შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ქართული ღვინო: თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის
შაბათი, 03 ოქტომბერი, 2015

„შენ ამბობ, რომ ხაფანგი არსებობს.“

„რა თქმა უნდა, არსებობს, – უპასუხა პროფესორმა დანეკამ, – ხაფანგი-22.

ყველა, ვისაც უნდა თავი დააღწიოს ბრძოლის ვალდებულებას, სულაც არაა გიჟი“.

ჯოზეფ ჰელერი, „ხაფანგი-22“

„ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო“.

ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის 2013 და 2014 წლები წარმატებული იყო, რადგან კვლავ გაიხსნა რუსული ბაზარი. ექსპორტი და ყურძნის ფასი უეცრად გაიზარდა. დივერსიფიკაციის შესახებ საუბრების მიუხედავად, სულ რაღაც 2 წელიწადში რუსეთის წილი ქართული ღვინის საერთო ექსპორტში 0-დან 68%-მდე გაიზარდა.

გრაფიკი #1: ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება (მიმდინარე აშშ დოლარი)

 

მოთხოვნა შავ ყურძენზე, რომლითაც მზადდება რუსულ ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარული ნახევრად ტკბილი ღვინოები, წარმოუდგენლად გაიზარდა. ექსპორტიორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სტალინის საყვარელი ხვანჭკარას რუსული მარკეტების დახლებზე დადებაში, რის გამოც ალექსანდროულის ჯიშის ყურძნის (რომლითაც მზადდება ხვანჭკარა) ფასმა რვა ლარს მიაღია.

თქმაც არ არის საჭირო, რომ ღვინისა და ყურძნის გაზრდილი ფასები არის საუკეთესო სტიმული ვენახებსა და გადამუშავების მოცულობაში დამატებითი ინვესტიციების ჩადებისთვის, რაც ისევ და ისევ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. სულ რაღაც სამ წელიწადში ყურძნის წარმოება გაორმაგდა: თუ 2012 წელს 144,000 ტონა ყურძენი მოვიდა, 2015 წელს 290,000 ტონის აღებას ელოდებიან.

2015 წელს, რუსულ ბაზარზე დაფიქსირებული მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ქართველი გლეხებისა და ღვინის მწარმოებლებისთვის მიყენებული დარტყმა პირდაპირპროპორციულია წინა 2 წლის განმავლობაში მათ მიერ მიღებული მოგებისა. ყურძნის ფასი მკვეთრად დაეცა, ამჯერად იგი ოდნავ თუ აღემატება 2012 წლამდელ ფასებს. საფერავი დაახლოებით 82 თეთრი ღირს, რითიც მკვეთრად ჩამოუვარდება 2014 წლის ფასს (1,94 ლარი).

კახელი გლეხები ისევ გამოდიან ქუჩაში მარნების მიერ მათთვის შეთავაზებული ფასების გასაპროტესტებლად და მთავრობისგან მოითხოვენ მეტ სუბსიდიას. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში არჩევნები ახლოვდება, სავარაუდოდ მიიღებენ კიდეც!

შარო საიდან მოდიხარო!

ყველამ კარგად იცოდა, აღმავლობა დსთ-ისა და რუსეთის ბაზარზე მოიცავდა მნიშვნელოვან კომერციულ რისკებს ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. თავდაპირველი პრობლემა ისაა, რომ საქართველომ (და მისმა ღვინოებმა) შეიძლება კიდევ ერთხელ დაკარგოს რუსეთის კეთილგანწყობა, რაც კიდევ ერთხელ გამოიწვევს ქართულ ექსპორტზე სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვების დაწესებას. პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, რუსეთის ბაზარზე ასეთი დამოკიდებულებით, ცხადია, საქართველო დგება რისკის წინაშე, ამ ბაზარზე დაფიქსირდეს მოულოდნელი ვარდნა.

მიუხედავად ამ კარგად დასაბუთებული ეჭვებისა, რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ, პარადოქსული ხაფანგი-22 სიტუაცია მაინც შეიქმნა, ვინაიდან ღირებულებათა ჯაჭვის კერძო მოთამაშეთა უმრავლესობამ დაკარგა მოტივაცია, საკუთარი ღვინის (და საქართველოს!) მარკეტინგში ჩადოს ინვესტიცია რუსეთისა და დსთ-ის ფარგლებს მიღმა. ევრაზიულ ვაკუუმში გაყიდული თითოეული ღვინის ბოთლის შემდეგ ისინი ზეიმობდნენ და დამატებით ინვესტიციებს დებდნენ ყურძნის მოსავალსა და გადამუშავების მოცულობაში. და ვაღიაროთ, რომ კერძო ქართული მარნები გიჟები იქნებოდნენ, სხვაგვარად რომ მოქცეულიყვნენ, რადგან არც ერთი მათგანი არაა საკმარისად დიდი, რომ ჩაერთოს ქართული მეღვინეობის საოცარი ისტორიის ახალ ბაზრებზე გატანისთვის საჭირო მასობრივ საერთაშორისო კამპანიაში.

რთულია, ქართული კერძო კომპანიები დავადანაშაულოთ რუსულ ბაზარზე ხელახლა შესვლაში. ალბათ, ყველაზე საშინელი შეცდომა საქართველოს მთავრობამ დაუშვა, რომელმაც ვერ მოახერხა შავი დღისთვის თადარიგის დაჭერა.

ცხრილი #1: ყურძნის ფასები და სუბსიდიები, 2013-2015 წლები

  2013 2014 *2015
საშუალო სუბსიდია კილოგრამზე (ლარი) 0.36 0.28 0.27
კილოგრამის საშუალო ფასი (სუბსიდიის ჩათვლით) 1.12 1.34 0.73
სუბსიდიის საშუალო წილი ფასში (%) 33% 25% 38%
გადამუშავებული პროდუქციის სრული მოცულობა (ტონა) 89,849 117,861 92,653
დახარჯული საჯარო სახსრები (მლნ. ლარი) 32.0 33.0 24.8

*2015 1 ოქტომბრისთვის (ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე აღებულია).
წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნულ სააგენტო.

 ამგვარად, კერძო სექტორის ჩართვისა და ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზების მიზნით კარგად გაწერილი მარკეტინგული კამპანიის (რომელიც შეიძლება დაფინანსებულიყო გაზრდილი მოგებიდან) კოორდინირების ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ ათობით მილიონი ლარი დახარჯა სექტორის სუბსიდირებაზე სწორედ მაშინ, როდესაც ფული ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო. როცა ყურძნის ფასები გაიზარდა, მთავრობამ მხოლოდ ოდნავ შეამცირა სუბსიდიის მოცულობა (საშუალოდ, 36-დან 28 თეთრამდე). თუმცა ღვინის მწარმოებლებსა და გლეხებზე დახარჯულმა გადასახადის გადამხდელთა თანხის სრულმა რაოდენობამ  (2013 წლის შემდეგ, რაც სუბსიდიის მიღებისთვის საჭირო მინიმალური ზღვარი (10ჰა) გაუქმდა) გადააჭარბა 30 მილიონ ლარს როგორც 2013, ისე 2014 წელს.

რამხელა დანაკარგია!

წინსვლა: ჩინეთი და ჩურჩხელა?

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინის სექტორს არ აქვს დიდი წილი ქვეყნის საერთო ექსპორტში (ან მშპ-ში), ის უაღრესად მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი ქართველი გლეხის კეთილდღეობისთვის. თან, თუ გავითვალისწინებთ, რამდენი დრო სჭირდება ყურძნის მოყვანასა და შემდეგ ღვინის სახით მაღაზიებში შეტანას, ეს სექტორი უაღრესად მგრძნობიარეა მოთხოვნის მხარეს მომხდარ ყოველგვარ ცვლილებაზე. ამიტომ აუცილებლად სჭირდება დაზღვევა.

გასაგებია, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველა მთავრობა ცდილობდა, დახმარებოდა მცირემიწიან გლეხებს, რათა თავიდან აეცილებინა სოციალური თუ ეკონომიკური კრიზისი. მსგავსი პოლიტიკით ღვინის წარმოებისთვის დამახასიათებელი რისკები ეკონომიკის სხვა სექტორებზეც ვრცელდება.

აქამდე ვერცერთმა ქართულმა მთავრობამ ვერ მოახერხა ღვინის სექტორის დაცვა მოთხოვნის მხარის მკვეთრი რყევებისგან, რაც 1985-1988 წლებში გორბაჩოვის მიერ შემოღებული მშრალი კანონის შემდეგ გამუდმებით თავს ატყდება ხოლმე ამ სექტორს. მსგავსი დაზღვევის მიღწევა შესაძლებელია, ერთის მხრივ, ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციით და, მეორეს მხრივ, ისეთი ახალი და ტრადიციული პროდუქტების რეკლამირებით, როგორიცაა ორგანული და კოშერის ღვინოები, ჭაჭა, ბრენდები და ჩურჩხელაც კი. რისკების შემცირება, ასევე, შესაძლებელია ადგილობრივად ბრენდირებულ პროდუქტებსა და აგრო-ტურიზმში ინვესტიციების ჩადებით, იაპონური პოლიტიკის – „ერთი სოფელი ერთი პროდუქტი“ – მსგავსად.

დაბოლოს, რას იტყვით ჩინეთზე? ათობით მცირე ჩინური კომპანია ცდილობს, ქართული ღვინო შეიტანოს ჩინეთში და შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა პრობლემები, რის წინაშეც ეს კომპანიები დგანან, შეიძლება მოკლედ შეჯამდეს: ინფორმაციის ნაკლებობა. საშუალო სტატისტიკურმა ჩინელმა მომხმარებელმა უბრალოდ არ იცის, რომ არსებობს ქვეყანა, სახელად საქართველო, იმ ფაქტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ სწორედ აქ იწყება ღვინის ისტორია. როგორც გამოკითხვებიდან გავიგეთ, ქართული ღვინის ერთ ან ორ კონტეინერს შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს დისტრიბუციისთვის (ისიც მეგობრებისა და ნათესავების მეშვეობით), რადგან მსხვილი ჩინელი ბითუმად მოვაჭრეები იშვიათად იღებენ საკუთარ თავზე შედარებით უცნობი პროდუქტის ბაზარზე შეტანის რისკს.

ქართულმა მთავრობამ ახლახანს გახსნა ოფისი პეკინში, რათა რეკლამა გაუწიოს საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყანას. მსგავსი ინვესტიცია საერთაშორისო მარკეტინგში, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ბევრად მეტია საჭირო. კახელი მიხოსგან განსხვავებით, სახელმწიფოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს 58 საელჩო (თითქმის ყველა მათგანი პოტენციურ ღვინის ბაზრებზე). ამიტომ უმჯობესია, თუ მთავრობა სუბსიდიებზე დახარჯული თანხის ნაწილს გამოიყენებს დიპლომატიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ქართული ღვინის მწარმოებელთა რეკლამირებისთვის (სხვათა შორის, ამ გზით ის საკუთარ თავსაც დაიზღვევს კახელი გლეხების ყოველწლიური გამოსვლებისგან).

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა