შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

უნივერსალური მინიმალური შემოსავალი – უტოპიური ოცნება თუ კარს მომდგარი რეალობა
კვირა, 29 მაისი, 2016

ივნისის დასაწყისში მთელი მსოფლიოს ყურადღება შვეიცარიისკენ იქნება მიმართული, რადგან 5 ივნისს ამ ზღაპრული ქვეყნის მოქალაქეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ რეფერენდუმში, რომლის თანახმადაც სახელმწიფო გარანტიას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, რომ მინიმალური შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 30,000 აშშ დოლარი ექნება.

ერთი შეხედვით ეს ნამდვილი სიგიჟეა, რადგან, თუ ადამიანებს ექნებათ გარანტირებული მინიმალური შემოსავალი, რაღატომ იმუშავებენ ან მიიღებენ განათლებას? განა ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა და შემოსავლის წყაროების „დაშრობა“ არ გამოიწვევს არსებული სისტემის დაშლას?

წინასწარ გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, შვეიცარიელები ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ ამ იდეას და მინიმალური შემოსავლის პროექტი ჩავარდება. თუმცა, Financial Times-ში ახლახან გამოქვეყნებულ სტატიას თუ დავუჯერებთ, თავად ფაქტი, რომ ასეთ იდეაზე შვეიცარია რეფერენდუმს ატარებს, უკვე ცხადჰყოფს, რომ ჩვენი დროის რეალობა იცვლება: რაც აქამდე მხოლოდ „რადიკალური“ ფანტაზია გვეგონა, ახლა რეალობის ნაწილი ხდება.

უნივერსალური მინიმალური შემოსავლის (Universal Basic Income – UBI) იდეის დამცველთა მთავარი არგუმენტი, ალბათ, ის არის, რომ ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო მეტად იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში და ანაცვლებს ადამიანებს ამა თუ იმ დავალებების შესრულებისას: მანქანის მართვა, მზარეულობა თუ ბავშვებისთვის სწავლება. „ტექნოლოგიური ნგრევა“ გასცდა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების სიუჟეტს და რეალობა ხდება. არსებული მტკიცებულებები გვაფიქრებინებს, რომ  სამყაროს მოუწევს ტექნოლოგიური პროგრესის საფასურის გადახდა, რადგან უთანასწორობისა და უმუშევრობის დონე იზრდება.

„ტექნოლოგიური ნგრევის“ ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ მოთხოვნა ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე, რომელიც ამჟამად საკლასო ოთახებში ისწავლება, შეიძლება თანდათან გაქრეს. კრეატიული, ჩარჩოებს მიღმა აზროვნება დახვეწილ პროგრამირების უნართან ერთად მალე შეიძლება გახდეს ყველაზე სასურველი კვალიფიკაცია დასაქმებულთათვის. მალე ე.წ. „შავ“ და ბევრ „თეთრ“ სამუშაოსაც კომპიუტერები და რობოტები შეარულებენ.

UBI-ის მომხრეები დასავლეთში ამტკიცებენ, რომ, თუ სოციალური კეთილდღეობის სისტემა არ მოერგება სამუშაო ბაზრის ცვალებად ბუნებას და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი რესურსების განაწილების უკეთეს მექანიზმს, სოციალური კატაკლიზმები შეიძლება გარდაუვალი იყოს.

ჩვენ, ალბათ, უკვე ვართ ტექნოლოგიური ნგრევისგან გამოწვეული სოციალური შედეგების ადრეული ნიშნების მოწმენი: პოლიტიკის რადიკალიზება, პოპულიზმის აღზევება ევროპასა და აშშ-ში. როგორც ეკონომისტში ახლახან გამოქვეყნებული სტატია წერს, პოპულისტი მემარჯვენე პარტიების პოლიტიკური ძალა სულ უფრო და უფრო იზრდება ევროპაში.

სავარაუდოდ, უნივერსალურ მინიმალური შემოსავალს (იმ ქვეყნებში მაინც, რომელთაც შეუძლიათ ამის უფლება მისცენ საკუთარ თავს) შეუძლია ჩააცხროს უმუშევრობასა და უთანასწორობასთან დაკავშირებული პოპულარული მღელვარება. ამ ყველაფრის შემდეგ გავბედავ და ვიტყვი, რომ, თუ (და როცა) UBI-ის იდეა რეალობა გახდება, ის იმაზე მეტ კითხვას გააჩენს, ვიდრე პასუხის გაცემას შეძლებს.

ერთ-ერთი დაუყოვნებელი შედეგი შეიძლება იყოს ლტოლვილთა ნაკადის ზრდა ღარიბიდან მდიდარი ქვეყნებისკენ, რისი მოწმენიც დღეს უკვე ვართ. ვინმემ შეიძლება ამტკიცოს, რომ ომითა და სიღარიბით მოცული ქვეყნების თვალში დასავლეთ ევროპა უკვე არის „მინიმალური შემოსავლის“ ერთგვარი ვერსია, რომელიც გულისხმობს დაცულ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში ცხოვრებას, რაც მსოფლიოს ბევრ ნაწილში ჯერ კიდევ ფუფუნებად ითვლება.

ერთი რამ ცხადია – ტექნოლოგიების, იდეების მსოფლიო, ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა, ყველაფერი ჩვენ თვალწინ თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება. რადგან გადავწყვიტეთ, წინ აღვუდგეთ ჩვენ წინაშე არსებულ სირთულეებს, იმედია, ამ გზაზე ჩვენი თანამგზავრი იქნება სინდისი, სიბრძნე, ჰუმანურობა და არა შიში.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა