შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

დაე, ასე იყოს!
ორშაბათი, 01 თებერვალი, 2016

როდესაც წმინდა ნინო, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმინდანი, მცხეთაში მოდიოდა, ფარავნის ტბის პირას მდებარე პატარა სოფელ ფოკაში შეჩერდა, რათა ვაზის ჯვარი აღემართა. როგორც ჩანს, წმინდა ნინო ზაფხულში მოდიოდა, რადგან დღესაც კი წელიწადში 6 თვე ფოკაში მისვლა თითქმის შეუძლებელია. ცივი და გრძელი ზამთრის დადგომასთან ერთად თოვლი კეტავს სოფელში მისასვლელ ყველა მთავარ გზას.

1992 წელს, როდესაც საქართველო ყველაზე მტკივნეულ პერიოდს გადიოდა მისი არსებობის ისტორიაში, ექვსმა ახალგაზრდა ქართველმა ქალმა გადაწყვიტა ფოკაში დასახლებულიყო. პირველი ათი წელი იყო ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისთვის: აშენებდნენ სახლს ღრმად მიწაში, რათა გაეძლოთ ძლიერი ქარისა და ყინვებისთვის (-15-25ºC, -59-77ºF), აგროვებდნენ შეშას გასათბობად, მოჰყავდათ და აბინავებდნენ კარტოფილსა და სხვა ძირითად საკვებ პროდუქტებს, ცდილობდნენ გამკლავებოდნენ სომეხ მეზობლებთან დაძაბულ ურთიერთობებს.

2000-იანი წლების დასაწყისში ფოკაში უკვე სულ სხვა ქარმა დაუბერა. პირველი ბიზნეს-იდეა გულისხმობდა ყველის ადგილობრივი ტრადიციის გაცოცხლებას, რომელიც სამცხე-ჯავახეთში კათოლიკე მისიონერებმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ჩამოიტანეს. ე.წ. „ლურჯი ყველის“ წარმოება საქართველოში პოპულარული ვერ გახდა, მაგრამ სამცხე-ჯავახეთში მაინც შემორჩა ამ ტექნოლოგიის ცოდნა, რადგან ალპურ ზონაში მდებარე ფოკა იდეალური ადგილია ყველის ამ იშვიათი სახეობის შესანახად.

ადგილზე ექსპერიმენტების (და საფრანგეთში მოწყობილი სასწავლო ტურის) შემდეგ, ლურჯი ყველი გახდა ნამდვილი კომერციული წარმატება როგორც ჩამოსულ ტურისტებს შორის, ისე თბილისში. გრძელი ზამთრის დღეები მისწრება იყო სწავლისა და ექსპერიმენტებისთვის. კრეატიულობისა და ინოვაციის ტალღამაც არ დააყოვნა: 20-ზე მეტი სახეობის, საოცარი შეფერილობის, ფორმისა თუ გემოს ყველი, ადგილობრივი (და არამხოლოდ) კენკროვნებით, სანელებლებითა და მწვანილებით შეზავებული მურაბები, თაფლი, ტრუფელი, შოკოლადი, არაყი, არარაფინირებული ზეთები, ძმარი, მინანქარი, სამკაულები და კერამიკა.

თითოეულ პროდუქტში იგრძნობა შესანიშნავი მარკეტინგული გემოვნება და სიახლეებისადმი დაუღალავი სწრაფვა. რას იტყვით შავი მოცხარის მურაბაზე ნუშის არომატით ან ლეღვის მურაბაზე ჯინჯერის ან ბანანის არომატით? ან, იქნებ, სტაფილო გნებავთ ლიმნის არომატით? სულაც, ეგებ შოკოლადი გეამოთ? გაგისინჯავთ ოდესმე ფორთოხალის ჩირი სეზამის არომატით? რას იტყვით ქონდრით არომატიზებულ არაყზე, რომელსაც არაყში დაძველებულ ველური ალპურ ქონდარსაც ეძახიან? და ყველა ეს ყველი? სულის ცხონებაა...

პირველად ფოკას 2015 წლის ზაფხულში ვესტუმრე და გაოცებული დავრჩი აქაურობის საოცარი ესთეტიკით. სიყვარული, სიმშვიდე და ჰარმონია გამოსჭვივის ყველა წვრილმანიდან – შენობების ქვები, ხის ავეჯი, უსაყვარლესი ქაღალდის შეფუთვები – ამ ყველაფრის გაზიარება ნამდვილად ღირს. და, აი, რამდენიმე თვის შემდეგ, კვლავ ვეწვიე ფოკას, ამჯერად უკვე ISET-ის აგრარული მიმართულების სტუდენტებსა და პროფესორებთან ერთად.

ეკონომიკური თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, ფოკელი დედების საქმიანობა სხვა არაფერია, თუ არა მცირე აგრობიზნესი. ხანმოკლე ალპური ზაფხულის განმავლობაში ისინი ხდიან თაფლს და უძღვებიან პატარა ფერმას, საიდანაც იღებენ ყველის ქარხნისთვის საჭირო რძის მარაგს. მთა ამარაგებს მათ კენკრით, ყვავილებითა და მწვანილებით, რომელთაც შემდეგ საკუთარი ნაწარმის გასამრავალფეროვნებლად იყენებენ. თუმცა ისინი არც კი ცდილობენ ინდივიდუალური მოგების გაზრდას. მათი მიზანი მხოლოდ სოფლის განვითარება და ჰარმონიაა. მთელ მოგებას ახალი იდეებისა და წამოწყებების დაფინანსებას ახმარენ.

როცა მიჭირს...

საერთო ბედისა და მოვალეობის ძლიერი გრძნობითაა გამსჭვალული ყველაფერი, რაც ფოკაში ხდება. დედებს შორის ყველაზე უხუცესი – ჯგუფის წინამძღვარი – მხოლოდ 24 წლის იყო, როდესაც ფოკაში დასახლდნენ. ის პრესტიჟული მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როდესაც სულიერი ძიების შემდეგ, სწავლას თავი დაანება. მშობლების დაჟინებული მოთხოვნით სწავლა თბილისში დაამთავრა. თუმცა ამ დროს უკვე იცოდა, რომ ბედი სულ სხვა რამეს უმზადებდა.

სწორედ მისმა ბუნებრივმა ქარიზმამ და ნიჭმა შეკრა ერთ გუნდად ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში გამოვლილი ძნელბედობების ჟამს. ის იყო ნათელი წერტილი როგორც კოლეგებისთვის, ისე გარშემომყოფთათვის. დებმა ბევრი მეგობარი შეიძინეს, მათ შორის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ფინანსურად ეხმარებოდნენ მათ ბიზნესს.

გამრჯე დედებმა მალევე მოიპოვეს სოფლის მცხოვრებთა პატივისცემა. ისინი ნელ-ნელა დარწმუნდნენ, რომ შეეძლოთ შვილები ხელობის, უცხო ენების (თუმცა არა ქართულის!) და კომპიუტერის სასწავლებლად გაეშვათ. სასაცილოა ისაა, რომ ნავსი სწორედ მაშინ გატყდა, როდესაც ადგილობრივმა გოგონამ 1000 ლარი მოიგო თემის წერის ეროვნულ ოლიმპიადაში! როგორც კი ნდობამ დაისადგურა, ადგილობრივებმა დედების მიბაძვა დაიწყეს: დარგეს ხეები (რაც აქამდე გაუგონარი რამ იყო ამ მხარეში), მოსინჯეს ფერმერობა და ახალი ბიზნეს-საქმიანობა – მეფუტკრეობა, მასპინძლობა და სხვ. ნებისმიერი გამვლელი შეამჩნევს ბევრ ცვლილებას: განახლებული სახურავები, მოვლილი ეზო-კარი. უფრო დაკვირვებული თვალი მეტსაც შეამჩნევს – სოფელი კოლექტიურად აგროვებს რძეს ყველისთვის, ბავშვები იღებენ განათლებას.

*     *     *

თუ ვერ მიხვდით, ფოკელი დედები არიან მონაზვნები და მათ დედა მარიამს რეალურად დედა ელისაბედი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველა მონაცემი აქვთ,  სულაც არ სურთ ბიზნეს-იმპერიის აშენება. პირიქით, ისინი ინარჩუნებენ თავიანთ შვიდკაციან ჯგუფს და ცდილობენ მძიმე გარჯა სწავლითა და სულიერებით დააბალანსონ. თუმცა მათი მიღწევების შესახებ ყველამ უნდა გაიგოს, რათა ძალა შეჰმატოს გავერანებულ სოფლებსა და სასოწარკვეთილ ოჯახებს და შთააგონოს ქართველი ერი! დაე, ასე იყოს!


ავტორი არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი. მადლობა ნინო კაკულიას სტატიის წერისას გაწეული დახმარებისთვის.

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა