შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ახალი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024

გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა საკანონმდებლო სივრცეში და დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი სვამს შემდეგ კითხვებს:

მიზანი: განმარტებითი ბარათი გვამცნობს, რომ „კანონპროექტის მიზანია, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით“. რას ემსახურება ეს მიზანი: სიღარიბის შემცირებას? ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას? ინკლუზიურობას? მოსახლეობის კეთილდღეობას?

პროცედურა: რატომ იქნა ასე განსაკუთრებულად დაჩქარებული პროცედურით, ყოველგვარი წინასწარი დისკუსიის გარეშე მიღებული ეს კანონპროექტი?  განმარტებითი ბარათის ‘დ’ პუნქტი ამბობს, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ ყოფილა ჩართული „სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი”, კანონპროექტის შემუშავებაში არ ყოფილა გათვალისწინებული მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება და არ ყოფილა გათვალისწინებული“ სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას“. ასეთ შემთხვევაში, რა გამოცდილებას დაეყრდნენ კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრები პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი?

სტრატეგიული ხედვა: განმარტებითი ბარათი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი არ არის კავშირში არც სამთავრობო პროგრამასთან და არც შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ასეთ შემთხვევაში, მეტი ანალიზი რატომ არ ჩაითვალა მიზანშეწონილად?

RIA: რატომ არ გაკეთდა კანონპროექტისათვის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA), რაც საუკეთესო პრაქტიკაა და საშუალებას იძლევა, წინასწარ განისაზღვროს რა მოსალოდნელ ხარჯსა თუ სარგებელს მოუტანს კანონის ამოქმედება ქვეყანას?

საერთაშორისო გამოცდილება: რომელ ქვეყნებს აქვთ ამგვარი მიდგომისა და პრაქტიკის გამოცდილება და რა შედეგები იქნა მიღებული, მათ შორის ნეგატიური?

ბენეფიციარები: ვინ იქნებიან ამ კანონპროექტის ბენეფიციარები და რა სარგებელს მოუტანს ის მოსახლეობას?

რისკები: არის თუ არა განსაზღვრული ყველა შესაძლო რისკი, მოსალოდნელი ზიანი (მაგალითად, საერთაშორისო გადარიცხვების ეფეტურობის შემცირების რისკი, და სხვა)?

მექანიზმები: რა მექანიზმები იქნება გამოყენებული იმის თავიდან ასაცილებლად, რომ სანქცირებული ინდივიდები არ გახდნენ ამ კანონპროექტის ბენეფიციარები?

რეპუტაცია და ევროპული დღის წესრიგი: როგორ იმოქმედებს ეს კანონპროექტი ქვეყნის რეპუტაციასა და მის ევროპულ დღის წესრიგზე?

ამოქმედება: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, რადგან, როგორც ის გვამცნობს, „მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას“. პირიქით, ხომ არ არის საჭირო მეტი დრო და ანალიზი, რათა მნიშვნელოვან შეკითხვებს გაეცეს პასუხი და მოხდეს რისკების განსაზღვრა და მისი დამცველი მექანიზმების შემუშავება?

წარმოდგენილი პასუხგაუცემელი კითხვებიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ კანონის მიღება აზიანებს ქვეყნის რეპუტაციასა და მომავალს. ამდენად, მისი მიღება დაუშვებელია.

* * *

DISCLAIMER: ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი ეკონომიკური კვლევითი ორგანიზაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და არ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ნაწილი. შესაბამისად, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი შინაარსი და გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა