პირველად გოგის 2015 წლის ზამთარში შევხვდით, როდესაც ფერმერებისგან ინტერვიუებს ვიღებდით რატის მშობლიურ ქვემო ალვანში. ახმეტის რაიონში მდებარე ქვემო და ზემო ალვანი ჩვეულებრივი კახური სოფლები არ გეგონოთ. ამ სოფლებს ზამთრის სადგომად იყენებენ თუშეთის მაცხოვრებლები. თუშეთსა და კახეთს ერთმანეთისგან აბანოს უღელტეხილი (3,000 მ.) ჰყოფს.
|
გოგი ელანიძე ერთ საშუალო თუშურ ოჯახში დაიბადა. მამამისი, დანიელ ელანიძე, თელავის ყველის ქარხნის დირექტორად მუშაობდა, მაგრამ 1988 წელს წამოვიდა სამსახურიდან, რათა შვილებთან ერთად საქართველოში ერთ-ერთი პირველი კომერციული ფერმა აეშენებინა (ეს ადრეული „პერესტროიკის“ პერიოდში იყო, ამიტომ საოჯახო ფერმა „კოოპერატივის“ სახელით შენიღბეს). ეს სარისკო და რთული წამოწყება იყო, მაგრამ საბჭოთა რუბლის უხვი მიწოდებისა და სამომხმარებლო საქონლის არალეგალურად გაყიდვის წყალობით, ოჯახის ღორების ფერმა ფრიად მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა. ოჯახმა მალევე შეძლო სამშენებლო სამუშაოების დასრულება და ადგილობრივი კოლექტივისგან ფერმისთვის საჭირო მიწისა და ტექნიკის შეძენა.
ყველაფერი კარგად იყო, სანამ...
1994 წელს დანიელ ელანიძე გულის შეტევით გარდაიცვალა და ვერ მოესწრო, როგორ დაიტაცა მისი ბიზნესი ხარბმა მაფიამ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში გამეფებული ქაოსისა და განუკითხაობის ხანაში.
მომდევნო 12 წლის განმავლობაში, ოჯახზე ზრუნვის მიზნით, გოგიმ ბედი ბევრგან სცადა. როგორც ჭეშმარიტი თუში მეცხვარის ბუნებას შეჰფერის, დახეტიალობდა სამსახურიდან სამსახურში, ქვეყნიდან ქვეყანაში.
1994-1995 წლებში გოგი ავტობუსს მართავდა საქართველო-თურქეთის ხაზზე, მაგრამ მხედრიონელებმა მისი მგზავრები გაძარცვეს და მანაც საგადასახადო ინსპექტორის ბევრად უფრო უსაფრთხო სამსახური არჩია ახმეტაში (სახელმწიფოსთვის მუშაობა არ არის ჩემი საქმეო, ამბობს დღეს). მისი ოდისეა ჯერ სამხრეთ რუსეთში საზამთროსა და პომიდვრის მოყვანით გაგრძელდა, შემდეგ კი ფოთში თევზსაჭერი გემის მართვით.
2005 წელს, გოგიმ, როგორც იქნა, „ჯეკპოტი“ მოიგო, როდესაც დაიწყო სარისკო, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი სამსახური ამერიკის სამხედრო ბაზაზე ერაყში. ის მართავდა ტრაილერს, რომელიც პროდუქტებით ამარაგებდა ბაზას. ერთ წელიწადში მან მოახერხა 10,000 აშშ დოლარის დაგროვება, რომელიც პირდაპირ ერიცხებოდა ბანკის ანგარიშზე თელავში. ეს საკმარისი აღმოჩნდა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამამზადებელ ქარხანაში ინვესტიციის ჩასადებად.
გოგიმ მოახერხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ სკოლებისა და საჯარო დაწესებულებების აღდგენაზე გამოცხადებული ტენდერების მოგება, რამაც მუდმივი შემოსავალი მოუტანა მომდევნო 7 წლის განმავლობაში. მან ფინანსური დანაზოგის გაკეთებაც შეძლო და დაიწყო მამისეულ ფერმაში დაბრუნებაზე ფიქრი.
ჯერ მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. თაფლი კარგი ბიზნესი იყო, თუმცა გოგის თუშური სულისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, დედა ბუნებასა და მწყემსის ტრადიციულ ცხოვრებასთან დაბრუნება იყო. როგორც მისი წინაპრები მოგზაურობდნენ თუშეთს, შირაქსა და ალვანს შორის, გოგიც სკებით დატვირთული სატვირთო მანქანით მოგზაურობდა კახეთში: ადრე აპრილში ლაგოდეხის აკაციის ტყეებში, შემდეგ შირაქის აყვავებულ ველებზე, გვიან მაისში კი ყვარლის ცაცხვის ტყეებში (თქმაც არ არის საჭირო, რომ გოგის თაფლის გასინჯვა ერთ რამედ ღირს).
2011 წელს გოგიმ ბედი უკვე მებაღეობაში სცადა და 600 ხურმის ხე დარგო მამისეული ფერმის გვერდით. 2015 წელს დამატებული წვეთოვანი სარწყავი სისტემის წყალობით, იმედი აქვს, რომ რამდენიმე წელიწადში, როდესაც ხეები გაიზრდება, 18-20 ტონა მოსავალს მიიღებს. გვიხსნის, რომ ეს სრულიად საკმარისია ერთი სატვირთოს დასატვირთად, ამიტომ უფრო ადვილი იქნება უკრაინელებისთვის მიყიდვა, რომლებიც შესაფუთი მასალებითა და პალეტებით დატვირთული სატვირთო მანქანებით ჩამოდიან კახეთში მოსავლის აღების დროს.
OK Google, როგორ დავიწყო თხის ფერმა?
2013 წელს, როდესაც მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ბიზნესმა დაღმასვლა დაიწყო, გოგის ახალი იდეა მოუვიდა: თხის ფერმა. წაიკითხა, რომ ორგანული თხის რძე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ფრანგული თხის ყველზეც ჰქონდა გაგებული და ისიც გაარკვია, რომ თხები ჭამენ თითქმის ყველაფერს, ვაშლიდან დაწყებული გამხმარი საახალწლო ნაძვის ხეებითა და ცოცხებით დამთავრებული. მაგრამ, ნეტავ, საიდან უნდა დაიწყოს კაცმა? თხები და თხის რძე ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ალვანის მეცხვარე მოსახლეობაში, ამიტომ მცოდნეს აზრს ვერ ჰკითხავდა და გამოცდილებასაც ვერავინ გაუზიარებდა.
საბედნიეროდ, გოგის ჰქონდა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და შეეძლო თავად ესწავლა ყველაფერი. როდესაც ერთ შაბათ დილით შევხვდით მამისეულ ფერმაზე, გოგიმ გვაჩვენა ინტერნეტში ნაპოვნი ნახაზები, რითიც ძველი ღორების ფერმა უნდა განეახლებინა, რათა ადგილობრივ ბაზარზე თხები ეყიდა. მაშინ უკვე იცოდა, რომ ადგილობრივი თხები ცოტას (დღეში 0.5-1 ლ.) იწველებიან ელიტური შვეიცარიული თხებისგან განსხვავებით, რომლებიც დღიურად 4-6 ლიტრ რძეს იძლევიან. ყველაზე მარტივი იყო, ადგილობრივი ჯიშის გაუმჯობესების მიზნით შვეიცარიიდან მამალი თხების შემოყვანა. ამ პროცესს 3-5 წელი დასჭირდებოდა.
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე შვეიცარიული თხის შემოყვანა ფინანსურად შეუძლებელი იყო. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, გოგიმ იპოვა თანამოაზრე ნატახტარში, რომელთან თანამშრომლობითაც შეძლებდა ჩამოყვანის ხარჯების დაზოგვას. შეთანხმება შედგა და 2015 წელს ხუთმა ზაანურმა მამალმა თხამ ამაყად დადგა ფეხი ქვემო ალვანის ცვრიან მიწაზე.
ერთი წლის შემდეგ, გოგის 29 რჩეულ თხას 39 ციკანი ეყოლა. მართალია, ბამბის ქულასავით თეთრი ციკნები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ თავიანთ არისტოკრატ მამებს, მაგრამ გოგიმ იცის, რომ კიდევ რამდენიმე თაობა და სამი წელი დასჭირდებათ თხებს, რომ პროდუქტიულობის შვეიცარიულ დონეს მიაღწიონ.
გამხმარი საახალწლო ნაძვის ხეები და ცოცხები არ არის ცხოველების გამოკვების იდეალური გრძელვადიანი წყარო, ამიტომ გოგიმ 8,700 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ჩინეთში დამზადებულ ჰიდროპონიკის საკვების ქარხანაში. მას იმედი ჰქონდა, რომ ინვესტიციის ნაწილს საქართველოს მთავრობის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაუფინანსებდა, რომელსაც მიმართა კიდეც, თუმცა 4 თვე ვერ დაელოდებოდა განხილვის პროცესის დასრულებას, თხებს საკვები სჭირდებოდათ.
როგორც გოგი გვიხსნის, ჰიდროპონიკა ნამდვილი მისწრებაა მცირე მიწის მფლობელებისთვის, რომელთაც არ აქვთ დიდი საძოვრები. ჰიდროპონიკის დანადგარი ხუთი განყოფილებისგან შედგება, რადგან სწორედ ხუთი დღე სჭირდება ქერის თესლს, რომ საკმარისად გაიზარდოს. ყოველდღე გოგი თითო განყოფილებაში რგავს დაახლოებით 30-40 კგ. ქერს. ხუთ დღეში უკვე შეუძლია დაახლოებით 100 კგ. 100%-ით ორგანული მწვანე ჯეჯილის აღება, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ახლა სჭირდება.
გოგის ტემპები შთამბეჭდავია. მასსა და თხების სხვა მეპატრონეებს შორის უკვე შედგა თანამშრომლობა (დიახ, გოგი აღარ არის მარტო) ყველის ერთობლივი წარმოების, თხის ხორცისა და ფარის გენეტიკური გაუმჯობესების მიმართულებით. დაბოლოს, გოგი უკვე ელაპარაკება ჟან-ჟაკს, მეზობელ არგოხში დასახლებულ მითოლოგიურ ფრანგ ფერმერს, ფრანგული ყველის რეცეპტების სწავლის შესაძლებლობებსა და პურის, ყველის, ღვინისა თუ სხვა დელიკატესების ჟან-ჟაკის თბილისური მაღაზიისა და უცხოური კავშირების მეშვეობით ბაზარზე გატანაზე.
გოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისმა წარმატებამ შეიძლება მისი 25 წლის შვილი, ლევანი, რომელიც განათლებით სამოქალაქო ინჟინერია, საოჯახო ბიზნესში დააბრუნოს და გააგრძელოს მამისეული საქმე. მისი ქალიშვილი, 21 წლის სალომე, თბილისის სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია. სალომე ნიჭიერი ხელოვანია და, ალბათ, არ მოინდომებს ფერმერობას, მაგრამ რა გაეწყობა, სრულყოფილი არავინაა.
* * *
სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორების პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.