ერევანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობამ ქვეყნის ელექტროენერგიის მიწოდების მონოპოლისტის (სომხეთის ენერგოქსელები – ENA) მოთხოვნა 2015 წლის 1 აგვისტოდან რეგულირებული ტარიფის 16.7%-ით გაზრდის შესახებ დააკმაყოფილა, აქციებს სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – „ელექტრო ერევანი“.
ENA ეკუთვნის Inter RAO UES-ს, რუსულ ენერგო-გიგანტს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ სომხეთის მთავრობა ეფექტურად ემსახურება რუსულ ინტერესებს. თუმცა ელექტროენერგიის ფასების ზრდას, რომელსაც მთავრობამ თავდაპირველად წინააღმდეგობა გაუწია, როგორც ჩანს, წინ ბევრად უფრო ობიექტური გარემოებები უძღოდა. 2014 წლის ივნისიდან სომხეთის ეროვნული ვალუტა, დრამი, 410-დან 475-მდე დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში. მისი ღირებულება 16%-ით გაუფასურდა, რამაც გაზარდა იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თერმული წარმოების ფასი. უფრო მეტიც, ENA თერმული სადგურებისგან ყიდულობდა სულ უფრო მეტ ელექტროენერგიას (რომელიც უფრო ძვირია), რადგან სომხეთის მეწამორის ატომურ სადგურს მოსალოდნელზე მეტი დრო სჭირდება ექსპლოატაციაში შესასვლელად. ამას დაემატა ისიც, რომ ჰიდროელექტროსადგურების წარმოება ჰიდროლოგიური მიზეზების გამო შემცირდა. ვინაიდან ელექტროენერგიის წარმოების ხარჯები ბევრად აღემატებოდა რეგულირებულ ტარიფებს, ENA იძულებული გახდა, აეღო დიდი ვალი (დაახლოებით 225 მილიონი აშშ დოლარი), რაც საფრთხეს უქმნის მის კრედიტუნარიანობასა და ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობას.
სომხეთის მთავრობამ კარგად იცოდა, რომ ელექტროენერგიის ფასების ზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურად სენსიტიური იქნებოდა. ერთის მხრივ, მთავრობის მიერ საბოლოოდ დამტკიცებული 16.7%-იანი ზრდა ბევრად ჩამორჩება ENA-ის მიერ თავდაპირველად მოთხოვილ 40.8%-ს. მეორეს მხრივ, მთავრობამ განაცხადა საკუთარი გეგმის შესახებ, რომელიც გულისხმობს დაახლოებით 100 000 მცირეშემოსავლიანი ოჯახისთვის გაზრდილი ტარიფის კომპენსირებას. პრემიერ მინისტრ აბრაჰამიანის განცხადებით, ყოველთვიური დახმარება ღარიბებისთვის გაიზრდება 2000 დრამით (4.2 აშშ დოლარი), რაც ბევრად აღემატება იმ 1400 დრამს, რასაც ეს ოჯახები ზედმეტად დახარჯავენ ელექტროენერგიის ყოველთვიურ გადასახადში.
მიუხედავად წინასწარი გაფრთხილებებისა, სომხეთის ახალგაზრდობა მაინც გავიდა ერევნის ქუჩებში. 22 ივნისს მთავრობის მიერ დემონსტრაციის დაშლის მცდელობას მოჰყვა ძალადობა, არეულობა და პოლიტიკური დაძაბულობა. შესაძლოა, „არა ძარცვას“ ლუზონგქვეშ გაერთიანებული ახალგაზრდები ქუჩაში ფასის ზრდამ გამოიყვანა, მაგრამ სომხეთის უფრო დიდი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეები იქნება ის, რაც მათ იქ გააჩერებს.
ამასობაში უკრაინაში...
სანამ დამკვირვებელთა დიდ უმრავლესობას აინტერესებს, გახდება თუ არა #ელექტროერევანი სომხეთის ევრომეიდანი, კიდევ ერთი შესაფერისი შედარება გამოგვრჩა მხედველობიდან. სომხეთის ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მსგავსად, 2015 წლის აპრილში უკრაინის ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, შიდა მომხმარებლებისთვის გაზის ფასები 5.5-ზე მეტად გაეზარდა (აი, ასე!). უფრო მეტიც, გაზის შიდა ფასი 2018 წლამდე განაგრძობს ზრდას, რითიც იგი იმპორტირებული გაზის ფასს გაუტოლდება.
ცხადია, მსგავსი გადაწყვეტილება უაღრესად არაპოპულარული იქნებოდა უკრაინელ ამომრჩევლებთან. ხელმისაწვდომი გამოთვლების თანახმად, 2012 წელს ენერგო-სუბსიდიები უკრაინაში შეადგენდა მშპ-ის 7½-ს. შესაძლოა, შედარებით მდიდარი ოჯახები (და Naftogaz-ის კორუმპირებული წარმომადგენლები) ხედავდნენ დახმარების არათანაბარ განაწილებას, მაგრამ პოპულისტური სუბსიდირების პოლიტიკა ძირითადად მოსახლეობის დიდი ნაწილის გულისმოგებას ისახავდა მიზნად. და ასეც მოხდა. უკრაინა დღემდე ინარჩუნებდა ელექტროენერგიის ძალიან დაბალ შიდა ფასებს. IMF-ის ევროპის დეპარტამენტის დირექტორის, რეზა მოგადამის თანახმად, „უკრაინული ოჯახებისთვის გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 85 აშშ დოლარია. რუსეთში კი, რომელიც გაზის მწარმოებელი და ექსპორტიორი ეკონომიკაა, ათასი კუბური მეტრი 158 აშშ დოლარი ღირს. ფასების რეგიონული სხვაობები კიდევ უფრო დიდია უკრაინაში, რომელიც 4-9-ჯერ ჩამოუვარდა მეზობელი, გაზის იმპორტიორი ეკონომიკებისას“.
შესაძლო პროტესტის ჩახშობისა და ღარიბებზე გავლენის შერბილების მცდელობა გულისხმობს ტარიფების ზრდის კვლადაკვალ ღარიბი ოჯახებისთვის სოციალური დახმარებების შემოღებას. მოგამადი განმარტავს უკრაინის მთავრობის გეგმასაც: „შესაბამისი ოჯახები მიიღებენ შემწეობას, რომელიც ფასის ზრდის შედეგად მიღებული სხვაობის ექვივალენტი იქნება. 4.5 მილიონი ოჯახი, რაც საერთო რაოდენობის 27 პროცენტია, მთავრობის სოციალურ დახმარებათა არსებული და ახალი სქემებიდან მიიღებს დახმარებას, რომელიც დაიცავს მათ ტარიფების ზრდისგან“.
მიეცით იაფი ელექტროენერგია. ბევრი იაფი ელექტროენერგია!
უკრაინისა და სომხეთის ენერგო-სექტორები ერთნაირ უკმარისობას განიცდის. ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ შეთავაზებული გამოსავალიც, ფაქტობრივად, ერთნაირია. თუმცა, რაც ამ ორ ქვეყანას დრამატულად განასხვავებს ერთმანეთისგან, არის ხალხის რეაქცია მტკივნეულ რეფომრებზე. თუ #ელექტროერევანმა სომხეთი შეაზანზარა, გაზის ფასის ბევრად მკვეთრი ზრდის ფონზეც კი უკრაინაში არავითარი მასობრივი გამოსვლები არ დაფიქსირებულა.
ფასის ზრდა გაიგეს და გულგრილად მიიღეს, როგორც უკრაინის განადგურებლი ენერგო-სექტორის რეფორმის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ენერგო-დამოუკიდებლობისა (რუსეთისგან) და ეფექტურობის მოპოვებაში. ელექტროერევნის საპროტესტო მოძრაობისთვის ელექტროენერგიის ფასების ზრდა იდეალური შესაძლებლობაა, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ჩიხის წინააღმდეგ გააერთიანოს სუსტი და დაქსაქსული სომხეთის ოპოზიცია, რომელიც ითავებს არაპოპულარული რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული მასების მოტივირებასა და არაკოორდინირებული, სპონტანური ქმედებების მართვას.
გაზრდილი ფასების როლი არეულობასა და რევოლუციებში არ არის პოლიტიკური სიახლე. „პურის რევოლუციების“ ტალღას, რომელმაც შეძრა ახლო აღმოსავლეთი 2011-2012 წლებში, ბიძგი მისცა ძირითადი საკვები პროდუქტების (ფქვილი, ზეითუნის ზეთი) ფასების ზრდამ. სწორედ ეს გახდა საძულველი და კორუმპირებული დიქტატურების წინააღმდეგ მასების მობილიზების საშუალება. სტატიაში „აჭამეთ პური“ ანია ჩიეზადლო აღწერს, როგორ იფეთქა გამოსვლებმა ეგვიპტეში 1977 წელს, როდესაც უკვე არაპოპულარული მთავრობა შეეცადა პურის სუბსიდიების გაუქმებას პურზე, ბრინჯსა და გაზზე. „როდესაც გამოსვლები მორჩა,“ – წერს ჩიეზადლო, – „დარჩა ასობით დამწვარი შენობა, 160 გარდაცვლილი ადამიანი, ეგვიპტის პრეზიდენტმა, ანვარ სადათმა კი თანამედროვე არაბი დიქტატორისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო: აჭამეთ პური. ბევრი და იაფი პური“.
პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის 28 ივნისის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ელექტროენერგიის ფასების დაგეგმილი ზრდა (სანამ არ დამთავრდება სომხეთის ენერგო-სექტორის დამოუკიდებელი აუდიტი), გვაფიქრებინებს, რომ მან სრულად გაითავისა სადათის 40 წლის წინანდელი გაკვეთილი. ის ეუბნება ამბოხებულ ხალხს, რომ ჰქონდეთ იაფი ელექტროენერგია. ბევრი იაფი ელექტროენერგია. სარგსიანის გაჭიანურებული ტაქტიკის პრობლემა ის არის, რომ ელექტროენერგიის კრიზისი არ გაქრება (არც გამოსვლების მონაწილეები ფიქრობენ სახლში წასვლას). სომხეთს შეუძლია, ცოტა ხნით მისი ბიუჯეტის მწირი რესურსები გამოიყენოს ENA-ის ვალის დასაფარად და სხვაგვარად მოახდინოს ელექტროენერგიის შიდა მოხმარების სუბსიდირება. მაგრამ ხალხმა, ისევე, როგორც სარგსიანმა, კარგად იცის, რომ ენერგიის სუბსიდირება გამოსავალი არ არის.
ცვლილებათა ნიავი გვცემს სახეში
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ სომხეთის კრიზისი შეიძლება გახდეს ცვლილებათა მაცნე მთელ დსთ-ში. ძლიერი ეკონომიკური წინქარი სცემს სახეში ყოფილ საბჭოთა (ცინცხალ დამოუკიდებელ) სახელმწიფოებს, რაც მათ არალიბერალურ რეჟიმებს უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოცდას უმზადებს. ამ ქვეყნების მმართველი კლანების უმეტესობა ძალაუფლების სათავეში კანონისა და წესრიგის ელემენტარული მოთხოვნების შესრულებითა და ძვირადღირებული „იაფი ელექტროენერგიისა და სანახაობის“ პოლიტიკით მოვიდა. ნავთობის ფასების ვარდნა რუსეთისგან ჩვეულ მხარდაჭერას მოკლებულ ამ რეჟიმებს აიძულებს, გამოვიდნენ თავიანთი კომფორტის ზონიდან, რასაც მოჰყვება შინ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისადმი, გარეთ კი წარმოსახვითი თუ რეალური მტრებისადმი მიმართული ნერვიულობა და აგრესია.
უკრაინის უვარგისმა პოლიტიკურმა სისტემამ 20 წელზე მეტი ხანი გაძლო მტკივნეული რეფორმების გადადებით და მილიარდობით დოლარის დახარჯვით ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე. თუმცა ბოლოს საწვავი მაინც გამოელია. როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მსგავსი ბედი ელის რეგიონის სხვა, „იაფი ელექტროენერგიისა და სანახაობის“ რეჟიმებს. შიდა ლეგიტიმურობას მოკლებული ეს მთავრობები ცუდ მდგომარეობაში არიან, რომ განახორციელონ მტკივნეული რეფორმები, რაც გულისხმობს ენერგო-სუბსიდიების შემცირებას. ადრე თუ გვიან, მათ გამოელევათ საწვავი და იღბალი, რაც ბოლოს მოუღებს იაფი ელექტროენერგიის, ექსტრავაგანტული არქიტექტურის, სპორტისა და მუსიკის ხელგაშლილი ღონისძიებების ერას.
ბედის ირონიით, რაც რუსეთს შეუძლია ისწავლოს უკრაინის დაკარგვისა და სომხეთის არეულობისგან, ის არის, რომ იაფი ელექტროენერგიის დიქტატურების მეგობრული მხარდაჭერა არის მოკლევადიანი პოლიტიკა: ის ძალიან ძვირი ჯდება და არც სტაბილურობისა და მეგობრობის გარანტიას არ იძლევა.