გქონიათ ოდესმე ჯანსაღი პროდუქტების ყიდვის პრობლემა ან დაგზარებიათ ბაზრებში საყიდლებზე სიარული? განა საოცარი არ იქნებოდა, ნატურალური და ახალი საკვების ონლაინ შეკვეთა და სახლში მიღება? soplidan.ge-ს ამბავი ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.
ეს არის ამბავი მცირე ბიზნესზე ინოვაციური იდეით. soplidan.ge არის პირველი ქართული ინტერნეტ-პორტალი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ონლაინ იყიდოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. მომხმარებლებს შეუძლიათ მათთვის სასურველი პროდუქტების ყიდვა, რომელსაც ერთ დღეში ადგილზე მიიღებს. ეს არის შესანიშნავი გზა, სახლში მიიღოთ ახალი, ჯანსაღი, ნატურალური ხილ-ბოსტნეული. 2015 წელს „სოფლიდან“ დასახელდა წლის საუკეთესო სტარტაპად.
ამ მშვენიერი ბიზნეს-იდეის უკან ორი ახალგაზრდა ქალი დგას. ნინო მღებრიშვილი და ნათია ნინიკელაშვილი კახეთიდან უკვე 10 წელია მეგობრები არიან. როგორც ახალგაზრდა დედებს, ნინოსა და ნათიას საერთო პრობლემა აქვთ, როდესაც საქმე მათი შვილებისთვის ჯანსაღი პროდუქტების ყიდვას ეხება. ბუნებრივი და ჯანსაღი პროდუქტების საყიდლად ხშირად უწევდათ წასვლა სხვადასხვა სოფელსა თუ ბაზარში, რაც ბევრ დროს მოითხოვს. ისინი მალევე მიხვდნენ, რომ ყველას არ აქვს საშუალება, რამდენიმე საათი იმგზავროს და სოფელში შეიძინოს პროდუქტები. თუ ადამიანები ონლაინ ტანსაცმელს ყიდულობენ, რატომ არ შეიძლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ყიდვაც შეეძლოთ? აი, ასე დაიბადა მათი ბიზნეს-იდეა.
ნინომ და ნათიამ დაიწყეს ბაზრებისა და ფასების შესწავლა. მათ ჰქონდათ კავშირი კახეთის რამდენიმე სოფელთან და ადვილად შეეძლოთ ადგილობრივი პროდუქტების ყიდვა სხვადასხვა მცირე და საოჯახო ფერმისგან. შედეგ დაარეგისტრირეს soplidan.ge, შექმნეს ძალიან ლამაზი ვებ-გვერდი ონლაინ შოპინგისთვის და ჩამოაყალიბეს ადგილზე მიტანის სისტემა, რათა საკვები მომხმარებლებამდე მიეტანათ.
ნინომ და ნათიამ კარგად იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, როგორ გამოიყურება პროდუქტები, ამიტომ ზრუნავენ, რომ ყველაფერი კარგად გარეცხილი და დაფასოებული იყოს. ეს მათ აშკარა უპირატესობას ანიჭებს ბაზრებთან შედარებით, სადაც საკვების ხარისხსა თუ წარმომავლობაზე გარანტია თითქმის არ არსებობს. მიუხედავად ამისა, soplidan.ge-ს ფასები ბაზრის ფასებისგან ბევრით არ განსხვავდება. ეს იმიტომ, რომ ნინო და ნათია ყიდულობენ უშუალოდ ფერმერებისგან და არა შუამავლებისგან.
ცხრილი #1
ეს არ არის ქართული გამოგონება!
სულაც არ არის გასაკვირი, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ონლაინ შოპინგს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს ევროპაში. გერმანიაში ვეგეტარიანული და ორგანული პროდუქტების ყუთებს სხვადასხვა რეგიონული მიმწოდებლები უკვე 1990-იანი წლებიდან სთავაზობენ მომხმარებლებს. დღეს ეს ძალიან პოპულარული ბიზნესია, რომელიც ორგანული პროდუქტებით ამარაგებს არა მხოლოდ ოჯახებს, არამედ საბავშვო ბაღებს, სკოლებს, ბიზნესებსა თუ რესტორნებს. გერმანიაში 110-ზე მეტი ასეთი მიმწოდებელია, რომლებიც პროდუქტების დიდ ნაწილს რეგიონული ფერმებიდან იღებენ. ეს ბიზნესი პოპულარულია ინდოეთშიც. 1.4 მილიონი ფერმერი ინდოეთში ყიდის თავის პროდუქციას ინტერნეტით, შუამავლების ჩარევის გარეშე.
აშშ-ში ჩვეულებრივ ვეგეტარიანული პროდუქტების ყუთებთან ერთად, არსებობს საზოგადოებრივი სოფლის მეურნეობის სისტემა (Community Supported Agriculture – CSA). ეს სისტემა მიზნად ისახავს მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის პირდაპირი კავშირის ხელშეწყობას, რათა მომხმარებელს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, როგორ იზრდება მისთვის სასურველი საკვები. ვეგეტარიანული პროდუქტების ყუთების ბევრი სხვა მოდელისგან განსხვავებით, CSA-ში ჩართულია მომხმარებელი, რომელიც ფინანსურად ეხმარება ფერმერს, სეზონურად წინასწარ იხდის რა ფერმის პროდუქციის საფასურის ნაწილს. მსგავსი ურთიერთობა საშუალებას აძლევს ფერმერს, იყიდოს თესლები, მცენარეები და სხვ. საშუალებები და გადაიხადოს სამუშაოს ხარჯები ისე, რომ არ დაელოდოს მოსავლის აღებით მიღებულ შემოსავლებს.
მომგებიანი ყველასთვის
საკვების ბაზრის უმთავრესი პრობლემა არის ე.წ. „ღირებულებათა ჯაჭვი“, უამრავი მხარე, რომელიც დგას ფერმერსა და საბოლოო მომხმარებელს შორის. ღირებულებათა ჯაჭვი შეიძლება შედგებოდეს ბევრი „ღირებულების მქონე“ მხარისგან, რომელიც ასრულებს ისეთ ფუნქციას, როგორიცაა შეგროება, ლაბორატორიული ტესტი, დასაწყობება, ტრანსპორტირება, შეფუთვა, გადამუშავება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ხშირ შემთხვევაში, ფერმერები, რომლებიც მხოლოდ ნედლეულს ყიდიან, დგანან ჯაჭვის ყველაზე დაბალ დონეზე და, შესაბამისად, სხვა მოთამაშეებთან შედარებით, აქვთ ყველაზე დაბალი წილი დამატებით ღირებულებაში.
ქართველ ფერმერთა უმრავლესობა არის მცირე მიწის მფლობელი, რომელსაც ვერ მიაქვს საკუთარი პროდუქცია თბილისის მომგებიან ბაზრებამდე. ხშირ შემთხვევაში, ამ ფერმერებს სხვა არჩევანი არც აქვთ, გარდა იმისა, რომ რომ საკუთარი პროდუქცია ადგილობრივ ბაზრებზე გაყიდონ. მცირე რაოდენობით სასოფლო სამეურნეო პროდუქტების თბილისში ტრანსპორტირების ხარჯები შეიძლება წარმოუდგენლად მაღალი იყოს. მეტიც, თბილისელი საბითუმო ვაჭრებისთვის მიყიდვაც შეიძლება არ იყოს კარგი იდეა.
ონლაინ შოპინგი ქართველ ფერმერებს სთავაზობს ღირებულების შედარებით მაღალი წილის მიღების შესაძლებლობას, რადგან აგდებს შუამავლების რგოლს და უშუალოდ აკავშირებს მას საბოლოო მომხმარებელთან. ინტერნეტი შეიძლება გახდეს პროდუქციის მყისიერად გაყიდვისა და მომხმარებლისა და ფერმერის ერთმანეთთან დაკავშირების უმთავრესი საშუალება. როდესაც ფერმერებს ესმით ონლაინ შოპინგზე ან „ვებ-მარკეტინგზე“, ისინი, როგორც წესი, ფიქრობენ მსხვილ ბიზნესსა და მაგარ ვებ-გვერდზე. თუმცა ევროპის ბევრ ონლაინ გაყიდვების სისტემას ამუშავებენ მცირე ფერმერები ან ფერმერთა ჯგუფები, შუამავლების ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
გაფართოების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირდაპირ მიყიდვა მეურნეობებისთვის, საბავშვო ბაღებისთვის, რესტორნებისა თუ სუპერმარკეტებისთვის უნდა გახდეს სტიმული ბევრი ქართველი ფერმერისთვის, ჩაერთოს კომერციულ საქმიანობაში (და დროთა განმავლობაში გახდეს ჭეშმარიტი ფერმერი). ბევრი მათგანისთვის ნამდვილ ფერმერად ქცევა შეიძლება ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს, მათ მოუწევთ, ისწავლონ, როგორ გააუმჯობესონ პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხი, როგორ იურთიერთონ და მიეჩვიონ, რომ დროულად მიაწოდონ პროდუქტები მომხმარებლებს. ონლაინ მარკეტინგის ვარიანტმა შეიძლება, ასევე, წაახალისოს ფერმერები, შექმნან ფორმალური თუ არაფორმალური კოოპერატივები, რათა ერთობლივად შექმნან პროდუქცია, ინვესტიცია ჩადონ მნიშვნელოვან აღჭურვილობაში, შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და ტრანსპორტირების ხარჯები.
თბილისში ბევრი ადამიანია, რომელსაც არ აქვს დრო, ყოველ კვირას იაროს მოლსა თუ ბაზარში ახალი პროდუქტების საყიდლად. ონლაინ შოპინგის გამოჩენა გაუადვილებს მათ ცხოვრებას და მისცემს წვდომას ჯანსაღ, ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებზე. ნინოს, ნათიასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ონლაინ ვაჭრობის სხვა ქართველი პიონერების წყალობით ყველა მხარე მოგებულია: ფერმერები, სოფლის მოსახლეობა, ქალაქელი მომხმარებელი და მთელი ქართველი ერი. უკეთესი ცხოვრება იწყება უკეთესი, ჯანსაღი სოფლის ნობათით.
გაამოთ!
ავტორს სურს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოს ნანა მუტაფიდუს გაწეული დახმარებისთვის.