შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

პროფესიონალები ქართულ სოფლის მეურნეობაში
შაბათი, 26 ნოემბერი, 2016

ახლახან ISET Economist-ის ბლოგზე „შამათიას“ კოოპერატივზე დაიწერა. კოოპერატივის მარწყვის ნერგები დარგვიდან მალევე იწყებდა ხმობას. კოოპერატივმა მიზეზის დასადგენად და პრობლემის გადასაჭრელად ქვეყნის არაერთ ექსპერტთან გაიარა კონსულტაციები, თუმცა უშედეგოდ. პრობლემის მიზეზი ნათელი გახდა მხოლოდ ნერგების ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნის შემდეგ. ამასობაში კი კოოპერატივმა 15 000 ლარი იზარალა.

ასეთი შემთხვევები იშვიათი არ არის საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ღირებულებათა ჯაჭვების უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებაში პროფესიონალების დიდი ნაკლებობაა. მაგალითად, ჩაის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზისთვის  ჩატარებულ ინტერვიუებში ჩაის მწარმოებლები და გადამამუშავებლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ დეფიციტია ისეთი აგრონომები და ტექნოლოგები, რომელთაც ამ სექტორისთვის საჭირო სპეციფიკური ცოდნა აქვთ. მსგავსი შედეგები გამოვლინდა კალმახის ღირებულებათა ჯაჭვის შესწავლის დროსაც ; გამოცდილების და დაავადებებთან გამკლავების ცოდნის ნაკლებობა, იხტიო-პათოლოგების არარსებობა ამ სექტორის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორებია. ბატონი გოდერძი გოდერძიშვილიც, ქეა საერთაშორისო კავკასიის სოფლის მეურნეობის ექსპერტი, სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებს ქართული სოფლის მეურნეობის უმთავრეს პრობლემას.

სოფლის მეურნეობის პროფესიონალების ბაზარი

როგორც ჩანს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ბაზარზე ჩავარდნაა. ქართველი ფერმერების უმეტესობამ არ იცის, როგორ მოუაროს ნარგავებს ან საქონელს, რომ აღარაფერი ვთქვათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე სოფლის მეურნეობაში. კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს მოთხოვნა სხვადასხვა სპეციალისტზე, როგორიცაა ვეტერინარები, აგრონომები, ტექნიკოსები და ტექნოლოგები, თუმცა მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას.

პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა მცირე ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის მსხვილი მწარმოებლები ქირაობენ უცხოელ ექსპერტებს (სრული განაკვეთით ან საჭიროებისამებრ), თუმცა ქართველი ფერმერების უმეტესობას ხელი არ მიუწვდება საერთაშორისო ექსპერტების კონსულტაციებზე. ბოლო წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობა სწრაფად იზრდება, ინსტიტუციური ინოვაციიების სხვადასხვა ფორმები (საკონტრაქტო ფერმერობა, კოოპერატივები და სხვა) ინერგება, ეს კი მომავალში კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას სპეციალისტებზე. დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს ვერც პროფესიული ცოდნის ხარისხი და ვერც სპეციალისტების რაოდენობა.

რა კეთდება ამ პრობლემის გადასაჭრელად?

პრობლემას ცხადად ხედავენ როგორც მთავრობა, ისე დონორი ორგანიზაციები და ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას. ბოლო წლებში, სწავლა უფასოა სოფლის მეურნეობის ისეთ სპეციალობებზე, როგორებიცაა აგრონომია, ვეტერინარია, მეცხოველეობა, საკვების ტექნოლოგია და მეტყევეობა. ამასთანავე, მთავრობამ შექმნა პროფესიული გადამზადების კოლეჯები და პოპულარიზაციას უწევს მათ მთელ საქართველოში. აღნიშნულ კოლეჯებში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მოდულები მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული გადამზადების და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია“, რომელსაც ახორციელებს „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში“ (UNDP), პროფესიულ კოლეჯებში ორმხრივი სწავლების პრაქტიკას ნერგავს. ორმხრივი სწავლების იდეა გულისხმობს კოლეჯის თეორიული კურსებისა და ფერმებში/აგრობიზნესებში პრაქტიკული სწავლების კომბინირებას; სადაც განსაკუთრებული ყურადღება უკანასკნელზე გამახვილდება.

დიდი ძალისხმევა დაიხარჯა რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნაზეც. ცენტრები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დაარსდა. ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება და ეხმარება მას სოფლის მეურნეობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. ისინი დაინტერესებულ ფერმერებს კონსულტაციებსაც უწევენ. თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცენტრის თანამშრომლებს არ შეუძლიათ ფერმერებს მიაწოდონ სპეციფიკური ინფორმაცია და გაუწიონ კონსულტაციები კონკრეტულ საკითხებზე. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ ფერმერები, ზოგადად, კმაყოფილები არიან ცენტრის საქმიანობით, თუმცა მისი შესაძლებლობა (აგრონომიული ცოდნის ხარისხისა და მოცულობის თვალსაზრისით) შორს არის სასურველი დონიდან. ბატონი გოდერძიშვილის  (სოფლის მეურნეობის ექსპერტი, ქეა საერთაშორისო კავკასიაში) შეხედულებაც ემთხვევა აღნიშნული კვლევის შედეგებს: „თითოეული მუნიციპალიტეტის რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში მხოლოდ 4-5 ადამიანი მუშაობს, რაც არ არის საკმარისი. ერთი ან ორი ადამინი ვერ იქნება ყველა კონკრეტული დარგის სპეციალისტი. ძალიან ბევრი ახალი დაავადება, მწერი თუ ხოჭოა, ამ ყველაფერს სპეციალისტები/პროფესიონალები სჭირდება.“

დაბოლოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესანიშნავი ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში განთავსება „სოფლის მეურნეობის“ კუთხე. ამ კუთხეში მკითხველი იხილავს არამხოლოდ არსებულ ქართულ გამოცემებს, არამედ თანამედროვე ქართულად ნათარგმნ ლიტერატურას სოფლის მეურნეობაზე. 2016 წლის ნოემბერში პირველი კუთხე უკვე გაიხსნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსში.

გზა განვითარებისკენ

რომ შევაჯამოთ, საქართველოში სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ნაკლებობა ორმხრივი პრობლემაა. ერთის მხრივ, საჭიროა ისეთი ექსპერტების ბაზის შექმნა, რომელთაც ექნებათ სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის აუცილებელი სხვადასხვა სპეციფიკური ცოდნა. მიუხედავად რამდენიმე იმედისმომცემი მცდელობისა, ამჟამინდელი მდგომარეობა მეტ ყურადღებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ზემოთ აღწერილი ყველა ინიციატივა ახალია და შედეგების დანახვას დროს სჭირდება. მიუხედავად ამისა, ისიც ნათელია, რომ მთავრობამ და დონორებმა უნდა განაგრძონ ამ პრობლემაზე მუშაობა. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი ექსპერტი არ სჭირდება. ასევე, არ არის აუცილებელი, ყველა რეგიონს ყველა დარგის სპეციალისტი ჰყავდეს; ექსპერტების ცენტრალიზებული ჰაბის შექმნა, შესაძლოა, საკმარისი იყოს. სხვადასხვა ქვეყანაში ექსპერტთა ცენტრალიზებული ჰაბები სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებენ მოშორებით მდებარე რეგიონებში ფერმერების მომსახურებისთვის. მაგალითად, ფერმერს შეუძლია, გადაუღოს სურათი დაავადებულ მცენარეს და გაუგზავნოს ფოტო ცენტრალურ ჰაბს ან ფერმერი მოკლე ტექსტური შეტრყობინებით აგზავნის ჰაბში შეკითხვას და ამავე გზით იღებს პასუხს. ასეთი პრაქტიკა ეფექტიანია ხარჯების თვალსაზრისით და იმედისმომცემ შედეგებს იძლევა.

მეორეს მხრივ, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს გზა თუ როგორ შეინარჩუნოს ეს ექსპერტები ქვეყანაში და სექტორში. მას შემდეგ, რაც გადაიჭრება პრობლემის პირველი ნაწილი და დაარსდება ექსპერტთა ჰაბი, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ ექსპერტების გადამზადებას და მათთვის დამატებითი უნარ-ჩვევების შეძენაში ხელშეწყობას. ასევე, საწყის ეტაპზე სახელმწიფო უნდა იყოს მედიატორი ფერმერებსა და ექსპერტებს შორის. გარკვეული დროის შემდეგ, ექსპერტები დარწმუნდებიან, რომ მათ ცოდნაზე მოთხოვნაა და მათი ექსპერტიზაც სათანადოდ ანაზღაურებადია. ამავე დროს, ფერმერებს ეცოდინებათ, სად ეძებონ ხელმისაწვდომი და მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

მხოლოდ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში არ უნდა ხდებოდეს ექსპერტების მომზადება და შემდგომი განვითარება, დამატებით, რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს რეგულარული ტრენინგები უნდა უტარდებოდეთ. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უნდა ჩაერთოს ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში, პროგრამის ფარგლებში ფერმერებისთვის (რომელთაგან ზოგი ცენტრის თანამშრომელიც შეიძლება გახდეს) ტრენინგების ჩატარებისა და კონსულტაციების გაწევის მეშვეობით.

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა