ადამიანთა რაციონალურობა არის პოპულარული ეკონომიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური დაშვება. თუმცა, როგორც კარლტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ტიმოთი ა. პიჩელი ამტკიცებს, საქმის გადადება, იგივე „უსარგებლო ნებაყოფლობითი გადადება“, არ შეესაბამება რაციონალური ადამიანის პარადიგმას.
პიჩელი თავის წიგნში „გამჭიანურებლის დაიჯესტი“ ამტკიცებს, რომ მედღეხვალიეები (ე.წ. Procrastinator) არღვევენ რაციონალურობის ყველაზე ფუნდამენტურ აქსიომას, კერძოდ, ე.წ. პრეფერენციების ტრანზიტულობას. თუ ადამიანს ძაღლები ურჩევნია კატებს და კატები – ზაზუნებს, ტრანზიტულობის პრინციპით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძაღლები ურჩევნია ზაზუნებს. პიჩელი ამტკიცებს, რომ მედღეხვალიე ადამიანი სხვაგვარად იქცევა. დავუშვათ, ადამიანს ოთხშაბათს აქვს სამუშაოს ჩაბარების ბოლო ვადა, ორშაბათს მან შეიძლება საქმე სამშაბათისთვის გადადოს; სამშაბათს კი გადაწყვიტოს, რომ ოთხშაბათს იმუშაოს. ამასობაში ოთხშაბათიც მოდის და შეზღუდულ დროში მუშაობა ნამდვილ აგონიას ემსგავსება, რის გამოც ადამიანმა შეიძლება ინანოს, რომ სამუშაო დათქმულ ორშაბათს არ შეასრულა. გამოდის, მედღეხვალიეს ორშაბათი ურჩევნია სამშაბათს, სამშაბათი – ოთხშაბათს, ოთხშაბათი კი – ორშაბათს.
მეტიც, პიჩელს სჯერა, რომ იმის არგაკეთება, რაც ადამიანს უნდა, არარაციონალურია, თუნდაც ბევრად ფუნდამენტური გაგებით. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ადამიანები მოქმედებენ საკუთარი პრეფერენციების მიხედვით და, შესაბამისად, მიზეზის გარეშე არ გააკეთო რაღაც, რისი გაკეთებაც გინდა, არ შეესაბამება ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე საბაზისო პრინციპს. პიჩელი ამბობს, რომ მედღეხვალიე ხდება „საკუთარი თავის უდიდესი მტერი“. თამაშთა თეორიაში, ჩვენ მიჩვეული ვართ, გავაანალიზოთ კონფლიქტური სიტუაციები, რომელშიც ბევრი დაპირისპირებული მხარეა ჩართული, მაგრამ სიტუაცია, სადაც ადამიანი საკუთარი თავს ეწინააღმდეგება, სრულიად უცხოა ეკონომიკური თეორიისთვის.
სტრუქტურული მედღეხვალიე
არსებობს სხვა მოსაზრებებიც. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონ პერი წიგნში „გაჭიანურების ხელოვნება“ წერს: „მედღეხვალიეს, ჩემსავით, შეუძლია მოირგოს ბევრის მკეთებლის იმიჯი“. მისი აზრით, გარკვეული რაღაცეების არგაკეთებას შეიძლება ბევრად ღრმა მიზეზები ჰქონდეს, რომლებიც შეიძლება არ იყოს მთლად არარაციონალური. მაგალითად, თუ ადამიანს პრიორიტეტების სიის სათავეში აქვს „ჩინურის სწავლა“, სრულიად რაციონალური იქნება, თუ ამ დავალებას გადადებს, თუნდაც სამუდამოდ. მეტიც, ის გვარწმუნებს, რომ „სტრუქტურული მედღეხვალიეები“ საბოლოოდ ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებენ, თუნდაც (ან ამიტომაც) ამას დედლაინამდე ცოტა ხნით ადრე აკეთებდნენ. მეორეს მხრივ, დედლაინამდე დიდი ხნით ადრე ადამიანები ეშვებიან პერფექციონისტურ ფანტაზიებში, უნდათ საქმის კარგად გაკეთება, რის გამოც უამრავ რესურსს ხარჯავენ უმნიშვნელო დეტალების დახვეწაზე. სამუშაოს ჩაბარების კარს მომდგარი ვადის ციებ-ცხელება ეხმარება მედღეხვალიეს, არ დაკარგოს ძვირფასი დრო უმნიშვნელო დეტალებზე. ამიტომ საქმის გადადება დედლაინამდე ერთგვარი „მამოძრავებელი მექანიზმია“ ამ ტიპის ადამიანებისთვის.
პოპულარული ბლოგის (waitbutwhy.com) ავტორი, ტიმ ურბანიც მსგავს დასკვნამდე მიდის. ის გამოყოფს გამჭიანურებელთა სამ ძირითად ტიპს, რომელთაგან მხოლოდ ორია ცალსახად არარაციონალური. იგი გამჭიანურებელთა ერთ ტიპს უწოდებს "წარმატებულ" მედღეხვალიეს. ისინი დავალების შესრულებას დებენ მანამ, სანამ კრიტიკული მომენტი არ დგება, როდესაც „პანიკის ურჩხული“ ჩნდება ავანსცენაზე და ისინიც იწყებენ მოქმედებას. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ახერხებენ დარჩენილ დროში სამუშაოს შესრულებას. ტიმ ურბანი თავის თავს წარმატებულ მედღეხვალიეს უწოდებს და თვლის, რომ ამ ტიპის ადამიანებს შეუძლიათ ამ რეჟიმს მოარგონ საკუთარი ცხოვრება. ისინი დედლაინებსა და შეთანხმებებს იყენებენ როგორც მამოძრავებელ მექანიზმს სამუშაოს შესრულებისთვის. აღსანიშნავია, რომ დანარჩენი ორი ტიპი შეუსაბამობაშია რაციონალურობის პარადიგმასთან. „უთავბოლო“ მედღეხვალიე (ე.წ. Impostinator) ყოველთვის დაკავებულია, მაგრამ არასდროს არ აკეთებს, რაც გასაკეთებელია. უთავბოლო ხარ, თუ სემესტრული ნაშრომის ჩაბარებამდე ერთი დღით ადრე იწყებთ სახლის დალაგებას. მსგავსი უცნაური პრიორიტეტები წინააღმდეგობაშია საკუთარ პრეფერენციებთან და ამიტომ, პიჩელის მეორე არგუმენტის მიხედვით, არარაციონალურია. კიდევ უარესი, არსებობენ „ხელმოცარული“ მედღეხვალიეები (ე.წ. Disastinator). ამ ტიპის ადამიანების მდგომარეობა შეიძლება პათოლოგიური იყოს და სჭირდებოდეს პროფესიული დახმარება. ხელმოცარულები აღარ რეაგირებენ „პანიკის ურჩხულის“ გამოჩენაზე და სიმშვიდეს ინარჩუნებენ მაშინაც კი, როცა ქვეყანა თავზე ექცევათ.
ISET-ის მაგალითი: გააჩნია...
ჩვენთან, ISET-ში, ვფიქრობთ, რომ მედღეხვალიეობის არარაციონალურად შეფასებისთვის, სულ მცირე, ორი კრიტერიუმია საჭირო. ყველას შეუძლია გამოიყენოს ეს კრიტერიუმები და გადაწყვიტოს, რაციონალურია თუ არა მისი ქცევა.
მედღეხვალიობა არარაციონალურია ადამიანისთვის, რომელსაც არ სიამოვნებს დედლაინამდე ცოტა ხნით ადრე მუშაობა. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ამ დროს ადამიანი არ მუშაობს იმაზე მეტს, ვიდრე საქმის გადადების გარეშე იმუშავებდა. ერთადერთი, რასაც ადამიანი აკეთებს, არის ის, რომ ირჩევს სამუშაოს შესრულების ისეთ თანმიმდევრობას, რომელსაც დროის პრობლემამდე მიჰყავს იგი. დავალებების თანმიმდევრობის შეცვლით ადამიანი ზუსტად იგივე სამუშაოს შეასრულებს, ოღონდ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. თუმცა, თუ ადამიანს სიამოვნებს დედლაინის წნეხში მუშაობა, თუ იგი ეძებს ადრენალინსა და ექსტაზს, რომელსაც ასეთ დროს გრძნობს, შეიძლება ძალიანაც გონივრული იყოს, რომ მან არ იმუშაოს ადრე. თანაც, დღევანდელი სამუშაო აღარ გულისხმობს მამონტებზე ნადირობას და, თუ ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს კომპიუტერის ეკრანთან ატარებს, დედლაინის ციებ-ცხელება კარგიც კია.
მეორე კრიტერიუმი არის გავლენა, რასაც საქმის გადადება ახდენს შესრულების ხარისხზე. თუ დროის წნეხი ეტყობა საბოლოო პროდუქტს, ეს კარგი მიზეზია, სამუშაო ადრე შევასრულოთ: ბოლოს და ბოლოს, წარმატება ნიშნავს არა უბრალოდ დავალების შესრულებას, არამედ კარგად შესრულებას. თუმცა ადამიანს, რომელსაც შეუძლია შეზღუდულ დროშიც კი უშეცდომოდ შეასრულოს სამუშაო, ამგვარი მოტივაცია არ სჭირდება.
რამდენიმე კვირის წინ, ISET-მა უმასპინძლა კალაბრიის უნივერსიტეტის პროფესორს, მარია დე პაულას, რომელმაც წარმოადგინა საქმის გადადების ემპირიული კვლევის შედეგები და მისი გავლენა სტუდენტების მოსწრებაზე (დე პაულა და სკოპა, 2015 წ., „საქმის გადადება, აკადემიური წარმატება და გამოსასწორებელი პროგრამის ეფექტიანობა“, journal of Economic Behavior and Organization 115, 217–236 გვ.). მისი ექსპერიმენტის მონაწილეები იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, საზომად კი გამოყენებული ჰქონდა კალაბრიის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ რეგისტრაციის გავლისთვის საჭირო დღეების რაოდენობა. გაირკვა, რომ, საშუალოდ, მათ, ვინც მეტი ხანი იცდიდა რეგისტრაციისთვის, ბევრად დაბალი ნიშნები ჰქონდათ და ნაკლებად მოტივირებულნი იყვნენ სწავლის პროცესში.
მარია დე პაულას პრეზენტაციით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა საქმის გადადებასა და აკადემიურ მოსწრებას შორის კავშირი ISET-ის სტუდენტებს შორის. ჩვენი ანალიზი ეფუძნება ISET-ის 119 კურსდამთავრებულის საშუალო მოსწრების ქულას (ე.წ. GPA), რომელთაც სწავლა 2012-2015 წლებში დაამთავრეს. დე პაულას ნაშრომის მსგავსად, ჩვენ საზომად ავიღეთ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო დრო, რათა დაგვედგინა მედღეხვალიობის ტენდენცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომეტრიკული ანალიზის შედეგები სტატისტიკურად უმნიშვნელო აღმოჩნდა, დავადგინეთ, რომ მათ, ვინც აპლიკაცია ბევრად ადრე შეავსეს, უკეთესი ნიშნები ჰყავდათ, ვიდრე მათ, ვინც აპლიკაცია დედლაინამდე ცოტა ხნით ადრე შეავსეს. სხვაობა 0.021 ქულა იყო, რაც ქულის მეათედსაც კი არ შეადგენს (მაგალითად, სხვაობა B-სა და B+-ს შორის 0.33-ია). ბევრად უფრო შოკისმომგვრელია, რომ მედღეხვალიეები ჭარბობდნენ იმ სტუდენტებში, რომელთაც ISET-ში სწავლის პერიოდში რეიტინგების ბოლოსკენ გადაინაცვლეს (რეიტინგი არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, განსაზღვრავს სტიპენდიისა და ფინანსური დახმარების მიღებას). ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შეგვიძლია გავიმეოროთ დე პაულას ადრეული შედეგები, კერძოდ, „დედლაინით გამოწვეული სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს ქალის შედეგებზე, მაშინ, როდესაც მამაკაცებზე სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს“ (დე პაულა და გოია, 2014 წ., „ვინ მუშაობს უკეთ დროის წნეხის ქვეშ? საველე ექსპერიმენტის შედეგები, IZA Discussion Paper, 8708 წ.). ჩვენ დავადგინეთ, რომ ISET-ის მამაკაცი სტუდენტების აკადემიური წარმატება საერთოდ არ არის კავშირში საქმის გადადებისადმი მიდრეკილებასთან და ეფექტს მთლიანად იწვევდნენ ქალი სტუდენტები.
ჩვენი დასკვნები შეესაბამება რაციონალურ შეხედულებას საქმის გადადების შესახებ. გრაფიკი #1 გვიჩვენებს, რომ მამაკაცები არიან განსაკუთრებით მძიმე მედღეხვალიეები. გრაფიკი #2 კი აჩვენებს, რომ მძიმე მედღეხვალიე მამაკაცთა საშუალო ქულა მოწესრიგებულ მამაკაცთა საშუალო ქულასთან შედარებით უკეთესია (მიუხედავად იმისა, რომ საშუალო მედღეხვალიეზე ოდნავ ცუდი მაჩვენებელი აქვთ). როგორც ჩანს, მამაკაცთა ქცევა ოპტიმალურია: ვინაიდან საქმის გადადება მათი მუშაობაზე გავლენას არ ახდენს, ისინი არ არიდებენ მას თავს. ქალებისთვის, მეორეს მხრივ, ვითარება სრულიად სხვაგვარია. რაც მეტად აჭიანურებენ, მით მეტად აისახება ეს მათ მოსწრებაზე. სწორედ ამიტომ გვყავს ნაკლები მედღეხვალიე ქალი და უფრო მეტი მოწესრიგებული, რომელიც დროულად ასრულებს სამუშაოს.
ამ ყველაფრის შემდეგ, მზად ვართ, გავგზავნოთ ეს სტატია. შაბათია, 11:07 სთ. და The Financial-ის რედაქტორი მოუთმენლად გველოდება. ალბათ, მკითხველმაც უნდა შეწყვიტოს გაზეთის კითხვა და სამუშაოს დაუბრუნდეს.