შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

შევამციროთ თუ არა ბიუჯეტი? მთავრობის პრიორიტეტების ცვლილება და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაურკვეველი მომავალი
ორშაბათი, 31 ოქტომბერი, 2016

“ვერავითარ სარგებელს ვერ ვხედავ (ჩემი კოოპერატივისთვის), თუ ვერსად ვიპოვი (ვინმეს), ვისაც ჩვენთვის ფულის სესხება სურს” ესპანელი მღვდელი  1908 წ. (ციტატა მოყვანილი ჰყავს გარიდოს, 2007 წ.)

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პოტენციური როლი

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოს რესპუბლიკამ  ყველაზე სწრაფად გაატარა მასშტაბური მიწის რეფორმა და შეიმუშავა მიწის განაწილების გეგმა. ეს პროცესი 1992 წელს დაიწყო. მიწის გადანაწილების შედეგად გაჩნდა ასობით ათასი მცირე საოჯახო ფერმა, რომელმაც მსხვილი კოლექტივები და საწარმოო კოოპერატივები ჩაანაცვლა (საბჭოთა მეურნეობები („სოვხოზი“) და კოლმეურნეობები („კოლხოზი“). სავარაუდოდ, მიწის პრივატიზაციის მთავარი მიზანი იყო, მოსახლეობის დიდ ნაწილს დახმარებოდა, თავი გაეტანა უკიდურესად მძიმე პერიოდში. მიზანი მიღწეულ იქნა და საქართველოს რესპუბლიკამ შეძლო, შეენარჩუნებინა სოფლის მეურნეობის გამოშვება იმ პერიოდში, როდესაც მისი ეკონომიკური აქტივობა ყველაზე მეტად შემცირდა ქვეყნის უახლეს ისტორიაში: 1990-1994 წლებში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 70%-ით დაეცა.

მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად უფრო აღიქმება, ვიდრე წარმატების ისტორიად. სოფლის მეურნეობაზე კვლავ მოდის დასაქმებულთა უმეტესობა – 47% (საქსტატი, 2015 წლის მონაცემები), თუმცა სოფლის მეურნეობის გამოშვების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.2%-მდეა შემცირებული, ეს კი გაცილებით ჩამორჩება დარგის შესაძლებლობას. საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის დამახასიათებელი დაბალპროდუქტიულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ხშირად დანაწევრებულ მიწის ნაკვეთებს ასახელებენ. 2014 წელს ჩატარებული სოფლის მეურნეობის აღწერის თანახმად, საქართველოში 574.1 აგრარული მეურნეობაა (მიწა ვისაც ეკუთნის), მათგან 99.6%-ს კი საოჯახო მეურნეობები ფლობენ (ფერმის საშუალო ზომა 1.2 ჰა-ია, რომელიც ხშირად 2-3 ნაკვეთად არსებობს).

ფერმების მცირე მოცულობა, თავისთავად, დაბალპროდუქტიულობას არ იწვევს. მთელ მსოფლიოში, პატარა ფერმები ძალიან პროდუქტიულები არიან (ხშირად, დიდ ფერმებზე მეტად). თუმცა, მცირე მეურნეობები რომ აყვავდეს, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ, დიდ ფერმებზე მეტად ეს მათთვის არის აუცილებელი. კერძოდ კი, მცირე ფერმერებს დაბრკოლებები ექმნებათ, თუ შეზღუდულია ფინანსებზე, მარკეტინგსა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომლობა, საქართველოში კი სწორედ ასეა.

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა თანხმდება, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას შეუძლია, წაახალისოს ქართული აგრარული სექტორის პროგრესი. კოოპერატივში გაწევრიანებით ფერმერებს დიდი სარგებლის მიღება შეუძლიათ. რესურსების გაერთიანება მათ გზას გაუხსნის საკრედიტო ბაზრისკენ, ფიზიკური კაპიტალისკენ, შეძლებენ მასშტაბის ეკონომიის მიღწევას და ღირებულებათა ჯაჭვში მეტი სავაჭრო ძალაუფლების მოპოვებას.

მიუხედავად ამისა, ისტორიულად, ქართველი ფერმერები თავს არიდებენ კოოპერატივების შექმნას. მათ, ვინც რამდენიმე წლის წინ ამ საკითხს სწავლობდა, აღმოაჩინეს, რომ ასეთი ქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამგვარი ინსტიტუტების მიმართ უნდობლობაა. ფერმერთა უმეტესობა მათ საბჭოთა კოლმეურნეობებთან აიგივებს. მიზეზი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაც იყო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და განვითარების წახალისება: თამამი დასაწყისი

ევროკავშირმა ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეიმუშავა სპეციალური პროექტი – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნებისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD). პროექტის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში 2013-2017 წლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაძლიერება. ENPARD-ის დახმარებით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ (ივლისი, 2013 წ.) და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფრთის ქვეშ შექმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (ACDA), რათა ხელი შეეწყო ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისთვის. 2014 წლის მარტიდან, როდესაც ACDA-ში პირველი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ოფიციალურად დარეგისტრირდა, დღემდე 1600-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დარეგისტრირდა, რამაც საწყის მოლოდინს გადააჭარბა.

ENPARD და მთავრობა დიდ ძალისხმევას ეწეოდნენ ახალშობილი კოოპერატივების დასახმარებლად. 2014 წლის დასაწყისიდან, ENPARD-მა შეარჩია და დახმარება გაუწია 250-მდე კოოპერატივს, მის მიერ ჯამურად ინვესტირებულმა თანხამ კი 11.3 მილიონ ლარს მიაღწია (კოოპერატივების ყოველწლიური კვლევა, 2016 წ.). ENPARD სხვადასხვა ფორმით ეხმარება კოოპერატივებს, ეხმარება მანქანა-დანადგარების შეძენასა და დამონტაჟებაში, უტარებს ტრენინგებს სხვადასხვა საკითხებში, ეხმარება ნედლეულისა და საბოლოო პროდუქციის ბაზრებზე კავშირების დამყარებაში და ა.შ.

იმავე პერიოდში (2014 წლიდან დღემდე) ACDA-მ დანერგა კოოპერატივების მხარდამჭერი რამდენიმე პროგრამა: ა) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წახალისებით თხილის წარმოების გაძლიერების სახელმწიფო პროგრამა; ბ) მეფუტკრეობაში კოოპერატივების წახალისების სახელმწიფო პროგრამა; გ) რძის მრეწველობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა; დ) თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც კოოპერატივებს სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების შეძენის შესაძლებლობას უქმნიდა. ჯამში, ACDA-მ 6 მილიონი ლარი დახარჯა ამ პროგრამებზე (ACDA, 2016 წ.).

თეორიულად, კოოპერატივებს შეეძლოთ, ესარგებლათ აგრარულ სექტორზე მიმართული სხვა სახელმწიფო პროგრამებითაც (მაგალითად, „დანერგე მომავლი“, „იაფი სესხები“, „აწარმოე საქართველოში“, „ქართული ჩაი“ და სხვ.), მაგრამ რეალობაში, მხოლოდ ძალიან ცოტა მოიქცა ასე, რადგან პროგრამები არ იყო მორგებული კოოპერატივების სპეციფიკურ საჭიროებებზე. ამან შეამცირა როგორც მონაწილეობის პოტენციური სარგებელი, ისე – დახმარების მიღების შანსი.

…და ნაკლებად თამამი გაგრძელება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მიღებისა და კოოპერატივების შექმნა-განვითარების მხარდასაჭერი ინიციატივების წარმოწყებიდან სულ რამდენიმე წელიწადში მთავრობამ თითქოს დაკარგა მუხტი.

დაახლოებით ერთი თვის წინ მთავრობამ  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარუდგინა პარლამენტს განსახილველად. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, შარშანდელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 25%-ით მცირდება. 26%-ით (1.9 მლნ. ლარით) მცირდება ACDA-ს დაფინანსება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუ მთავრობა ამ გეგმებს არ შეცვლის, ACDA-ს გაცილებით ნაკლები ბიუჯეტი ექნება კოოპერატივების შექმნისა და განვითარების მხარდასაჭერად, მაშინ, როდესაც ამ მიმართულებით მისი პასუხისმგებლობა პირიქით, იზრდება (ENPARD სრულდება მომდევნო წელს, კოოპერატივების რაოდენობა კი გამუდმებით იზრდება, რაც მზარდ რესურსებს მოითხოვს).

პრაქტიკაში, კოოპერატივებს უეცრად და საგრძნობლად შეუმცირდებათ დახმარება, რომლის იმედიც ასე ჰქონდათ. ეს პრობლემებს არ გამოიწვევს, თუ საბაზრო პირობები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მისცემს საშუალებას, თავიანთი ძალებით გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. თუმცა, შესაძლებელი კი ეს?

გამოწვევები, რომელთაც ჯერ კიდევ აწყდებიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები

ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმები, რომელიც შერჩეულ კოოპერატივებთან მჭიდროდ მუშაობენ, ძალზე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათი თქმით, უკვე ჩამოყალიბებული კოოპერატივებიც კი ჯერ განვითარების ჩანასახოვან სტადიაში არიან (ENPARD-ის პროგრამაში მონაწილე კოოპერატივების ჩათვლით, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ სხვებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში არიან), ბაზრის მხარდასაჭერი სერვისები კი ჯერ კიდევ განუვითარებელია. ეს ნიშნავს, რომ კოოპერატივთა უმეტესობა ვერ გადარჩება, თუ მათ  დამატებითი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა არ აღმოუჩინეს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც.

ENPARD-ის პროგრამაში მონაწილე 100 კოოპერატივში ჩატარებული გამოკითხვა (იხ. გრაფიკი #1) ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს კრიტიკული ფაქტორები, რომლებიც ბიზნესის განვითრებას აფერხებს, ეს ფაქტორები სხვადასხვაგვარია: კრედიტზე წვდომა, კაპიტალზე წვდომა, სახელმწიფო რეგულაციები, სირთულე ნედლეულზე და ინფორმაციაზე წვდომაში. უფრო კონკრეტულად კი, აღმოჩნდა, რომ ბიზნესის განვითარებას ყველაზე მეტად აბრკოლებს „ფინანსებზე/კრედიტზე წვდომა“ და „კაპიტალზე წვდომა“.

გრაფიკი #1. კოოპერატივების განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორები

შევამციროთ თუ არა ბიუჯეტი (და სად)?

მთავარი შეკითხვის დროც დადგა. აქვს თუ არა აზრი, რომ საქართველოს მთავრობამ შეამციროს ACDA-ის ბიუჯეტი? როგორც წესი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლი არ არის. ერთი მხრივ, ცხადი არ არის, რაზე დაიხარჯება გამოთავისუფლებული რესურსი, რის გამოც უკიდურესად რთულია, შევაფასოთ ბიუჯეტის შემცირებით მიღებული სარგებელი. მეორე მხრივ, ამ შემცირებას მაღალი დანახარჯები ექნება. სხვა ქვეყნების (მაგალითად, ესპანეთის, რომელსაც ეხება ჩვენ მიერ თავში მოყვანილი ციტატა) გამოცდილებამ აჩვენა, რომ, თუ ახალგაზრდა კოოპერატივები ვერ იღებენ საკმარის დახმარებას, რეგრესს განიცდიან. ეს კი იწვევს იმას, რომ ყოვნდება – მთელი დეკადებითაც კი – მთლიანად კოოპერატივების კონცეფციის, და, სავარაუდოდ, აგრარული სექტორის განვითარება.

ასეთ რამეს კი არავინ უსურვებს საქართველოს. სწორედ ამიტომ, დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პოლიტიკოსებმა, როდესაც განიხილავენ ბიუჯეტის შემცირებას. მაშინაც კი, როდესაც იცვლება პოლიტიკური პრიორიტეტები, ისინი კარგად უნდა დაფიქრნენ, შეამცირონ თუ არა დახმარება, რამდენით, სად და როდის. ACDA-ს ბიუჯეტის შეკვეცის საჭიროება რომ დადასტურდეს კიდეც, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, როგორ დაიხარჯება რესურსები: საფუძვლიანად უნდა გაანალიზდეს კოოპერატივის საჭიროებები და დახმარება მიემართოს იქ, სადაც ის ყველაზე საჭიროა. თუ ზემოთ წარმოდგენილი გამოკითხვის შედეგები დადასტურდა, ეს  ნიშნავს, რომ საწყისი ამოცანა არის კოოპერატივების დახმარება ფინანსებზე და კაპიტალზე წვდომაში.

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა