ღრმა ფესვები
აბრეშუმის წარმოებას, იგივე მეაბრეშუმეობას, ღრმა ფესვები აქვს საქართველოში, იგი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს იწყება, რომელმაც არა მხოლოდ დააარსა თბილისი V საუკუნეში, არამედ ინდოეთიდან შემოიტანა აბრეშუმი (და აბრეშუმის ჭია).
მეაბრეშუმეობა ისეთივე ფესვგადგმულია საქართველოში როგორც ღვინო და თაფლი. 1848 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დაახლოებით 210 000 ქართული ოჯახი იყო დაკავებული მეაბრეშუმეობით. 1860-იან წლებში აბრეშუმის ინდუსტრია ღრმა კრიზისმა მოიცვა, როდესაც აბრეშუმის ჭიის უძველესი კავკასიური სახეობა თითქმის მთლიანად გაანადგურა ევროპიდან შემოსულმა დაავადებამ. მეაბრეშუმეობამ ეტაპობრივად დაიბრუნა თავისი ძველი დიდება კავკასიური მეაბრეშუმეობის სადგურის დახმარებით, რომელიც 1887 წელს შეიქმნა რუსეთის იმპერიის მიერ, რათა საქართველოს ნედლეულით მოემარაგებინა მეტროპოლია. 1960-იან წლებში, საკუთარი დიდების ზენიტში, ქართული აბრეშუმის ინდუსტრია აწარმოებდა 4-4.5 ათას ტონა აბრეშუმს, რომლიდან მიღებული მოგებაც 15.5-16.5 მილიონ რუბლს შეადგენდა. თითქმის 120 ათასი ოჯახი დასაქმებული იყო მეაბრეშუმეობაში, 5-6 ათასი კი ჩართული იყო გადამუშავების პროცესში. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის! 1969 წელს საქართველოში გავრცელებულმა მიკოპლაზმის ეპიდემიამ მოსპო თუთის ხეები და მნიშვნელოვნად შეამცირა აბრეშუმის წარმოება. საბჭოთა კავშირის დაშლა და მისი თანმდევი შედეგები – უკანონობა, ტრადიციული ბაზრების დაკარგვა, არსებული ღირებულებათა ჯაჭვების მოშლა, კოლექტიური ფერმების დანგრევა, საზოგადო საკუთრებაში არსებული ტექნიკისა და აღჭურვილობის ძარცვა-დატაცება და სხვ. – საბოლოო დარტყმა აღმოჩნდა ქართული მეაბრეშუმეობისთვის. ქართველი ფერმერები კი გადარჩენის მიზნით გადავიდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების წარმოებაში.
ქართული მეაბრეშუმეობა დაქუცმაცდა, წარსულის ლამაზი სურათები და მოგონებები მხოლოდ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმსღა შემორჩა.
ახალი გლობალური შესაძლებლობები
მეაბრეშუმეობის საერთაშორისო კომისიის (International Sericultural Commission – ISC) ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ქსოვილებისა და ბოჭკოების მსოფლიო ბაზარს ტრადიციულად ჩინეთი და ინდოეთი (მსოფლიო ბაზრის ორი აბსოლუტური დომინანტი) ამარაგებს, აბრეშუმის წარმოება სტაბილურად ფართოვდება ახალ ქვეყნებზე, რომლებზეც ჯერჯერობით ძალიან მცირე, 0.2%-ზე ნაკლები, წილი მოდის. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინეთსა და ინდოეთს (მსოფლიო ბაზრის 0.5%-ზე ნაკლები), უზბეკეთი არის აბრეშუმის ნედლეულის მესამე ყველაზე დიდი მწარმოებელი. ბრაზილია, ბულგარეთი და ეგვიპტე სულ ახლახანს ჩაერთვნენ ამ საქმიანობაში.
მეაბრეშუმეობა ბევრ შრომას მოითხოვს, ამიტომაა ის მიმზიდველი საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის. ის სთავაზობს სარფიანად დასაქმების შესაძლებლობას სოფლის მოსახლეობას, სჭირდება შედარებით ნაკლები ინვესტიცია და ნედლეულით უზრუნველყოფს ქსოვილების მრეწველობას. ინვესტიციები მეაბრეშუმეობაში ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოთხოვნა აბრეშუმზე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტია, გამუდმებით იზრდება. აბრეშუმი არის მულტიმილიარდიანი ვაჭრობის, რომლის ერთეულის ფასიც თითქმის ოცჯერ აღემატება ბამბის ერთეულის ფასს.
ახალი სიცოცხლე იწყება... მუზეუმში?
გელა ზოიძე არის გურული ფერმერი ლანჩხუთის რ-ნის სოფელ ჩიბათიდან. გელა საკმაოდ დიდია, რომ კარგად ახსოვდეს ის პერიოდი, როდესაც ყველა ოჯახი მის სოფელში (და მთელ რაიონში) სეზონზე სულ ცოტა 30-100 კგ. ნედლეულს აწარმოებდა. კილოგრამი აბრეშუმი 12-15 რუბლი ღირდა (საბჭოთა წოდებიანი ინჟინრის ხელფასის თითქმის მეათედი!), შესაბამისად, სოფლად მცხოვრებ ოჯახს შეეძლო 1000 რუბლი მიეღო, რაც ძალიან კარგი დანამატი იყო ოჯახის ბიუჯეტზე.
აბრეშუმის წარმოების აყვავებას ისიც უწყობდა ხელს, რომ ეს მშვენიერი შემოსავალი იყო გლეხებისთვის, რომლებიც თავიანთი დროის დიდ ნაწილს ჩაის პლანტაციებში ატარებდნენ. სამუშაოები ჩაის პლანტაციებში იწყებოდა ძალიან ადრე (აპრილში) და გრძელდებოდა ივნისის ბოლომდე, აბრეშუმს კი სჭირდებოდა ინტენსიური შრომა 45 დღის განმავლობაში, ადრე ივლისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, ჩაის ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ. უფრო მეტიც, აბრეშუმის მოსავლიდან თანხის მიღება (მშვენიერი ოთხნიშნა რიცხვი) უკვე სექტემბრის დასაწყისში შეიძლებოდა, რაც ბედნიერების კიდევ ერთი მიზეზი იყო.
2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც გელა ზოიძემ ერთ-ერთ რადიოგადაცემაში სტუმრად მისულ ნოდარ სტეფანიშვილს, აბრეშუმის ცნობილ სპეციალისტსა და საქართველოს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის „ინსტიტუციურ მეხსიერებას“, მოუსმინა, აბრეშუმი უკვე დიდი ხნის დავიწყებული იყო საქართველოში. გადაცემის გზავნილი შემდეგი იყო: აბრეშუმი არის ოქროს შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. რამდენიმე დღეში გელამ შეძლო ნოდართან დაკავშირება. ამას მოჰყვა შეხვედრები და კონსულტაციები, რის შემდეგაც გადაწყდა გურიაში აბრეშუმის წარმოების აღდგენა.
გელამ, რომელიც ლანჩხუთის რაიონის მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორია, იცოდა, რომ წარმოებისა და გადამუშავების კოოპერატივის შესაქმნელად შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იყო თანამოაზრეების შემოკრება. მისი იდეები ძალიან მარტივი იყო. ხალხს უამრავი თუთის ხე უდგას თავის ნაკვეთში. აბრეშუმის წარმოების შესახებ ცოდნა ჯერ კიდევ ცოცხალია. არც აბრეშუმის ჭიის გამოყვანა იყო რთული. ერთადერთი შეგროვება და გადამუშავებაღა რჩებოდა. გელამ ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველას უნდოდა, მეტი გაეგო მისი წამოწყების შესახებ. მთავარი თავსატეხი იყო აბრეშუმის მყიდველის პოვნა.
უკვე ერთი წლის შემდეგ გელა იყო წამყვანი წევრი და მთავარი მამოძრავებელი ძალა კოოპერატივისა, რომელიც 20-ზე მეტ გლეხს აერთიანებდა. გელას კოოპერატივი, რომელიც ევროკავშირის ენპარდის პროექტისთვის შეირჩა, გეგმავს, უფრო შორს წავიდეს და ნედლეულის წარმოებასთან ერთად გადამუშავებაც დაიწყოს (აბრეშუმის ძაფი). ძვირადღირებული აღჭურვილობაში ინვესტიციების ჩადების დასასაბუთებლად ჯგუფს სურს, დააარსოს საკმაოდ დიდი (და სტაბილური) ნედლეულის ბაზა, რათა მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი გლეხი. ამ თვალსაზრისით ძალიან რეალისტური შესაძლებლობაა ძალების გაერთიანება სხვა ქართული აბრეშუმის კოოპერატივებთან, როგორიცაა, მაგალითად მანანა ელკაშვილის მიერ დაარსებული კოოპერატივი მარნეულში.
ნოდარ სტეფანიშვილმა, გელა ზოიძემ და მანანა ელკაშვილმა ქართულ მეაბრეშუმეობას ახალი სიცოცხლე შთაბერეს. ვაჭრობის ამ ტრადიციული ფორმისადმი სიყვარულით გაერთიანებულმა ამ ადამიანებმა შთააგონეს ბევრი სხვა, რომელთაც სურთ ახალი ხერხების სწავლა და თავდაუზოგავი შრომა. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირისა და ქართული მთავრობის მცირეოდენი დახმარებით ისინი დიდ წარმატებას მიაღწევენ.
* * *
სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.