შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

მაღალი ხელფასები და არა კედლები
შაბათი, 25 ივნისი, 2016

ადამიანები, რომლებიც ტოვებენ საკუთარ ქვეყანას და ბედის საძიებლად სხვაგან მიდიან, მოსახლეობის ერთი კონკრეტული სეგმენტია. ჰარვარდის პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტმა, ჯორჯ ჯ. ბორხასმა 1987 წელს გამოცემულ წიგნში „თვითშერჩევა და მიგრანტების ხელფასები“ (American Economic Review  77, 531-553 გვ.) განიხილა ე. წ. მიგრანტების თვითშერჩევა. 1987 წლამდე მიგრაციის ეკონომისტებს მიაჩნდათ, რომ მიგრანტები, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც აშშ-ში ჩამოდიოდნენ, მიეკუთვნებოდნენ თავიანთი სამშობლოს შემოსავლების განაწილების „ზედა ჯგუფს“. ვინაიდან შემოსავლები ასახავს ეკონომიკურ აქტივობას, ბორხასის აზრით, ასეთი ადამიანები ითვლებოდნენ „მაღალი ხარისხის“ მიგრანტებად. ამ მოსაზრებას ამყარებდა ემპირიული დასკვნები. მაგალითად, აშშ-ში ახალჩამოსული მიგრანტები, ადგილობრივებთან შედარებით დაბალ ხელფასს იღებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მათი შემოსავლები მკვეთრად იზრდებოდა. იმიგრაციიდან 15 წელიწადში, როდესაც ახალჩამოსულობის იაელიყი ქრებოდა, საშუალო მიგრანტი იმაზე მაღალ ხელფასს იღებდა, ვიდრე იგივე უნარ-ჩვევების მქონე ადგილობრივი. როგორც ბორხასმა გადაიაზრა იმ დროისთვის გაბატონებული შეხედულება, „სამშობლოს დატოვების შემდეგ, „საუკეთესო“ ადამიანები ხვდებიან აშშ-ში და ჯობნიან ადგილობრივ მოსახლეობას“, ასე ხდება „ტვინების გადინება აშშ-ში“.

ვითარება ევროპაში ყოველთვის განსხვავებული იყო, რომელიც ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გულუხვი შემწეობებით ყოველთვის იზიდავდა ემიგრანტებს. არსებული მონაცემების თანახმად მიგრაციის ბოლო ნაკადებით ევროპაში ჩამოსულ ადამიანებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ეკონომიკურად ეფექტიანებს. მეტიც, ამ მიგრანტების დიდი ნაწილი ფაქტობრივად ვერ აკმაყოფილებს განვითარებული ეკონომიკის მოთხოვნებს. მიუნხენის განათლების ეკონომიკის ინფორმაციისა და კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ლუდგერ ვოსმანის შეფასებით, სირიელი ლტოლვილების „მესამედს აქვს წერა-კითხვის სერიოზული პრობლემა და მხოლოდ მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოხსნას ახერხებს“ (Die Zeit, 3 დეკემბერი, 2015 წ.).

ევროპაში თვითშერჩევამ უარყოფითი ფორმები მიიღო, მიგრირებენ არა კარგი, არამედ ცუდი უნარ-ჩვევების მქონე ადამიანები. ამ სტატიით იმის თქმა მინდა, რომ შრომის კანონის სწორი გამოყენებით შესაძლებელია დადებითი თვითშერჩევის აღდგენა. ჭკვიანურად გამოყენების შემთხვევაში, ეს ბერკეტი შეიძლება იყოს ეფექტური და იაფი საშუალება განვითარებულ მსოფლიოში მიგრანტების მასობრივი ნაკადების სამართავად.

შერჩევითი მინიმალური ხელფასები

არ არის აუცილებელი, რომ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს ერთნაირი მინიმალური ხელფასი ჰქონდეთ. უკეთესი იქნება, თუ ღია კარის იმიგრაციის პოლიტიკასთან ერთად მიგრანტების მინიმალური საათობრივი ხელფასი გადააჭარბებს მასპინძელი ქვეყნის საშუალო საათობრივ ხელფასს (რაც 25 აშშ დოლარია აშშ-ში).

ღია კარის იმიგრაციის პოლიტიკასთან გაერთიანებული მიგრანტებისთვის დაწესებული უფრო მაღალ საშუალო ხელფასი შეზღუდავს მოთხოვნას მიგრანტ მუშახელზე და საჯარო მოხელეებსაც გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ვის მისცენ საზღვრის გადალახვის უფლება და ვის არა. უსაფრთხოების მიზნით პირის პირადი მონაცემების გადამოწმების გარდა, იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებს აღარ მოუწევთ იმის გადაწყვეტა, ვინ სად უნდა იმუშაოს. ნებისმიერი მიგრანტი, რომლის განათლება და უნარ-ჩვევები იმსახურებს საშუალოზე მაღალ ხელფასს, გადაიხდის საშუალოზე მაღალ გადასახადებს და, შესაბამისად, გაზრდის მასპინძელი საზოგადოების შედარებით კეთილდღეობას. ნებისმიერი მიგრანტი, რომელიც ვერ გამოიმუშავებს ამ თანხას, ასუსტებს საშუალო შემოსავლების მაჩვენებლებს და დარტყმას აყენებს დაუცველ ადგილობრივ მუშახელს.

მეტიც, შერჩევითი მაღალი მინიმალური ხელფასის პოლიტიკა მოხერხებულად გაუმკლავდება აშშ-სა და ევროპაში მცხოვრებ მილიონობით არალეგალ მიგრანტს. ეს საშუალებას მისცემს ყველას, ვინც იმსახურებს მაღალ მინიმალურ ხელფასს, ლეგალურად დარჩეს ქვეყანაში, საჭირო უნარ-ჩვევების არმქონეებს კი აიძულებს, დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში.

პრაქტიკული თვალსაზრისით, არალეგალ მიგრანტებს უნდა ჰქონდეთ უფლება, სასამართლოს გზით მოითხოვონ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დამსაქმებლისგან, რომელიც მაღალ მინიმალურ ხელფასზე დაბალ ხელფასს უხდის მას. ხელფასის გადაუხდელობა უნდა ისჯებოდეს უზარმაზარი ჯარიმებით. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი დამსაქმებელი კარგად დაფიქრდებოდა, სანამ მიგრანტს დაიქირავებდა ლეგალურ მინიმალურზე დაბალ ხელფასად.

პოლიტიკური შედეგები

შერჩევითი მინიმალური ხელფასის კანონის შემოღებას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ეს კანონი იმიგრაციის შესახებ დებატებს ემოციური დემაგოგიიდან რაციონალური მსჯელობისკენ შემოაბრუნებს. კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის განსხვავება იტრიალებს არა მათ ირგვლივ, ვისაც უნდა განდევნოს ან შემოიყვანოს მილიონობით უუნარო მიგრანტი, არამედ სწორებას აიღებდა მიგრანტებისთვის მაღალი მინიმალური ხელფასის რაოდენობაზე.

ასეთ შემთხვევაში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები მოხდება იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით. კონსერვატორებმა, რომელთაც მხარს უჭერენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც სურთ უცხოელი მუშების დაქირავება, შეიძლება მოინდომონ, რომ იმიგრანტთა მინიმალური ხელფასები კვლავ დაბალი დარჩეს. ლიბერალებმა შეიძლება მხარი დაუჭირონ უფრო მაღალ მინიმალურ ხელფასს, რაც იცავს მათ კოლეჯდამთავრებულ ამომრჩევლებს სამუშაო ბაზრის კონკურენციისგან, რასაც უნარიანი მიგრანტები ქმნიან.

შერჩევითი მინიმალური ხელფასის შემოღება შეიძლება კარგი ბერკეტი იყოს 21 საუკუნის მიგრაციული ნაკადების სამართავად. გრძელვადიან პერიოდში, მიგრანტების გადაადგილების არჩევანმა უნდა ასახოს მასპინძელი საზოგადოების საჭიროებები. მიგრანტებისთვის დაწესებული უფრო მაღალი მინიმალური ხელფასები კარგი საშუალებაა ამ მიზნის შესრულებისთვის, რადგან აღადგენს დადებითი თვითშერჩევის პრაქტიკას.

* * *

რაფაელ კასტრო არის გერმანიაში მოღვაწე პოლიტიკური კომენტატორი. ის არის ისრაელის ერთ-ერთი უმთავრესი ახალი ამბების პორტალის, Ynetnews-ის მუდმივი კომენტატორი. მას აქვს იელის უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრისა და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა