შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საქართველო ცირკულარული ეკონომიკის განვითარების გზაზე – მიღწევები და გამოწვევები
სამშაბათი, 26 აპრილი, 2022

ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების ინტეგრირებული მართვა – ეს ის ცნებებია, რომლებიც ბოლო დროს ეკოლოგიური კეთილდღეობისა თუ კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას ხშირად გვესმის. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მექანიზმი თანამედროვე ეპოქაში ახლებურ ხედვად გვესახება, რომელმაც უკვე არაერთ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი. თავად ცირკულარული ეკონომიკა გულისხმობს პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების ახლებურ, თანამედროვე ხედვას, რომლის მიზანიცაა ნარჩენების მინიმიზაცია და რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. ამ ახლებურ ხედვაში შეგვიძლია გამოვყოთ ე.წ. 3R პრინციპი, რომელიც შეიცავს სამ მოწოდებას – reduce (მაქსიმალურად შემცირდეს პროდუქციის არამიზნობრივად გამოყენება და მისი ნარჩენებად ქცევა), reuse (მაქსიმალურად ვცადოთ და ნებისმიერი პროდუქტის ღირებული/ფუნქციური შემადგენელი ნაწილი ბოლომდე გამოვიყენოთ), recycle (თავად ნარჩენებიც არ გავანადგუროთ და ვიპოვოთ მათი გადამუშავების და ხელახლა გამოყენების ოპტიმალური გზა). ამრიგად, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპი თავისი არსით გულისხმობს რესურსების გამოყენების არა წრფივ, არამედ წრიულ მიდგომას. ნარჩენების გადამუშავების პრინციპი კი ითვალისწინებს მათ ხელახალ გამოყენებას მეორადი ნედლეულის სახით, რაც ზოგავს რესურსს და თავიდან გვარიდებს გარემოზე მავნე ზემოქმედების უარყოფით შედეგებს. ეს ჰარმონიულად ერწყმის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპს.

პროდუქციის მდგრადი წარმოება და მოხმარება გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზანთა შორის ერთ-ერთია. მიუხედავად სახელმწიფოების მცდელობისა, ჯერ საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი, რათა ამ გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს დავუახლოვდეთ. მაგალითად, პროდუქციის ჭარბი მოხმარების შემცირების ტენდენცია შეინიშნება ევროპაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში (2000-2017), თუმცა მსოფლიოს ყველა სხვა რეგიონში მოხმარება იმატებს და ზოგადად მსოფლიოს ტრენდიც აღმავალია. წლიდან წლამდე იზრდება ელექტრონული ნარჩენების მოცულობაც (5.3 კგ 2010-ში და 7.3 კგ 2019-ში, ერთ სულ მოსახლეზე), ხოლო მათი გადამუშავების მაჩვენებელი სასურველზე ბევრად ნელა იზრდება (1.3 კგ 2010-ში და 1.7 კგ 2019-ში). ამ ტემპით 2030 წლისთვის გადამუშავების სამიზნე მაჩვენებლის (9 კგ) მიღწევა რთული წარმოსადგენია.

საინტერესოა, თუ რა დინამიკაა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოშიც არის გადადგმული პირველი ნაბიჯები, თუმცა, საბოლოოდ, ნარჩენების გადამუშავების პრინციპის გამართულად დანერგვასა და ეფექტური შედეგების მიღწევამდე ჯერ შორია. განვიხილოთ, სინამდვილეში რა ძირითად სარგებელს მოიაზრებს ზემოაღნიშნული ცნებები და რამდენად რეალურია საქართველოში მათი აქტიურად და ეფექტიანად დანერგვა.

პირველ რიგში, ვკონცენტრირდეთ იმ რეალურ სარგებელზე, რომელიც ნარჩენების გადამუშავების მექანიზმის დანერგვას უკავშირდება. სხვადასხვა გამოთვლით ნავარაუდებია, რომ ნარჩენების ეფექტიანმა მართვამ შეიძლება ეკონომიკური ზრდის საფუძველი შექმნას. გაერთიანებული ერების გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) რესურსების ახლებურად მართვის მოდელირების მიხედვით, 2050 წლისთვის შესაძლებელია არსებულ პროგნოზზე1 ტრილიონი დოლარით მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) შეფასების მიხედვით კი, რთულია ზუსტად პროგნოზირება, თუ როგორ გაიზრდება პროდუქტიულობა, თუმცა მტკიცედ შეიძლება იმის თქმა, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის შემთხვევაში, დასაქმების ზრდის პოტენციალი აშკარაა (2014 წლის მონაცემებით, გადამუშავების სფეროში დასაქმების მაჩვენებლის ზრდის პოტენციალი ევროპაში ერთ მილიონ დასაქმებულს აღემატება).

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისკენ მიმავალ გზებთან დაკავშირებულ საკითხებზე მნიშვნელოვანია გამოვყოთ ორი ძირითადი მიმართულება:

1) გარემოსდაცვითი საკითხები:

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პირველი მთავარი შედეგია კლიმატის ცვლილების შერბილება და გარემოს დაბინძურების შემცირება. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიხედვით, 2018 წელს ამერიკაში მუნიციპალური მყარი ნარჩენების გადამუშავებით და დაწვით დაახლოებით 193 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტით ნაკლები გამოიყო. ეს შემცირებული გამოყოფა დაახლოებით შესადარისია 42 მილიონი მანქანის წლიური გამონაბოლქვისა. უფრო მაკრო დონეზე კი ეს პროცესი განსაკუთრებით დადებითად იმოქმედებს მთლიან ეკოსისტემაზე, განსაკუთრებით ზღვებსა და ოკეანეებზე.

რაც შეეხება წყალქვეშა სამყაროს, National Geographic-ის მიხედვით, ნებისმიერი ნარჩენი, რომელიც ოკეანეში ან ზღვაში ხვდება, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ზღვის ბინადრებს, არამედ ადამიანებსაც კი. საქმე ისაა, რომ, ხშირ შემთხვევაში, ზღვის ბინადრებს პლასტმასის და სხვა ტიპის ნარჩენები საკვები ჰგონიათ და როდესაც მისით იკვებებიან, ტოქსიკური ნივთიერებები მათ ორგანიზმში რჩება. ეს კი პრობლემაა მთლიანი კვებითი ჯაჭვისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანამდე მიდის და მის ჯანმრთელობაზეც შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს. ყოველწლიურად დაახლოებით 14 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენები ხვდება ოკეანეში, რაც საზღვაო ნარჩენების 80 %-ს შეადგენს. ამის ერთერთი მთავარი მიზეზი ნარჩენების არაადეკვატური მართვა და გადამუშავებაა, ისევე როგორც ნარჩენების უკანონო გადაყრა. საშუალოდ პლასტმასის ნარჩენების მხოლოდ 9% გადამუშავდება, 12% იწვება, ხოლო 79% კი იყრება გარემოში ან ნაგავსაყრელზე (Kumar, et al., 2021). ნავარაუდებია, რომ 2040 წლისთვის ოკეანეში მოხვედრილი პლასტმასის ნარჩენების მასა შეიძლება გასამმაგდეს და წელიწადში 30 მილიონ ტონას მიაღწიოს. ყველაზე დიდი შემცირება (-82% 2040 წელს დღევანდელ პროგნოზთან2 შედარებით) ნავარაუდებია იმ შემთხვევაში, როდესაც თავად ადამიანების სისტემური მიდგომა შეიცვლება პროდუქციის მოხმარებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებით – მათი ნარჩენების შეგროვების სისტემასთან დაკავშირების პარალელურად. ამ ყველაფერს ისევ 3R-ის პრინციპთან მივყავართ. ნარჩენების წარმოქმნის შემცირებით, გადამუშავებითა და განადგურების ალტერნატიული მეთოდების მოძიებით, წრიული ეკონომიკა ხელს შეუწყობს პლასტმასის დაბინძურების ზემოქმედების შემცირებას (Kumar, et al., 2021). ცხადია, ადამიანის ცნობიერების ამაღლება და მოხმარებასთან დაკავშირებული ცხოვრებისეული მიდგომების შეცვლა ყველაზე ეფექტიანი იქნება გარემოს დასაცავად შემუშავებულ ალტერნატივებს შორის.

2) ეკონომიკური სარგებელი:

გარემოზე დადებით ზემოქმედებასთან ერთად, ნარჩენების გადამუშავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის შრომის ბაზრის განვითარების პერსპექტივა (Pearce & Stilwell, 2008). ამ მხრივ, გასათვალისწინებელია როგორც ნარჩენების შეგროვების, ისე გადამუშავებისა და ხელმეორედ გამოყენების ეტაპებთან დაკავშირებული საქმიანობები. Green Alliance-ის მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სხვადასხვა სცენარის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს სამუშაო ადგილების რაოდენობა ქვეყანაში. მაგალითისთვის, თუ გადამუშავების დონე 20%-ით დაჩქარდება, 2035 წლისთვის დამატებით 200,000 სამუშაო ადგილი გაჩნდება ამ სექტორში, ხოლო ეკონომიკის სრულად ტრანსფორმაციის შემთხვევაში (გადამუშავების 50%-იანი ზრდა), 2035 წელს შეიძლება დამატებით 472,000 ახალი სამუშაო ადგილის გაჩენა, რაც ბრიტანეთში დღეს დასაქმებულთა რაოდენობის თითქმის ორი პროცენტია.

კიდევ ერთი პოტენციური სარგებელი ეხება ხალხის ფინანსური სტაბილურობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის გამოთვლებით, საშუალო სტატისტიკური ამერიკელი ადამიანი თვეში დაახლოებით 1,497 აშშ დოლარს ხარჯავდა ისეთ მოხმარებაზე, რომელიც მას არ სჭირდებოდა (ე.წ. „ჭარბი მოხმარება“). გარდა იმისა, რომ უფრო რაციონალურ და გააზრებულ მოხმარებას დადებითი გავლენა ექნება შრომის ბაზარზე, რომ აღარაფერი ვთქვათ გარემოსა და ეკოსისტემაზე, ეს უბრალოდ ხალხის ხარჯებსაც შეამცირებს, რამაც შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს ადამიანების ფინანსურ სტაბილურობაზე.

ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმოხილვა და ამ მხრივ გადასადგმელი ნაბიჯები

საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანაში არასახიფათო ნარჩენების 57 ნაგავსაყრელია, მათ შორის 34 მოქმედია, ხოლო 23 მათგანი არ მოქმედებს და დახურულია (საქართველოს მთავრობა, 2021). გარდა ამისა, ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 900,000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი გამომუშავდება, საიდანაც დაახლოებით 700,000 ტონა განთავსებულია ოფიციალურ ნაგავსაყრელებზე, დარჩენილი ნაწილი კი სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ხვდება ან ღია სივრცეებში იწვება (იქვე). საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დახურულიყო ყველა არსებული სტიქიური ნაგავსაყრელი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ, 2018-2020 წლებში დასუფთავდა და გაუქმდა 420 სტიქიური ნაგავსაყრელი (MEPA, 2022). თუმცა ამ დრომდე ჯერ კიდევ 40 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღრიცხულია დაახლოებით 400 სტიქიური ნაგავსაყრელი3, რომელთა უმრავლესობა განთავსებულია მდინარეების ნაპირებზე, რაც წყლის ობიექტების ნარჩენებით დაბინძურების საფრთხეს ქმნის4. ამ პრობლემის გადასაჭრელად კვლავ მიმდინარეობს არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა და გარდამავალ პერიოდში მათი მართვის გაუმჯობესება. დაწყებულია რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობა და სახიფათო ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებაც (MEPA, 2022).

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც მუნიციპალიტეტებში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივ დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებას მოიაზრებს. აღნიშნული კანონმდებლობის ერთ-ერთი ასპექტი ითვალისწინებს, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება, ამისთვის საჭირო სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება. ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივი დანერგვა მუნიციპალიტეტებს 2019 წლიდან უნდა დაეწყოთ, თუმცა, თუ არ ჩავთვლით ერთეულ საპილოტე პროექტებს, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ქმედებები არ განხორციელებულა (MEPA, 2022).

შეგროვების შემდეგ სეპარირებული ნარჩენები უნდა გადამუშავდეს. მართალია, ქვეყანაში 100-მდე ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოა, თუმცა ხშირად მათი ტექნოლოგიები ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე გარემოსდაცვით მოთხოვნებსა და სტანდარტებს. არ არსებობს ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გადამუშავების ინფრასტრუქტურაც (MEPA, 2022).

საინტერესოა ისიც, რომ ნარჩენების ხელახალი გამოყენება (reuse) უფრო ეფექტიანი და ეკო-მეგობრული მეთოდია ნარჩენების შესამცირებლად, ვიდრე მისი გადამუშავება. გადამუშავების პროცესი ენერგიის ხარჯვასთანაა დაკავშირებული და შეიძლება ნარჩენები წარმოქმნას და გარემოს დაბინძურებაც გამოიწვიოს. საქართველოში ნარჩენების ხელახალი გამოყენების მცირე პრაქტიკა გვაქვს. მაგალითად, პლასტმასის გადამუშავების სფეროში მოქმედი 10-მდე კომპანიაა, რომელიც პლასტმასის ნარჩენებს ახარისხებს და ნაწილებად აქუცმაცებს. კომპანიების ნაწილი მეორად ნედლეულსაც ამუშავებს, როგორც პოლიეთილენის პარკების, ასევე სხვადასხვა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის საწარმოებლად. თუმცა მეწარმეების დიდი ნაწილისთვის პლასტმასის ნარჩენების დაპრესვა და ექსპორტირება უცხოეთში გადამუშავების მიზნით უფრო მომგებიანია.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს?

საზოგადოების მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებსა და თითოეული მოქალაქის როლზე ნარჩენების შემცირებაში არსებითი ხდება მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემების სათანადო ფუნქციონირებისთვის. მიუხედავად სხვადასხვა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებისა, დღესდღეობით საზოგადოების ცნობიერება ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დაბალია (MEPA, 2022). ამიტომაც საზოგადოებისა და მოქალაქეების განათლება, რათა ერთობლივად იმოქმედონ დაბინძურების შესამცირებლად, პროაქტიულად უნდა იყოს ხელშეწყობილი და აღსრულებული (Kumar, და სხვ., 2021).

ასევე, იმისთვის, რომ ქვეყნის მწვანე განვითარებაზე ორიენტირებული მექანიზმი აქტიურად და ფართო მასშტაბით ამოქმედდეს, მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სისტემის შესაბამისად მოქმედება. მაგალითისთვის, სეპარირებული ნარჩენები თუ ისევ ერთ ნაგავსაყრელზე მოხვდება, პროცესი საბოლოო შედეგამდე ვერ მივა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მექანიზმის დანერგვისთვის კატალიზატორის ფუნქცია ენიჭება ბიზნესინტერესების გაჩენას, კერძო სექტორის დაინტერესებას, რასაც ისევ ცნობიერების არარსებობის პრობლემამდე მივყავართ. ბიზნესსექტორის განათლება და დარწმუნებაა საჭირო იმაში, რომ ნარჩენების გადამუშავებას არა მარტო ეკონომიკური, არამედ ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია.

დასკვნა

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას დღეს სამეცნიერო საზოგადოება უკიდურესად დადებით და მომგებიან პროცესად თვლის. ეკონომიკის ამ ფორმაზე გადასვლას შეუძლია უდიდესი დადებითი გავლენა მოახდინოს როგორც ეკოლოგიაზე, ისე ეკონომიკაზე და ეს გავლენა ითარგმნება ახალ სამუშაო ადგილებში, უფრო დაცულ გარემოსა და მზარდ კეთილდღეობაში. საქართველოს ამ პროცესში ჩართვა აუცილებელია. საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მხოლოდ საწყის ეტაპზეა და საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი, სანამ რესურსების მართვის წრიულ მიდგომას სრულფასოვნად დავნერგავთ. ნარჩენების მართვაც კი პრობლემურია დღესდღეობით საქართველოში და ნაგავსაყრელების დიდი ნაწილიც გაუმართავია. თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული – დასუფთავებული და დახურულია ასობით სტიქიური ნაგავსაყრელი, ისევე, როგორც გაუმართავი მუნიციპალური ნაგავსაყრელები. დანერგილია ნარჩენების სეპარირებული შეგროვებაც, თუმცა მისი აღსრულება თითქმის არცერთ მუნიციპალიტეტში არ ხდება ეფექტიანად. ინფორმაციის ნაკლებობა ნარჩენების მართვის საკითხებსა და საზოგადოების როლზე ნარჩენების შემცირებაში, ისევე როგორც ნარჩენების გადამუშავების პოტენციურ სარგებელზე საჯარო და კერძო სექტორში კვლავ მთავარი პრობლემაა და ამ პრობლემების გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამიტომაც საზოგადოების და სახელმწიფოს ერთობლივი და თანმიმდევრული ძალისხმევაა საჭირო, რათა ქვეყანა ცირკულარულ და უფრო ეკო-მეგობრულ ეკონომიკაზე გადავიდეს და ნარჩენების შემცირების მსოფლიო პრობლემის გადაჭრაში თავისი წვლილი შეიტანოს.

[1] 2017 წლისთვის არსებული პროგნოზი 2050ის მშპ-ის შესახებ.

[2] 2020 წელს გაკეთებული პროგნოზი 2040ის დონესთან დაკავშირებით.

[3] საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, 2020

[4] 2014-2017 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება, 2019, გვ 206

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა