შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

შესაძლებლობების კარი გაიღო: რა ეკონომიკურ სარგებელს უნდა ველოდოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით?
ორშაბათი, 18 დეკემბერი, 2023

საქართველომ ევროკავშირთან ინტეგრაცისს გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში ვისაუბროთ ეკონომიკურ სარგებელზე, გაზრდილ უცხოურ ინვესტიციებსა თუ ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების თანმდევი პროცესია. ევროკავშირის კანდიდატის სტატისუსი მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება იქნება. ამ ეტაპზე საქართველო მიიღებს წვდომას იმ რესურსებზე, რაც საჭიროა როგორც რეგიონის გაფართოების, ისე ევროკავშირის მომავლის უზრუნველყოფისთვის. ეს რესურსები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მისი ინსტიტუციების განვითარებისთვის, რადგან ევროკავშირის სტანდარტებსა და ვალდებულებებთან ჰარმონიზებისთვის არაერთი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის გატარება იქნება საჭირო. სწორედ ამ ინსტიტუციებმა უნდა უზრუნველყონ ქვეყნის მოქალაქეთათვის გაზრდილი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური შესაძლებლობები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი ცხოვრების სტანდარტი. გარდა ამისა, ეს რესურსები ევროკავშირის უფრო ფართი მიზნების შესრულებასაც ემსახურება, რაც მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სატრანსპორტო, გარემოსდაცვით მდგრადობას, კლიმატის ცვლილებასა და რეგიონულ სტაბილურობას გულისხმობს.

ევროკავშირში გაწევრიანებამდე გრძელი გზაა გასავლელი, რასაც წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღვის. ამ პროცესში კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დანერგონ მთელი რიგი დემოკრატიული ნორმებისა და გაატარონ რეფორმები, რათა ქვეყანა ევროკავშირის წესებსა და რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიდეს. ეს მოლაპარაკებები „თავებად“ იყოფა და თითოეული თავი პოლიტიკის კონკრეტულ სფეროს ეთმობა. მოლაპარაკების ყოველი თავი მხოლოდ მას შემდეგ ჩაითვლება დასრულებულად, რაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდება, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ყველა აუცილებელი კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება კი მაშინ ხდება, როდესაც ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოები ერთხმად და ღიად შეთანხმდება, რომ კანდიდატმა სახელმწიფომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამგვარად, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების პოლიტიკაზე გადავიდეს. გაწევრიანების პროცესი მხოლოდ მას შემდეგ იწყება, რაც ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო ერთხმად დაუჭერს მხარს გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა, ამიტომ ყველა კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში განსხვავებული შეიძლება იყოს. მოლაპარაკებების პროცესში კანდიდატი სახელმწიფო ვალდებულია, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში მოიყვანოს და სიღრმისეული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული რეფორმები გაატაროს. შესაბამისად, როდესაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის უნიკალური მდგომარეობა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, როგორც წესი, ხანგრძლივი პროცესია და შეიძლება წლები გაგრძელდეს. ამჟამიმდელ წევრ სახელმწიფოებს ოფიციალური განაცხადის შეტანიდან ევროპის საბჭოს მიერ მის დამტკიცებამდე, საშუალოდ, 3.5 წელი დასჭირდათ. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ქვეყანა გადადის მოლაპარაკებების ეტაპზე. სხვა სახელმწიფოების გამოცდილების გათვალისწინებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მოლაპარაკებების დაწყებამდე, დაახლოებით, 2 წელია საჭირო (იხ. გრაფიკი 1). თუმცა, მაგალითისთვის, ალბანეთს მოლაპარაკებების დასაწყებად თითქმის ექვსი წელი დასჭირდა, ჩრდილოეთ მაკედონიას – 15 წელზე მეტი.

პოლიტიკურთან ერთად, კანდიდატის სტატუსის მიღებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენაც აქვს: კანდიდატი სახელმწიფო იღებს წვდომას ევროკავშირის იმ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლებიც მას სასიცოცხლოდ სჭირდება ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისათვის. კანდიდატის სტატუსი უკვე თავისთავად არის ძლიერი პოლიტიკური კატალიზატორი, რომელიც ხელს უწყობს ძირეულ ცვლილებებს თითოეულ სექტორში და აჩქარებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირის ფინანსურ რესურსებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა მოიცავს ისეთ ინსტრუმენტებზე წვდომას, როგორიცაა გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტის (IPA III), რომელიც ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელებას კანდიდატ სახელმწიფოებში. მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი მოიცავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ზრდას, რასაც სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში დაფიქსირებული ტენდენციებიც მოწმობს. საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტი და განსაკუთრებული გარემოებები ხაზს უსვამს დაბალანსებული მიდგომის აუცილებლობას, რომელიც პოტენციურად მოიცავს ცვლილებების განხორციელების ინოვაციურ მექანიზმებს. საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით გატარებული რეფორმები და ფინანსური მხარდაჭერა არამარტო ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, არამედ – რეგიონულ ინტეგრაციასა და მდგრადობასაც.

გრაფიკი 1. ევროკავშირში გაწევრიანების სტანდარტული პერიოდი

წყარო: PEW Research Center

რა ზეგავლენა ექნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას საქართველოზე

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით ქვეყანა არაერთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სარგებელს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება წმინდად პოლიტიკური ღირებულების მატარებელია, კანდიდატი სახელმწიფოსათვის ის ეკონომიკური სარგებლის მომტანიცაა. გაფართოების პაკეტის წევრ სახელმწიფოებს გაზრდილი წვდომა აქვთ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ რესურსებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა განსხვავება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლებში კანდიდატის სტატუსის ფლობის და გაწევრიანების შემდეგ პერიოდებში და კანდიდატი სახელმწიფოების ამჟამინდელ იმავე პარამეტრებს შორის (იხ. გრაფიკი 2). ეს, ძირითადად, იმითაა გამოწვეულია, რომ ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა გატარების ვალდებულებასაც იღებენ კანდიდატი სახელმწიფოები, ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების მაღალი სტანდარტების ხელშეწყობის საფუძველს წარმოადგენს.

გრაფიკი 2. მშპ ერთ სულ მოსახლეზე წლების მიხედვით (PPP)

წყარო: მსოფლიო ბანკი

ევროკავშირის ფინანსურ ინსტრუმენტებს არაერთი ეკონომიკური სარგებელი უკავშირდება. მაგ., კანდიდატის სტატუსის მიღების შედეგად სახელმწიფო იღებს წვდომა ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტი (IPA III). ადრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა დაფინანსების პროგრამით სარგებლობდნენ. ამ ეტაპზე კი, 2021-2027 წლებისთვის შემუშავებული გაწევრიანებამდე დახმარების ინსტრუმენტი (IPA III) კანდიდატ სახელმწიფოებში სოციალური და ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელებაზეა ორიენტირებული და მისი ბიუჯეტი 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს რესურსი ასეა განაწილებული: კანონის უზენაესობა, ძირითადი უფლებებისა და დემოკრატიის დაცვა – 15%; კარგი მმართველობა, მეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული კომუნიკაცია – 17%; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება – 42%; კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიურობის ზრდა – 22%; ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა – 4%. IPA III შეესაბამება „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას“, რომლის მიზანიც რეგიონის ეკონომიკური აღდგენის სტიმულირება, მწვანე და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა, რეგიონული ინტეგრაცია და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაა. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ითვალისწინებს მნიშვნელოვან საინვესტიციო პაკეტს, რომლის ფარგლებშიც რეგიონზე მიმართული იქნება 9 მილიარდი ევრო. ინიციატივის მიზანია მდგრადი კავშირების გაძლიერება, ადამიანური კაპიტალის ზრდა, კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიურობის ზრდა, აგრეთვე, „მწვანე“ და ციფრული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, დასავლეთ ბალკანეთის, ალბანეთისა და თურქეთის კანდიდატობის პერიოდში, მათთვის გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 513 მილიონ ევროს მიაღწია.

გარდა IPA-ს რესურსებისა, საქართველო უკვე სარგებლობს მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტით (NDICI). 2021-2024 წლებში მოსალოდნელი დაფინანსება შეადგენს 340 მილიონ ევროს, რომელიც გადანაწილდება ეკონომიკური განვითარების, ინსტიტუტების განვითარების, კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების, გარემოსა და კლიმატით განპირობებული ცვლილებების მიმართ მდგრადობის უზრუნველყოფის, ციფრული ტრანსფორმაციის, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის კომპონენტებზე.

გრძელვადიან სესხებზე, გრანტებსა და ევროკავშირის ეკონომიკური დახმარების სხვადასხვა პროგრამებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო ზრდის კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებს. მაგალითად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში განხორციელებულმა მთლიანმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 819 მილიონ ევროს მიაღწია. მეტიც, 2021 წელს დამტკიცებული აღმოსავლეთის პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა (EIP) მიზნად ისახავს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით 17 მილიარდი ევრო მოიზიდოს რეგიონისთვის 2027 წლისთვის. EIP-ის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოში უკვე უზრუნველყო 1,7 მილიარდი ევროს ინვესტიცია, მათ შორის, 194 მილიონი ევროს გრანტები.

განხორციელებული ძირითადი ინვესტიციები მოიცავს:

  • საქართველოს 80,000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერას;
  • შავ ზღვაში წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელისა და ელექტროკაბელის განთავსებას;
  • ევროკავშირისა და საქართველოს დასაკავშირებლად შავ ზღვაზე რეგულარული საბორნე მიმოსვლის უზრუნველყოფას;
  • საჯარო და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესებას;
  • სოფლებში სწრაფი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

გარდა ამისა, 2021-2023 წლებში ევროპის მშვიდობის უზრუნველყოფის ფონდის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო, საინჟინრო და ლოგისტიკური დანაყოფების გაძლიერებაზე 62,75 მილიონი ევრო დაიხარჯა. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ფარგლებშიც.

ევროკავშირში ინტეგრაციის პარალელურად შეინიშნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) განხორციელების ნიშნებიც. ემპირიული მტკიცებულებები მოწმობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულად იზრდება, განსაკუთრებით, გაწევრიანების შემდეგ. ამას არაერთი სამეცნიერო ნაშრომიც ადასტურებს, მათ შორის, ბრუნოს, კამპოსისა და ესტრინის მიერ ჩატარებული კვლევა (2020). კვლევის ავტორებმა გამოიყენეს სტრუქტურული გრავიტაციული ჩარჩო და გააანალიზეს ყოველწლიური ორმხრივი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 1985-2018 წლების მონაცემები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მასპინძელ ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად იზრდება.

კვლევამ ცხადყო, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული FDI თითქმის 60%-ით იზრდება, ხოლო ევროკავშირის შიგნით განხორციელებული FDI – 50%-ით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გავლენა FDI-ზე აღემატება სხვა რეგიონულ გაერთიანებებში (მაგ.: ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ზონა (NAFTA), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონა (EFTA) ან სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზარი (MERCOSUR)) გაწევრიანების გავლენას. კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ერთიანი ბაზრის სისტემა გადამწყვეტ როლს თამაშობს დიფერენცირებული ზემოქმედების უზრუნველყოფაში, რადგან სწორედ ეს ერთიანი ბაზრის სისტემა წარმოადგენს კანდიდატ ქვეყანაში FDI-ის მნიშვნელოვანი ზრდის წინაპირობას.

ევროკავშირში გაწევრიანებით გამოწვეულ გავლენას FDI-ზე პირდაპირი თუ ირიბი ფორმით უკვე კანდიდატობის ეტაპზე და მოლაპარაკებების დაწყებისას ვხედავთ. პირდაპირი ეფექტები მეტწილად ინვესტორებთან დაკავშირებულ რისკებს უკავშირდება. ბევანისა და ესტრინის (2004) მიხედვით, ევროკავშირის გავლენა FDI-ზე ორი ძირითადი გზით ხორციელდება: (1) ევროკავშირში ინტეგრაცია ძველ წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, თავიანთი წარმოება წევრობის კანდიდატ ქვეყანაში გადაიტანოს, სადაც შრომის ანაზღაურება უფრო დაბალია, და (2) ინტეგრაცია ამცირებს ქვეყანასთან დაკავშირებულ რისკებს.

ბევანმა და ესტრინმა (2004) შეისწავლეს 1994-2000 წლების მონაცემები ქვეყნების სამი განსხვავებული ჯგუფისთვის. ეს ჯგუფებია: ქვეყნები, რომლებიც აკმაყოფილებენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ევროკავშირში შესვლისა და მოლაპარაკებების დასაწყებად (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვენია და ესტონეთი); ქვეყნები, რომლებმაც, ევროკავშირის აზრით, აჩვენეს შესამჩნევი პროგრესი და სავარაუდოდ, მოწვეული იქნებიან მოლაპარაკებების დასაწყებად (სლოვაკეთი, ლატვია და ლიეტუვა) და ქვეყნები, რომლებმაც ვერ აჩვენეს შესამჩნევი პროგრესი (ბულგარეთი და რუმინეთი). კვლევაში ხაზგასმულია ევროკავშირის წევრობის განაცხადის გავლენა FDI-ების ნაკადებზე ინვესტორი და მასპინძელი ქვეყნების წყვილებში.

თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანალიზში ევროკავშირის გაფართოების პარამეტრების ჩართვასთან დაკავშირებული დამატებული ახსნილი ვარიაცია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, თუმცა არც ისე დიდია და სულ რაღაც ნახევარ პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციაზე განცხადებას საგრძნობი გავლენა კი ჰქონდა FDI-ის ნაკადებზე, მაგრამ ევროკავშირის გაფართოების ცვლადების მიღმა სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი იმ პერიოდის FDI-ების ზოგადი ზრდის ტენდენციას.

კლაუსინგისა და დორობანტუს (2005) აზრით, გაფართოების შესახებ განცხადებებს ორმაგი გავლენა აქვს კანდიდატ ქვეყნებზე, რაც, თავის მხრივ, ზემოქმედებს როგორც ბაზარზე წვდომის, ისე ქვეყნისათვის დამახასიათებელი ხარჯების მაჩვენებელზე. კერძოდ, კვლევაში განხილულია ევროკავშირის განცხადების შემდეგი სამი მნიშვნელოვანი ეფექტი:

  1. ევროპის საბჭოს მიერ 1993 წლის ივნისში კოპენჰაგენში მიღებული ვალდებულება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის ევროკავშირის წევრობის მინიჭების შესახებ;
  2. 1997 წლის ივლისის განცხადება დოკუმენტის „ევროკავშირის დღის წესრიგი 2000 წლისთვის“ შესახებ, რომელიც ეხება გაფართოების პირველ ტალღას, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვენია;
  3. იმავე დოკუმენტში განცხადება გაფართოების მეორე ტალღის შესახებ ეხებოდა ბულგარეთს, ლატვიას, ლიეტუვას, რუმინეთსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას.

თავიანთ კვლევაში კლაუსინგი და დორობანტუ აღნიშნავენ, რომ მხოლოდ 1993 წლის განცხადებას ჰქონდა სტაბილური ზეგავლენა სხვადასხვა მაჩვენებელზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული განცხადებით განსაზღვრულ ქვეყნებში განხორციელდა იმაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, აღნიშნულ კვლევაში ვლინდება სხვა ტენდენციაც: ევროპის პოსტ-სოციალისტურმა ქვეყნებმა თავიანთ მშპ-სთან შედარებით მიიზიდეს პროცენტულად უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე სხვა დანარჩენმა 18-მა ქვეყანამ (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, თურქეთის ჩათვლით). ეს ხაზს უსვამს განსახილველ პერიოდში ევროპის პოსტ-სოციალისტური ქვეყნების მიმზიდველობას უცხოური ინვესტიციების განხორციელების მხრივ.

საერთო ჯამში, ორივე კვლევით დასტურდება ევროკავშირის გაფართოებით გამოწვეული გარკვეული ეფექტი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, თუმცა ეს ზეგავლენა არც ისეთი მნიშვნელოვანია. ბანდელის (2010) აზრით, ზემოაღნიშნულ კვლევებში გამოვლენილი მცირე ეფექტი გამოწვეულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზე ევროკავშირის არაპირდაპირი ზეგავლენის უგულებელყოფით.

ეს არგუმენტი ეფუძნება ეკონომისტი სოციოლოგების მოსაზრებას, რომ ბაზრის დინამიკაზე გავლენას ახდენს სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორებიც. მათი აზრით, საბაზრო აქტივობები მჭიდროდაა დაკავშირებული ინსტიტუციურ ჩარჩოსთან. ამ კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ პოსტსოციალისტური სახელმწიფოები იზიდავენ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებით, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, როგორც სასურველი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასა და კომპანიების დონეზე ქცევის სასურველ ფორმას (ბანდელი, 2009). ხელშეწყობის ამგვარი მცდელობები გავლენას ახდენს უცხოური კაპიტალის მოთხოვნაზე ამ სახელმწიფოების მხრიდან, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ამ სახელმწიფოებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.

ბანდელი (2010) იზიარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მასპინძელ სახელმწიფოებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებელზე ახდენს გავლენას. კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ირიბად მოქმედებს პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებს, რადგან ეხმარება მათ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, როგორც ეკონომიკური განვითარების უპირატესი სტრატეგიის, წახალისებასა და კომპანიების დონეზე სასურველი ქცევის მოდელის ფორმირებაში. სწორედ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა ამგვარმა ინვესტიციებმა შეუწყო ხელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების ზრდას, მიუხედავად სტანდარტული რისკებსა და შემოსავლებთან დაკავშირებული ფაქტორებისა.

შემდგომი ანალიზი მოწმობს, რომ სახელმწიფო დონეზე FDI-ის ხელშეწყობის გადაწყვეტილება მხოლოდ ევროკავშირის მოთხოვნით არ არის განპირობებული. ის მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის წარსულზეც, კერძოდ: პრივატიზაციის არსებულ სტრატეგიებზე, სოციალიზმის პერიოდში არსებული რეფორმების მასშტაბებსა თუ სახელმწიფო სუვერენიტეტის ისტორიაზე.

ამგვარი განსხვავებები იმაზე მეტყველებს, რომ ინტეგრაციის პროცესში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დინამიკა სხვადასხვა ქვეყნისთვის შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, ზოგიერთ რეგიონში ამგვარი ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა კანდიდატის სტატუსის მიღებიდან მალევე ფიქსირდება. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების უნიკალური მახასიათებლები და ის პოლიტიკა და სტრატეგია, რაც ამ ქვეყნებმა ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად გამოიყენეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური სარგებელიც, რაც ამ ქვეყნებმა აღნიშნული ქმედებების შედეგად მიიღეს.

არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევა განსაკუთრებულია და განსხვავდება ევროკავშირის მანამდე განხორციელებული გაფართოებისაგან. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოს მიერ ინვესტიციების მოზიდვა ნაკლებ სავარაუდოა, განსაკუთრებით, ინტეგრაციის ადრეული ეტაპებისა და კანდიდატის სტატუსის მოლოდინის პერიოდში. მიუხედავად ამისა, საპირისპიროს მოწმობს ამჟამად კანდიდატის სტატუსის მქონე დასავლეთ ბალკანეთის მაგალითი, სადაც ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ევროკავშირში ინტეგრაციის ადრეულ ეტაპებზევე დაფიქსირდა.

მართალია გაწევრიანება კანდიდატ ქვეყნებში ძირეული გარდაქმნების პოლიტიკური სიგნალია, მაგრამ ინვესტორებისთვის გადამწყვეტი მაინც საინვესტიციო ქვეყნის უსაფრთხოებაა. ამის მაგალითია ჩეხეთი და რუმინეთი, სადაც ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების წლებში (ჩეხეთი – 1999წ., რუმინეთი – 2004წ.). მაგალითად, პოლონეთსა და რუმინეთში ინვესტიციების რიცხვი გაიზარდა ნატოში გაწევრიანების მომდევნო წელს (2000წ. და 2005წ., შესაბამისად). ამიტომ, არსებული გეოპოლიტიკური გარემოებები (რუსეთის ომი უკრაინაში და პოტენციური საფრთხეები საქართველოსა და მოლდოვასათვის), სავარაუდოდ, ხელს შეუშლის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ინვესტიციების მოზიდვის მხრივ მათი სრული პოტენციალის რეალიზებაში.

ეს ისტორიული მაგალითები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოება, სხვა ფართო პოლიტიკურ და ტრანსფორმაციულ სიგნალებთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს ინტეგრაციის ეტაპებზე ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.

უფრო ფართომასშტაბიანი ტენდენციების შესახებ სიღრმისეული ცოდნის მისაღებად საჭიროა კანდიდატი ქვეყნების კონკრეტული პარამეტრების შესწავლა. მაგ., კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, 2004-2008 წლებში ხორვატიის მიერ განხორციელებული ექსპორტი, საშუალოდ, 18%-ით გაიზრდა. განსაკუთრებით, გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტი.

კანდიდატობის პერიოდში ბულგარეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტი საშუალოდ 23%-ით გაიზარდა. 2007 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანებამდე ქვეყანაში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის რვაჯერ გაიზარდა. კანდიდატობის პერიოდში გაუმჯობესდა ხორვატიისა და ბულგარეთის S&P Global-ის საკრედიტო რეიტინგებიც. 2004-2013 წლებში ხორვატიის საკრედიტო რეიტინგი BBB-დან BB+-მდე გაუმჯობესდა, ხოლო ბულგარეთის საკრედიტო რეიტინგი 2000-2006 წლებში – B-დან BBB+-მდე. თუმცა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ამგვარი შედეგი არ დამდგარა. მაგ., 2014-2022 წლებში ალბანეთის მშპ წლიურად საშუალოდ 2.2%-ით იზრდებოდა, S&P Global-ის საკრედიტო რეიტინგი კი მხოლოდ მცირედით გაიზარდა – არსებული B-დან 2023 წლისთვის B+-მდე გაუმჯობესდა. სერბეთში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი თითქმის 12%-ით გაიზარდა, ხოლო S&P Global-ის საკრედიტო რეიტინგი BB-დან BB+-მდე გაუმჯობესდა (2012-2022 წწ). ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნული მაჩვენებლები ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური სტაბილურობა ორივე ქვეყანაში გაიზარდა, რამაც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაც მოიტანა შედეგად.

ეს მაგალითები მოწმობს, რომ კანდიდატის სტატუსს, თუ სხვადასხვა ინსტიტუციონალური და ეკონომიკური რეფორმებიც ახლავს თან, ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მოაქვს სარგებელი კანდიდატი ქვეყნებისთვის. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს მიდგომა არ ვრცელდება ყველა ქვეყანაზე და დამდგარი შედეგი შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში საგრძნობლად იმატებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტი, უმჯობესდება საკრედიტო რეიტინგი, ზოგიერთ ქვეყანაში კი მიღებული სარგებელი შედარებით მცირეა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სურთ ქვეყნებს თავიანთი ეკონომიკისა და ინსტიტუტების განვითარება ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით.

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანას ევროკავშირში გაერთიანების გზაზე აყენებს, რაც ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარებას მოითხოვს, უზრუნველყოფს საქართველოს წვდომას ფინანსურ ინსტრუმენტებზე და ზრდის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას. კონფლიქტის პირობებში წარმოქმნილი განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროა გაწევრიანების მიმართ სპეციფიკური მიდგომის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც შესაძლოა საჭირო გახდეს ქვეყანაში უპრეცედენტო აღდგენითი ღონისძიებების გატარება და ევროკავშირის წევრობისათვის სხვაგვარად მომზადება.

დასკვნა

ევროკავშირის მიერ ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა ხაზს უსვამს ერთობლივი მხარდაჭერისათვის მზაობას მდგრადი განვითარების, მწვანე და ციფრულ გადაწყვეტილებებზე გადასვლის და რეგიონული ინტეგრაციის ხელშეწყობის დარგში. აქედან გამომდინარე, ევროკომისიის ბოლო გადაწყვეტილება საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც მიუთითებს პროგრესზე დასახული პრიორიტეტული ამოცანების მიღწევაში. იმდენად, რამდენადაც საქართველო წინ მიიწევს დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა დაეხმარება ქვეყანას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, გაზრდის ხელმისაწვდომობას ფინანსურ ინსტრუმენტებზე და დაეხმარება მას მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნის მიღწევაში. მიუხედავად ამისა, აუცილებელია პოლიტიკური და ეკონომიკური კონსოლიდაცია ევროკავშირის და ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, აგრეთვე, სხვა განმცხადებლებისა და წევრი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა