შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

რა ხდება, როცა ინსტიტუტები თაღლითობის პრევენციის სადარაჯოზე დგანან?
ხუთშაბათი, 26 მარტი, 2015
ბიბლიოთეკის მოწყობა

„დაარტყი და შეაშინე“ არის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტერმინი, რომელიც აღწერს სიტუაციას, როდესაც მტრის დემორალიზების მიზნით, მხარე იყენებს გადამეტებულ ძალაუფლებას, როგორც, მაგალითად, მოიქცა ამერიკული არმია ერაყში. ეს ფრაზა კარგად აღწერს ჩემს ემოციურ მდგომარეობას, როდესაც 23 წლის ასაკში პირველად შევედი ოქსფორდის ბოდლეინის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში. ეს იყო მომენტი, როდესაც მე, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მედესანტემ და ოფიცერმა, გავაცნობიერე, თუ რა სასტიკად მინდოდა განათლების მიღება. არა ტექნიკური ცოდნის ან უნარ-ჩვევების, არამედ განათლების. 


Mar-26_2015_500

ოქსფორდის უნივერსიტეტი, ბოდლეინის ბიბლიოთეკა.

იგივე ფრაზა აღწერს ჩემს ამჯერად უკვე სხვა სახის გრძნობებს, რაც დამეუფლა 2007 წელს, როდესაც ვათვალიერებდი ადგილს, სადაც ISET-ის ბიბლიოთეკა უნდა განთავსებულიყო. ჩვენი 7-სართულიანი შენობა ზანდუკელის 16 ნომერში, რომელიც უწინ საბჭოურ დაგეგმარების ინსტიტუტს ეკავა, უნდა განახლებულიყო, როგორც ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (და საქართველოს) ფლაგმან განათლების პროგრამას შეეფერებოდა. თუმცა ნანახი აღფრთოვანების მიზეზს არ იძლეოდა.

ბიბლიოთეკის „ავტორმა“ ერთმანეთს მარტივად დაუკავშირა ერთ მხარეს ჩამწკრივებული პატარა სამუშაო ოთახები და გრძელი კორიდორი. ყველა კედელი ხელუხლებლად იყო დატოვებული. ოფისის ყველა კარი, გარდა ერთი, შესასვლელი კარისა, მუდმივად დაკეტილი იყო, რაც ჩიხს ქმნიდა. საავარიო გასასვლელიც კი არ იყო. უჩვეულოდ ვიწრო, 60 სმ სიგანის კარი (რომელშიც ჯანმრთელი ქართველი მამაკაცი ძლივს თუ გაეტევა) სარეგისტრაციო მაგიდისკენ გადიოდა, რომელიც ზედ მთავარი შესასვლელის წინ იყო განთავსებული. უცებ გონებაში ამომიტივტივდა სამთავიანი ცერბერის სურათი, რომელიც „მკვდრებს გაქცევის საშუალებას არ ძლევს, ცოცხლებს კი – შესვლის“.

„გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბიბლიოთეკიდან ძვირფას წიგნებს არ მოიპარავენ,“ – მითხრა ჩემმა ახალმა ქართველმა კოლეგამ.

მე არ ვთვლიდი, რომ ბიბლიოთეკის დიზაინის მთავარი მიზანი ქურდობის პრევენცია უნდა ყოფილიყო. შემდეგი სამი თვე დასჭირდა თსუ-ის ბიზანტიურ ბიუროკრატიასთან ჭიდილს (არავის არ სურდა კედლის დანგრევაზე პასუხისმგებლობის აღება) და 50,000 აშშ დოლარი სართულის რეკონსტრუქციას, რათა შეგვექმნა ეფექტური ინსტიტუტი. ინსტიტუტი, სადაც სტუდენტები მთელ თავიანთ თავისუფალ დროს ატარებენ, სწავლობენ და ერთმანეთთან ურთიერთობენ. ინსტიტუტი, რომელიც გამოხატავს ISET-ის სულისკვეთებას – თანამედროვეობა, ღიაობა, სწავლისადმი თავდადება.

დღეს ჩვენი ბიბლიოთეკა არ არის აღჭურვილი ძვირადღირებული დაცვის სისტემით. მისი კარი მუდამ ღიაა, იგი სტუდენტების სრულ განკარგულებაშია. და, როგორც მოსალოდნელი იყო, ყოველ წელს რამდენიმე წიგნი იკარგება (ან იქნებ იპარავენ). ეს, ჩემი აზრით, ეფექტური ინსტიტუციის ქონის მოკრძალებული საფასურია.

ფერმერული კოოპერატივების შექმნა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ივლისში მიიღო, რითიც პირველად 1991 წლის შემდეგ, უზრუნველჰყო ლეგალური ჩარჩოხელშეკრულება ფერმერული კოოპერატივებისათვის. ეს ფერმერებს უმარტივებს გაერთიანებისა და ერთობლივი იურიდიული საწარმოს დარეგისტრირების პროცედურებს.

კანონის თანახმად, ყველა წევრი პირდაპირ უნდა იყოს ჩართული ჯგუფის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. თუმცა წევრების მინიმალურ რაოდენობად შეგნებულად განისაზღვრა ძალიან მცირე რაოდენობა: 5 ფერმერი ბარის დასახლებებში და 3 ფერმერი მეჩხრად დასახლებულ მთიან რეგიონებში.

კანონი არ ზღუდავს საქმიანობის სახეობებს, რომლებშიც ფერმერთა ჯგუფებს შეუძლიათ ჩართვა. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებითა და გადამუშავებით დაწყებული, ტრანსპორტირებითა და მარკეტინგით დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა რეგულირდება საკმაოდ დეტალურად გაწერილი წესდებით, კოოპერატივის წევრებს აქვთ საკმარისი თავისუფლება, თავად დაგეგმონ შიდა პოლიტიკა და პროცედურები, მათ შორის, (დემოკრატიული) გადაწყვეტილების მიღებისა და მოგება-ზარალის განაწილების საკითხები.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო („სააგენტო“) შეიქმნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას, მონიტორინგი გაუწიოს მათ საქმიანობას და გაატაროს მთავრობის მხარდამჭერი ღონისძიებები.

2013 წლის ივლისიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, 600-ზე მეტი ფერმერული ჯგუფი დარეგისტრირდა სააგენტოში იმის იმედით, რომ მიიღებენ უამრავ სარგებელს, მათ შორის, შეღავათიან კრედიტსა და გრანტებს, საგადასახადო პრივილეგიებსა და ტრენინგს. ეს შეიძლება ჩაითვალოს დიდ წარმატებად, მიუხედავად იმისა, რომ დარეგისტრირებულ ფერმერულ ჯგუფებში საშუალოდ მხოლოდ 6-7 ფერმერია. თუმცა დღემდე კოოპერატივების მოძრაობაში ჩართული შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობა 5,000-ზე ნაკლებია (საქართველოს სოფლად მცხოვრებთა 1%).

დარეგისტრირებული კოოპერატივების მცირე ზომა და სისუსტე წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეშფოთების მთავარ მიზეზს. ამ კვირის დასაწყისში, დაინტერესებულ მხარეებთან საუბრისას, მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ „დრო მოვიდა, რაოდენობის ნაცვლად აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ დარეგისტრირებული ფერმერული კოოპერატივები არის ნამდვილი ფერმერული ორგანიზაციები.

ფერმერული კოოპერატივების გადაგეგმვა

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სააგენტოს მიერ ევროპის სამეზობლო პროგრამასთან (იხ. European Neigbourhood Programme for Agriculture and Rural Development – ENPARD) ერთად გამართული შეხვედრის მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონში შესატანი რამდენიმე ცვლილების განხილვა. ეს ცვლილებები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი და არსებული ფერმერული ჯგუფების გაძლიერებას („პოზიტიური“), და ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვების (ინდივიდების ან კომერციული ოპერატორების) მიერ ბიზნესების შექმნის პრევენციას. მსგავსი ბიზნესები გულისხმობს ყალბი ფერმერული კოოპერატივების შექმნას მთავრობისა და საერთაშორისო დონორების მიერ დაწესებული საგადასახადო შეღავათებითა თუ სხვა პრივილეგიებით სარგებლობის მიზნით. ბუნებრივია, ეს ორი კატეგორია ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია.

პირველი სახის ცვლილებებს მიეკუთვნება:

    • კოოპერატივების წევრთა რაოდენობის მინიმუმის გაზრდა 5-3 (შესაბამისად, ბარსა და მაღალმთიან რეგიონებში) წევრიდან 11-5 წევრამდე (ეს ცვლილება შეეხება უკვე დარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთა უმრავლესობა, როგორც ირკვევა, ახლო ნათესავებისგან შედგება).
    • ე.წ. „ასოცირებული წევრების“ კატეგორიის შექმნა, რომელშიც შევა ბიზნესები ან ინდივიდუალები (როგორც ქართველი, ისე უცხოელი!), რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართული სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, მაგრამ დაეხმარებიან ფერმერთა ჯგუფებს საქმის დაწყებაში, ორგანიზაციული, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, საბაზრო კავშირებისა და ფინანსების მოპოვებაში და სხვ.

მეორე სახის ცვლილებებია:

    • „ასოცირებული წევრებისათვის“ შესაძლებლობების შეზღუდვა, მიიღონ დივიდენდი (მაქსიმალური ზღვარი – 30%) და გავლენა მოახდინონ კოოპერატივის გადაწყვეტილებებზე (მათ არ ექნებათ ხმის მიცემის უფლება).
    • კოოპერატივებისთვის შესაძლებლობის შეზღუდვა, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ან გაუწიონ მომსახურება არაწევრებს, რომელთაც აქვთ კოოპერატივის წლიური ბრუნვის 30%-ზე მეტი. არსებობს რისკი, რომ ბიზნესები დააფუძნებენ ყალბ კოოპერატივებს, რათა შეიძინონ მანქანა-დანადგარები და გადაამუშავონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გამოიყენონ სუბსიდიები, შეღავათიანი კრედიტები და გრანტები.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით სამი პრობლემა არსებობს:

პირველი, მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივების ზომის გაზრდის მოტივაცია სრულიად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკასა და საღ აზრს, უკვე არსებულ კოოპერატივებზე ამ შეზღუდვის რეტროაქტიულად დაწესებით ახალმა კანონმა შეიძლება გამოიწვიოს წევრების რაოდენობის ხელოვნური გაზრდა, ან უარესი, უკვე არსებული ჯგუფების დისკვალიფიკაცია. სისტემაში პატარა ჯგუფების არსებობა (სულ მცირე, ამ ეტაპზე) იქნებოდა ახალდაწყებული კოოპერატივების მოძრაობაში დიდი კრიზისის თავიდან აცილებისთვის გაღებული მცირე მსხვერპლი.

მეორე, ცნება „ასოცირებული წევრი“ უდავოდ მიანიშნებს ახალი ფერმერული ორგანიზაციების გადაუდებელ საჭიროებას. თუმცა, დამატებითი მოთხოვნებისა და გაფრთხილებების დაწესებით, რაც გულისხმობს „დარღვევებისა“ და „ქურდობის“ თავიდან აცილებას, დასახული მიზნის – შექმნილ ფერმერულ ჯგუფებსა და გარე ბაზრის მოთამაშეებს შორის თანამშრომლობისთვის პირობების შექმნა – მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა, მცირე რაოდენობით „ქურდობა“ და „დარღვევა“ ღირდეს კიდეც იმად, რომ შენარჩუნდეს ფერმერული ორგანიზაციები ენპარდის პროექტს მიღმა. ამის მიღწევაში კი, წესით, „ასოცირებულ წევრებზე“ უკეთ ვერავინ დაგვეხმარება.

მესამე, არაწევრებისგან შესყიდვებსა და მათთვის მომსახურების გაწევაზე ზღვარის დაწესება ნამდვილად სწორი გზაა კოოპერატივის წევრთა რაოდენობის გაზრდის წასახალისებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად სიმართლეა (არაწევრებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ წევრები გახდნენ, რათა ისარგებლონ გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარებით, საწყობით ან სადისტრიბუციო ქსელებით), ამ შეზღუდვას ექნება ორი საზიანო ეფექტი. ერთი, რომ ამან შეიძლება შეამციროს კოოპერატივების საწყისი ინვესტიციები გადამამუშავებელ ხაზებში ან სასაწყობო მეურნეობებში (მაგალითად, შეზღუდული მიწის საკუთრებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების პოტენციალის პირობებში). მეორე ის, რომ შედარებით მცირე ინვესტიცია, თავის მხრივ, შეამცირებს კოოპერატივების შესაძლებლობას, მიიღონ ახალი წევრები მომავალში. ამასთან ერთად, შეზღუდვები შეიძლება დიდი თავსატეხი გახდეს კოოპერატივებისთვის (და სამთავრობო სააგენტოსთვის, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს), რადგან ეს შეამცირებს ფერმერული ორგანიზაციების მიმზიდველობას გამოუცდელი მცირე ფერმერების თვალში.

მიუშვით ბავშვები თავიანთ ნებაზე!

შემოთავაზებული ცვლილებებისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობები გამოწვეულია იმით, რომ ავტორები ორი კურდღლის ერთად დაჭერას ცდილობენ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის შემოღებით. საწყის ეტაპზე, სასურველია, კანონი იყოს რაც შეიძლება მარტივი და ლმობიერი. ფერმერული ორგანიზაციები ჯერ კიდევ უცხო ხილია ქართულ რეალობაში. შეზღუდვებზე მეტად, მას სჭირდება რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მთავრობისგან, დონორებისგან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის კომპანიებისგან, რომლებიც ყიდულობენ და ყიდიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.

მართლაც, სამთავრობო პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს კერძო-საჯარო პარტნიორობების შექმნა, რომელშიც ჩართული იქნებიან უცხოური და ადგილობრივი ბიზნესები, მცირემიწიან ფერმერთა ჯგუფები. ეს ხელს შეუწყობს არსებული ბიზნესის აყვავებასა და ახალი პოტენციალის აღმოჩენას. „ქურდობისა“ და „დარღვევის“ შიში შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ ახლა შეზღუდვებზე ფიქრისთვის შესაფერისი დრო არ არის. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე შეიქმება ისეთი კოოპერატივებიც, რომელთა მიზანი გადასახადებისგან თავის არიდება და შეღავათიანი სესხებითა და გრანტებით სარგებლობა იქნება, მაგრამ ესეც ერთგვარ წვლილს შეიტანს, როგორც ქვეყნის საკვების უსაფრთხოებაში, ისე სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის სასოფლო რეგიონების განვითარებაში.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ატაშემ აგრარულ საკითხებში, ხუან ეჩანოვემ განაცხადა, კანონი არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა არა ერთადერთი, პოლიტიკური იარაღი, რომლის გამოყენებაც პოლიტიკოსებს შეუძლიათ. სამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მხარდამჭერ პროგრამებზე წვდომა, შესაძლოა, უფრო ეფექტური იყოს მინისტრის მიერ გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ.

კანონის შეცვლა დელიკატური საკითხია, საქართველო ამას რთულად სწავლობს. თუ ამის საჭიროება არსებობს, კანონი უნდა შეიცვალოს, ოღონდ ფაქტების, ანალიზისა და შესაბამის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან კონსულტაციების საფუძველზე.

მოდით, ნუ ვიჩქარებთ.

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის –  „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა