ნოდარ დუმბაძის სტილია, მკითხველი ერთდროულად აცინოს და ატიროს. თერჯოლის კულტურის სახლში, „ჰელადოსის“ მაყურებლები, ვტიროდით და ვიცინოდით, მაგრამ არა მხოლოდ დუმბაძის იშვიათი ნიჭის გამო – შეერწყა კომედია და ტრაგედია. სპექტაკლმა, გადაგვისროლა სოხუმის მრავალეთნიკურ გარემოში, გაგვხადა ქართველი ჯემალისა და ბერძენი იანგულის მტრობა-მეგობრობის შემსწრე და გვაგრძნობინა სამშობლოსადმი მათი უზომო სიყვარული. მაგრამ, ჩვენი ემოციების დიდი ნაწილი გამოწვეული იყო ამ ახალგაზრდა, ძევრელი მსახიობების შეუდარებელი თამაშით, რომელშიც იგრძნობოდა მათ ცხოვრებაში მომხდარი დიდი ცვლილებები.
300 კომლით დასახლებული ძევრი, ერთი პატარა და არაფრით გამორჩეული სოფელია თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ძევრი ჩვეულებრივ სოფლად დარჩებოდა, ერთ ამერიკელ წყვილს, როი საუსვორსსა და ქეთი მაკლეინს რომ არ გადაეწყვიტათ აქ ფილანტროპიული საქმიანობის წამოწყება. მაშინ, როცა როი (მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი საქართველოში 2004-2010 წლებში) დაკავებული იყო ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციით, ქეთიმ – ფსიქოლოგმა განათლების სფეროში – დაარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია – მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC), რომელიც ემსახურება საქართველოს სოფლებში განათლებისა და სამედიცინო პრობლემების მოგვარებას შეზღუდული შესაძლებობებისა და სხვადასხვა რისკის ჯგუფებში შემავალი ბავშვებისათვის.
ადრეული ქორწინების თავსატეხი
როგორც ქეთი იხსენებს, ბრძოლა ძევრის სკოლის გადასარჩენად მას მერე დაიწყო, რაც ცოლ-ქმარი, ახალმა მეზობლებმა მესამე ქორწილში დაპატიჟეს. სამივე შემთხვევაში, პატარძალი 15-16 წლის, სკოლის მოსწავლე იყო, რომელსაც გათხოვების შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია.
ადრეული ქორწინება ფართოდ გავრცელებული ფენომენია საქართველოს სოფლებში. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში სკოლის მიტოვების შემთხვევების 9%-ში მიზეზი ქორწინებაა. ბევრი ახალგაზრდა გოგონასათვის, ადრეული ქორწინება და დედობა ერთგვარი სტრატეგიაა, იმ უიმედო სიტუაციაში, სადაც მათ არ აქვთ სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვლებლად საჭირო განათლების დონე და არც ოჯახს გააჩნია ფინანსური სახსრები მათი შემდგომი განათლების დასაფინანსებლად.
ქეთიმ და როიმ ადრეული ქორწინების პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს და ამისათვის, ძევრის სკოლის კურსდამთავრებულებს შესთავაზეს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადის სრულად დაფინანსება – ანუ ვინც სწავლას გააგრძელებს და ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებელში, ყველას სრულად უფინანსდება ხარჯები. ეს პროგრამა ამოქმედდა 2012 წლის მაისში, მაშინ, როცა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა გასული იყო და შედეგად, ეს გრანტი მიიღო მხოლოდ ორმა კურსდამთავრებულმა, რომლებსაც რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდათ. წლიდან წლამდე გაიზარდა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველი ბავშვების რიცხვი და ასოციაციამ, 2013 წელს, 6 სტუდენტი დააფინანსა, 2014-ში კი – 11. მიმდინარე სასწავლო წელს, ძევრის სკოლის დირექტორი, ბატონი მანუჩარ ფანჩულიძე ელოდება, რომ დამამთავრებელი კლასი, 23 ბავშვი, სრული შემადგენლობით მიიღებს გრანტს და სწავლას უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელებს.
გასაოცარია, როგორ შეცვალა დაპირებულმა გრანტმა (დაახლოებით 1.500 დოლარი წელიწადში) მოსწავლეთა მოტივაცია. იმის წინასწარ ცოდნამ, რომ ჩაბარების შემთხვევაში, მათი სწავლა დაფინანსდება, ძევრელ მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია მნიშვნელოვნად აუმაღლა. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მათი მოსწრება უმჯობესდება, უფრო მეტი იღებს სახელმწიფო გრანტს და შესაბამისად, როის და ქეთის ასოციაციის თანხებიც იზოგება სხვების საკეთილდღეოდ.
დიახ, ცვლილება შესაძლებელია!
სკოლის დირქტორს, მანუჩარ ფანჩულიძეს, ბევრ პრობლემასთან უწევს გამკლავება; მან უნდა შეუქმნას მოტივაცია მასწავლებლებს 170 ლარიანი ხელფასის პირობებში, იზრუნოს მოსწავლეებზე და შეინარჩუნოს სკოლის ძველი ინფრასტუქტურა (სკოლა განთავსებულია საბჭოთა დროს ჰიდრო ელექრო სადგურის მუშათათვის აშენებულ კოტეჯებში).
დირექტორი იხსენებს, თუ როგორ უჭირდა სკოლას 2011 წელს. მაშინ, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტო დაკავებული იყო „განათლების სტანდარტებისა“ და მასწავლებელთათვის „მეთოდური სახელმძღვანელოების“ გადაწერით, ძევრის საჯარო სკოლის 24 მასწავლებელი იძულებული იყო, სკოლის გარეთ ეშოვა ოჯახების სარჩენი სახსრები. მათი უმრავლესობა ჩართული იყო (და დღესაც ჩართულია) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში და გაკვეთილებისათვის მოსამზადებლად და ახალი „მეთოდური სახელმძღვანელოების“ გასარჩევად მათ დრო არ რჩებოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დირექტორს ფორმალურად აქვს უფლება გაათავისუფლოს მასწავლებლი, ის ამ უფლებას, როგორც წესი, ვერ იყენებს. უპირველეს ყოვლისა, ვერ იპოვი უკეთეს მასწავლებელს მსგავსი დაბალი ანაზღაურების პირობებში (დაახლოებით 100 $); მეორეც, ძნელია მასწავლებელი გაათავისუფლო როცა ერთ, მჭირდოდ ურთიერთდაკავშირებულ პატარა საზოგადოებაში გიწევს ცხოვრება, სადაც ყველა ყველას ნათესავი და ახლობელია. ასე რომ, ბატონ მანუჩარისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო გათავისუფლების ნაცვლად, მასწავლებლები სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებზე გაეგზავნა. უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლების მხრიდან ამ ტრენინგების მიმართ ინტერესი არც თუ დიდი იყო.
სკოლის კედელზე მიმაგრებული დიდი გული ქეთის სახელით და ძევრის სკოლის შესასვლელში განთავსებული ქართული და ამერიკული დროშები ნათლად მეტყველებენ იმ ცვლილებებზე, რაც ამ სკოლამ განიცადა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ანა ჯიხვაშვილი, სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებული და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ასე იხსენებს სკოლას: „ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც გვერდში გიდგას და გეხმარება“.
MAC-ის სტიპენდიები პირველი ნაბიჯი იყო სკოლის ტრანსფორმაციისათვის, რომლის კულმინაციაც თერჯოლის კულტურის სახლის სცენაზე ვიხილეთ. ქეთის მეორე ინიციატივა იყო ინგლისური ენის შესასწავლი კურსების გახსნა, რაც სკოლის მოსწავლეებს საუკეთესო ქართულ უნივერსიტეტებში მოხვედრის შანსს გაუზრდიდა. განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდა ინგლისური ენის შემოღება დაწყებით საფეხურზე, მაგრამ ქართული განათლების ბიუროკრატიიდან გამომდინარე, უფროსკლასელები მის გარეშე რჩებოდნენ – უცხო ენის სწავლება ან თავიდანვე უნდა დაეწყოთ, ან საერთოდ არა.
ამ პრობლემის საკმაოდ საინტერესოდ გადაწყვეტა მოახერხეს ბატონმა მანუჩარმა და MAC-ის დირექტორმა, რეზო ჩინჩალაძემ – ინგლისურის კლასგარეშე სწავლების შემოღებით. კლასგარეშე გაკვეთილებს თერჯოლის საუკეთესო მასწავლებლები ატარებენ. ამ კურსს 7-12 კლასების მოსწავლე 60 ბავშვი ესწრება. ჯგუფები მცირეა, 10-12 ბავშვით და შედგენილია ენის ცოდნის დონის მიხედვით და არა ასაკობრივად.
შემდეგი იდეა იყო ძევრელი ბავშვებისათვის კლასგარეშე აქტივობების შეთავაზება მათი ტემპერამენტისა და ნიჭის მიხედვით: კუნგ-ფუ, კალათბურთი და ფრენბურთი, თეატრალური წრე, ცეკვა და მუსიკა. ალისონ სვანსონი, მოხალისე, რომელიც 2014 წლის ივლისში, მშვიდობის კორპუსის საქმიანობის ფარგლებში ძევრის საჯარო სკოლაში მოხვდა, იხსენებს, რომ გაკვირვებული დარჩა, როცა მოსწავლეებთან დამატებითი მეცადინეობებისათვის გამოყოფილ საათებზე შეთანხმება მოუწია, რადგან ისინი უკვე ჩართულნი იყვნენ სხვადსხვა აქტივობებში. 2012 წელს წამოწყებული სკოლის საზაფხულო ბანაკებიც, სადაც ძევრელი ბავშვები ახალგაზრდა ამერიკელ მოსწავლეებთან ატარებენ დროს, ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა.
ძევრის სკოლის გამოცდილების გაზიარება
ძევრის საჯარო სკოლა განსაკუთრებული შემთხვევაა კულტურული ცვლილების თვალსაზრისით. მაშინ, როცა სკოლის შენობა გარედან საბჭთა შესახედაობისაა, შიგნით სრულიად თანამედროვე გარემო სუფევს. ალეკო ჭანკვეტაძე, სკოლის კურსდამთავრებული, რომელიც ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და 100% იანი გრანტი აქვს მოპოვებული სახელმწიფოსგან, ამბობს:
„ჩვენი სკოლა არაა ადგილი სადაც მოხვალ, დაესწრები გაკვეთილებს, მოყვები მასალას და წახვალ სახლში. აქ სწავლა საინტერესო და სახალისოა. მოსწავლეებმა სტიპენდიები უნდა მოიპოვონ მასწავლების ასისტენტობით დაბალ კლასებში, პრეზენტაციების გაკეთებით, ადმინისტრაციული სამუშაოებით, ან საზაფხულო და ზამთრის ბანაკებში ლიდერობით. პირადად მე, ვფიქრობ, რომ სკოლამ ჩემი ცხოვრება სრულად შეცვალა.“
მიმდინარე ცვლილებების მიუხედავად, ძევრის საჯარო სკოლას ჯერ კიდევ ოკეანეები აშორებს საქართველოს კერძო სკოლებამდე, რომლებიც, არსებული მონაცემებით, სასკოლო ასაკის ბავშვების 9%-ს მოიცავს ქართული ურბანული ელიტარული ოჯახებიდან. ამ კერძო სკოლებიდან ბევრი ძალიან კარგი დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს შეუდარებელ ინფრასტურქტურას და მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ საგნებში, უცხო ენებში და ა.შ. მომზადების მაღალ დონეს სთავაზობს. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსწავლეებს უზრუნველყოფს ყველაფრით, რასაც ნებისმიერი ქართული ოჯახი ინატრებდა საკუთარი შვილისათვის.
მოვიდა დრო, საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და ბიზნესმა ბიუროკრატიული ჩარჩოების გარეთ, რამე გააკეთოს ბავშვების 91%-ისათვის. როიმ, ქეთიმ და რეზო ჩინჩალაძემ ამჟამად შექმნეს ახალი ასოციაცია სვანეთსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში „გადაშენების პირას“ მყოფი საჯარო სკოლების გადასარჩენად. მაგრამ როი, ქეთი და რეზო ვერ შეძლებენ ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირებას, ისევე, როგორც ალისონ სვანსონი და მშვიდობის კორპუსის სხვა მოხალისეები, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განათლებასა და განვითარებაში. ისინი მხოლოდ ორმოცდაათნი არიან და ვერ დაეხმარებიან ათასობით ქართულ სკოლას.
იბადება კითხვა, რა გვაბრკოლებს შევქმნათ მშვიდობის კორპუსის ქართული ანალოგი? რატომ არ შეიძლება, სახელმწიფო გრტანტით დაფინანსებულ სტუდენტებს მოვთხოვოთ სოფლის სკოლებში გარვეული პერიოდის განმავლობაში სწავლება? არ იქნებოდა კარგი ვაკე და საბურთალოელი ბავშვებისათვის მიგვეცა საშუალება, დაბრუნებოდნენ საზოგადოებას და ესწავლებინათ სოფლებში? არ იქნებოდა ეს კარგი მაგალითი სამოქალაქო განათლებისათვის, ერის ჩამოყალიებებისა და მოდერნიზაციისათვის, ისევე როგორც თავის დროზე ილია ჭავჭავაძის მიერ სულჩადგმული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ იყო?
* * *
ძევრის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ცვლილება შესაძლებელია. თუმცა არაეფექტიანი ბიუროკრატიისა და „ხარისხის უზრუნველოყოფის“ მაჩვენებლების ნაცვლად, პოლიტიკური ნებაა საჭირო, თამამი პოლიტიკური ინოვაციებისა და ექსპერიმენტებისათვის, რომლებიც საქართველოს რეგიონებს ააყვავებს.