„ვინც მოითმენს, ის მოიგებს“, — ქართული ანდაზა
ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისას ამჩნევენ, არის ის, რა თავქარიანად ატარებს ტაქსის მძღოლი მანქანას აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე: შუქნიშნის წითელზე ჩავლა, წინ მიმავალი ჯიპისთვის გასასწრებად დარღვეული წესები და ბევრი სხვა გაუმართლებელი რისკი, რითიც ქართველი მძღოლი საფრთხეს უქმნის არამარტო მგზავრის, არამედ საკუთარ სიცოცხლესაც. საშიში მგზავრობის პროცესიდან ყურადღების გადასატანად, მძღოლმა შეიძლება ტურისტს ცნობილი „ჯიგიტური“ (მამაცი მხედარი) ანეკდოტიც გაუზიაროს: ჯიგიტი არ აჩერებს წითელზე, მაგრამ აჩერებს მწვანეზე, რადგან ამ დროს შეიძლება ქვეითი ჯიგიტი კვეთდეს გზას.
სამწუხაროდ, მანქანის მართვის ჯიგიტური სტილი ქართველების მიოპიური ქცევის ერთადერთი მაგალითი არ გახლავთ. ნაადრევი ქორწინებები, ახალგაზრდა მშობლები, არასათანადო ბიზნეს-ეთიკა და დანაზოგების დაბალი დონე ქართველთა მხრიდან გრძელვადიანი აზროვნების მნიშვნელობის დაკნინების ყველაზე ნათელი მაგალითებია.
ადრე, ამავე ბლოგზე ფლორიან ბირმანმა და რობიზონ ხუბულაშვილმა ქართველთა განსაკუთრებულ მოუთმენლობაზე ისაუბრეს. ახალი მტკიცებულებები თომას დომენისა და მისი კოლეგების გამოკვლევიდან ადასტურებს აღნიშნულ ჰიპოთეზას. 76 ქვეყანაში რესპოდენტებს სთხოვდნენ არჩევნის გაკეთებას დღეს გარკვეული რაოდენობის თანხასა და უფრო დიდი რაოდენობის თანხას შორის ერთი წლის შემდეგ. რაოდენობები შერჩეული იყო მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით იმისათვის, რომ შემდეგ ქვეყნებს შორის შედარება ვალიდური ყოფილიყო. შედეგად, აღმოჩნდა, რომ საქართველო არის მესამე ყველაზე მოუთმენელი ქვეყანა რუანდისა და ნიკარაგუას შემდეგ!
მერე რა მოხდა, რა არის ცუდი მოუთმენლობაში? ეს ხომ მდიდარი ქართული კულტურის ნაწილია და გამოარჩევს ქართულ ტემპერამენტს სხვა ეროვნებებისაგან? რა თქმა უნდა, გამოარჩევს, მაგრამ არა ყოველთვის კარგ კონტექსტში...
მოთმინება მნიშვნელოვანია!
დომენი და მისი კოლეგები დეტალურად აღწერენ, რა ურთიერთკავშირი არსებობს მოთმინებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. მოთმინება ხელს უწყობს ადამიანური და ფიზიკური კაპიტალის დაგროვებას, ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებას და მომავალზე ორიენტირებული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. შედეგად, მკვლევართა ლოგიკის თანახმად, ეკონომიკები, სადაც მომთმენი ადამიანები დომინირებენ, უფრო სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან.
თეორიული არგუმენტი დამაჯერებელია, მაგრამ მუშაობს კი ეს მექანიზმი რეალობაში? დიახ, მუშაობს. იმავე კვლევის მიხედვით, 76 ქვეყნის 80 000 დაკვირვებაზე დაყრდნობით, ქვეყნის დონეზე ეკონომიკური ზრდის 40% მოთმინების შედეგია. მეტიც, მოთმინება ძლიერ კორელაციაშია განათლების მიღწეულ დონესა და დანაზოგებთან, როგორც აგრეგირებულ (ქვეყნებს შორის), ასევე ინდივიდუალურ (ერთსა და იმავე ქვეყანაში ადამიანებს შორის) დონეზე.
ეკონომიკურ განვითარებაში მოთმინების საკვანძო როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობაში მომავალზე ორიენტირებული ქცევის წახალისება. ცხადია, აზრი არ აქვს დაავადების სიმპტომებთან ბრძოლას გამომწვევი მიზეზების გამოაშკარავებისა და აღმოფხვრის გარეშე.
ახლომხედველობის მიზეზები
უილიამ აშერი, ავტორი წიგნისა „მომავლის შემოტანა: სტრატეგიები შორსმხედველობისა და მდგრადობისათვის განვითარებად ქვეყნებში“ (“Bringing in the Future: Strategies for Farsightedness and Sustainability in Developing Countries”), ახლომხედველობის ოთხ ძირითად მამოძრავებელ ძალას გამოყოფს: დროითი უპირატესობა (იგივე „წმინდა“ მოუთმენლობა), ეგოიზმი, ანალიტიკური შეზღუდვები და დაუცველობა.
ზოგადად, ადამიანებს ურჩევნიათ სარგებელი მიიღონ მალე, ხარჯები კი გადაავადონ. ამის მიზეზი არის ადამიანების მიდრეკილება მომავალი სარგებლისა თუ დანახარჯის გაუფასურებისა, რომელსაც ეკონომისტები დისკონტირებას უწოდებენ. რაც უფრო მაღალია დისკონტირების განაკვეთი, მით უფრო ნაკლები ღირებულება აქვს მომავალ ხარჯსა და სარგებელს ადამიანისათვის. „წმინდა“ მოუთმენლობა არ არის მხოლოდ ქართველების თვისება, ის სხვადასხვა დოზით ყველა ადამიანის პიროვნული მახასიათებელია. გეოგრაფიულ და კულტურულ განსხვავებებს კი დროით უპირატესობებში ხშირად კონტექსტუალური ან ისტორიული მიზეზები აქვს. მაგალითად, ადგილებში, სადაც საკვების მოპოვება და შენახვა ძნელი იყო (კლიმატის, გვალვებისა თუ ომიანობის გამო), ხვალის ნაცვლად დღეს მოხმარება ბუნებრივად უკეთესი გადარჩენის სტრატეგია იქნებოდა. შესაბამისად, ასეთ ადგილებში „მოუთმენლობის“ გენები გადარჩებოდა და გადაეცემოდა მომავალ თაობებს.
ეგოიზმი ახლომხედველობის კიდევ ერთი მამოძრავებელი ძალაა. ამ ურთიერთკავშირის საუკეთესო ილუსტრირებაა ლუი XV-ის ცნობილი ფრაზა: „ჩემს შემდეგ თუნდ წარღვნაც მოსულა“ (“Après moi le déluge”). ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, სწორედ ნადირობითა და ქალებით გატაცებულმა ეგოისტმა ლუი XV-მ „დააჩქარა დაღმავლობის პროცესები და 1789 წლის რევოლუციამდე მიიყვანა საფრანგეთი“. ისევე როგორც წმინდა მოუთმენლობის, ასევე ამ შემთხვევაშიც, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანში არსებობს ეგოიზმისა და ალტრუიზმის გარკვეული ბალანსი, რომელზეც ბევრი რამ ახდენს გავლენას, მათ შორის ისტორია და გეოგრაფიაც.
ანალიტიკური შეზღუდვები და დაუცველობაც ხშირად გვევლინება მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი ქცევების მიზეზად, თუმცა, როგორც აშერი წერს, ეს პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით განვითარებად სამყაროში იჩენს თავს. ანალიტიკური შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გაუნათლებელ საზოგადოებებზე და ქვეყნებში, სადაც მომავლის დამახინჯებული ხედვაა გავრცელებული, მათ შორის გადაჭარბებული ოპტიმიზმი. მოზრდილთა წერა-კითხვის ცოდნის დონისა და უმაღლესი განათლების მქონეთა სამუშაო ძალაში წილის შესახებ მონაცემების გათვალისწინებით, ქართველების ახლომხედველობას (ფორმალურ) განათლებას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ცხადია, განათლების ხარისხი შეიძლება წარმოადგენდეს დაბრკოლებას, მაგრამ რაოდენობის სტანდარტული ინდიკატორებით, საქართველო აშშ-სა და ევროპის ქვეყნებსაც არ ჩამორჩება. მეორე მხრივ, აისეტის კვლევითი ინსტიტუტის სამომხმარებლო ნდობის ინდექსის მიხედვით, ქართველები ნამდვილად არიან გამოუსწორებელი ოპტიმისტები. ხალხის მოლოდინები მომავლის შესახებ (რომელსაც მოლოდინების ინდექსი აღწერს) ყოველთვის აღემატებოდა აწმყოს შეფასებებს (რომელსაც მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ზომავს). ასე ხდებოდა ყოველთვე, 2012 წლის მაისიდან, როცა ინდექსის დათვლა დავიწყეთ. ცდებით, თუ გგონიათ, რომ ეს მსოფლიოში გავრცელებული ფენომენია. მაგალითად, რუსეთსა და აშშ-ში ასე არ ხდება.
როგორ შეიძლება ოპტიმიზმი განაპირობებდეს საქართველოს პოზიციას მოუთმენლობის მსოფლიო რეიტინგში? ტიპიური შეკითხვა, რომლის გამოყენებითაც მოუთმენლობა იზომება, ასე ჟღერს: „გირჩევნიათ გარკვეული რაოდენობის თანხა დღეს თუ უფრო მოზრდილი თანხა ერთი წლის შემდეგ?“ ოპტიმისტი, რომელსაც მიაჩნია, რომ ერთი წლის შემდეგ ისედაც მდიდარი იქნება, უფრო მაღალი ალბათობით მიანიჭებს უპირატესობას მცირე თანხას დღეს, ვინაიდან ეს მეტ სარგებელს მოუტანს მას ახლა, როცა ის შედარებით ღარიბია, ვიდრე ოდნავ მეტი ფული ერთი წლის შემდეგ, როცა იგი ისედაც მდიდარი იქნება.
დაუცველობა კიდევ ერთი დაბრკოლებაა გრძელვადიანი აზროვნებისათვის. მსოფლიოს ღირებულებათა კვლევის მიხედვით, მე-6 ტალღაში ჩართული 60 ქვეყნიდან საქართველოში მინიმალური იყო იმ ოჯახების წილი, რომლებმაც წინა წელს დაზოგვა მოახერხეს (2%) და მაქსიმალური — იმათი წილი, ვისაც სესხება მოუწია (55%). ეს კი იმას ნიშნავს, რომ უარყოფითი შოკების შემთხვევაში (ქვეყნისა თუ ოჯახების დონეზე), მოსალოდნელია, რომ ქართველები უფრო მეტად ორიენტირებულნი იქნებიან დაუყოვნებელ გადარჩენაზე და არა გრძელვადიან გეგმებზე.
გაკვეთილი სამომავლოდ
რამდენად მნიშვნელოვანია ეს ოთხი კომპონენტი ქართული მოუთმენლობის ასახსნელად? თითოეულის წვლილის შესწავლა სასარგებლო იქნება ახლომხედველობასთან მებრძოლი პოლიტიკის ფორმირებისა და შედეგად, განვითარებისათვის.
მაგალითად, თუ პრობლემა ანალიტიკური უნარებია (გადაჭარბებული ოპტიმიზმის ჩათვლით), მნიშვნელოვანი იქნება აწმყოზე ორიენტირებულ ინდივიდებს ამ პრობლემის გაცნობიერებაში დავეხმაროთ. მეტისმეტი ოპტიმიზმისგან თავდასაცავად, მთავრობასა და მედიას შეუძლიათ ხალხს მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე და მოსალოდნელი განვითარებების შესახებ (მაგ. სამთავრობო სუბსიდიებთან ან ევროპასთან ინტეგრაციის მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით).
თუკი მთავარი პრობლემა დაუცველობაა, მაშინ საპასუხო რეაქცია უნდა იყოს სოცუზრუნველყოფის გაძლიერება (მაგ. უმუშევრობისგან ან შეზღუდული შესაძლებლობებისგან დაზღვევა) და ყველაზე დაუცველთა რისკებისგან დაზღვევის სხვა მექანიზმების დანერგვა.
რაც შეეხება წმინდა მოუთმენლობასა და ეგოიზმს, არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ვასწავლოთ მოთმინება და საზოგადოებისთვის თავდადება ადრეული ბავშობიდან. ეს შეიძლება მოხდეს იმის ხაზგასმით, რომ სარგებლის გადავადებას მოაქვს მეტი სარგებელი მომავალში და რომ ზოგჯერ მნიშვნელოვანია, ხარჯის გაღება დღეს და არა მისი უვადოდ გადავადება სამომავლოდ. გარდა ამისა, თამაშები, რომლებიც აჯილდოვებს ალტრუიზმისათვის, შეიძლება იყოს კარგი გზა მომავალზე ორიენტირებული თაობის აღსაზრდელად.
* * *
რაც არ უნდა იყოს ქართველი საზოგადოების მოუთმენლობის მიზეზი, ცხადია, არსებობს ხალხი, ვინც ამაზე ხელს ითბობს, მაგალითად, კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესების წარმომადგენლები, რომლებიც ასე ყვავის საქართველოში. კიდევ ერთი მაგალითია ათასობით მომხმარებელი, რომელიც მზადაა თავის მოსაწონებლად გადაიხადოს ძალიან მაღალი ფასი (მაგ. აიღოს სამომხმარებლო ან ლომბარდის სესხი უახლესი მოდელის აიფონის შესაძენად) ან მოქრთამოს ვინმე რაიმეს სხვებზე ადრე მისაღებად. ამგვარი ბიზნესების რეგულირებაც, ისე, რომ შემცირდეს ხალხის მოუთმენლობის მათსავე საწინააღმდეგოდ გამოყენება, შეიძლება კიდევ ერთი პრიორიტეტული სფერო იყოს საქართველოს ამჟამინდელი და მომავალი მთავრობებისათვის.