შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

საკვების ფასებმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ყოველ შემთხვევაში, თბილისში
ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2016

საცალო საკვების ფასები წინა თვესთან (მაისის ბოლო კვირასთან) შედარებით 7.6%-ით, წინა წელთან (2015 წლის მაისთან) შედარებით კი 10.1%-ით დაეცა. ფასები ყველაზე მეტად დაეცა შემდეგი პროდუქტებისთვის: პომიდორი (-65.5%), კიტრი (-63.3%), ბადრიჯანი (-33.7%). მხოლოდ რამდენიმე პროდუქტის ფასი გაიზარდა. ყველაზე მეტად გაიზარდა კომბოსტოს (12.8%), ჩაის (7.3%) და ბრინჯის (7.2%) ფასები.

თბილისში საკვების ფასები მინიმუმამდე დაეცა?!

ივნისის ბოლოს საკვების საცალო ფასების ინდექსმა მინიმალურ ნიშნულს მიაღწია, რაც, ძირითადად, ბაზარზე ახალი ხილ-ბოსტნეულის შემოსვლამ განაპირობა. ერთის მხრივ, წლის ამ მონაკვეთში ამ კატეგორიის პროდუქტების ფასები ყოველთვის ეცემა, თუმცა, წინა წელთან შედარებით, 10.1%-ით შემცირება მაინც მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა იმ ღარიბი მომხმარებლებისთვის, რომელთაც თავი ვერ დააღწიეს ზაფხულის პაპანაქება სიცხეს და თბილისში მოუწიათ დარჩენა. მხოლოდ სეზონურობა არ შეიძლება იყოს წლიური ფასების ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზი. ის აშკარად სადღაც სხვაგან უნდა ვეძებოთ.

ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს თურქეთი. რუსული სუ-24 ჩამოგდების შემდეგ, რუსულ ბაზარზე აიკრძალა თურქული ხილი-ბოსტნეულის შეტანა. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, თურქული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლებმა და ვაჭრებმა აგრესიულად დაიწყეს ალტერნატიული ბაზრების ძებნა. ამჟამად ხელმისაწვდომი ოფიციალური მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას, საქართველოში ხილ-ბოსტნეულის იმპორტი ქვეყნების მიხედვით დავყოთ. თუმცა აშკარაა, რომ 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, ხილისა და ბოსტნეულის ზოგადი იმპორტი მკვეთრად გაიზარდა (7.7%-ით გაიზარდა ღირებულება). იმპორტის ასეთი უეცარი ზრდის უკან, სავარაუდოდ, თურქეთი დგას. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი ახორციელებს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დემპინგს საერთაშორისო ბაზრებზე, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის ფიზიკური მოცულობის ზრდა, ცხადია, 7.7%-ზე მეტია. სწორედ ამან განაპირობა პროდუქტის სიჭარბე ქართულ ბაზარზე.

FPI-ის გამოკითხვა მოიცავს მხოლოდ თბილისის სუპერმარკეტების ქსელებს, რის გამოც შედეგები შეიძლება, გარკვეულწილად, მიკერძოებული იყოს. ბევრი ოჯახი დედაქალაქის აუტანელ სიცხეს აგარაკებსა და სოფლებში გაექცა. სავარაუდოდ, ამ სეზონური მიგრაციის შედეგად, საკვებზე მოთხოვნა საქართველოს სოფლებში გაიზარდა თბილისის ხარჯზე. ეს გვაფიქრებინებს, რომ საკვების საცალო ფასები დედაქალაქს გარეთ ბევრად არ შემცირდებოდა.

ვინ იხეირა და ვინ არა საკვებზე დაბალი საცალო ფასებით?

უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაზრდილი მიწოდების ხარჯზე ფასები იკლებს, რაც კარგია მომხმარებლებისთვის, თუმცა არა მწარმოებლებისთვის. რაც შეეხება საცალო გაყიდვების სექტორს, მიუხედავად იმისა, რომ საკვებზე მოთხოვნა შედარებით არაელასტიკურია (თუ საერთოდ არის), დაბალი ფასები, სავარაუდოდ, გაზრდის საკვების მოხმარებას. აქედან გამომდინარე სუპერმარკეტებმა შეიძლება მაინც მოახერხონ მისაღები მარჟის დაწესება.

თუ, მეორე მხრივ, სუსტი მოთხოვნის შედეგად, საკვების საცალო ფასები დაეცემა, სუპერმარკეტები წაგებაზე იმუშავებენ. როგორც ჩანს, ამ ეფექტთან გვაქვს საქმე თბილისში. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მეტყველებს ISET-ის ბიზნესის განწყობის ინდექსის (BCI) მონაცემებიც. BCI-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საცალო გაყიდვები (ზოგადად) იყო ერთადერთი სექტორი, რომელმაც 2016 წლის მეორე კვარტალში განიცადა რეგრესი წინა კვარტალთან შედარებით. 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში კონკრეტულად საკვების საცალო გაყიდვების სექტორისთვის BCI 8 ქულით შემცირდა -100/+100 ქულიან შკალაზე.

ერდოღანის მიერ რუსეთის მიმართ ახლახან გამოქვეყნებული ბოდიშის წერილისა და რუსეთ-თურქეთს შორის „კეთილმეზობლური“ ურთიერთობის მოსალოდნელი განახლების ფონზე, ქართველი მწარმოებლების მდგომარეობა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს. თუ რუსეთი მოხსნის აკრძალვას თურქულ პროდუქტებზე, ქართულ ბაზარს ნაკლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი წალეკავს და საკვების საცალო ბაზარიც ჩვეულ წონასწორობას დაუბრუნდება.

* * *

საცალო საკვების ფასების ინდექსი  (Retail FPI) 2014 წლის ნოემბრიდან გამოიცემა და ყოველკვირეულად აკვირდება სუპერმარკეტების ფასებს 33 საკვები პროდუქტისთვის (რომლებიც ჩაშლილია პროდუქტების 5 კატეგორიაში), რაზეც მოდის საშუალო ქართული ოჯახის საკვების დანახარჯების 75%. პროექტს ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი თბილისის ოთხ ყველაზე დიდ სუპერმარკეტების ქსელთან ერთად: კარფური, გუდვილი, ფრესკო და სპარი. ინდექსი ითვლის საკვები პროდუქტების  საშუალო შეწონილ ფასებს. FPI-ის მონაცემები გროვდება პროდუქტების შემდეგი კატეგორიებისთვის: (1) სურსათი (ფქვილი, მარცვლეული, შაქარი, ზეთი, მაკარონი, კვერცხი), (2) ხილ-ბოსტნეული, (3) ხორცი, (4) რძის პროდუქტები, (5) უალკოჰოლო სასმელები. როგორც წესი, ერთი პროდუქტისთვის ირჩევა ერთი კონკრეტული ბრენდი, რათა ადვილი იყოს ფასების შედარება სხვადასხვა სუპერმარკეტებში სხვადასხვა დროს. საცალო FPI-ის ანგარიში ქვეყნდება ორ კვირაში ერთხელ, თუმცა ინფორმაცია კონკრეტული პროდუქტების ფასების მკვეთრ რყევებზე ხელმისაწვდომია ე. წ. „Spotlight“ განყოფილებაში, რომელიც კვირაში ერთხელ ახლდება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა