თებერვალში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ფასი 3.29 ლარამდე დაეცა, 3.4%-ით წინა თვესთან (2015 წლის იანვართან) და 4.8%-ით წინა წლის შესაბამის პერიოდთან (2014 წლის თებერვალთან) შედარებით.
ბუნებრივია, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის, იმერული ყველის ფასიარის ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც ინდექსის დინამიკას განაპირობებს. წლების განმავლობაში, ჩვენ ვაკვირდებოდით ფასის მკვეთრი ზრდის ტენდენციას ივლისიდან იანვრამდე და იმავე სიმძლავრის კლებას თებერვლიდან ივნისამდე.
ყველის ღირებულების სეზონური დინამიკა მჭიდრო კავშირშია საქართველოში რძის წარმოების წლიურ ციკლთან. რძის ფასის დინამიკა ამ საწარმოო ციკლის ზუსტი სარკისებრი ანარეკლია. ღირებულება მაღლა იწევს, როცა წარმოება დაბალია და იკლებს, როცა მიწოდება უხვია.
მკვეთრად გამოხატული სეზონურობის მთავარი მამოძრავებელი ძალა ტექნოლოგიური განვითარების ნაკლებობაა. ხელოვნური განაყოფიერების არარსებობის პირობებში, ქართული ძროხების დიდი უმრავლესობა ხბოს დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში იგებს, ზამთრის სამი თვის განმავლობაში. ეს არის პერიოდი, როცა რძის წარმოება განახლდება ხოლმე და, შესაბამისად, რძის ნაწარმის, ყველის ჩათვლით, ფასებს კლებისკენ უბიძგებს. გაზაფხულის ბოლოს წარმოება პიკს აღწევს და ივლისიდან კლებას იწყებს მანამ, სანამ ძროხების უმრავლესობა გაშრება 2-3 თვით, ახალი ხბოს მოგებამდე.
2014-2015 წლებში ეს ტრადიციული დინამიკა დაირღვა. როგორც გრაფიკი აჩვენებს, ყველის ფასის ცვალებადობა მიმდინარე წლის განმავლობაში ნაკლებად მკვეთრია, ვიდრე 2013-2014 წლის შესაბამის პერიოდში. ყველის ფასი მაქსიმალური იყო დეკემბერში, ასახავდა რა საახალწლოდ მოთხოვნის მკვეთრ ზრდას. გარდა ამისა, კილოგრამი იმერული ყველის ფასი საკმაოდ სტაბილური იყო 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული და მერყეობდა 7-7.30 ლარამდე. ღირებულება აღარ შემცირებულა 2014 წლის მარტი-ივნისის პერიოდშიც.
რა ხდება? ერთი პოტენციური ახსნა იქნებოდა, რომ გლეხები მიხვდნენ ზამთარში (უფრო ძვირი) რძის წარმოების უპირატესობას და ბოლოსდაბოლოს შემოიღეს ხელოვნური განაყოფიერება. შედეგად, რძის წარმოება უფრო სტაბილური გახდებოდა ოთხივე სეზონისათვის. მეორე (დამატებითი) ვერსია იქნებოდა ყველის ქარხნების შემოსვლა ბაზარზე ან სულაც შუამავლების გაჩენა, რომლებიც იძენენ და ინახავენ შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე გასაყიდად. ეს პერიოდები ხომ, ტრადიციულად, დაბალი მიწოდებით გამოირჩევა. შენახვის გაუმჯობესება, პრინციპში, ახსნიდა როგორც უფრო მაღალ ფასებს ზაფხულისათვის, ასევე უფრო დაბალ ფასებს ზამთრის პერიოდში ანუ იმას, რასაც ჩვენი მონაცემები აჩვენებს.
თუ ჩვენი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გამოვა, რომ ხაჭაპურის ინდექსი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ტექნოლოგიური განვითარების ამბავსაც ყვება, ამბავს ყველის ინდუსტრიის მოდერნიზაციისა.