიდან საწვავის იმპორტს. ეს ფირმა ასევე წარმატებით მუშაობს  თურქეთში ალბანეთში, საბერძნეთში, დსთ-ს ქვეყნებში. ის აქტიურად ითვისებს თხევადი გაზის ბაზრებს. თუმცა გეოლოგიურ-საძიებო საქმიანობაში დიდი გამოცდილება არ აქვს.

ასევე, არმავირის რაიონში მდებარე სოფელ ვარანდთან, კანადური კომპანია “ტიმ ენერჯის” (Tim Energy) სპეციალისტებმა აღმოაჩინეს 3 მლრდ კუბმეტრის რეზერვის მქონე ბუნებრივი გაზის საბადო. კანადური კომპანიის “ვანგოლდის” (Vangold Resources Limited) და ირლანდიური ფირმის “ბლექსტაირს ენერჯის” (Blackstairs Energy) სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სიუნიკის, ვაიოც ძორეს და გეგარკუნიკის მიდამოებში იმდენი ნავთობია, რომ შესაძლებელია მისი სამრეწველო მოპოვების დაწყება.

ამ წამოწყებების ხელშესაწყობად, სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა ენერგორესურსები დაზვერვა-მოპოვებაზე ლიცენზიების გაცემის ახალი, გამარტივებული წესი. თუმცა, საბოლოოდ, ამ შესაძლებლობების მატერიალიზაცია დაკავშირებულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასზე. ამდენად, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ნაადრევია ზუსტ შედეგებზე საუბარი, მაინც შეიძლება დავასკვნათ რომ ენერგო რესურსების წარმატებული აღმოჩენა საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.

უკვე დღეს, საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს ენერგო რესურსების ტრანსპორტირებით, ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის სატრანზიტო გადასახადებიდან. სომხეთის ბუნებრივი აირი, შესაძლოა, მისი შემოსავლის მეორე მნიშვნელოვანი წყარო გახდეს.

მინერალები და მეტალები

საბჭოთა მოლიბდენის კონცენტრატის 25% სომხეთში იწარმოებოდა. სომხური მოლიბდენის და სპილენძის ყველაზე დიდ მწარმოებლებს შორის იყო ზანგეზურის, კაპანის და აგარაკის საწარმოები, სადაც კარაჯანში, აგარაკში და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული ნედლეულის გადამუშავება ხდებოდა. სომხეთის საწარმოებში წარმოებული მოლიბდენის კონცენტრატი შეიცავს 50% მოლიბდენს, მოლიბდენის სპილენძის კონცენტრატი შეიცავს დაახლოებით 15% სპილენძს, და ეს ორივე მაჩვენებელი ეკონომიკურად მომგებიანია.

თუმცა სომხური საწარმოები თავიანთი სიმძლავრის მხოლოდ 60-70% იყენებენ. ამჟამად მსოფლიოში არსებული დაბალი საბაზრო ფასის გარდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, სომხეთის მიერ მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდებაა. და აქაც, თამაშში საქართველო ერთვება. სომხურ საწარმოებსა და ქართულ ბიზნესებს (სს „არ ემ ჯი კოპერი“ და შპს „არ ემ ჯი გოლდი“), შორის თანამშრომლობამ, შესაძლოა, ეს პრობლემები გადაჭრას: სომხური მინერალები ევროპას საქართველოს გავლით შეიძლება მიეწოდოს. თანამშრომლობის მსგავსი გეგმებია სომხურ „მგარტის“ ოქროს საბადოსა და ქართულ „არ ემ ჯი გოლდს“ შორის.

რა უნდა გაკეთდეს?

მართალია, საქართველოსთვის მხოლოდ სასიკეთო იქნება სომხური ეკონომიკის გაძლიერება, მაგრამ სომხეთის შესვლა ევრაზიის საბაჟო კავშირში საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იძულებით წყვეტს. ეს საქართველოს საშუალებას აძლევს სომხეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავების მოგვარების ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, სომხეთს დაავალდებულებს, საქართველოს აუნაზღაუროს საბაჟო გადასახადების გაზრდით გამოწვეული დანახარჯები. არც ისე კარგია მეზობლისთვის ამის გაკეთება, თუმცა ეკონომიკაში ალტრუიზმის ადგილი არ არის.

მეტიც, სომხეთი რუსეთს ლობირებს, რომ ამ უკანასკნელმა, საბაჟო კავშირიდან 900 ტიპის საქონელი ამოიღოს. წარმატების შემთხვევაში, სომხეთს ექნება შანსი, შეინარჩუნოს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა შესაბამისი საქონელისთვის (როგორიცაა ენერგია, მინერალები და მეტალები). საქართველომ უნდა შეახსენოს სომხეთს, რომ ეს საქონელი აუცილებლად შევიდეს მათ რუსეთთან მოლაპარაკებაში – ეს სომხეთისთვის მაინც მთავარი ინტერესის საგანია, ამიტომ, ბევრი დარწმუნება არ იქნება საჭირო.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა