საქართველოს მომხმარებელთა ნდობის ინდექსის საფუძველზე გაკეთებული დასკვნები
სამ წელზე მეტია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აკვირდება ქართველი მომხმარებლების განწყობას. ყოველთვე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რეკავს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ დაახლოებით 330 ადამიანთან და ატარებს გამოკითხვას. ინტერვიუერი იწყებს მარტივი კითხვებით რესპოდენტის ასაკის, განათლების, საცხოვრებელი ადგილის შესახებ, შემდეგ ინტერესდება მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობითა და ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობისადმი მისი პირადი მოლოდინით.
ამ ადამიანებისგან მიღებული პასუხების საფუძველზე დგება მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (Consumer Confidence Index – CCI), რომელიც ყველა ეკონომისტისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მაგალითად, მომხმარებელთა პესიმისტური განწყობა მომავლის შესახებ ნიშნავს, რომ ადამიანები, სავარაუდოდ, ნაკლებს დახარჯავენ, რითიც დაასუსტებენ ერთობლივ მოთხოვნას.
ცოტა ადამიანი თუ იაზრებს, რომ მომხმარებელთა ნდობის ინდექსის თითოეული რიცხვის უკან ძალიან სასარგებლო და ხშირად მოულოდნელი ინფორმაცია დგას. CCI-ის მონაცემების გამოყენებით შეგვიძლია შევამოწმოთ არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური თეორია. მაგალითად, რაციონალური და შემგუებლური მოლოდინების თეორია.
აქ იმედი უნდა გავუცრუო მკითხველებს და ვუთხრა, რომ ეკონომიკაში ტერმინებს „რაციონალური“ და „შემგუებლური“ არ აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ყოველდღიურ მეტყველებაში. რაციონალურს არაფერი აქვს საერთო საღად ან ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანთან, არც შემგუებელი ნიშნავს, რომ ვინმე ადვილად ერგება ცვლილებებს.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოდით, ვთქვათ, რომ მომავლის პროგნოზირებისას რაციონალური მოლოდინების მქონე ადამიანები იყენებენ ამ დროისთვის მათ ხელთ არსებულ ყველანაირ ინფორმაციას. ეს ნიშნავს, რომ ცალკეული ადამიანების მოლოდინები მომავალთან დაკავშირებით ყოველთვის არ გამართლდება, მაგრამ საშუალოდ, გრძელვადიან პერიოდში მათი პროგნოზები გამართლდება. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს რაციონალური მოლოდინების თეორია.
რა ხდება შემგუებლური მოლოდინების თეორიასთან დაკავშირებით? მსგავსი მოლოდინების მქონე ადამიანები მომავლის პროგნოზს აკეთებენ წარსულის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბოლო 10 დღის განმავლობაში წვიმდა, თქვენ გექნებათ მოლოდინი, რომ ხვალაც იწვიმებს.
რა შეგვიძლია ვთქვათ ქართველი მომხმარებლების მოლოდინების შესახებ? CCI-ის ინდექსი გვთავაზობს ძალიან საინტერესო პასუხებს.
პირველ რიგში, მოდით, შევხედოთ კორელაციას CCI-ის მოლოდინების ინდექსსა (რომელიც ეკითხება ადამიანებს, რას ელოდებიან ეკონომიკისგან მომდევნო 12 თვის განმავლობაში) და მშპ-ის საშუალო რეალურ ზრდას შორის იმავე 12 თვის განმავლობაში. ვხედავთ, რომ კორელაცია არ არის ძალიან ძლიერი (კორელაციის კოეფიციენტი არის 0.36, მაშინ, როდესაც 1 ნიშნავს სრულყოფილ კორელაციას, 0 – არავითარ კორელაციას).
აღსანიშნავია, რომ ადამიანთა ყველა ჯგუფის შემთხვევაში ასე არ ხდება. მაგალითად, მამაკაცებისთვის მომავლის მოლოდინსა და რეალურ მომავალ ზრდას შორის კორელაცია ბევრად მაღალია (კორელაციის კოეფიციენტი 0.55), მაშინ, როდესაც ქალებისთვის მსგავსი კორელაცია თითქმის არ არსებობს.
შემგუებლური მოლოდინების დასადგენად ჩვენ ვადარებთ CCI-ის მოლოდინებს იმავე თვის მშპ-ის რეალურ ზრდას. მაღალი კორელაცია ნიშნავს, რომ ადამიანები მიმდინარე თვის ეკონომიკურ მდგომარეობას იყენებენ მომავლის პროგნოზირებისთვის.
კორელაცია შედარებით მაღალია თითქმის ყველა ჯგუფისთვის, მაგრამ ყველაზე მყარ კორელაციას ვხედავთ 35 წელს ზემოთ ასაკის ქალებში, სადაც კოეფიციენტის მაჩვენებელი 0.64-ია (საინტერესოა, რომ 35 წელს ქვემოთ ქალები აჩვენებენ კორელაციის ყველაზე დაბალ კოეფიციენტს ორივე კატეგორიაში).
ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქართველი მამაკაცები ამართლებენ რაციონალური, ქალები კი შემგუებლური მოლოდინების თეორიას? ნამდვილად არა. მარტივი კორელაცია სხვა არაფერია თუ არა ფორმალური ტესტი, რადგან ეს კოეფიციენტი კარგად არ ასახავს ორ ცვლადს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, შესაბამისად, ნაკლებად ამტკიცებს რაციონალური და შემგუებლური მოლოდინების ჰიპოთეზებს. თუმცა ისიც უდავოა, რომ მიღებული შედეგები (განსაკუთრებით მამაკაცებისა და ქალების დამოკიდებულებებს შორის არსებული სხვაობა) ძალიან საინტერესოა. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
* მიუთითებს სანდოობის 10%-იან დონეს
CC = 1 სრულყოფილი დადებითი კორელაცია ორ ცვლადს შორის
CC = -1 სრულყოფილი უარყოფითი კორელაცია ორ ცვლადს შორის
CC = 0 არავითარი კორელაცია ორ ცვლადს შორის.