შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

თუ მოსკოვმა შეძლო, თბილისიც შეძლებს!
ორშაბათი, 25 იანვარი, 2016

როდესაც 2006 წელს მოსკოვი დავტოვე, მოსკოვის გადატვირთული ქუჩის გადაკვეთა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. რუსი მძღოლები ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან სიჩქარის შენელების ნაცვლად კიდევ უფრო უმატებდნენ სიჩქარეს, რითიც თითქოს ანიშნებდნენ ფეხით მოსიარულეებს, რომ სულაც არ აპირებდნენ გაჩერებას. სრულიად გასაგებია, რომ ფეხით მოსიარულეებიც შესაბამისად იქცეოდნენ. შედეგად ვიღებდით „ცუდ“ წონასწორობას, რომელშიც არც მძღოლები ფიქრობდნენ ფეხით მოსიარულეთათვის გზის დათმობას და არც ეს უკანასკნელნი არ ცდილობდნენ ქუჩის გადაკვეთას.

რამდენიმე კვირის წინ საშობაო არდადეგებზე ისევ ვესტუმრე მოსკოვს. გაოცებული დავრჩი ქალაქის ცენტრში ფეხით თუ მანქანით მოძრაობის კულტურაში მომხდარი დრამატული ცვლილებებით. დასარწმუნებლად, რომ ეს არ იყო ერთგვარი ფატა მორგანა, ჩემს 11 წლის შვილს, იანს ვთხოვე რამდენჯერმე გადაეკვეთა ქუჩა მოსკოვის ბულვართან, რათა ვიდეო გადამეღო.

ჩემი შვილი, იანი მშვიდად კვეთს ქუჩას მოსკოვის ბულვართან (ვიდეო: ერიკ ლივნი)

ხოდა თუ მოსკოვმა მოახერხა, თბილისი რატომ ვერ შეძლებს იგივეს, თუ გავითვალისწინებთ სხვა რეფორმებში მიღწეულ წარმატებებს? საქართველო იყო პირველი ქვეყანა ყოფილ საბჭოთა სივრცეში (ბალტიის ქვეყნების შემდეგ), რომელმაც გაწმინდა პოლიცია და საჯარო ინსტიტუტები კორუფციისგან. რატომ არ შეიძლება თბილისის ქუჩებში გამეფებული ქაოსი შევცვალოთ ცივილიზებული წესრიგით, რომელიც შეეფერება იმ ევროპას, რომელსაც ასე ვესწრაფვით?

პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოში უამრავი სამოქალაქო საზოგადოებრივი „ორგანიზაციაა“, რომელსაც ევროკავშირი და აშშ უხვად აფინანსებს. ერთადერთი, რაც გვაკლია, არის ნამდვილი სამოქალაქო აქტივობა ყველაზე დაბალ დონეზე. საქართველოს ჰყავს გამორჩეულად კარგად გაწვრთნილი, პროფესიონალი და სუფთა პოლიცია. მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ პოლიციამ რეალურად დაიწყოს კანონის აღსრულება.

როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, მდგომარეობა საქართველოშიც იცვლება. საქართველოს მთავრობა აპირებს მთელ რიგი ახალი ზომების შემოღებას საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამის პარალელურად, 2012 წლიდან დაიწყო შესანიშნავი სოციალური მოძრაობა „იარე ფეხით“, რომელიც თავს უყრის ქართველ და უცხოელ აქტივისტებს, რომელთაც აღელვებთ თბილისში ფეხით მოსიარულეთა პრობლემები. ეს არის ბიძგი ცვლილებებისთვის, რაც ასე ძალიან გვჭირდება.

2016 წლის 26 იანვარს ISET-მა უმასპინძლა შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ ორგანიზაციის „იარე ფეხით“ წარმომადგენლები, ISET-ის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები. შეხვედრა იყო იმ ლექციების, დებატებისა და ვიდეო ჩვენებების სერიის ნაწილი, რომლითაც ვცდილობთ, გავიგოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, რათა დავიბრუნოთ ურბანული სივრცე და რას გვთავაზობს მერია ამ ქალაქის მცხოვრებთ.

თბილისს შეუძლია მიბაძოს მოსკოვს და იზრუნოს საქართველოს ურბანული ტრანსპორტის „გამწვანებაზე“. სხვადასხვა საშუალებების (მაგ.: ელექტრომანქანების) გამოყენებით შესაძლებელია თბილისში ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შეთავაზება. მაგალითად, ული კინდერმანს, რომელიც სიტყვით გამოვიდა ISET-ში გამართულ შეხვედრაზე, მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ველობილიკების შემოღება, რაც ხელს შეუწყობს „მდგრად ურბანულ მობილობას“. ასეთი პროგრამა დიდ წვლილს შეიტანს ჰაერის გაჯანსაღებაში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ქალაქის მკვიდრთა ჯანმრთელობისთვის.

მართალია, ამ ეტაპზე ქართველი „მეხინკლე კაცების“ ველოსიპედზე ამხედრება და სამსახურში გაშვება ქარის წისქვილებთან ბრძოლის ტოლფასია, მაგრამ მათი იძულება, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან მაინც გაჩერდნენ, სულაც არ არის წარმოუდგენელი. როგორც მოსკოვის გამოცდილებამ გვაჩვენა, ერთი თვის განმავლობაში კანონის მთელი სიმკაცრით აღსრულება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შესახებ კამპანიები სრულიად საკმარისია ამისთვის. წითელსა და ზებრასთან გაჩერება არის არა თავზეხელაღებული „ჯიგიტობის“ კულტურის, არამედ „ცუდი“ წონასწორობიდან (რომელშიც მოსკოვი დიდი ხანი იყო გაჩხერილი და რომელშიც თბილისი ჯერ კიდევ არის) „კარგ“ წონასწორობაში გადასვლის საკითხი, სადაც ფეხით მოსიარულეთა უფლებები დაცულია.

არ გჯერათ? მაშინ წაიკითხეთ შემდეგი ნაწილი.

თამაშთა თეორიის მიგნებები

თამაშთა თეორიის ამ შემთხვევისთვის არსებითი მიგნებებიდან პირველი ის არის, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევას განსაზღვრავს მათი მოლოდინი იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევიან სხვა მონაწილეები. მაგალითად, თუ ფეხით მოსიარულე არ ელოდება, რომ ზებრაზე გადასვლისას მძღოლი მას გზას დაუთმობს, ის შეყოვნდება იქამდე, სანამ 120 პროცენტით არ დარწმუნდება, რომ მოახლოებული მანქანა მართლაც ჩერდება. შეცდომის უზარმაზარი საფასურიდან გამომდინარე, თავაზიან გერმანელ მძღოლს დასჭირდებოდა ხელის დაქნევა და გაჩერება, რათა რიგით ქართველ ფეხით მოსიარულეს გაეგო მისი განზრახვა და საკუთარი მოლოდინის შესაბამისად შეცვლა.

იგივე ლოგიკა ვრცელდება მძღოლების ქცევაზეც. არც ერთი მძღოლი, რომელიც გათვითცნობიერებულია თბილისში მოძრაობის წესებში, არ შეანელებდა სვლას ზებრასთან, რადგან ამას აზრი არ აქვს. ფეხით მოსიარულე მაინც არ ენდობა მის განზრახვას და მოთმინებით დაელოდებოდა მანქანის გავლას (ან გაჩერებას, იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც მანქანას უცხოელი მართავს). უფრო მეტიც, მძღოლებისთვის ზებრასთან აჩქარება უფრო გონივრულია, ვიდრე შენელება, როდესაც ხედავს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ზებრის გადასაკვეთად ემზარება. რატომ? იმიტომ, რომ ამ საქციელით იგი ნათლად აგრძნობინებს ფეხით მოსიარულეს, რომ გაჩერებას არ აპირებს და ქვეითმა გულშიც კი არ გაივლოს გზის გადაჭრა!

თამაშთა თეორიის მეორე მიგნება გვეუბნება, რომ მსგავსი „არაცივილური“ შედეგი (როდესაც მძღოლი არ უთმობს გზას ქვეითს, რომელიც, თავის მხრივ, აღარ ცდილობს ზებრაზე გადასვლას) სტაბილურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მძღოლისა და ფეხით მოსიარულისათვის არავითარი აზრი არ აქვს სამოქმედო სტრატეგიის შეცვლას, რადგან ორივემ კარგად უწყის ერთმანეთის დამოკიდებულების შესახებ. შედეგი კი არის ქალაქში გამეფებული „ცუდი“ წონასწორობა, რომლის შეცვლასაც სჭირდება ნება (პოლიტიკოსთა თუ სამოქალაქო აქტივისტების), რათა შეიცვალოს თამაშის წესები და მონაწილეთა მოლოდინები.

თამაშთა თეორიის მესამე მიგნება ის არის რომ „ცივილური“ წონასწორობა – რაც ახლა მოსკოვში გვაქვს და ასეთი ჩვეულებრივია ევროპისა და ამერიკის ქალაქებში – არათუ შესაძლებელი, არამედ საკმაოდ სტაბილურიცაა. თუ მძღოლი ელოდება, რომ ფეხით მოსიარულე გადაკვეთს ქუჩას ზებრაზე, ის იმაზე ბევრად ადრე დაიწყებს შენელებას, ვიდრე ფეხით მოსიარულე ფეხს დადგამს ზებრაზე. მძღოლისგან ამგვარი ქცევის მოლოდინის მქონე ფეხით მოსიარულე, თავის მხრივ, ყოყმანის გარეშე გადაკვეთს ქუჩას. შედეგი სტაბილურია, რადგან არც გერმანელი მძღოლი არ მოიქცევა „თბილისურად“ (რადგან თავს მალევე ამოჰყოფს გისოსებს მიღმა) და არც გერმანელ ფეხით მოსიარულეს არ აქვს ყოყმანის მიზეზი ქუჩის გადაკვეთისას.

შედეგად, საქართველოს სჭირდება აშკარა და ძალიან მარტივი პოლიტიკის გატარება, რაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოხდა: უფრო მკაცრი წესების, მაღალი ჯარიმებისა და უფრო მკაცრი აღსრულების შემოღება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აღსრულება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს გარდამავალ პერიოდში, რათა საშუალება მივცეთ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს, შესაბამისად შეცვალოს საკუთარი მოლოდინები და ქცევა. როგორც კი მოლოდინები შეიცვლება, აღსრულების ინტენსივობა (და მასთან დაკავშირებული ხარჯები) შეიძლება მკვეთრად შემცირდეს, რადგან ახალი წონასწორობა თავად უზრუნველყოფს შედეგს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს თამაშთა თეორიის მიგნებები.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა