წინსვლა თუ... უკუსვლა?
1977 წელს ჩემმა ოჯახმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საცხოვრებლად ისრაელში გადავედით. „ალია“ (ებრაელთა გადასახლება ისრაელის მიწაზე) კარგად გადმოსცემს ებრაული დიასპორის „რეპატრიაციას“ (ჩემ შემთხვევაში, სანქტ-პეტერბურგიდან) წმინდა მიწაზე. ეტიმოლოგიურად, „ალია“ მოდის ძველი ებრაული ტრადიციიდან, რომლის თანახმადაც ებრაელები ყოველ წელს მიდიოდნენ მოსალოცად იერუსალიმში (რომელიც ზღვის დონიდან 1 კმ-ზე მდებარეობს). თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პირველი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის სოციალურ სტატუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი „წინსვლა“ მოხდა.
ჩემს მშობლებს ორი წელი დასჭირდათ, რომ ებრაული ესწავლათ და მუშაობა დაეწყოთ. საოჯახო ხარჯების დაზოგვის მიზნით, მე ალონეი იცხაკში გამგზავნეს, სადაც ებრაული სააგენტოს დაფინანსებით იმიგრანტი ბავშვებისთვის სკოლა-პანსიონი იყო გახსნილი, რომელიც ჩემსავით საბჭოთა კავშირიდან ახალ ჩამოსულ და 1950-იან წლებში მაროკოს, ალჟირის, ტუნისისა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნების სოფლებიდან ჩამოსული გაუნათლებელი ოჯახების ბავშვებს ემსახურებოდა.
თქმაც არ არის საჭირო, რომ „რუსები“ და „მაროკოელები“ სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობდით. ერთ კლასში ვსწავლობდით, მაგრამ საერთო ბევრი არაფერი გვქონდა. სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით და ყველაფრით განვსხვავდებოდით: ქცევა და საუბრის მანერა იქნებოდა თუ ჰობი და ინტელექტუალური ინტერესები.
მომდევნო წელს ყველაფერი შეიცვალა. მე ჰაიფაში, Hebrew Reali-ის სკოლაში ჩავაბარე, ელიტურ კერძო სასწავლებელში, რომელიც დათანხმდა (ნაწილობრივ) კარი გაეღო ჩემნაირი გარეულისთვის. ყოველდღიური 2-საათიანი მგზავრობა ქირიათ ათადან (პატარა, მუშათა კლასის ქალაქი ჰაიფას მახლობლად) თითქოს კარგი საფასური იყო ამ პრესტიჟული კლუბის წევრობისთვის, რომელიც ტექნოლოგიური ნიჭის, ინტელექტუალური, სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელების აკვნად ითვლებოდა.
კლასში ერთადერთი „რუსი“ ვიყავი, ამიტომ თავდაუზოგავად ვცდილობდი საკუთარი, უცხოური ვინაობისა და აქცენტის დამალვას. საათობით დავდიოდი წრეზე ჩვენს ფრიად მოკრძალებულ სახლში და ვმეცადინეობდი ებრაული „რ“ ბგერის წარმოთქმაში. ძალიან მალე უკვე უზადოდ ვიცოდი ებრაული, თუმცა ჩემი ყველა მცდელობა, „დავკავშირებოდი“ საზოგადოებას და გავმხდარიყავი მისი წევრი, უშედეგოდ მთავრდებოდა.
სასაცილოა, რომ მე და ჩემს კლასელებს ერთნაირი უნიფორმა გვეცვა, ჯინსები და ლურჯი პერანგები, რომლის ჯიბეზეც სკოლის დევიზი ეწერა „იარე მდაბლად“ (მიქა 6:8). თუმცა ეს ლურჯი პერანგები ვერ მალავდა გარეულებსა და ჰაიფას მაღალი ფენის მდიდარ ებრაულ ოჯახებში დაბადებულთა სოციალურ სტატუსს შორის განსხვავებას.
16 წლისა უკვე აღარ ვცდილობდი „ავთენტური“ ებრაელი მეგობრების შეძენას და თავშესაფარი მეზობლად მცხოვრები ჩემნაირი „რუსების“ გარემოცვაში ვიპოვე. თითქოს აქ ჩემი ებრაული ოცნება უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 18 წლისა ისრაელის ჯარში წავედი.
მიწა ჩემ ფერხთით
1982 წელი იყო. ისრაელსა და ლიბანს შორის ომი იყო და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, ელიტურ მედესანტეთა შენაერთში შევსულიყავი. ძალიან მალე აღმოვჩნდი კარანტინში 25 ახალგაზრდასთან ერთად. აქ იყვნენ დოვ ზილბერი მოშავ კფარ კიშიდან და ოფერ კოენი ნაჰარიადან, აირ ითჟაკი კუბუც კინერეთიდან და რონი ალმაგორი თელავივიდან, ამირ ჰალკინი ზემო სავიონიდან და ფინკი ზუარეცი ნეთანიადან. არიკ ლიბმან (მე) საბჭოთა ემიგრანტების შვილი და ომრი შარონი, მაშინდელი თავდაცვის მინისტრისა და მომავალი პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის ვაჟი.
|
საქართველოს ეროვნული ფორმირების პროექტი 130 წლისთავს ზეიმობს
ქართველების უმრავლესობამ იცის, რომ მათი ქვეყანა არის ბევრი ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის – სომხებისა და აზერბაიჯანელების, ოსებისა და იეზიდების, ებრაელებისა და ბერძნების – სამშობლო. თუმცა ცოტა თუ ფიქრობს, რომ მიუხედავად გათიშულობისა და ძლევამოსილი იმპერიების უღელქვეშ ყოფნისა, ქართველი ერი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არსებობს.
სიმართლე ის გახლავთ, რომ სხვათა მსგავსად, ქართველი ერიც ფრიად ახალი მოვლენაა. XIX საუკუნემდე, ქართველური ტომები უბრალოდ ტომები იყვნენ. რა თქმა უნდა, ისინი ერთი ენის სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობდნენ და ერთი რელიგია აერთიანებდათ, თუმცა ერთიანი ეროვნული სულისკვეთება ნამდვილად არ ჰქონიათ. მართლაც, როგორ შეიძლება ერთიან სულისკვეთებაზე ვისაუბროთ ტერიტორიაზე, რომელსაც გადაულახავი მთათა სისტემა და ერთმანეთთან მოქიშპე იმპერიებისა თუ ფეოდალი მმართველების მიერ დაწესებული ხელოვნური საზღვრები ჰყოფდა.
საქართველოს, როგორც ერის, ფორმირება დაიწყო XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის მმართველობის ქვეშ ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანებით. თუმცა ეს არ მომხდარა XVIII საუკუნის 60-70-იან წლებამდე, როდესაც რუსეთის იმპერიის პერიფერიებსა და ევროპაში დაწყებული ეროვნული მოძრაობებით შთაგონებულმა ქართველმა ინტელექტუალებმა ქვეყნის ეროვნული სულისკვეთების პროექტი ახალ დონეზე აიყვანეს. ამ პროცესის ორი ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო 1876 წელს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოქვეყნება და სამი წლის შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა. ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა მიერ დაფუძნებული ეს საზოგადოება წერა-კითხვას ასწავლიდა გლეხობას ახალშექმნილ სკოლებში. მიზანი იყო ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, შექმნა. ამავე მიზანს ემსახურებოდა ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები.
|
სამწუხაროდ, არსებული გათიშულობის აღმოფხვრის ნაცვლად, საქართველოს განათლების სისტემა და ინსტიტუტები (მაგ.: ჯარი) ქვეყნის ეროვნული ფორმირების უმთავრეს ხელისშემშლელებად გვევლინებიან. სოციალური მობილობის ხელშეწყობის ნაცვლად, ქართული საჯარო სკოლები ინარჩუნებენ და ამყარებენ არსებულ სოციალურ და კულტურულ სხვაობებს (იხ. „რაც მასწავლებელი, ის მოსწავლე“). ქართველი საზოგადოების იარების მკურნალობის ნაცვლად, ქართული კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ეფექტურად ყოფს ერს მქონებლებად და უქონელებად. შესაბამისად, ქართული „ეროვნული“ არმია არის შესაძლებლობებს მოკლებული გლეხების არმია, რომელთაც არ აქვთ საჭირო მოტივაცია და ვერ აკმაყოფილებენ XXI საუკუნის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
* * *
კარგი ამბავი ის არის, რომ ჩამორჩენას ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: სხვათა შეცდომებსა და წარმატებაზე სწავლა. ისრაელს თავისი წილი პრობლემები აქვს, მაგრამ საქართველოს ნამდვილად შეუძლია ისწავლოს მისგან, როგორ გამოიყენოს სამხედრო სისტემა ერის აღმშენებლობის იარაღად.