ნახევარი წლის წინ ჩემს ერთ-ერთ სტატიაში „ექსპორტზე გატანილი ქართული კრიმინალი“ ვწერდი, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ბოლო მომენტში შეფერხდებოდა. ამის გამო ბევრმა ბუზღუნა და ფეთიანი მიწოდა. სამწუხაროდ, სწორედ პესიმისტები ხვდებიან სწორად.
ამ კვირაში არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, ძირითადად გერმანიიდან, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებაზე. ბავარიის პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოაკიმ ჰერმანმა პირდაპირ განაცხადა: „მე უკრაინისთვის, საქართველოსა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ მივეცი ხმა“. მისივე თქმით, ბალკანეთის ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭების შემდეგ, კრიმინალმა იმატა, ამიტომ საჭირო იქნება „მექანიზმი, რათა თავიდან ავიცილოთ ამ ქვეყნების მოქალაქეების მიერ ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის ბოროტად გამოყენება“ (Die Welt, 5 ივნისი, 2016 წელი).
რამდენიმე კვირით ადრე, გერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით ჩაატარა რეფერენდუმი ჰოლანდიაში. ჰოლანდიელთა უმეტესობამ არ დაუჭირა მხარი უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებას. მე ეს ჯერ კიდევ იანვარში ვივარაუდე: „მილიონობით ლტოლვილის შემოდინებასთან ერთად, ევროპაში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან მემარჯვენე პარტიები... ასეთ პოლიტიკურ გარემოში, რომელშიც იმიგრაციის საკითხების აგიტაცია და პოლარიზაცია მძვინვარებს, ეროვნული პარლამენტები აპირებენ სავიზო შეზღუდვების მოხსნას საქართველოსა და უკრაინისთვის. მემარჯვენე პარტიებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომლებიც, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდებათ, გააღვივებენ დისკუსიას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე (რომელიც ძლივს დაიწყო), ზომიერი პარტიებისთვის ძალიან მარტივი იქნება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის შეჩერება. ამისთვის მისი ფორმალურად გაუქმებაც კი არ არის საჭირო. საკმარისი იქნება ახალი სავიზო რეჟიმის რატიფიკაციის გადადება“.
ევროპა იშლება
ევროპის მუხანათური საქციელის გასაგებად, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ევროკავშირი არის უპრეცენდენტო ეგზისტენციალურ კრიზისში.
უპირველეს ყოვლისა, ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტებმა, ანგელა მერკელის მეთაურობით, საზღვრები გაუხსნეს მილიონობით თავშესაფრის მაძიებელს სირიიდან, ავღანეთიდან, პაკისტანიდან თუ ჩრდილოეთ აფრიკიდან, ისე, რომ უბრალო მოსახლეობისთვის არც უკითხავთ, თანახმა იყო თუ არა. ლტოლვილებმა თან მოიტანეს უამრავი ახალი პრობლემა, რისი კარგი მაგალითიც არის კელნში, ახალი წლის ღამეს მომხდარი 1529 სექსუალური ძალადობის შემთხვევა, საიდანაც 1000-მდე ჩრდილოეთ აფრიკელმა და არაბმა კრიმინალებმა ჩაიდინეს. იმავე ღამეს რამდენიმე ასეული ასეთივე შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიის სხვა ქალაქებშიც. მხოლოდ წინა კვირაში, მიუხედავად პოლიციის ძალების გაძლიერებისა, სექსუალური ძალადობის 30 შემთხვევა მოხდა დარმშტადტის მახლობლად ჩატარებულ ფესტივალზე.
წლის დასაწყისში, ევროპა შეძრა ბრიუსელში მომხდარმა ტერორისტულმა აფეთქებამ, რომელიც, სხვებთან ერთად, ევროპაში შემოსული ლტოლვილების ნაკადთან ერთად შემოსულმა დამნაშავეებმა მოაწყეს. მსგავსი ან უარესი შეტევების საფრთხე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ევროპის თავზე. რამდენიმე დღის წინ, პოლიციამ მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმის გეგმა ჩაშალა დიუსელდორფში. მნიშვნელოვანი პრობლემებია ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებითაც, რომელიც კვირის ბოლოს საფრანგეთში დაიწყება. პირადად მე უარესს ველოდები.
ნუ დაგვავიწყდება, რომ საბერძნეთი ჯერ კიდევ კრიზისშია. მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკელი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ევროკავშირი არ იქნებოდა „სატრანსფერო კავშირი“, აშკარაა, რომ საბერძნეთისთვის სესხად მიცემული თანხა არასდროს აღარ დაბრუნდება უკან. საბერძნეთის ვალი ევროპის სხვა ქვეყნებთან უკვე 220 მილიარდს აღწევს. ეს თავს დაატყდა ევროპას მაშინ, როდესაც ბევრი ქვეყანა, საფრანგეთისა და ფინეთის მსგავსად, ურთულესი ეკონომიკური პრობლემების წინაშეა. გერმანიაც კი, რომელიც სუსტ საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურასა და უამრავ ეკონომიკურ პრობლემას ებრძვის, რაც გარეშე თვალისთვის უცხოა, იოლად ვერ გადაიტანს ვალის თავისი წილის დაკარგვას. კიდევ უარესი ისაა, რომ საბერძნეთშიც არ უხარიათ მოვლენათა ასეთი განვითარება.
ევროკავშირი იმდენად არაპოპულარული გახდა, რომ ანტი-ევროპული ძალები აღზევდნენ ევროპის ყველა წევრ სახელმწიფოში. 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარდება რეფერენდუმი, დარჩეს თუ არა ქვეყანა ევროკავშირში. გამოკითხვებში ლიდერობენ ევროკავშირში დარჩენის მოწინააღმდეგეები.
ასეთ მდგომარეობაში, ევროპელთა დიდ ნაწილს უბრალოდ მობეზრდა ევროპის გაფართოების იდეა და საზღვრების კიდევ უფრო გადაწევა. სწორედ ამიტომ გადაიდო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი ბოლო მომენტში და მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალშიც არავინ დაუბრუნდება. ბევრი ლაპარაკი არ უნდა, რომ საქართველო აღმოჩნდა ანგელა მერკელისა და მისი მხარდამჭერების მიერ ევროპისთვის თავსდატეხილი კატასტროფის მსხვერპლი.
რა უნდა ქნას საქართველომ?
პრობლემა ის არის, რომ საქართველოს არ შეუძლია, მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება საქართველოს პასუხისმგებლობა დავაკისროთ, ის არის, რომ ქვეყანამ ვერ შეძლო საზღვარგარეთ ქართული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა. გერმანულ მედიაში ხშირად საუბრობენ საქართველოზე, თუმცა განხილვის თემა არის არა საქართველოს ლამაზი ბუნება ან გემრიელი სამზარეულო, არამედ ქურდობა. ჟურნალ-გაზეთები აჭრელებულია ქართველი ჯგუფების მიერ ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულების შესახებ სტატიებით, რომელთა შესახებ ჩემს წინა სტატიაშიც ვსაუბრობდი. მას შემდეგ, პრობლემა კიდევ უფრო გაუარესდა. როგორც მაშინ დავწერე: „ადამიანთა მცირე ჯგუფი სახელს უტეხს წესიერი და კანონმორჩილი ქართველების 99%-ს“. მაშინაც ვურჩევდი მთავრობას: „საქართველოს მთავრობა ამ საკითხს პროაქტიულად უნდა მიუდგეს, რათა არ დაუშვას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ბოლო წამს გაუქმდეს. ეს დიდი იმედგაცრუება იქნება იმ ქართველებისთვის, რომლებმაც მომავალი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მშვიდობის ხიდისა და სახელმწიფო შენობების ევროკავშირის დროშის ფერებით განათებით აღნიშნეს“.
წინა სტატიაში ვსაუბრობდი რამდენიმე პოლიტიკურ ინიციატივაზე, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს პრობლემის გადასაჭრელად. მაგალითად, მე შევთავაზე იმ ქართველების დაჯილდოება, რომლებიც მიაწვდიან ინფორმაციას საზღვარგარეთ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული თანამემამულეების შესახებ. ვახსენე საერთაშორისო შეთანხმებებიც, რომელთა თანახმადაც საზღვარგარეთ დანაშაულში მხილებულ ქართველებს გაასამართლებს ქართული სასამართლო ბევრად მკაცრი ქართული კანონის შესაბამისად და სასჯელს მოიხდიდნენ ბევრად მკაცრ ქართულ ციხეებში. შეიძლება ვინმეს შეეძლო დაპირისპირებოდა მოსაზრებას, თითქოს ქართველები ზედმეტად არიან წარმოდგენილი ევროპულ ციხეებში. ჩემი სტატიის შემდეგ გაჩაღებულ კამათში გაირკვა, რომ სტატისტიკა არც ისეთი ზუსტია და აშკარაა, რომ ქართველი ქურდების შესახებ გამოქვეყნებული ბევრი სტატია ვარაუდებს უფრო ეფუძნება, ვიდრე უტყუარ ფაქტებს. თუმცა გაუგებარია, რამდენად წაადგებოდა ეს საქართველოს.
დაბოლოს, მიღებული გადაწყვეტილება ევროპის უდიდესი სირცხვილია. ევროპამ კიდევ ერთხელ არ შეასრულა საქართველოსთვის მიცემული დაპირება! და ეს მაშინ, როდესაც ევროპის პოლიტიკური ელიტები ევროპის კარს უღებდნენ მილიონობით არაბ და ჩრდილოეთ აფრიკელ ლტოლვის, რომელთა დიდ ნაწილს ბოროტი ზრახვები ამოძრავებს და არ იზიარებს თავისუფლებისა და ტოლერანტობის დასავლურ ღირებულებებს. ქრისტიანული ქვეყანა, დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და სანდო მოკავშირე, რომლის თავისუფლებას დაწაფებული მოქალაქეები თავს ევროპის ნაწილად თვლიან, კიდევ ერთხელ არის უარყოფილი.
მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. მომავალში, ევროპაში მოგზაურობის მსურველ წესიერ ქართველებს დიდი ალბათობით ისევ მოუწევთ დამამცირებელი სავიზო აპლიკაციის პროცესის გავლა: სამგზავრო ბილეთის ჯავშნის, საცხოვრებლის, ანგარიშზე თანხის დამადასტურებელი და სამსახურიდან ცნობის და, ხშირ შემთხვევაში, მოწვევის წერილის წარდგენა. სირცხვილი ევროპას!