შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

არიან ქართველები მეტისმეტად მოუთმენელნი?
ორშაბათი, 10 მარტი, 2014

დავუშვათ, რომ ძმას 1000 ლარი ასესხეთ. ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრზე გაცემული სესხი უპროცენტოა. ერთ დღესაც ძმამ დაგირეკათ და ვალის დაბრუნების ორი თარიღიდან ერთის არჩევა შემოგთავაზათ: დღეს ან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. რომელს აირჩევდით? სტანდარტული ეკონომიკური თეორიის თანახმად, უნდა აირჩიოთ ფულის დაბრუნება დღეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები, როგორც წესი, აწმყოს ანიჭებენ უპირატესობას მომავალთან შედარებისას. ამ მიდრეკილებას ეკონომისტები აწმყოს დროით უპირატესობას უწოდებენ და თეორიებში მომავალი უკუგების „ფსიქოლოგიური სარგებლის განაკვეთით“ დისკონტირებით ითვალისწინებენ.

აწმყოს დროით უპირატესობას რამდენიმე გამართლება აქვს. პირველ რიგში, თუ ფულს დღეს დაიბრუნებთ, შეძლებთ მის განთავსებას დეპოზიტზე, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში სარგებელი დაერიცხება. ამგვარად, ვადის ბოლოს თქვენ გექნებათ მეტი ფული, ვიდრე ძმის ვალის კიდევ ერთი წლით გადავადების შემთხვევაში.

ბანკების და სხვა საინვესტიციო შესაძლებლობების გარეშეც კი თქვენ ალბათ მაინც ამჯობინებდით ფულის ადრე დაბრუნებას. ამის ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო რისკი. კერძოდ, ერთი წლის მანძილზე შეიძლება უამრავი რამ მოხდეს ისეთი, რაც თქვენი ფულის დაბრუნების საკითხს ეჭვქვეშ დააყენებდა. გარდა ამისა, შესაძლოა მოუთმენელი იყოთ უბრალოდ იმიტომ, რომ ახალი ტელევიზორის ან რაიმე სხვა ნივთის შეძენა გეჩქარებათ.

დროითი უპირატესობა მნიშვნელოვანია

მრავალ ეკონომიკურ გარემოებაში წარმატებით მუშაობს პრინციპი: „ვინც მოითმენს, ის მოიგებს“. მაგალითად, სიმდიდრის დაგროვებისათვის გრძელვადიან პერიოდში დაზოგვის მაღალი დონეა საჭირო. ეს უკანასკნელი კი მოხმარების გადავადებას მოითხოვს (სხვათა შორის, საქართველოს ეკონომიკისათვის დანაზოგები არცთუ უმნიშნელო პრობლემაა).

ზოგადად, მომთმენი ადამიანები უფრო ხშირად ხდებიან ინვესტორები. ინვესტიცია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არის მიმდინარე მოხმარების შეწირვა მომავალი მოხმარების სანაცვლოდ. მაგალითად, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებით, ანუ განათლების მიღებით უარს ვამბობთ ამჟამად დასაქმების შესაძლებლობაზე, მომავალში უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის იმედით.

დროითი უპირატესობა ადამიანის ის ძირითადი თვისებაა, რომელსაც მის ეკონომიკურ წარმატებაზე ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ეს კარგად ჩანს სტენფორდის ტკბილეულის ექსპერიმენტშიც, რომელიც 1960-1970-იან წლებში ფსიქოლოგმა უოლტერ მიშელმა ჩაატარა. ამ ექსპერიმენტში ბავშვებს ჰქონდათ არჩევანი: მიეღოთ ერთი ნაჭერი ტკბილეული ახლავე, ან ორი რამდენიმე წუთში. ექსპერიმენტში მონაწილე 600 პატარადან მხოლოდ რამდენიმემ შეჭამა დაუყოვნებლივ. ბევრმა მოთმენა სცადა, მაგრამ ვერ გაძლო (Youtube-ზე ხელმისაწვდომია ტკბილეულის ჭამისგან თავის შეკავების მცდელობების ამსახველი სასაცილო ვიდეოები). ბავშვების მხოლოდ 30%-მა შეძლო მოეთმინა იმდენი ხანი, რომ მეორე ნაჭერი ტკბილეული დაემსახურებინა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს უკანასკნელნი გაცილებით უფრო წარმატებულნი იყვნენ ზრდასრულ ასაკში, ვიდრე დანარჩენები. მოთმინების ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებს უფრო სანდოდ და კომპეტენტურად აღიქმებოდნენ საზოგადოებაში, უკეთესი შემოსავალი და უკეთესი შედეგები ჰქონდათ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებშიც (SAT).

არის კი დროითი უპირატესობა იმგვარი პიროვნული მახასიათებელი, რომელიც კულტურასა და საზოგადოებაში გაბატონებულ ღირებულებებს უკავშირდება? ალბათ კი. გერმანელი ფსიქოლოგი გეერტ ჰოფსტედის კულტურული განზომილებების მოდელში, რომელიც მრავალჯერ დადასტურდა ემპირიულადაც, აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაცია კულტურათაშორისი განსხვავების ერთ-ერთი ასპექტია.

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გრძელვადიანი ორიენტაცია მჭირდო კორელაციაშია ეკონომიკურ წარმატებასთან. ვენგის, რიეგერისა და ჰენსის 2010 წლის ნაშრომში (“How time preferences differ: evidence from 45 countries”, SFI Working Paper 09-47) ხალხს ეკითხებოდნენ რომელს მიანიჭებდნენ უპირატესობას: $3 400 ამ თვეში თუ $3 800 მომავალ თვეში. მხოლოდ რამდენიმე ქვეყენაში აღმოჩნდა დალოდების მსურველთა რაოდენობა 80%-ზე მეტი. ესენია: გერმანია (89%), ავსტრია (88%), შვეიცარია (86%), ნორვეგია (85%), დანია (84%). ამ მაჩვენებლით 70%-80% ინტერვალში აღმოჩნდნენ ჰონგკონგი, კანადა (ორივე 80%), ისრაელი (70%), შვედეთი (76%), იაპონია (74%), სამხრეთ კორეა (72%) და დიდი ბრიტანეთი (71%). შემდეგ მოდის აშშ (68%), თურქეთი (64%), პორტუგალია (60%), მექსიკა (58%), რუმინეთი (56%), აზერბაიჯანი (48%), საბერძნეთი (46%) და რუსეთი (39%). საინტერესოა, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებლები გამოვლინდა აფრიკის ქვეყნებში. მაგალითად, ნიგერიაში მხოლოდ 8% ამჯობინებდა დალოდებას.

ალბათ გაინტერესებთ საქართველოს პოზიციაც ამ რეიტინგში. 45 გამოკითხული ქვეყნიდან საქართველო 44-ე ადგილზეა! აქ გამოკითხულთა მხოლოდ 26%-მა ამჯობინა დალოდება.

რა თქმა უნდა, მიზეზ-შედეგობრიობა შეიძლება საწინააღმდეგო მიმართულებითაც მოქმედებდეს. დროითი უპირატესობის თეორიული საფუძვლების მიხედვით, რაც უფრო დიდი დროა გადახდამდე, მით უფრო რისკიანია იგი. ამ მხრივ გასაკვირი არცაა, რომ არასტაბილურ საზოგადოებაში მცხოვრებნი მეტად მოუთმენელნი არიან. ნიგერიაში დაპირებული ჯილდოს რეალიზების ალბათობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე დანიაში. გარდა ამისა, ნიგერიაში უფრო მეტია შანსი, რომ სარგებლის მიმღები ან გამცემი დაიღუპოს (სიცოცხლის დაბალი საშუალო ხანგრძლივობიდან გამომდინარე) ვადის დასრულებამდე. ამასთან, ნიგერიაში ძნელია კონტრაქტის აღსრულება, მაღალია ინფლაციის რისკები და ა.შ. მაინც, მიუხედავად მოუთმენლობის მიზეზისა, მას დამღუპველი ეკონომიკური შედეგები მოაქვს.

ახლომხედველი ქართველები

საქართველოში ცხოვრებისას ძნელი არაა მოუთმენლობის მაგალითების შემჩნევა.

მაგალითად, თბილისი-გორის მიკრო ავტობუსი მძღოლებმა თავიანთ სატრანსპორტო საშუალებაში დამატებითი სკამები დაამონტაჟეს მგზავრთა რაოდენობის გასაზრდელად. ეს კი აუტანელს ხდის მგზავრობას და მნიშვნელოვნად ზრდის დაშავების ალბათობას ავტოავარიის შემთხვევაში. მაშინ როცა მძღოლები დამატებითი მოგების მიღებას ცდილობდნენ, ხალხმა ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების ძიება დაიწყო. ამის გამო ტაქსის მძღოლებმა მომგებიანად მიიჩნიეს ამავე მიმართულებით მოძრაობა. ეს ალტერნატივა მიკრო ავტობუსებთან შედარებით მხოლოდ ერთი ლარით ძვირია. სულ უფრო მეტი ადამიანი მზადაა გადაიხადოს ერთი ლარით მეტი ნორმალური მგზავრობისთვის და მიკრო ავტობუსების მგზავრების რაოდენობამაც მკვეთრად იკლო. მოკლევადიან და გრძელვადიან ხედვას შორის დაპირისპიერბაში გაიმარჯვა მოკლევადიანმა ხედვამ.

მსგავსი მაგალითის მოყვანა კვების ობიექტების შესახებაც შეიძლება. ქართველები ცდილობენ ახლადგახსნილ რესტორნებსა თუ კაფეებს ესტუმრონ, რადგან მიიჩნევენ, რომ ახალი კარგი იქნება (შეიძლება მოვიშველიოთ ქართული ანდაზაც: „ახალი ცოცხი კარგად გვის“). საიდან მოდის ასეთი დამოკიდებულება, რომელსაც სხვა საზოგადოებაში იშვიათად თუ წავაწყდებით? როდესაც რესტორანი იხსნება, მან უნდა მოიზიდოს მომხმარებელი შესანიშნავი მომსახურებით და პროდუქტით. ეს ნამდვილად კარგად გამოსდით საქართველოში, მაგრამ პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ისინი უკვე წარმატებას აღწევენ. მალევე ხარისხი ეცემა, მომსახურება ფუჭდება და დანახარჯების მინიმიზაცია შემოდის დღის წესრიგში (რაც ნამდვილად არაა იგივე, რაც მოგების მაქსიმიზაცია). ამ შემთხვევაშიც, მოკლევადიანი აზროვნება ამარცხებს გრძელვადიანს.

ქართველი გლეხების თანამშრომლობის პრობლემა ასევე დროით უპირატესობას უკავშირდება. ქართულ სოფლებში, ხშირად ფერმერები არაფორმალურად თანხმდებიან. მაგალითად, ერთ გლეხს მოჰყავს ვაშლი, მეორე ყიდულობს მისგან და შემდეგ ყიდის რუსეთში. შეთანხმება, როგორც წესი, გარკვეულ საფასო პირობებსაც შეიცავს. თავდაპირველად ყველაფერი მშვენივრად მიდის, მაგრამ ერთხელაც ვაშლის მომყვანი პოულობს ახალ მყიდველს, რომელიც ოდნავ მაღალ ფასს სთავაზობს და არაფორმალური გარიგებაც იშლება. ამრიგად, სტაბილური სავაჭრო ურთიერთობა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მეტად სასარგებლოა, ერთ პატარა მოკლევადიან გარიგებას ეწირება. მოკლევადიანი ხედვა აქაც იმარჯვებს.

შესაძლოა ახალგაზრდა ქართველების მიერ „არასწორი“ პროფესიების არჩევაც დროთი უპირატესობების გამო ხდებოდეს. ერთი ხშირად მოყვანილი არგუმენტი, რომლითაც ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის შესწავლას ამართლებენ, არის ის, რომ ამ შემთხვევაში „მუშაობის დაწყება მეორე კურსიდანვეა შესაძლებელი“.

ერთი სიტყვით, საქართველოში ხშირად მოუთმენლობა და მოკლევადიანი აზროვნებაა მბრძანებელი.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა