შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

შეიძლება თუ არა სოფლის მეურნეობა გადაიქცეს ინკლუზიური ზრდის მამოძრავებელ ძალად საქართველოში?
ხუთშაბათი, 04 დეკემბერი, 2014

ალბათ ბევრი ეთანხმება აზრს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობაში მეტისმეტად ბევრი ადამიანია დასაქმებული (უფრო სწორედ, არასათანადოდ დასაქმებული). ისტორიულად, ბევრი ქვეყნის განვითარების გამოცდილება მიუთითებს ამ სექტორში დასაქმებისა და დამატებული ღირებულების წილის გარდაუვალ შემცირებაზე. თუმცა საქართველოში ამგვარი სტრუქტურული ცვლილების მასშტაბები მოკრძალებულია და მხოლოდ სეზონური და მუდმივი შრომითი მიგრაციით შემოიფარგლება. ათწლეულზე მეტია, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა წილი 52-54%-ის ფარგლებში მერყეობს. როგორც გრაფიკზეა ნაჩვენები, დანარჩენი სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების სფეროში იყო; კიდევ უფრო ნაკლები — სამრეწველო სექტორში. შედეგად მივიღეთ დასაქმების ჯიუტად მაღალი მაჩვენებელი ძალიან არანაყოფიერ დარგში.

სტრუქტურული ცვლილებები და უცვლელობა საქართველოში

იდეა, რომ მეტისმეტად ბევრი ქართველია ჩარჩენილი სოფლის მეურნეობაში, სააკაშვილის მთავრობის რეფორმების მთავარ პრინციპად იქცა. იმ დროს, პოლიტიკოსები ხშირად აჟღერებდნენ არგუმენტს, რომ „არცერთ განვითარებულ ქვეყანაში აღემატება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა სამუშაო ძალის 3-4%-ს.“ ამ მართებული შენიშვნიდან გამოტანილი დასკვნა კი ის გახლდათ, რომ საქართველომ განვითარებისათვის მიწების სწრაფი კონსოლიდაცია და ურბანიზაცია უნდა მოახდინოს. შედეგად მივიღეთ ლაზიკას მსგავსი პროექტები, სოფლის მეურნეობის მინიატურული ბიუჯეტი და აგრარული პოლიტიკის უგულებელყოფა. 2010-2012 წლებში, სოფლის მაცხოვრებლებზე სუბსიდიების გაცემა კი, სხვა არაფერი იყო, თუ არა წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ სოფლის მეურნეობა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში. ამას, ერთი მხრივ, ტრადიციული ევრაზიული საექსპორტო ბაზრების გახსნა უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი მთავრობისა და დონორების ინიციატივების წვიმა, რომელიც მხარს უჭერს მიწის რეგისტრაციის პროცესის დასრულებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, იაფ კრედიტსა და სხვა მომსახურებებზე წვდომას. 

გამომდინარე ISET Economist-ის ტრადიციიდან, იკვლიოს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და განვითრების პოტენციური წყაროები, მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება ბადებს კითხვას — შეუძლია კი ქართულ სოფლის მეურნეობას და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ კვების მრეწველობას ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა?


განვითარების ახალი მოდელის ძიებაში

დანი როდრიკი თავის ბოლოდროინდელ, ფრიად დამაფიქრებელ ნაშრომში (“Are Services the New Manufactures?”) ხაზს უსვამს განვითარებადი ქვეყნებისათვის ეკონომიკური ზრდის ახალი მოდელის შემუშავების საჭიროებას. როგორც ავტორი აცხადებს, „ექსპორტზე ორიენტირებულმა ინდუსტრიალიზაციამ, რომელიც ისტორიულად ყველაზე ნაკლებრისკიანი გზა იყო გამდიდრებისაკენ, შესაძლოა უკვე ამოწურა თავისი პოტენციალი“. ამასთან, როდრიკი წერს, რომ „მრეწველობა დღესდღეობით ის აღარაა, რაც წლების წინ იყო. ის გახდა უფრო კაპიტალტევადი და მეტი ინტენსივობით იყენებს ადამიანთა კვალიფიციურ შრომას. შესაბამისად, ამ ყველაფერმა დიდად შეამცირა აღნიშნული დარგის პოტენციალი, შეეწოვა ჭარბი მუშახელი სოფლებიდან“. ჩინეთის წარმატებაც კიდევ უფრო ართულებს დანარჩენი ქვეყნების მიერ „მრეწველობაში საკუთარი ნიშის დამკვიდრებას“.

ახლა, როცა ურბანული მომსახურებები განვითარებადი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დიდ და მზარდ ნაწილს შეადგენს, როდრიკი მაინც სკეპტიკურად უყურებს ამ სექტორის პოტენციალს „მოიტანოს ისეთი სწრაფი ზრდა და იმდენად კარგი სამუშაო ადგილები, როგორც ეს ოდესღაც მრეწველობის სფერომ მოახერხა“. მისი სკეპტიკური დამოკიდებულება ორ დაკვირვებას ემყარება.

საბანკო, საფინანსო, და სხვა ბიზნეს და სატელეკომუნიკაციო მომსახურებები ნამდვილად მაღალნაყოფიერი დარგებია, რომლებსაც აქვს ადექვატურად გადამზადებული სამუშაო ძალის მქონე ქვეყნების განვითარების პოტენციალი. თუმცა, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში ამგვარ საერთაშორისოდ მოთხოვნად („ვაჭრობად“) მომსახურებებს არ შეუძლია მუშახელის მაინცდამაინც დიდი ნაწილის შეწოვა. მეორე მხრივ, ადგილობრივად მოთხოვნად („არავაჭრობად“) მომსახურებებს, როგორიცაა საცალო ვაჭრობა და ტაქსის მძღოლობა, აქვს ჭარბი სასოფლო-სამეურნეო მუშახელის შეწოვის უნარი, თუმცა ეს სექტორები მაინცდამაინც ვერ უზრუნველყოფს პროდუქტულობის ზრდას.

მეტიც, როგორც როდრიკი ირწმუნება, ნებისმიერი ტიპის ზრდა ასეთ დაბალნაყოფიერ არავაჭრობად მომსახურებებში საბოლოო ჯამში თვითშემზღუდველია. მისი არგუმენტი უფრო ნათელი გახდება, თუ თბილისის ტაქსის მომსახურებების ბაზარს განვიხილავთ. მას შემდეგ, რაც უფრო და უფრო მეტმა რეგიონიდან ჩამოსულმა დაიწყო ტაქსისტობა, მგზავრობის ფასი იმდენად შემცირდა, რომ ამ საქმიანობიდან მოგება თითქმის გაუტოლდა მოგებას დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან. შედეგად, შემცირდა ან თითქმის გაქრა დარგში შემოსვლის სტიმულები ახალი ტაქსის მძღოლებისა და მათი ძველისძველი ავტომობილებისათვის. 

სწორედ ამ მიზეზის გამო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ხშირად საკუთარი (საწყისი) წარმატების მსხვერპლი ხდება. მათ მიერ დაფინანსებული ფირმები, მაგალითად, პროვინციულ სოფლებში სატელეფონო მომსახურებების მიმწოდებლები ხშირად უბრალოდ გადიან ბაზრიდან იმიტომ, რომ მსგავსი დაწესებულებების რაოდენობა ისეთ ზღვარს აღწევს, რომლის მიღმაც, მათ მიერ დაწესებული ფასები სწრაფად ეცემა და ზოგჯერ, როგორც მსესხებლების, ასევე გამსესხებლების გაკოტრებას იწვევს.

სოფლის მეურნეობა — რატომაც არა?

რატომ შეიძლება, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკური განვითრების მამოძრავებელ ძალად გადაიქცეს? ამის პირველი მიზეზი ის არის, რომ ქვეყანას ბევრი ალტერნატივა არ გააჩნია. ძნელად, მაგრამ ქვეყანამ ისწავლა, რომ რთულია ახლადჩამოყალიბებული სამრეწველო და მომსახურებების მიმწოდებელი ფირმების შენარჩუნება ღია გლობალურ ეკონომიკაში, განსაკუთრებით კი კვალიფიციური და დისციპლინირებული სამუშაო ძალის ნაკლებობის პირობებში.

თუმცა, ასევე არსებობს ბევრი „კარგი“ მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება გახდეს სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკის ლოკომოტივი.

პირველი, შეიძლება ბევრს მიაჩნდეს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა უფრო სოციალური უსაფრთხოების ქსელია ასიათასობით არასათანადოდ დასაქმებული ინდივიდისათვის, მაგრამ ეს არის სექტორი, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება დიდი შედეგის მიღწევა მცირე ძალისხმევით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროდუქტულობის ზრდა მოკრძალებული ფინანსური ინვესტიციების, ორგანიზაციული და პროცესუალური საკითხების დახვეწითაც მიიღწევა.

მეორე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ აზიის ბევრმა ეკონომიკამ მაღალ ეკონომიკურ ზრდას საწყის ეტაპზე სწორედ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებით მიაღწია. სასოფლო-სამეურნეო ნაყოფიერების ზრდამ შედეგად მოიტანა ინვესტიციები ურბანულ დასახლებებში მსუბუქი მრეწველობის განვითარებაში და ასე მთელი ძალით ამოქმედდა შრომის „მიმზიდველი“ და „განმზიდველი“ ეფექტები (დეტალებისთვის იხილეთ “Agriculture and Structural Transformation in Developing Asia: Review and Outlook”). როგორც როდრიკი მიუთითებს, ექსპორტზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაცია შეიძლება გამოწვევა იყოს საქართველოსნაირი ქვეყნისათვის, სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების ზრდით გამოწვეული ეკონომიკური კეთილდღეობა კი სხვა სექტორების (რომელთა წინასწარმეტყველებაც თითქმის შეუძლებელია) ბუნებრივ განვითარებას უყრის საფუძველს.

მესამე, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, მოთხოვნა მზარდია სოფლის მეურნეობის დიფერენცირებულ (როგორც პირველად, ასევე გადამუშავებულ) პროდუქტებზე. ამის მაგალითებია აშშ-ში ახლადგაჩენილი პატარა ლუდის ქარხნები, აგროტურიზმი და სურსათის მოძრაობა იტალიაში და ა.შ. საქართველოს ამ კუთხით რიგი უპირატესობები აქვს, როგორიცაა ნიადაგი და კლიმატური პირობები, უნიკალური კულტურა და ტრადიციები. ამ უპირატესობების გამოყენებით, ქვეყანას აქვს პოტენციალი შექმნას განსაკუთრებული და მაღალი ღირებულების მქონე, გეოგრაფიულად დომინირებული პროდუქტები, ჩაერთოს გადამამუშავებელი მრეწველობის ინოვაციურ პროცესებში და მისდიოს ორგანულ სოფლის მეურნეობას.

მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი, გლეხების ჭარბი პროდუქციის თანდათან კომერციალიზაცია სოფლის მაცხოვრებლებს სიღარიბის დაძლევაშიც დაეხმარებოდა და როგორც პიტერ ბაუერი ირწმუნება, თანამედროვე კომერციულ საზოგადოებაში ფუნქციონირების უნარებსაც შესძენდა (Dissent on Development: Studies and Debates in Development Economics (1972)):

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება გახდეს სოფლის მეურნეობაზე ხანგრძლივი დამოკიდებულება (განსაკუთრებით კი გაყიდვად სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე) მაღალი ცხოვრების დონის მიღწევის ეფექტური გზა. ერთი მიზეზი ფარდობითი დანახარჯების ცნობილი არგუმენტია. მეორე, ნაკლებად ცნობილი მიზეზია ის, რომ გასაყიდი აგრარული პროდუქციის წარმოება უფრო ახლოს დგას ტრადიციულ მეთოდებთან, ვიდრე ნაძალადევი და სუბსიდირებული ინდუსტრიალიზაცია. ბევრ ასეთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა მთავარი დასაქმების სფერო იყო საუკუნეების, თუ არა ათასწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, საარსებო წარმოებიდან გაცვლით ეკონომიკაზე გადასვლა გასაყიდად განკუთვნილი წარმოებით უფრო მარტივია, რადგან არ მოითხოვს ახალი მეთოდებისა და ტექნიკის შესწავლას. გასაყიდად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანის რამდენიმეწლიანი პრაქტიკის შემდეგ ხალხი თანდათან ეჩვევა ფულის ეკონომიკაშიარსებულ გზებს, ინსტიტუტებსა და დამოკიდებულებებს. ეს კი, თავის მხრივ, ეფექტური ინდუსტრიალიზაციის პროცესის საფუძველია. საარსებო ეკონომიკიდან ფულის ეკონომიკაზე გადასვლის ამ პროცესში, რაც ფართოდ გავრცელებულია ღარიბ ქვეყნებში, გასაყიდად წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ეფექტური ინდუსტრიალიზაცია ურთიერთშემავსებლები ხდება. სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის ურთიერთსაწინააღმდეგო და ხელის შემშლელ დარგებად განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა ანალიზისას ეკონომიკური განვითარების ისტორიას უგულებელყოფენ.

ბაუერის ნაშრომი „მწვანე რევოლუციის“ ეპოქაშია დაწერილი, ანუ მაშინ, როცა სოფლის მეურნეობაში ნაყოფიერება უპრეცედენტოდ გაიზარდა. ამან შეიძლება ახსნას მისი ოპტიმიზმი და მხარდაჭერა კომერციული სოფლის მეურნეობისადმი. ბევრი ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ინვესტიცია გასაყიდად განკუთვნილი აგრარული პროდუქციის მასიურ წარმოებაში წარმატების გარანტი არაა, თუმცა ბაუერის იდეები, ფართო გაგებით, ჯერ კიდევ მართებულია.

თუმცა არა ნებისმიერი ტიპის სოფლის მეურნეობა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. აგრარული პროდუქტებისა და მასთან დაკავშირებული აგრობიზნეს საქმიანობების დიფერენციაცია (და არა ერთნაირი პროდუქტის მასობრივი წარმოება) სწორედ ის ძალაა, რომელიც მსოფლიოში დღესდღეობით ყველაზე საინტერესო და წარმატებული შემთხვევების საფუძველს წარმოადგენს. გლობალურ მსოფლიოში ჰომოგენური პროდუქციის მასობრივ წარმოებას ნულოვან მოგებამდე მივყავართ, კარგად გატკეპნილ გზებს ბევრის შემოთავაზება აღარ შეუძლია. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რასაც შენ აწარმოებ, მისი კოპირება არ უნდა იყოს მარტივი. საქართველომ და სხვა განვითარებადმა ქვეყნებმა ახალი ტრიუკები უნდა მოსინჯონ საკუთარ ძლიერ მხარეებსა და უნიკალურობაზე დაყრდნობით.

საქართველოსთვის საბედნიეროდ, ქვეყნის ისტორია, კულტურა, ბიომრავალფეროვნება და სასოფლო-სამეურნეო ტრადიციები, მას უფრო უკეთეს პირობებში აყენებს, ვიდრე უბრალოდ მაღალმოსავლიანი „თანამედროვე“ კულტურების იმპორტი და ამ სტანდარტული პროდუქტების მასშტაბური (კაპიტალტევადი) სასოფლო-სამეურნეო წარმოება მოუტანდა. საქართველოს შეუძლია მაღალი დამატებული ღირებულების (უფრო შრომატევად) სეგმენტში საერთაშორისო ბაზარზე ნიშის პოვნა და საკუთარი სისუსტის (სოფლებში ჭარბი სამუშაო ძალის) ძლიერ მხარედ გადაქცევა.

სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად შესაბამისი პოლიტიკური ინსტრუმენტის „გამოჭედვა“ ამბიციური მიზანია და შესაბამისად, მეტი ანალიზია საჭირო ნებისმიერი ახალი ინიციატივის წამოწყებამდე. კერძო სექტორის მიერ გადასახადებიდან ამოღებული შემოსავლებით პოტენციურად არაპროდუქტული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების სუბსიდირება, ცალსახაა, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ. თუმცა ბაუერის 1972 წლის იდეების კვალდაკვალ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია ქვეყნის გრძელვადიან ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებაში.

* * *

განსაკუთრებული მადლობა გიორგი კალაკაშვილს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, სექტორების მიხედვით დასაქმების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისათვის.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა