შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

დიახ, აბორტების რიცხვის შემცირება ქალების უფლებების შეზღუდვის გარეშეც შესაძლებელია
ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

1973 წლის 22 იანვარს საქმეში Roe v. Wade უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აბორტის უფლება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-14 შესწორებით დაცული უფლებაა. შესწორების თანახმად, დაუშვებელია ადამიანების „სიცოცხლის, თავისუფლების ან საკუთრების“ უფლების შეზღუდვა. საქმეში Roe v. Wade უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მე-14 შესწორება ითვალისწინებს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“, რაც აბორტის უფლებასაც გულისხმობს. 50 წლის შემდეგ, 2022 წლის 24 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა.

24 ივნისის გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ დანარჩენ მსოფლიოშიც. აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება არა მხოლოდ ზღუდავს ქალების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, არამედ მათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებასაც აიძულებს, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აბორტის აკრძალვა არ გამოიწვევს აბორტების რიცხვის შემცირებას, რადგან ამ მიზნის მისაღწევად მეტად ქმედითი რეფორმების გატარებაა საჭირო.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მომხდარი სამართლებრივი ცვლილებები

აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება ნიშნავს, რომ აბორტის უფლების საკითხი დარეგულირდება კონკრეტული შტატის კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი ტიპის კანონმდებლობა კი შესაძლოა სხვადასხვა იყოს თითოეულ შტატში. გუტმახერის ინსტიტუტის თანახმად, აბორტი უკვე აიკრძალა ან დიდი ალბათობით აიკრძალება 26 შტატში. შტატების მიდგომა აბორტისადმი განსხვავდება ორსულობის ვადის მიხედვით. მაგალითად, იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ აბორტები ორსულობის გვიან ვადაზე, ტეხასისა და ჩრდილოეთ დაკოტას შტატებში აბორტი აკრძალულია ორსულობის მე-6 კვირის შემდეგ; იუტას შტატში – მე-15 კვირის შემდეგ, ხოლო ჩრდილოეთ დაკოტაში – 22-ე კვირის შემდეგ. ზოგიერთ შტატში აბორტი დასაშვებია გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევებშიც, როდესაც შესაძლებელია იმის დასაბუთება, რომ დედის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება. ამავდროულად, თექვსმეტ შტატსა და კოლუმბიის ოლქში არსებობს კანონები, რომლებიც იცავს ქალის მიერ აბორტის გაკეთების უფლებას.

კრიმინალიზება არ ამცირებს აბორტების რიცხვს, მხოლოდ ართულებს მას

აბორტთან დაკავშირებით ჩატარებული მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ჩატარებული აბორტების რიცხვი არ განსხვავდება იმ ქვეყნებს შორის, სადაც აბორტი ლეგალურია და სადაც ის აკრძალულია. იმ ქვეყნებში, სადაც აბორტის გაკეთება დაშვებულია, აბორტის მაჩვენებელი ყოველ 1,000 ადამიანზე 37-ს შეადგენს; იგივე მაჩვენებელი გვაქვს ისეთ ქვეყნებში, სადაც აბორტის გაკეთება აკრძალულია: 34 შემთხვევა ყოველ 1,000 ადამიანზე (Levitt, 2018). ეს სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ აკრძალვა კი არ ამცირებს აბორტების რიცხვს, არამედ მხოლოდ დამატებით სირთულეებს უქმნის ქალებს.

ის ფაქტი, რომ აბორტის გაკეთება ლეგალური იქნება აშშ-ის ზოგიერთ შტატში, ქალებს საშუალებას აძლევს, ერთი შტატიდან მეორეში გადავიდნენ (ან გაემგზავრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც აბორტი დაშვებულია) და იქ ჩაიტარონ აბორტის პროცედურა. ეს გამოსავალი კი შესაძლოა დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული და ბევრ ქალს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. მათთვისაც კი, ვისაც აქვს შესაძლებლობა მომსახურება სხვა შტატში ამ სხვა ქვეყანაში მიიღოს, ეს დაკავშირებული იქნება დამატებით სირთულეებსა და სტრესთან, რაც უარყოფითად იმოქმედებს მათ მენტალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

აბორტის აკრძალვა, თავის მხრივ, არ ამცირებს აბორტზე მოთხოვნას, ამდენად ყოველთვის იარსებებს ე.წ „შავი ბაზარი“, რაც დამატებით სხვა პრობლემებს გამოიწვევს. იქიდან გამომდინარე, რომ აბორტის გაკეთება არალეგალურია, სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები პროცედურის ჩატარებისას და ვერ მოითხოვს, რომ ის სერტიფიცირებულმა მედიკოსმა ჩაატაროს. შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ კონტროლის ნაკლებობის გამო, აბორტი საფრთხეს შეუქმნის ქალის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს (Vecera, 2014). გარდა ამისა, თუ აღნიშნული მომსახურება არალეგალური იქნება, მისი ჩატარება კიდევ უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და გახდება მეტად ხელმიუწვდომელი საზოგადოების მარგინალიზებული წევრებისთვის.

იმ ქვეყნების პრაქტიკა, სადაც აბორტი არალეგალურია (მაგ. პოლონეთი, ბრაზილია, ელ-სალვადორი), გვიჩვენებს, რომ, როდესაც აბორტი აკრძალული ან ფინანსურად არახელმისაწვდომია, ქალები იძულებულნი ხდებიან ალტერნატიული გზებს მიმართონ (Eleches, 2006). ასეთ შემთხვევებში, ქალები ხშირად თვითნებურად, სახლის პირობებში ცდილობენ ორსულობის შეწყვეტას, ექიმის ზედამხედველობის გარეშე. ამგვარი გადაწყვეტილებები კი ხშირად მათ ჯანმრთელობას აზიანებს ან ფატალურად სრულდება.

შეგვიძლია რეალურად შევამციროთ აბორტების რიცხვი?

ბევრი კანონმდებელი ამტკიცებს, რომ აბორტის აკრძალვის მიზანი აბორტების რიცხვის შემცირება იყო. მიუხედავად ამისა, ის მიზეზები, რის გამოც ქალები აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას იღებენ, სხვადასხვაგვარია. აბორტის რიცხვის შემცირება კი მხოლოდ ამ მიზეზებთან ბრძოლითაა შესაძლებელი.

ქალებს აბორტის გადაწყვეტილებისკენ ყველაზე ხშირად სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები უბიძგებს. ქალების (და წყვილების) უმრავლესობა, რომლებმაც აბორტის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს, ამბობენ, რომ არ აქვთ ბავშვის აღზრდის ფინანსური შესაძლებლობა (Eleches, 2006). ამიტომ აბორტების რიცხვის შემცირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ბავშვების მოვლასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება უნდა იყოს, რაც გულისხმობს ხელმისაწვდომ ბავშვთა მოვლას, ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ.

რიგ შემთხვევებში, ქალებს აბორტის გაკეთება სჭირდებათ იმიტომ, რომ მშობიარობა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. ხშირ შემთხვევაში, მათ სარისკო ორსულობის თავიდან ასაცილებლად ხელმისაწვდომი კონტრაცეფცია სჭირდებათ.

იმ ქალების ორი პროცენტს, რომლებიც აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებას იღებენ, გაუპატიურების მსხვერპლია (Bankole, 2018). მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შტატი დაუშვებს აბორტს გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობების შემთხვევაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და ქვეყანაში გაუპატიურების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება.

აბორტის გადაწყვეტილების მიღების ძალიან ბევრი მიზეზი შესაძლოა არსებობდეს, თუმცა ფაქტია, რომ არცერთ ქალს არ სურს დაორსულება იმისთვის, რომ შემდეგ აბორტი გაიკეთოს. აბორტი არის გადაწყვეტილება, რომელსაც ქალები მრავალი მიზეზის გამო იღებენ და თუ მართლაც გვსურს აბორტების რიცხვის შემცირება, აუცილებელია, თავდაპირველად გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე ვიზრუნოთ ნაცვლად იმისა, რომ ქალებს თავიანთ სხეულზე დავუწესოთ შეზღუდვები.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა