შეავსე ფორმა
Logo

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია,“ – შოთა რუსთაველი

კომპანიის მართვაში ქალების ჩართვა სასარგებლოა კომპანიის საქმიანობისთვის. მაგალითად, გავლენიანი Catalyst-ის ანგარიშის (დედააზრი: კორპორაციული მუშაობა და საბჭოში ქალების წარმომადგენლობა) თანახმად: „კომპანიებს, რომელთაც მიაღწიეს [გენდერულ] მრავალფეროვნებას, საშუალოდ, სხვა კომპანიებზე უკეთესი ფინანსური შედეგები აქვთ“. კერძოდ, მათ დაადგინეს, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორთა საბჭოში წარმოგენილია მეტი ქალი, სჯობნიან კომპანიებს, რომელთა დირექტორთა საბჭოებში ქალების რაოდენობა მცირეა, ისეთი ინდიკატორებით, როგორიცაა, მაგალითად, გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი (ROS), კაპიტალიდან მიღებული შემოსავალი (ROE) და ინვესტირებული კაპიტალი (ROI).

მიუხედავად იმისა, რომ Catalyst ყურადღებას ამახვილებს ქალების როლზე ძალიან დიდი (Fortune 500) კომპანიების მართვაში, ცნობილი ფაქტია, რომ ქალებს წამყვანი როლი აქვთ მიკრო ფინანსებშიც. მუჰამად იუნუსის გრამენ ბანკის საკრედიტო ოპერაციები, რომელიც ღარიბი ბანგლადეშელებისთვის მიკროსესხების მიცემის მიზნით შეიქმნა, მკვეთრად მიმართულია ქალებისკენ – კრედიტების 97% გაიცემა ქალებზე. კატარინ ესტი 2013 წელს გამოცემულ წიგნში „ოცდაშვიდი დოლარი და ერთი ოცნება“ ამტკიცებს, რომ ქალები კაცებთან შედარებით ბევრად უკეთ იყენებენ მცირე სესხებს. სანამ მამაკაცები აღებული თანხის რაღაც ნაწილს მაინც ხარჯავენ სიგარეტსა და ალკოჰოლზე, ქალები ამ თანხას ინვესტიციებში (ფერმის საქონელი და სხვ.) იყენებენ, რაც უკეთეს შედეგს აძლევს მათ (შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან, სესხის გადახდის შესაძლებლობა, პირადი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება).

თუ ასე ხდება ბანგლადეშში, სადაც, ცენტრალური დაზვერვის სამსახურის World Factbook-ის მონაცემებით, მუშახელის 47% დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, საქართველო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? ამიტომ, ფრიად გაუგებარია, რომ ლიდერი ქალების როლი ქართულ სოფლის მეურნეობაში დღემდე უგულებელყოფილია. მაგალითად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრთა მხოლოდ ერთი მეოთხედია ქალი. ბევრ ასეთ კოოპერატივს აფინანსებს ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD) რომის მიზანიც, სხვა მრავალთა შორის, არის ქართველი მცირე მიწის მფლობელთა სიცოცხლისუნარიანობისა და პროდუქტიულობის ხელშეწყობა. მაგრამ შესაძლებელია კი ამ მისიის შესრულება ქართველი გმირი ქალების სრული ჩართულობის გარეშე?

ქალები სოფლის მეურნეობაში მსოფლიოსა და საქართველოში

კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ქალები მთავარ როლს თამაშობენ განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობისა და სოფლის ეკონომიკაში. სოფლელი ქალები უძღვებიან უამრავ საოჯახო თუ ფერმერულ საქმიანობას, მათ შორის, სახლის მოვლას, საკვების გადამუშავებას, ცხოველების მოვლას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანასა და გაყიდვას. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საქმიანობა ფორმალურად (სტატისტიკურად) არ ითვლება „ეკონომიკურად აქტიურ სამუშაოდ“, მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობის საქმეში (FAO, 2011 წ.).

ამ მხრივ არც საქართველო არ არის გამონაკლისი. შეიძლება ფორმალური სტატისტიკა ამტკიცებდეს, რომ კაცებს წამყვანი როლი უკავიათ სოფლის მეურნეობის სექტორში, მაგრამ ქართული სინამდვილე სხვაზე მეტყველებს. მერსი ქორის მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო კვლევაში ასახულია სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მცხოვრები ქალების სეზონური ყოველდღიურობა. მთელი წლის განმავლობაში ქალები უვლიან ცხოველებს, მათ შორის, ღორებს, ქათმებსა და მეწველ ძროხებს. გაზაფხულზე ეხმარებიან კაცებს მიწის დამუშავებაში, ზაფხულში აქტიურად არიან ჩართული საზაფხულო ხვნა-თესვაში, თოხნასა თუ მორწყვაში. შემოდგომაზე კი ეხმარებიან მოსავლის აღებაში.

გარდა ამისა, მოსავლის აღების პერიოდის დამთავრების შემდეგ, ქალები საზამთროდ ამზადებენ ხილის ჩირსა თუ ბოსტნეულის მწნილებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ მათ მიაქვთ ფერმაზე დამზადებული პროდუქტი ბაზარზე და საკმაოდ დამოუკიდებლები არიან აღებული თანხის რეინვესტირებასა თუ ოჯახისთვის საჭირო ნივთების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

ISET-ის მიერ ახლახან დასავლეთ საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფერმერულ საქმიანობაში ჩართული კაცებისა და ქალების პროცენტულ მაჩვენებელს შორის სხვაობა ძალიან მცირეა (იხ. ცხრილი). შესაძლო გამონაკლისებია ქიმიკატების გამოყენება და ტრანსპორტირება.

ეს ცხრილი გვიჩვენებს, რომ ფერმერული საქმიანობა ნაწილობრივ, სრულად თუ არა, ზღუდავს სოფლად მცხოვრები ქართველი ქალების დასვენების დროს. ქართველი კაცებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ თავიანთ ფერმებზე, თუმცა ისინი უფრო სეზონურ სამუშაოებში (ხვნა, თესვა, მკა, თიბვა და სხვ.) არიან ჩართული, საოჯახო საქმეებსა და ბავშვების მოვლას კი მთლიანად ქალებს ანდობენ, იქნება ეს დედა, ცოლი თუ შვილი.

ქართველი გუთნისდედის ისტორია

სიმბოლურია, რომ გუთნის გამწევს ქართულად „გუთნისდედა“ ჰქვია. კავკასიური მითის თანახმად, სადაც ეს ენა აღმოცენდა, გუთნის გამწევი იყო ქალი, რომელიც მიუძღოდა გუთანში შებმულ წყვილ ხარს. ეს ტრადიცია დღემდე ცოცხალია მაღალმთიან საქართველოში, მაგალითად, თუშეთში. სანამ მამაკაცები ცხვრის სამწყემსად დადიოდნენ, ქალები იღებდნენ პასუხისმგებლობას ყველა დანარჩენ საქმეზე, მათ შორის გუთანზეც.

როგორც ფრანგი ისტორიკოსი, ფერნანდ ბროდელი აღნიშნავს, ქალებისა და კაცების როლები აგრარულ საზოგადოებაში დამოკიდებულია გაბატონებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიაზე. ძირითადი განსხვავება მათ შორის, როგორც წესი, ისაა, მძიმე გუთანს იყენებენ (რომელიც მოითხოვს სხეულის ზედა ნაწილის ძალას) თუ თოხს. უფრო მეტიც, არსებობს ემპირიული მტკიცებულება (იხ. ალეინა, ნანი და ჯულიანო, 2012 წ.), რომ ძველ სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ჰქონდა ძალიან მყარი შედეგები. მაგალითად, მეგუთნეთა შთამომავალი ქალები (თოხის გამომყენებელთაგან განსხვავებით) ნაკლებად მუშაობენ საკუთარ სახლს გარეთ.

ქვეყნის მთიანი რელიეფის გამო, გუთანი არ იყო ფართოდ გავრცელებული საქართველოს სოფლის მეურნეობაში. როგორც ენათმეცნიერული ანალიზი, ისე უძველესი ტრადიციები, ცხადჰყოფს, რომ ქალები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქვეყნის სოფლის მეურნეობაში. ქართულ სოფლებში ნიადაგის დამუშავების სეზონი იწყებოდა უნიკალური რიტუალით, რომელშიც მთავარ როლს ქალები ასრულებდნენ. თუშეთში ქალები თხრიდნენ პირველ ორმოს, რათა „მიწა გამოეღვიძებინათ“, ხარის მარჯვენა რქაზე კი სანთელს ანთებდნენ. ქალები, ასევე, აცხობდნენ სამკუთხა ხმიადს, რომელსაც ხარს აჭმევდნენ. ზოგან ხარები მინდვრებში ფეხმძიმე ქალს მიჰყავდა, რაც ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლებოდა (სიხარულიძე, 2014 წ.).

ქართულმა სოფლის მეურნეობამაც გაიარა ტექნოლოგიური ცვლილებების პროცესი, რამაც, ბევრ სხვა რამესთან ერთად, გამოიწვია „გუთნისდედის“ ხელობის მასკულინიზაცია. ეს ცვლილება ბევრად უფრო გამოხატული იყო ბარად, სადაც ძირითადად სწორედ მძიმე გუთანს იყენებდნენ. თუმცა ქართველი ქალები კვლავ განაგრძობდნენ მნიშვნელოვანი როლის თამაშს ქართულ სოფლის მეურნეობასა თუ საზოგადოებაში. ისტორიულად, საქართველოში კაცებს ხშირად უწევდათ სამშობლოს დაცვა (და მისთვის სიკვდილიც), ამ დროს ქალებს ევალებოდათ სარჩო-საბადებლის მოპოვება, ბავშვების მოვლა და, რაც მთავარია, ქართველი ერის გადარჩენა.

წინსვლა: მომავალი (ქალი) ლიდერების განათლება

მიუხედავად ქალების აქტიური როლისა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, მათი დასაქმებისა და მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების უფლებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სწორედ იმ ქართველ საზოგადოებაში, რომელიც სოფლის მეურნეობაში სპეციალიზდება. მაგალითად, გასულ წელს, ISET-ის მიერ ENPARD-ის პროექტის ფარგლებში აბაშაში, სენაკში, ხობში, ცაგერში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში ჩატარებული საბაზისო კვლევის თანახმად, ქართული სოფლის მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ „როდესაც სამუშაო მწირია, კაცებს უნდა ჰქონდეთ მეტი უფლება, ვიდრე ქალებს“.

საქსტატის 2013 ანგარიშის თანახმად, საქართველოს სოფლებში კაცების მიერ მართული ოჯახობების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება ქალების მიერ მართულ ოჯახობებს. 2012 წელს ქართული ფერმების თითქმის 30%-ზე ნაკლებს ხელმძღვანელობდა ქალი, რაც 2%-ით ნაკლებია 2009 წლის მაჩვენებელზე. გამოდის, წინსვლის ნაცვლად, უკან მივდივართ.

ქართული სოფლის მეურნეობის სექტორში ქალების წახალისებისა და მოტივაციისთვის ძალიან ბევრი გზა შეიძლება გამოინახოს. კარგი დასაწყისია განათლება და პროფესიული სწავლება. არსებობს საკმაო რაოდენობის ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომ ტრადიციულ, მასკულინურ საზოგადოებებში ქალები თავს არიდებენ კონკურენციას. შედეგი კი არის გენდერული უფსკრული განათლების მიღებასა და სამუშაო ძალაში მონაწილეობაში, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს მამაკაცების უარყოფითი დამოკიდებულება ქალი მუშახელის მონაწილეობისადმი („ქალი უნდა იჯდეს სახლში“). მსგავსი კვლევები გვთავაზობს არაერთ ეფექტურ გზას ქალების წახალისებისა და პროფესიული კვალიფიკაციებისთვის.

მაგალითად, ქალების ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელია, თუ მათ უბრალოდ მივაწვდით ინფორმაციას პროფესიული განათლების ტრენინგის შესაძლო სარგებლის შესახებ. ბემანი, დაფლო, პანდი და ტოპალოვა თავიანთ ბრწყინვალე კვლევაში (2012) გვაჩვენებენ, როგორ შეუძლიათ ლიდერ ქალებს, შეცვალონ ახალგაზრდა ქალების დამოკიდებულება. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ სოფლებში, სადაც ახალგაზრდა ქალებს სანიმუშოდ ჰყავთ ქალი ლიდერები, გენდერული უფსკრული მისწრაფებებში შემცირდა ერთი მეოთხედით, ხოლო გენდერული სხვაობა განათლების მიღებაში სრულად აღმოიფხვრა!

რა თქმა უნდა, დონორების მიერ დაფინანსებულ, ENPARD-ის მსგავს პროექტებს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს გენდერული პრობლემების გადაჭრაში. მაგალითად, ქალთა ჩართულობა კოოპერატივების საქმიანობაში შეიძლება წახალისდეს ქალების მიერ წარმატებით მართული ფერმებისა და ფერმერული ორგანიზაციების შესახებ მაგალითების მოყვანით. ქალებს შეიძლება დაენიშნოთ სტიპენდიები საჭირო მენეჯერული უნარ-ჩვევების შესაძენად. დაბოლოს, კოოპერატივების მართვაში ქალების მონაწილეობა შეიძლება, ასევე, გახდეს ერთ-ერთი კრიტერიუმი ტექნიკური მხარდაჭერისა და გრანტების მოპოვებისთვის.

იმედია, საქართველო კიდევ ერთხელ შეძლებს საკუთარი გუთნისდედების ძალის გამოყენებას ყველას სასიკეთოდ. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს არსებული სტერეოტიპების შეცვლას, რაც მოითხოვს ფართო და კარგად კოორდინირებულ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის არც თუ მცირე ნაწილი შეიძლება იყოს ENPARD.

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის –  „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა