შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ქართული სოფლის მეურნეობის ნორჩი ნერგები
ორშაბათი, 15 თებერვალი, 2016

ძველი ბერძნების საქართველოთი აღფრთოვანება მხოლოდ ოქროს საწმისით არ შემოიფარგლებოდა. ლეგენდის თანახმად, ისინი საქართველოს "გეორგიას" უწოდებდენ, რომელიც ბერძნული სიტყვიდან „γεωργός“ მოდის და მიწის მუშაკთა ქვეყანას ნიშნავს, რაც ბერძნების თვალში მათ ჯერ კიდევ მომთაბარე მეზობელი ტომებისგან გამოარჩევდა. ქართველებმა (კერძოდ, იბერიელებმა და კოლხებმა), როგორც ჩანს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს არგონავტებზე, რახან ასეთი აღიარება დაიმსახურეს.

დავუბრუნდეთ 21-ე საუკუნეს. CIA World Factbook-ის თანახმად, ქართულ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია, ქვეყნის სამუშაო ძალის 55.6%, თუმცა სექტორის პროდუქტიულობა ბოლო 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს სასოფლო სამეურნეო დამატებითი ღირებულება ერთ სულ მუშაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია განვითარებად ქვეყნებს შორის და მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების იმავე მაჩვენებელს.

ქართველი ფერმერების დაბალ პროდუქტიულობას უამრავი მიზეზი აქვს. შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ენდემური ინფრასტრუქტურული პრობლემები, მოძველებული ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სიმწირე.  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა არის სექტორში ინვესტიციების სიმცირის უმთავრესი მიზეზი.

ყველა ეს სირთულე კარგად არის ცნობილი, მაგრამ პრობლემის მთავარი მიზეზი (და შესაძლო გამოსავალი) მაინც სადღაც სხვაგან უნდა ვეძიოთ. ასე ფიქრობს ნინო ზამბახიძე, ავტორიტეტული და ცნობილი აგრობიზნესმენი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (Georgian Farmer Association – GFA) პრეზიდენტი. ნინოსთვის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდების უმეტესობა ტოვებს სოფელს და ბედის საძიებლად ქალაქში მიდის.

„ახალგაზრდების უმეტესობა, რომელთაც სოფლად ვხვდები, ვერ ხედავს თავის მომავალს სოფლის მეურნეობაში,“ –  ამბობს ნინო, –  „მათ არ ჰყავთ ადამიანები, რომელთაც მიბაძავენ და წარმოდგენა არ აქვთ, როგორი შეიძლება იყოს წარმატებული ფერმერი. მათ არ ესმით, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეთ სოფლის მეურნეობისგან. არ აქვთ არავითარი სტიმული, ინვესტიცია ჩადონ იმ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის განვითარებაში, რაც დაეხმარებათ, გახდნენ წარმატებული ფერმერები და აგრობიზნესის მენეჯერები. თუმცა, თუ ქართული სოფლის გადარჩენის იმედი არსებობს, ეს სწორედ ამ ახალგაზრდებზე იქნება დამოკიდებული. სწორედ მათ შეუძლიათ ახალი სიცოცხლე შთაბერონ ქართულ სოფლის მეურნეობას და მოუტანონ საჭირო ეფექტურობა“.

გულდაწყვეტის მიუხედავად, ნინომ გადაწყვიტა მდგომარეობა შეეცვალა. პირველ რიგში, მას სურდა, ეპოვა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული წარმატებული ახალგაზრდა მეწარმეები, რომელთაც ჰქონდათ ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რათა იმედის ნაპერწკალი  გაეღვივებინა ბევრი ახალგაზრდა ქართველი ფერმერის გულში. როგორც ამბობენ, ვინც ეძებს, ყოველთვის პოულობსო და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, GFA-ის კარს მოადგა ბაია აბულაძე, 22 წლის ღვინის მწარმოებელი, რომელმაც ახლახან დაიპყრო ქართული ინტერნეტ-სივრცე. ნინო იხსენებს: „ბაიას GFA-ში შევხვდი. თვალებიდან ენთუზიაზმს ასხივებდა, როდესაც თავის ამბავს მიყვებოდა. ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მისმა იუმორმა და უშრეტმა ენერგიამ მოახდინა“.

ამას მოჰყვა თავბრუდამხვევი წარმატების ამბავი.

მივიდა, ნახა, დაიპყრო

ბაია დაიბადა და გაიზარდა სოფელ ობჩაში (ბაღდათის რ-ნი, იმერეთი). სოფლად მცხოვრები სხვა ოჯახების მსგავსად, ბაიას ოჯახსაც ჰყავს საქონელი, შინაური ცხოველები და ყანა. თუმცა ბაიას ოჯახს სოფელში ყველაზე დიდი ვენახი აქვს და ღვინის წარმოება იყო ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ყველაზე წარჩინებული მოსწავლე იყო, ბაია არც ხელების დასვრას ერიდებოდა. ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ეხმარებოდა მშობლებს ოჯახური ბიზნესის წარმართვაში. „მამა ქვევრში ვერ ეტეოდა. მე მიწევდა შიგნით ჩახტომა და ქვევრის გამორეცხვა,“ – ამბობს ბაია მომხიბვლელი ღიმილით.

დაუღალავმა შრომამ და მონდომებამ მოიტანა ის, რაც ბიზნესში ძვირად ფასობს და ვერცერთი სკოლა და უნივერსიტეტი ვერ იძლევა – გამოცდილება! „ბაიამ სახტად დამტოვა ღვინის დაყენების შესახებ ცოდნით. ის ღვინის წარმოებაზე იმ ხელოვანის მონდომებითა და ვნებით ლაპარაკობდა, რომელიც ხატვისას ყურადღებას აქცევს ფუნჯის თითოეულ მოძრაობას“.

მისი თანატოლების მსგავსად, ბაიაც თბილისში წამოვიდა სასწავლებლად. ჯერ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი მაგისტრატურა ილიას უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე გააგრძელა. მაგრამ მას არასდროს გაუწყვეტია კავშირი სოფელთან და საოჯახო ფერმასთან. მართალია, ოჯახს თბილისში საკუთარი ბინა აქვს, მაგრამ ერთადერთი ადგილი, რომელიც ბაიას სახლად მიაჩნია, წინაპრების დანატოვარი იმერული ოდაა ობჩაში. ის იხსენებს, როგორ ელოდებოდა ზაფხულის მოსვლას, რომ სოფელში წასულიყო და ოჯახს დახმარებოდა.

ბაია ნელ-ნელა მიხვდა, რომ ოჯახის ღვინის წარმოების ბიზნესს ზრდის დიდი პოტენციალი ჰქონდა. უმაღლესმა განათლებამ და დედაქალაქში ცხოვრებამ მიახვედრა, რომ წარმატების მისაღწევად საჭირო იყო ბრენდის შექმნა და ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა. მან მთელი თავისი  ცოდნა და უნარი გამოიყენა, რომ საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის (Micro- and Small – Sized Enterprise Promotion Program – MSSEPP) 5000-ლარიანი გრანტი მიეღო. „გრანტით ვიყიდეთ ყველაფერი, რაც ღვინის ბოთლებში ჩამოსხმისთვის იყო საჭირო,“ – იხსენებს ბაია. შემდეგ იყო ეტიკეტის დიზაინის შექმნა, რომელშიც მთავარი როლი ისევ ბაიამ ითამაშა. ცოტა ხანში ბაიას გარჯამ და მონდომებამ შედეგი მოიტანა: დაიბადა ბაიას ღვინო! თბილისის ხუთ მაღაზიასა და ორ რესტორანთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბაია უკვე ღვინის შეტანას ბათუმში გეგმავდა. „ისეთი სასიამოვნო იყო, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ღვინო კარგად იყიდებოდა. თვითკმაყოფილების საოცარი გრძნობა დამეუფლა,“ – სიამაყით იხსენებს ბაია.

თუმცა ბაიას ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვალა. ეს მაშინ დაიწყო, როდესაც ბაია ფეისბუქზე GFA-ის შესახებ პოსტს წააწყდა. დაინტერესებულმა ნინოს მისწერა და შეხვედრა სთხოვა. ორი დღის შემდეგ ნინო დაეხმარა ბაიას დაეწერა ბლოგი საკუთარი თავგადასავლის შესახებ. იმ დღიდან ეს ამბავი მოედო მთელ ქართულ სატელევიზიო სივრცეს, ონლაინ მედიასა თუ ჟურნალ-გაზეთებს. „ფეისბუქზე მეგობრობის 1500 მოწვევა და 500 შეტყობინება მომივიდა ერთ დღეში,“ – იხსენებს ბაია.

ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ბაიამ სრულად დააფასა ნინოსთან ნაცნობობით მიღებული პოპულარობა. რაც უფრო მეტი ადამიანი იგებდა მის ოჯახსა და სოფელზე, მით უფრო მეტად ამაყობდა თავისი მიღწევებით და ბოლოს მიხვდა, რომ ღვინის წარმოება იყო მთელი მისი ცხოვრების სიყვარული. „ნინოს მხარდაჭერის გარეშე,“ – ამბობს ბაია, – „შეიძლება მხოლოდ აკადემიური კარიერა ამერჩია. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ამდენი ადამიანის ყურადღებისა და მხარდაჭერის გამო თავს მოვალედ ვგრძნობ, ჩემი ბიზნესის, ოჯახისა და სოფლის სახელი გავამართლო. ეს სულ სხვაგვარ მოტივაციას მაძლევს. ახლა 100% ვარ ჩემს ბიზნესზე გადართული.“

ძალა ერთობაშია

ამ ამბით შეგულიანებულმა ნინომ გააგრძელა ძიება და კიდევ ბევრი ასეთი ახალგაზრდა ფერმერი იპოვა. ის ყურადღებიანი მშობლის სიამაყითა და მზრუნველობთ გვიყვება თითოეული მათგანის ამბავს. იცის, რომ უნდა მოყვეს ბოდბელ გურამზე, რომელიც 14 წლიდან მეყასბეობას მისდევს („გურამის ხორცი“, გურამისა და მისი ძმის მიერ შექმნილი ბრენდი, დიდი წარმატებით სარგებლობს კახეთში) მელანოზე, რომელსაც სოკო მოჰყავს, ნოდარზე, რომელიც რძეს, ყველსა და სხვა რძის ნაწარმს ამზადებს საქართველოს მაღალმთიანეთში, მინდიაზე სამეგრელოდან, რომლის თაფლიც შეუდარებელია. კიდევ გიორგიზე სამცხე-ჯავახეთიდან, რომელსაც ღვინის ტერასები აქვს და ტრადიციულ მესხურ ღვინოს აყენებს.

„მათ აქვთ კარგი განათლება, ქარიზმა და არიან კარგი ორატორები. მათ ესმით მარკეტინგი და აქვთ ბიზნესისთვის საჭირო ვნება. მათ იციან ინგლისური, შეუძლიათ შევიდნენ ინტერნეტში და იპოვონ მათი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია,“ – სიამაყით ამბობს ნინო.

ნინოს გადაწყვეტილი ჰქონდა ეს ფერმერები ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო. „საჯაროობით შეგიძლიათ ერთი გასროლით ორი ჩიტი მოკლათ,“ – ამბობს ნინო, – „ერთი მხრივ, საჯარო აღიარება არის შესანიშნავი სტიმული ამ ახალგაზრდებისთვის, რომ იშრომონ და გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქცია. მეორე მხრივ, მათი მაგალითი შეიძლება მისაბაძი იყოს სხვა ახალგაზრდებისთვის, რომ სოფელში დაბრუნება და წარმატებული აგრობიზნესის დაწყება მაგარია“.

ნინოს ძალიან კარგად ესმის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მან შექმნა ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია (Young Farmers Association – YFA) იმისთვის, რომ ამ მოტივირებულმა ახალგაზრდა პროფესიონალებმა გავლენა მოახდინონ თავიანთ თანატოლებზე. ორგანიზაციას ბაია ხელმძღვანელობს. YFA-ის მთავარი მიზანი იქნება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ახალგაზრდების მხარდაჭერა, მოტივირებული ახალგაზრდა ფერმერების პოვნა და მათი დახმარება, მათთვის პროფესიული რჩევების მიცემა. „ისინი ერთ ენაზე საუბრობენ და მათთვის უფრო ადვილი იქნება თავიანთი თანატოლების გაგება. მათ სათქმელს უკეთ გაიგებენ,“ – სჯერა ნინოს.

ახალგაზრდა და მოტივირებული

ბაია და YFA-ის სხვა წევრები არიან რჩეულები რჩეულთა შორის. ბაიას, ნინოს მსგავსად, კარგად ესმის ქართული სოფლის მეურნეობის სექტორში გაბატონებული პრობლემები. თუმცა მაინც იმედიანადაა. „სოფლის მეურნეობა მთავრობის და დონორების პრიორიტეტია. ბევრ წერილს ვიღებ ახალგაზრდა ფერმერებისგან, რომელთაც რჩევები სჭირდებათ, სად იშოვონ ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო კაპიტალი, როგორ დაწერონ საგრანტო აპლიკაცია, სად ნახონ მათთვის საჭირო ტრენინგები. გვინდა, რომ ისეთივე ბიძგი მივცეთ, როგორიც მე მომცა MSSEPP-ისგან აღებულმა გრანტმა და ნინოს დახმარებამ... ჩვენ მივცემთ საწყის ბიძგს და დანარჩენს თავად გააკეთებენ. მათ აქვთ საკმარისი უნარი და გამოცდილება,“ – ამაყად აცხადებს ბაია.

*     *     *

სოფლის მეურნეობის განვითარება მართლაც არის საქართველოს მთავრობისა თუ საერთაშორისო დონორების უმთავრესი პრიორიტეტი. თუმცა დღემდე მთავრობისა და საერთაშორისო დონორების მიერ სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებსა და გრანტებზე დახარჯულმა მილიონობით დოლარმა (და ევრომ) ვერ მოიტანა სასურველი ცვლილებები. იქნებ, ისინი ჯაგლაგ ცხენზე დებდნენ ფსონს?

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა