შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

წარსულზე გავლით მომავლისკენ
შაბათი, 12 ნოემბერი, 2016

საბჭოთა კავშირში ფერმერების მუშაობას ცენტრალური მთავრობა აკონტროლებდა. ყველამ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებები ბაზარზე არ იყო მინდობილი, არც კერძო ინტერესის მქონე ადამიანებს შეეძლოთ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება. ნაცვლად ამისა, გადაწყვეტილებას თუ რა, როდის და როგორ უნდა წარმოებულიყო იღებდა მთავრობა, რომელიც ფლობდა ან აკონტროლებდა ეკონომიკის რესურსების უმეტეს ნაწილს. სახელმწიფო ამარაგებდა ფერმერებს ნედლეულით და, ამასთანავე, უზრუნველყოფდა, რომ მათ საქონლის ბაზარზე წვდომა ჰქონოდათ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფო აღარ მართავდა საბაზრო პროცესებს. ახლად ჩამოყალიბებულმა საბაზრო სისტემამ აგრარული ნედლეულისა და საბოლოო საქონლის ბაზრებზე ბევრი ნაკლოვანება წარმოქმნა. ფერმერებს აღარ მიუწვდებოდათ ხელი ფინანსებზე, არც მაღალი ხარისხის ნედლეულზე, ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მიწები ძლიერ დანაწევრდა (მაგ.: საქართველოში, სომხეთში) და ფერმერებს მიწის მცირე ნაკვეთები ერგოთ (საშუალო 1.25 ჰა საქართველოში).

ვერტიკალური კოორდინაცია ბაზრის ნაკლოვანებების საპასუხოდ

საბჭოთა კავშირში (და მსგავსი სისტემი მქონე ქვეყნებში) არსებული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მიწოდების ჯაჭვი შეგვიძლია ვერტიკალური კოორდინაციის უკიდურეს ფორმად ჩავთვალოთ. ყველაფერს ცენტრალური ხელისუფლება წყვეტდა და მართავდა. 1980-90-იან წლებში სახელმწიფო კონტროლის გაუქმებამ მოშალა ვერტიკალური ინტეგრაცია სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში.

საინტერესოა, რომ აგრარულ ღირებულებათა ჯაჭვში ვერტიკალური კოორდინაციის დაბრუნება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საკვებ სისტემებთან დაახლოებას ნიშნავს. ბოლო დეკადებში იცვლება სასოფლო-სამეურნეო ბაზრების სტრუქტურა მთელ მსოფლიოში, დღევანდელ სოფლის მეურნეობაში სულ უფრო იზრდება კოორდინაციის დონე ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს შორის. ამ ცვლილებებს ძირითადად ბიძგს აძლევენ მომხმარებლები, რომლებიც უფრო და უფრო მეტად ითხოვენ პროდუქტის უვნებლობას, ხარისხს და სიცხადეს მის წარმომავლობაში. ამავდროულად, შემსყიდველები და ფერმერები ხშირად მიმართავენ ვერტიკალურ კოორდინაციას ისეთი პრობლემების გასაჭრელად, როგორიცაა სტაბილური მომარაგება და ხარისხიანი პროდუქტი, რომლებიც, თავის მხრივ, გამოწვეულია კაპიტალისა და ცოდნის სიმწირით. მაგალითად, საკონტრაქტო მეურნეობის სქემებში შემსყიდველები ფერმერებს აწვდიან საქონელს, საქონლის საკვებს, ვეტერინარულ მომსახურებას,  ნერგებსა და სხვა ნედლეულს. უმეტეს შემთხვევაში, დამატებითი სერვისების მიწოდებაც ამ სქემების ნაწილია.

ზრდის თუ არა ვერტიკალური კოორდინაცია მონაწილეთა ეფექტიანობას?

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ამგვარი ეფექტის დადგენა, არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვერტიკალური ინტეგრაცია ზრდის პროდუქტიულობას და გამოშვებას (შესაბამისად, შემოსავალსაც). ამის მიზეზი კი, ძირითადად, ის არის, რომ ფერმერებს მეტად მიუწვდებათ ხელი ნედლეულზე, დროულად იღებენ მიწოდებული პროდუქციის საფასურს და უფრო მზად არიან ახალი ინვესტიციებისთვის (საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) 2014 წ.). როგორც ზოგიერთ კვლევაში (გულათი და სხვები, 2005 წ.; მინტენი და სხვები, 2009 წ.) ჩანს, სხვა (არაპირდაპირი) ეფექტი, შესაძლოა, იყოს რისკების შემცირება და კრედიტზე გაუმჯობესებული წვდომა. ასეთი ეფექტი, პოტენციურად, სასოფლო და არასასოფლო საქმიანობაში ინვესტიციების ჩადებას განაპირობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. გარდა ამისა, ვერტიკალური ინტეგრაციის დადებითი ეფექტი ფართოდ ვრცელდება. მაგალითად, როდესაც ფერმერები მიიღებენ რჩევებს მენეჯმენტზე სათხილე მეურნეობაში, მათ შეუძლიათ, ეს ცოდნა სხვა კულტურების წარმოების დროსაც გამოიყენონ.

ხომ არ არის ვერტიკალური კოორდინაცია  უბრალოდ ფერმერების შევიწროების მექანიზმი?

ვერტიკალური კოორდინაცია ღირებულებას მატებს საბოლოო პროდუქტს. დამატებითი ღირებულება ჯაჭვის თითოეულ რგოლში იქმნება. თუმცა ყოველთვის არ არის ცხადი, ვინ იღებს ამ ღირებულებას და რამდენად თანაბრად ნაწილდება ის მონაწილეებზე. ყველა მონაწილეს ერგება მოგება თუ გადამამუშავებელი კომპანია (ან ვაჭარი) მოიპოვებს მეტ მონოპოლიურ ძალაუფლებას ვერტიკალური კოორდინაციის შედეგად? არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც შემსყიდველები ბაზარზე ძალაუფლებას იგდებენ ხელში და მცირე ზომის ფერმერებს დამატებითი ღირებულების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს არგუნებენ. მიუხედავად ამისა, ვერტიკალური კოორდინაცია მაინც ძალიან მიმზიდველია მცირე ზომის ფერმერებისთვის, რომელთაც პატარა მიწები და შეზღუდული ფინანსური რესურსი აქვთ. ფერმერები ვერტიკალური ინტეგრაციის შედეგად იღებენ უკეთეს ნედლეულს, უკეთეს წვდომას ფინანსებზე და უმცირდებათ პროდუქციის გასაღებასთან დაკავშირებული რისკი. რაც შეეხება აგრობიზნესებს, მათ, შესაძლოა, უმეტესად, ერჩივნოთ უფრო მსხვილ (და თანამედროვე) ფერმებთან მუშაობა, რომ შეამცირონ ტრანზაქციის ხარჯები. თუმცა საქართველოში (სადაც ფერმების უმეტესობა მცირე ზომისაა და მათი პროდუქტიულობა დაბალია), აგრობიზნესებს სხვა გზა არ აქვთ და უწევთ მცირე ფერმებთან მუშაობა (რითიც უზრუნველყოფენ საკმარისი ნედლეულით მომარაგებას). აგრობიზნესს, შესაძლოა, იმიტომაც უნდა შედარებით პატარა ფერმებთან მუშაობა, რომ დიდ ფერმებს მეტი სავაჭრო ძალაუფლება აქვთ და მეტ ფასს ითხოვენ თავინთ პროდუქტებში, რაც აბათილებს დაბალი ტრანზაქციის ხარჯებით მიღებულ ეფექტს.

არის თუ არა ვერტიკალური კოორდინაცია სარგებლის მომტანი ქართველი ფერმერებისთვის?

ცენტრალური დაგეგმვის სისტემის რღვევამ და დიდი სახელმწიფო კოოპერატივების თუ კოლმეურნეობების დაშლამ ქართული სოფლის მეურნეობის მოშლა გამოიწვია. თუმცა საქართველოში უკანასკნელ წლებში რამდენიმე წარმატებული ვერტიკალური ინტეგრაცია განხორციელდა.

წარმატებულ ისტორიათაგან ერთ-ერთი ეკუთვნის „ბლაუენშტაინ ჯორჯიას“ ხორცის წარმოებას რაჭაში (სოფ. შარდომეთში). კომპანია მაღალი ხარისხის ხორცის პროდუქტებს აწარმოებს. „ბლაუენშტაინ ჯორჯიას“ საქონლის (შვეიცარიული და გერმანული ჯიშები) გამოკვებას აუთსორსინგის გზით ახორციელებს – ამაზე რამდენიმე ადგილობრივი ფერმერი ზრუნავს. იმისათვის, რომ საქონელი გამოსაკვებად და მოსავლელად ჩაბარდეს ადგილობრივ ფერმერს, აუცილებელია, ფერმერი ფლობდეს გარკვეულ მინიმალურ მიწის ფართობს, ჰქონდეს წყალზე წვდომა და ფლობდეს აქტივებს – ამგვარად უზრუნველყოფილია, რომ ფერმერს შეუძლია საქონლის გამოკვება და მოვლა საჭირო სტანდარტით (ბლაუენშტაინის მიერ დადგენილი). ამ სქემაში ჩართულ ფერმერებს ბლაუენშტაინი უტარებს ტრენინგს. მათ კომპანია აწვდის საჭირო ნედლეულს, უწევს ვეტერინარულ მომსახურებას და, საჭიროების შემთხვევაში, სთავაზობს მხარდაჭერას. როდესაც საქონელი კონკრეტულ წონას აღწევს, ბლაუენშტაინი მათ შეისყიდის ფერმერებისგან შემდგომ დასაკლავად და გასაყიდად.

ასეთი მოდელის მთავარი გამოწვევაა მონაწილეებს შორის კარგი კოორდინაცია და სხვაზე მიყიდვის  თავიდან აცილება. შემსყიდველის ძლიერი ლიდერობის უნარი ხშირად აგვარებს კოორდინაციის პრობლემას.  ბლაუენშტაინის მსგავსი ძლიერი შემსყიდველები ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნიან და ფერმერებიც უფრო მაღალ მარჟებს იღებენ. ეს საქონლის სხვაზე მიყიდვის თავიდან აცილების ერთ-ერთი გზაა.

ბლაუენშტაინის მსგავს ვერტიკალურ კოორდინაციას დიდი პოტენციალი აქვს ქართულ სოფლის მეურნეობაში, სადაც მცირე მეურნეებს ცოდნის დიდი დანაკლისი აქვთ, შეზღუდულად ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი ფინანსებზე, მოძველებულ ტექნოლოგიებს ფლობენ და მიმართავენ არამდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას. ვერტიკალური კოორდინაციის განვითარებას კერძო სექტორი უნდა გაუძღვეს, ხოლო ამ პროცესში სახელმწიფომ მხოლოდ მხარდამჭერის და კოორდინატორის როლი უნდა შეასრულოს. მთავრობამ ფერმერები უნდა წაახალისოს, რომ მათ განაახლონ ტექნოლოგიები, ცოდნა, გააფართოონ წარმოება ამგვარ სქემებში ჩართვით.

განვითარების ამ ეტაპზე ვერტიკალური ინტეგრაცია (მკაცრი ხელშეკრულებებისა და ფერმერების შემსყიდველებზე დამოკიდებულების მიუხედავად) საქართველოს სოფლის მეურნეობის ყველა აქტორისთვის მომგებიანი მდგომარეობაა. მას შემდეგ, რაც ფერმერები სათანადო ცოდნას მიიღებენ, მოიპოვებენ საკმარის ფინანსურ რესურსს და ახალ ტექნოლოგიებს აითვისებენ, მათ, შესაძლოა, თავად წამოიწყონ დამატებითი ღირებულების შემქმნელი საქმიანობა (მაგ.: გადამუშავება, გაყიდვა). ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ღირებულ გამოცდილებას, რადგან ჩართული იქნებიან ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლში. ეს კი მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის და მეტი სარგებელი მოაქვს ფერმერებისთვის. მეტი საბაზრო ძალაუფლების და ჯაჭვიდან მეტი სარგებლის მოპოვების ალტერნატიული გზაა კოოპერატივებში ჩართვა (ჰორიზონტალური კოორდინაცია). საქართველოში კოოპერატივების შემდგომი განვითარება ამ საქმეს დიდად წაადგება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა