1990-იან წლებში ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა სასაცილო იყო. სტუდენტები ან მათი მშობლები საგამოცდო კომიტეტის ხელმძღვანელებთან ან ფაკულტეტის დეკანებთან „ვადებსა და პირობებთან“ დაკავშირებით აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. ეს მოლაპარაკებები გულისხმობდა ქრთამს, რომლის გადახდაც იყო საჭირო გარკვეული „მომსახურების“ მიღების სანაცვლოდ. ადამიანს შეეძლო კორუფციულ მომსახურებათა ვრცელი მენიუდან აერჩია მისთვის სასურველი მომსახურება – ჩარიცხვა, ნიშნები, სტიპენდია. გადასახდელი ფასის რაოდენობა დამოკიდებული იყო მომსახურებაზე. მოთხოვნა-მიწოდების კანონმა განაპირობა ის, რომ მაღალმოთხოვნადი პროფესია, დიპლომატია ბევრად უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე, მაგალითად, ეკონომიკა (რომელიც მაშინ ნაკლებად პოპულარული იყო).
მას შემდეგ, რაც სტუდენტსა და უნივერსიტეტის კორუმპირებულ თანამშრომლებს შორის კონსენსუსი მიიღწეოდა, სტუდენტის სახელი შედიოდა ე.წ. „წითელ სიაში“. გამოცდების დროს ამ სიის სტუდენტები იღებდნენ უკვე შევსებულ საგამოცდო ფურცლებს. შესაბამისად, იღებდნენ სწორედ იმ ქულებს, რაც საჭირო იყო მათ მიერ შეკვეთილი მომსახურებისთვის.
ოდნავ უფრო ფარული მეთოდი იყო გამოცდის პირველ წინადადებაში კოდური სიტყვის დაწერა. ეს საშუალებას აძლევდა ინსტრუქტორს, ადვილად ამოეცნო ის სტუდენტები, რომელთაც შეუკვეთეს „შეღავათიანი მოპყრობა“. ხშირად ეს იყვნენ სტუდენტები, რომელთაც ისინი კერძო გაკვეთილებს უტარებდნენ გამოცდებამდე. ზეპირი გამოცდა კიდევ უფრო ადვილი იყო: „სტუდენტს გამოცდის შედეგის ჩასაწერად საგამოცდო ფურცელი გამომცდელისთვის უნდა მიეწოდებინა. ზოგი სტუდენტი „უნებლიედ“ დებდა საბანკო ამონაწერს ფურცლებს შორის.
იმ ველურ წლებში ხალხს ისე შეეძლო დიპლომის ყიდვა, რომ ერთ ლექციასაც არ დასწრებოდა. 1990-იან წლებში ბევრი ტაქსის მძღოლი თბილისში ყიდულობდა არა მხოლოდ ტაქსისტის ლიცენზიას, არამედ იმ დროს აღებული „ორი წითელი დიპლომითაც“ იწონებდა თავს (დიპლომი, რომლის ნიშნები წითელ ფურცელზე იყო ამობეჭდილი).
2004 წელს მთავრობამ მოაგვარა ეს პრობლემა იმით, რომ შემოიღო ერთიანი ეროვნული გამოცდები უნივერსიტეტებისთვის. ყველა უნივერსიტეტის აპლიკანტი ვალდებული იყო, ჩაებარებინა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდეგში ნაეკი) მიერ ორგანიზებული სამი ზოგადი და ერთი სპეციალური გამოცდა. ეს რეფორმა იყო უდიდესი წარმატება – ამიერიდან საქართველოში აღარც ფულსა და აღარც კავშირებს აღარ შეეძლო უნივერსიტეტებში მოეხვედრებინა აბიტურიენტი.
რატომ არიან ადამიანები კორუმპირებულები?
საზოგადოდ მიღებული მოსაზრებისგან განსზღვავებით, კორუფციას არაფერი აქვს საერთო საზოგადოებაში გაბატონებულ ეთიკურ სტანდარტებთან. როგორც ერთ-ერთმა კორუფციის ექსპერტმა გვითხრა, მუსლიმურ სამყაროში არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია საზოგადოებაში ისლამის აღორძინებით. მათი აზრით, თუ ყველა კარგი მუსლიმი იქნება, კორუფცია ავტომატურად გაქრება. ეს სრულიად მცდარი მოსაზრებაა და გარკვეულწილად ხსნის კიდეც, რატომ მძვინვარებს კორუფცია მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობაში. კორუფცია არის სტრუქტურული პრობლემა და არ მომდინარეობს ცალკეული პიროვნებების ავი ზრახვებიდან.
თამაშთა თეორიაში წონასწორობა განმარტებულია როგორც სიტუაცია, სადაც ცალკეულ პიროვნებას არ შეუძლია, ცალმხრივად შეცვალოს თავისი ქცევა ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს საკუთარ თავს. ამ თვალსაზრისით, საზოგადოება შეიძლება იყოს კორუფციის ან ერთიანობის წონასწორობაში. თუ ადამიანი არის კორუფციის წონასწორობაში, ადამიანს ამ წონასწორობიდან გადახვევა და ერთიანობაში დაბრუნება ძალიან ძვირი უჯდება. თუ ყველა ქრთამავს უნივერსიტეტს, შენ კი – არა, შედეგი მარტივად ის იქნება, რომ შენ ვერ ჩაირიცხები უნივერსიტეტში. მსგავსად, თუ ყველა ქრთამავს ექიმებს ან საჯარო მოხელეებს, შენ კი ერთადერთი ხარ, ვინც ამას არ აკეთებს, შენ უბრალოდ კარგავ უპირატესობას სხვებთან შედარებით.
კორუფციის წონასწორობაში ვერც ისინი გადაუხვევენ ჩვეულ ქცევას მაღალი საფასურის გადახდის გარეშე, ვინც ქრთამს იღებს. საბერძნეთში საავადმყოფოს ექიმებს ხელოვნურად უხდიან დაბალ ხელფასს, რადგან ითვლება, რომ ხელფასი დაბალანსდება ქრთამით აღებული ფულით. თუ მსგავს სიტუაციაში თქვენ ხართ ერთი ექიმი, რომელიც უარს ამბობს ქრთამის აღებაზე, დარჩენილი ხელფასი შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს, რომ თავი ირჩინოთ.
თუ ერთიანობის წონასწორობაში ხართ, სიტუაცია სიმეტრიულია, მაგრამ ბევრად უფრო დადებითი. თუ ქრთამს არავინ არ იღებს, შენ მიერ გაწეულმა რისკმა, მიიღო „შეღავათიანი მოპყრობა“ მისაღებ გამოცდაზე, შეიძლება მიგიყვანოს არა უნივერსიტეტში, არამედ ციხეში. ასეთივე მდგომარეობაშია უნივერსიტეტის ინსტრუქტორიც, დამატებითი „გასამრჯელოს“ მიღებით იგი დგება საფრთხის წინაშე, რომ დააბეზღონ და დასაჯონ.
ცუდი წონასწორობიდან გამოსვლისთვის კოორდინირებული ძალისხმევაა საჭირო. ახალ წონასწორობაში გადასვლა ცალკეული გადახვევების საფასურის საჭიროების გარეშე უნდა მოხდეს. თუ ყველა ის ადამიანი, ვინც უწინ კორუმპირებული იყო, ხელახლა მოიპოვებს თავის ერთიანობას მყისიერად, მაშინ პრობლემა დაძლეულია. კარგ მთავრობას შეუძლია მსგავსი კოორდინირების ორგანიზება.
PRAECEPTOR GEORGIAE
საქართველომ ასწავლა მსოფლიოს, როგორ უნდა შეიცვალოს წონასწორობი, და არა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროში.
ნაეკის სისტემაში ყოველი საგნისთვის მცირე კომიტეტი იქმნება. ისინი ადგენენ გამოცდებს და საგამოცდო საკითხები არავინ არ იცის მათ გარდა. საგამოცდო ფურცლები არის სპეციალურად დაფასოებული და იხსნება მხოლოდ სტუდენტების წინ, გამოცდის დაწყებისთანავე. პირველ რიგში მსხდომ სტუდენტებს (ადგილები არეულად ნაწილდება) სთხოვენ, მოაწერონ ხელი, რომ გამოცდის ფურცლები ხელუხლებელი იყო და გაიხსნა მხოლოდ მათ თვალწინ. არცერთ სტუდენტს არ აქვს უფლება, საკუთარი სახელი და გვარი დაწეროს საგამოცდო ფურცელზე (არსებობს კოდები, რომელიც ახდენს სტუდენტის იდენტიფიცირებას გამოცდასთან) და ნებისმიერი დარღვევა იწვევს გამოცდიდან მოხსნას. გარდა ამისა, თითოეული გამოცდა მოწმდება ორჯერ, ორი სხვადასხვა ადამიანის მიერ. სხვადასხვა ქულების მიღების შემთხვევაში, საქმეში ერთვება მესამე შემფასებელი.
2004 წლის შემდეგ მცირე ცვლილებები მოხდა, მაგრამ ნაეკის სისტემა არსებითად ისევე მუშაობს, როგორც 11 წლის წინ. თუკი შევარდნაძის დროს ყველაზე ნიჭიერ სტუდენტებს, რომელთაც არც ფული ჰქონდათ და არც კავშირები (სტიპენდიებიც კი კორუფციული გზით ნაწილდებოდა), უმაღლესი განათლების მიღებაზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ, ახლა მხოლოდ ნიჭსა და სიბეჯითეზეა დამოკიდებული, მოხვდები თუ არა უნივერსიტეტში.
ამ წარმატების მნიშვნელობის უგულებელყოფა არ შეიძლება. ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს ნავთობის ან სხვა ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგი, ადამიანური კაპიტალი არის არსებითად ერთადერთი რესურსი, რასაც შეუძლია ეკონომიკური პროგრესის წარმართვა. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, გამოიყენოს თითოეული მოქალაქის პოტენციალი. ყველა ნიჭიერ ადამიანს, მათ შორის რეგიონებში დაბადებულებს, უნდა მიეცეს შანსი, გამოიყენოს თავისი პოტენციალი. როგორც ფლორიან ბირმანი განიხილავს თავის სტატიაში „დიდი პიროვნებების ეკონომიკა“, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ISET Economist-ის ბლოგზე, ეს არის საქართველოს ერთადერთი შანსი, დაეწიოს დასავლეთს.
შეთავაზებული რეფორმა
საქართველოს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ 2016 წლის შემდეგ უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები შეერწყმება სკოლის საატესტატო გამოცდებს. სტუდენტები ჩააბარებენ ერთ გაერთიანებულ გამოცდას, რომ მიიღონ სკოლის ატესტატი, რომელიც ამავდროულად გახდება უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფუძველი. ეს იქნება გერმანული აბიტურ-დიპლომის, ბრიტანული A დონის გამოცდის, რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის Matura გამოცდის მსგავსი სისტემა.
საქართველოს განათლების სამინისტროს ჯერ არ გამოუცხადებია ამ ახალი გამოცდების ფორმატი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს გამოცდები ჩატარდება დეცენტრალიზებული ფორმით, ცალკეული სკოლების მიერ (როგორც დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ტარდება). კორუფციის წონასწორობიდან გამოსასვლელად საჭირო გახდა გამოცდების ცენტრალიზებული სისტემის შექმნა, რადგან მხოლოდ ნაეკის მსგავსი სპეციალიზებული სააგენტო იყო საკმარისად ძლიერი, რომ ეფექტურად აღმოეფხვრა კორუფცია. კორუფციის ძირფესვიანად აღმოფხვრა საჭიროებს კომპეტენციას, პროფესიონალიზმს, სიმტკიცესა და მიუკერძოებლობას, რასაც ძალიან ბევრი ქართული სკოლა მოკლებულია.
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა გვეშინოდეს, რომ მისაღები გამოცდების დეცენტრალიზებით კორუფცია ხელახლა იპოვის თავის გზას ქართული განათლების სექტორში. როგორც პირადი წყაროებიდან ვიცით, თბილისში არსებობს კერძო სკოლები, რომლებიც გარკვეულ ფასად აძლევენ თავის მოსწავლეებს სკოლის გამოსაშვებ ატესტატებს. მასწავლებლები მოსწავლეებს გამოცდამდე ერთი კვირით ადრე ურიგებენ შევსებულ ტესტებს. როდესაც ერთ შემთხვევაში ეს პასუხები არასწორი აღმოჩნდა, გამოცდაზე მასწავლებლები ინდივიდუალურად ეხმარებოდნენ მოსწავლეებს, რომელთაც ფული გადაიხადეს. იყო შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტებმა, რომელთაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარჩინებით გაიარეს და ოქროს მედლები აიღეს, მინიმალური ზღვარიც კი ვერ გადალახეს ნაეკის უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე. განათლების სამინისტროს უბრალოდ არ გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ უზრუნველყოს სტანდარტის დაცვა დეცენტრალიზებულ გამოცდებზე, რომელიც ოდნავ მაინც მივა ახლოს იმასთან, რასაც ნაეკმა აქამდე მიაღწია.
ქართული საგანმანათლებლო რეფორმები არ უნდა დაიწყოს საგამოცდო სისტემით – ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისით, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს. არსებობს უამრავი ფუნდამენტური პრობლემა, რაც ყურადღებას საჭიროებს. მათ შორის ერთ-ერთია მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია (რაც დაკავშირებულია დაბალ ხელფასებთან). იმისთვის, რომ ქართველმა ბავშებმა უკეთესი განათლება მიიღონ, ეხლა უნდა ვიმუშაოთ თავად განათლების სისტემაზე და არ უნდა შევეხოთ გამოცდებს.
ქართველებს აქვთ სამართლიანობის ძლიერი სურვილი და, შესაბამისად, სძულთ კორუფცია. ისინი ძალიან დაზარალდნენ კორუფციის წონასწორობაში ამდენი ხანი ყოფნის გამო (ეს საკითხი განხილულია ფლორიან ბირმანის სტატიაში „ქართული წესიერება, როგორც შედარებითი უპირატესობა“, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ISET Economist-ის ბლოგზე). ამ თვალსაზრისით საქართველოს მიღწევების რისკქვეშ დაყენება იქნება უდიდესი შეცდომა.