შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაცია საქართველოში: შვება თუ ტვირთი ღარიბებისთვის?
შაბათი, 23 იანვარი, 2016

ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ – როგორც ჩანს, ქართველებს უახლოეს მომავალში შეგვახსენებენ ამ უნივერსალურ ჭეშმარიტებას.

საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან პროდუქტებზე – პურზე, მაკარონზე, ხაჭაპურზე, ფქვილისგან დამზადებულ სხვა პროდუქტებზე. ქართულ კანონმდებლობას დაემატება კანონი, რომელიც ფქვილის ფორტიფიკაციას სავალდებულოს გახდის საქართველოში.

საკვების სავალდებულო ფორტიფიკაცია სადავო საკითხია. კანონის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილება შესანიშნავი საშუალებაა ქართველი საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მინიმალური ხარჯებით. მოწინააღმდეგენი კი ამტკიცებენ, რომ კანონი ტვირთად დააწვება სწორედ იმ ადამიანებს, რომელთაც უნდა ეხმარებოდეს – ღარიბები ყველაზე მეტად დაზარალდებიან გაზრდილი პურის ფასებით.

მაშ, რა უნდა ვიცოდეთ, რომ სწორი პოზიცია გვქონდეს?

რას ნიშნავს საკვების ფორტიფიკაცია?

საკვების ფორტიფიკაცია გულისხმობს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების (მაგ.: რკინა, ა ვიტამინი, კალციუმი, იოდი) დამატებას ძირითად საკვებ პროდუქტებში, რაც ანაცვლებს გადამუშავების დროს დაკარგულ მიკროელემენტებს. განვითარებადი ქვეყნებისთვის კვებითი დეფიციტის აღმოფხვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. საკვების მწარმოებელი ვალდებულია, საწყისი ინიციატივის სახით იყიდოს აღჭურვილობა და ვიტამინებისა და მინერალების პრემიქსი. თუმცა ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, ფორტიფიკაციისგან მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება გაწეულ ხარჯებს. ამერიკაში დაფუძნებული კვლევითი დაწესებულების, კოპენჰაგენის კონსენსუსის ცენტრის გამოთვლებით, ფორტიფიკაციაზე დახარჯული ყოველი 1 აშშ დოლარიდან ეკონომიკა 9 აშშ დოლარის სარგებელს იღებს.

საკვების ფორტიფიკაცია მსოფლიოში

ფორტიფიკაცია მსოფლიოში 1920-იანი წლებიდან გამოიყენება. 1996 წელს ომანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ფქვილის ფორტიფიკაცია ეროვნულ დონეზე აიყვანა. ამისი მიზანი იყო ახალშობილებში ნევროლოგიური მილის  დეფექტების პრევენცია. იმავე წელს დაიწყეს ფქვილის ფორტიფიკაცია აშშ-მა და კანადამ. 2007 წელს დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს ჰქონდა წვდომა ფორტიფიცირებულ პროდუქტებზე. დღეს ფქვილის ფორტიფიკაცია სავალდებულოა 61 ქვეყანაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი საკვების ფორტიფიკაცია განვითარებად ქვეყნებში?

ადამიანების საკვები რაციონი განვითარებად ქვეყნებში ნაკლებად მრავალფეროვანია და ხშირად არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს. ასეთ ქვეყნებში მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს წვდომა საკმარისი რაოდენობის ხილზე, ბოსტნეულსა და ხორცზე. ეს განსაკუთრებით ეხება ქალაქში მცხოვრებ ღარიბ ფენას – ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ საშუალება, თავად მოიყვანონ პროდუქტები. თუმცა სოფლად მცხოვრებ ადამიანებსაც შეიძლება აკლდეთ საკვები. სწორედ ამიტომ ითვლება ფორტიფიკაცია იაფ, პრაქტიკულ და მდგრად ალტერნატივად ადამიანებისთვის, მიიღონ საკმარისი რაოდენობის მიკროელემენტები. ამავე მიზეზის გამოა, რომ ძირითადად ფორტიფიცირებულია ისეთი საკვები, როგორიცაა მარილი, სიმინდისა და ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ბრინჯი.

საკვების ფორტიფიკაციის თემასთან დაკავშირებით დავა არ წყდება. ზოგი ამტკიცებს, რომ მსგავსი პრაქტიკის დანერგვამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი საკვების ჭარბი მოხმარება, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. 2004 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ „დღეისთვის ევროპის საკვებ რაციონში არ არსებობს ან ძალიან დაბალია ჭარბი საკვები მიკრონუტრიენტების გავრცელება“. კიდევ იყო განხილვები ახლახან ჩატარებულ საკამათო კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც ამტკიცებს, რომ ფოლიუმის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს კიბო თაგვებში. ეს შიში უარყო ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ. თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ ფორტიფიკაციასთან დაკავშირებული ყველაზე მთავარი პრობლემა არის გამოსაყენებელი მიკროელემენტების ოპტიმალური რაოდენობის დადგენა.

მდგომარეობა საქართველოში

საქართველოს ნუტრიციის ეროვნული კვლევის 2009 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი (ძირითადად ქალები და ბავშვები) მალნუტრიციის მსხვერპლია. ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 300 ბავშვი კვდება სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, ახალშობილები მცირე წონით თუ სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიებით (დაბადების დეფექტები). ასეთ ანომალიებს ძირითადად იწვევს ფეხმძიმობის პერიოდში დედის ორგანიზმში რკინისა და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა.

როგორ შეიძლება ქვეყანამ დაძლიოს ეს პრობლემები? საქართველოში სიღარიბე ჯერ კიდევ გავრცელებულია, თუნდაც რეგიონული სტანდარტის მიხედვით. მაგალითად, 2013 წელს მოსახლეობის დაახლოებით 11% დღიურად 1.90 აშშ დოლარს (მსოფლიო განვითარების ინდიკატორების მონაცემებით) მოიხმარდა, მაშინ, როდესაც იმავე სტატისტიკით მეზობელ სომხეთში მსგავს სიღარიბეში იყო მოსახლეობის მხოლოდ 2.4%, თურქეთში – 1%-ზე ნაკლები.

სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ადამიანები ძირითადად პურითა და მარცვლეულით იკვებებიან. ზოგიერთი ანგარიშის თანახმად, პურისა და ცომეული პროდუქტების მოხმარება საქართველოში 1.8-2-ჯერ მაღალია ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით. საკვები რაციონის ენერგეტიკული ღირებულების 62% სწორედ პურზე მოდის.

საქართველოში ფქვილის ფორტიფიკაციის (რკინისა და ფოლიუმის მჟავის დამატების) სტრატეგია პირველად 2006 წელს წარმოადგინეს. ამ სამწლიან პროგრამას აფინანსებდა Global Alliance for Improved Nutrition (GAIN).  თუმცა ნუტრაციის ეროვნული კვლევის თანახმად, 2009 წელს პურის მხოლოდ 24.9%, ხოლო ფქვილის 21.2% იყო ჯეროვნად ფორტიფიცირებული.

2013 წელს UNICEF-მა დაიწყო ხორბლის ფქვილის ფორტიფიკაციის ახალი ინიციატივა, რადგან განვითარებად ქვეყნებში ყველაზე ხშირად სწორედ ხორბლის ფქვილისგან დამზადებულ პურს მოიხმარენ. სწორედ UNICEF-ის რეკომენდაციით დაიწყო საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონპროექტის განხილვა, რათა ფქვილის ფორტიფიკაცია სავალდებულო გახდეს. თუ კანონი გავა, არაფორტიფიცირებული ფქვილის იმპორტი აიკრძალება. საქართველოში წარმოებული ხორბლის ფქვილის ფორტიფიცირებაც სავალდებულო გახდება.

ვინ არიან ქართული ფქვილის ბაზრის მოთამაშეები?

ადგილობრივი ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოები ფქვილის ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. საქართველოში ასეთი დაახლოებით 54 საწარმოა, რომელთაგან 13 მსხვილი საწარმოა. აზერბაიჯანულ კომპანიას „კარატ ჰოლდინგს“ აქვს სამი მსხვილი საწარმო საქართველოში, რომლებიც დღიურად დაახლოებით 1400  ტონა ფქვილს აწარმოებენ. ეს ფქვილის ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

წარდგენილი ფქვილის ფორტიფიკაციის კანონი გავლენას მოახდენს მხოლოდ მსხვილ მწარმოებლებზე, რომლებიც ყოველდღე 40-50 ტონა ფქვილს აწარმოებენ. ამ გზით საქართველოში გაყიდული ფქვილის 90% იქნება ფორტიფიცირებული. დარჩენილი 10% იქნება მცირე მეწარმეების მიერ წარმოებული ფქვილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხორბალი სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს, უკვე მზა ფქვილი შემოდის რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან. ამ ეტაპზე იმპორტირებული ფქვილის დიდი ნაწილი არ არის ფორტიფიცირებული, მაგრამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ეს შეიცვლება.

ჩარევა შვება იქნება თუ ტვირთი ღარიბებისთვის?

მოთხოვნის დაწესებამ შეიძლება ფქვილის ფასი გაზარდოს, შესაბამისად, გაიზრდება პურისა და პურის პროდუქტების ფასებიც. მაინც რამდენით შეიძლება გაიზარდოს ფქვილის ფასი? UNICEF-ის მონაცემებით, ბევრით არა. დათვლილია, რომ ფქვილის ფორტიფიცირების ფასი არის დაახლოებით 1-2 აშშ დოლარი ტონაზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს 1 კგ. ფქვილის 1-2 თეთრით გაძვირებას.

რამდენად დააწვება ტვირთად ეს ხარჯები მომხმარებლებს? ეკონომიკური თეორიის თანახმად, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფქვილის ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა, მათ წინაშე არსებული მოთხოვნა არ არის სრულიად არაელასტიკური. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფქვილის ბაზარზე არსებული კონკურენცია უკვე აიძულებს მსხვილ მწარმოებლებს გაზრდილი ხარჯების რაღაც ნაწილი მაინც აიღონ საკუთარ თავზე.

ამ ეტაპზე აღნიშნულ ინიციატივას უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე ხარჯი, რაც გულისხმობს ახალშობილთა სიკვდილიანობის, ფეხმძიმე ქალებში პრობლემებია და თანდაყოლილი დეფექტების მაჩვენებლის შემცირებას. სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ დაზოგილი ხარჯები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

თუ ფქვილის ფორტიფიკაციის შესახებ კანონი დამტკიცდება, ეკონომისტებს მოუწევთ ბევრი და საინტერესო სამუშაოს ჩატარება, რათა შეფასდეს, რამდენად ეფექტურია მსგავსი ჩარევა.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა