შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

სესხი ლარში ავიღოთ თუ დოლარში? საკითხავი, აი, ეს არის!
კვირა, 25 ოქტომბერი, 2015

ქართული ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში აქტუალური საკითხია ყველასთვის: ეკონომისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, სტუდენტებისთვის, დიასახლისებისთვის და თვით არაფრისმაქნისი „ბირჟავიკებისთვისაც“.

ერთის მხრივ, სუსტი ლარი შეიძლება კარგი იყოს საქართველოს ექსპორტის კონკურენტუნარიანობისა და სავაჭრო ბალანსისთვის, მაგრამ, მეორეს მხრივ, ის ზრდის იმპორტირებული საქონლის ფასს. მათ შორის ბევრია ფუფუნების საგანი, რომელთა გარეშე ცხოვრებაც შეიძლება, მაგრამ არის უამრავი რამ, რაც აბსოლუტურად სასიცოცხლოა ქართული ეკონომიკისთვის: პირველადი მოხმარების ნივთები, წარმოების საშუალებები და ტექნიკა, საკვები და მედიკამენტები. ამ შეუცვლელი იმპორტის ფასების ზრდით ლარის დასუსტება გავლენას ახდენს საქართველოს წარმოების ხარჯებსა და ზოგადად სამომხმარებლო ინფლაციაზე. მაგალითად, ელექტროენერგიის ტარიფის 30%-იანი ზრდის ძირითადი მიზეზი იყო იმპორტირებული გაზის საფასურის ზრდა, რომელიც გამოიყენება თერმული ელექტროენერგიის წარმოებისთვის.

აქამდე საქართველო ახერხებდა ინფლაციის დონის შენარჩუნებას სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციის მეშვეობით, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის გონივრული პოლიტიკით. მეორე ფაქტორი იყო ნავთობზე და სურსათზე გლობალური ფასების მკვეთრი შემცირება. თუმცა ლარის გაუფასურებამ დიდი ფინანსური ზიანი მიაყენა იმ შიდამეურნეობებს და ბიზნესებს, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ აღებული. ასეთი სესხების წილი 60%-ს აჭარბებს, რაც ქართულ ეკონომიკას სერიოზულ ფინანსურ რისკებს უქმნის.

გაუფასურება და დოლარიზებული სესხების გაცემა

ლარის გაუფასურება ნიშნავს დოლარში გაცემული სესხების ყოველთვიური გადასახადის გაზრდას, რაც ზრდის მსგავსი სესხების მომსახურების ხარჯებს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველა სახის სესხი არ არის ერთნაირად დოლარიზებული. ასე, მაგალითად, სამომხმარებლო სესხების მხოლოდ 20%-ია გაცემული დოლარში, როდესაც იპოთეკური სესხების უდიდესი ნაწილი (80%) დოლარიზებულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში იპოთეკურ სესხებზე მოდის მთლიანი სესხების დაახლოებით 50%, ლარის გაუფასურებას შეიძლება სერიოზული სოციო-ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ადვილი მისახვედრია, რომ ლარის გაუფასურება უარყოფით გავლენას მოახდენს მათზე, ვინც დოლარში აიღო სესხი, მსესხებელთა ფაქტობრივი ხარჯები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა, მაგალითად, სესხის სიმწიფე და დოლარსა და ლარში აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის არსებული სხვაობა.

ამ პოსტით შევეცდებით, ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: დროთა განმავლობაში რამდენად შეიცვალა დოლარსა და ლარში გაცემული სესხების ხარჯები ქართველი მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით ლარის გაუფასურების შემდეგ? რატომ გრძელდება დოლარში სესხის აღების ტენდენცია? დაბოლოს, დღესდღეობით სესხის დოლარში აღება ჯობია თუ ლარში?

„იაფი სესხის“ ილუზია და მოულოდნელი გამოფხიზლება გაუფასურების შედმეგ

მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები სესხს დოლარში იღებდნენ, იყო საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა – დოლარში გაცემული სესხების შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებთან შედარებით. საშუალოდ, 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტომდე ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 7.6%-ით მაღალი იყო დოლარში გაცემულ სესხებთან შედარებით (იხ. გრაფიკი #1).

გრაფიკი #1: საბაზრო საპროცენტო განაკვეთები

ეკონომისტისთვის მსგავსი სხვაობა ფაქტობრივად ასახავს დოლარში გაცემულ სესხებთან დაკავშირებული რისკების დაბალ დონეს. არბიტრაჟის თეორიის მიხედვით, ადამიანები ინდიფერენტული უნდა იყვნენ სესხის ლარსა თუ უცხოურ ვალუტაში აღებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხები ან სრულად დოლარიზებული იქნებოდა, ან საერთოდ არ იქნებოდა დოლარიზებული. 2014 წლის მარტამდე არბიტრაჟის თეორია კარგად მუშაობდა საქართველოში – ლარსა და დოლარში გაცემული სესხების მომსახურების ხარჯებს შორის სხვაობა თითქმის ნულის ნიშნულთან მერყეობდა (იხ. გრაფიკი #2).

გრაფიკი #2: ლარსა და დოლარში გაცემული სესხების ხარჯებს შორის სხვაობა (1000 ლარი)

ზემოთ მოცემული გრაფიკი აჩვენებს მთლიან გადახდებს (ძირი+პროცენტი), რისი გადახდაც მოუწევდათ ქართველ მსესხებლებს ერთი წლის განმავლობაში თავიანთ უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებზე (გაცვლითი კურსის ცვლილების გათვალისწინებით) და ადარებს მას წარმოსახვით რაოდენობას, რომელსაც ქართველი მსესხებლები გადაიხდიდნენ, თუ იმავე ოდენობის თანხას ისესხებდნენ ლარში იმავე თვეს.

მაგალითად, 2013 წლის იანვარში საქართველოში უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ძირი თანხა შეადგენდა 5.9 მილიარდ ლარს. ბანკის საშუალო საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხზე იყო დაახლოებით 15.3%. ერთი წლის პერიოდში (2014 წლის იანვარში) მსესხებლებს მოუწევდათ 6.5 მილიარდი ლარის გადახდა (15.3%-ზე მეტი, რადგან ამ პერიოდში ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში). ეს თანხა (6.5 მილიარდი ლარი) გრაფიკში წარმოდგენილია პირველი სამკუთხედი წერტილით 2013 წლის იანვრისთვის.

ეს თანხა ლარში რომ გაცემულიყო და მსესხებლებს გადაეხადათ 22.5% საბანკო საპროცენტო განაკვეთი, ისინი საბოლოო ჯამში გადაიხდიდნენ 6.7 მილიარდ ლარს (ოდნავ მეტს, მაგრამ შედარებით მიახლოებულ თანხას დოლარში დენომინირებულ სესხთან, ვალუტის გადახურდავების შემდეგ).

2014-2015 წლებში ქართველი კერძო მსესხებლების მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგალითად, ამ წლის იანვარ-სექტემბერში გადახდილი პროცენტის მთლიანმა რაოდენობამ შეადგინა 735 მილიონი ლარი, ეს მაშინ, როდესაც მთელი 2014 წლის განმავლობაში გადახდილი პროცენტის თანხა 692 მილიონი ლარი იყო.

რა თქმა უნდა, გადახდილი პროცენტების თანხა შეიძლება გაიზარდოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სესხის მომსახურების ხარჯი უფრო მაღალია, არამედ იმიტომაც, რომ ეკონომიკაში უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების მოცულობა იზრდება. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში შეიძლება დავასკვნათ, რომ უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებზე პროცენტული გადახდების ზრდა (ლარში გამოხატული) 2014 წელსა და 2015 წლის პირველ ორ კვარტალს შორის თითქმის მთლიანად განაპირობა ლარის გაუფასურებამ, რადგანაც სესხების მოცულობა დიდად არ შეცვლილა.

მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ შინამეურნეობების მიერ აღებული სესხების მთლიანი პროცენტის გადასახადის თანაფარდობა მთლიან ხელფასთან (დასაქმებულთა კომპენსაცია ეროვნულ ვალუტაში) იყო 8.6% 2013 წელს, 8.8% 2014 წელს და გაიზარდა 12.6%-მდე 2015 წლის პირველ კვარტალში და 12.2%-მდე 2015 წლის მეორე კვარტალში! ცხადია, მსგავს ზრდას ვერ ხსნის სესხების მოცულობის ზრდა.

რატომ ვსესხულობთ ისევ დოლარში?

ლარის გაუფასურების ფონზე დოლარიზებული სესხების მომსახურების ხარჯები საკმაოდ მაღალი ჩანს ქართული ეკონომიკისთვის. თუ დავითვლით საბაზრო საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსის საფუძველზე 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის აგვისტომდე, მივიღებთ, რომ რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლოთ ჯამში დაეზოგათ 1.036 მილიარდი ლარი, დოლარის ნაცვლად ლარში რომ გამოეტანათ სესხი ამ პერიოდის განმავლობაში (ამ გამოთვლებისათვის მე ვუშვებ, რომ 2015 წლის სექტემბრის შემდეგ ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით არ შეიცვლება და შენარჩუნდება GEL/USD=2.39 დონეზე. ჩვენ ეს დაშვება იმისთვის გვჭრიდება, რომ გამოვთვალოთ 2014 წლის სექტემბრის შემდეგ დოლარში აღებული სესხების მომსახურების ხარჯი).

მაშინ რატომ სესხულობს ხალხი ისევ დოლარში? გრაფიკ #2-ს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ დოლარში აღებული 1-წლიანი სესხის მომსახურების ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წლის მაისიდან 2015 წლის თებერვლამდე აღებულ სესხებზე. ხოლო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სესხი 2015 წლის მარტში აიღეს, ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ უკვე ჩავლილი მოვლენა იყო და ამის გამო დოლარსა თუ ლარში აღებული სესხის ღირებულება დაახლოებით ერთნაირი იყო.

როგორ მოვიქცეთ დღეს?

მაშ, რა უნდა გააკეთონ მომავალმა მსესხებლებმა ამ გადმოსახედიდან? ლარში უნდა ისესხონ თუ დოლარში? რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია საპროცენტო განაკვეთსა და მომავალ (მოსალოდნელ) გაცვლით კურსზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა იქნება გაცვლითი კურსი მომავალში, შეგვიძლია გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ ამჟამად ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ლარის გაუფასურების ორი ძირითადი მიზეზი. პირველი ისაა, რომ დოლარის გამყარება გლობალური მოვლენაა, რომელიც ნაწილობრივ განაპირობა აშშ-ის მიერ საკუთარი ნავთობის წარმოებით „თამაშმა“ (ტექნოლოგიური წინსვლა ფიქლის ნავთობის მოპოვებაში, რამაც მკვეთრად გაზარდა აშშ-ის ნავთობის გამოშვება).

მეორე ისაა, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება საქართველოში ბოლო თვეებში იკლებდა, რამდენიმე მიზეზის გამო: 1) ჩვენი სავაჭრო პარტნიორების წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევები, 2) უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება (განსაკუთრებით რუსეთსა და საბერძნეთიდან) და 3) ექსპორტის მოცულობის კლება.

დავუშვათ, ნავთობის ფასი არ შეიცვლება მომდევნო 2 წლის განმავლობაში. შედეგად, შეიძლება ველოდოთ, რომ ლარის გაუფასურების სხვა წყაროები თანდათანობით დაუბრუნდება ჩვეულ დონეს და უცხოური ვალუტის მიმოქცევა აღდგება. თუ ასე მოხდება, ლარი კვლავ გამყარდება.

მოდით, დავუშვათ, რომ ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსი მიუახლოვდება GEL/USD=2.0-ს 2017 წლის ბოლოსთვის. ამ შემთხვევაში ლარი საშუალოდ 0.7%-ით გამყარდება ყოველთვე დოლართან მიმართებაში. ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ლარისა და დოლარის სესხებზე 2017 წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და დოლარში გაცემული სესხების ზრდის დინამიკა ქართულ ეკონომიკაში ისეთივე იქნება, როგორც ბოლო რამდენიმე წელია.

თუ ასე მოხდება, მაშინ დოლარში აღებული სესხების მომსახურების ხარჯი შემცირდება სესხის მოცულობის 12%-ით (დაახლოებით 3 მილიარდი ლარი 2 წელიწადში). ასეთი სესხების აღების შემთხევაში, მსესხებლები გადაიხდიან 17%-ით ნაკლებს იმავე თანხის სესხის ლარში აღებასთან შედარებით (დანაზოგი 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 მილიარდი ლარი იქნება). გამოდის, თუ გსურთ ნიძლავი ლარის გამყარების სასარგებლოდ დადოთ, მაშინ სესხი დოლარში უნდა აიღოთ და ყოველ თვე გადაიხადოთ სულ უფრო და უფრო ნაკლები ლარი! და არც დეპოზიტების ლარში გახსნა არ დაგავიწყდეთ!

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა