შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ორი თავი – ერთი საჯარო, მეორე კერძო – სჯობს ერთს
შაბათი, 17 დეკემბერი, 2016

2015 წლის ოქტომბერში ISET-ის მკვლევართა გუნდმა სათნოების სახლი „კათარზისი“ მოინახულა და საკვები პროდუქტები გადასცა „მსოფლიო საკვების დღის“ ფარგლებში, რომელიც მთელს მსოფლიოში 16 ოქტომბერს აღინიშნება. კათარზისი 1990 წელს დაარსდა და ყოველდღე სადილით უმასპინძლდება 310 გაჭირვებულ მოხუცებულს. მიუხედავად იმისა, რომ სათნოების სახლის მთავარი ფუნქცია საკვებით უზრუნველყოფაა, კათარზისი სხვა მომსახურებებსაც სთავაზობს ბენეფიციარებს: სამედიცინო დახმარებას, დასასვენებელ ოთახს, სამლოცველოს, სარეაბილიტაციო დარბაზს, ბიბლიოთეკასა და კაფეს.

როგორც კათარზისის ერთ-ერთი მენეჯერი, ელენე ცუცქირიძე ამბობს, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი წამოწყებაა. კათარზისს 1000-მდე კერძო კომპანია ურიცხავს ფულს, 100-ზე მეტი კი რეგულარულად აწვდის პროდუქტებსა და მედიკამენტებს.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა კათარზისს შენობას უსასყიდლოდ აძლევს და უფასო მუშახელითაც ამარაგებს, რომელთაც „სათნოების ძმებს“ უწოდებენ. ეს ადამიანები კათარზისში სამხედრო სამსახურის ნაცვლად მსახურობენ. კათარზისში მუშაობა შესანიშნავი ალტერნატივაა იმ ვარიანტებთან შედარებით, რასაც ქართველი ახალგაზრდები მიმართავენ, რათა თავი აარიდონ სამხედრო სამსახურს (ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ ჩვენს ბლოგში „განათლებასა და სამშობლოს დაცვის წმიდათაწმიდა მოვალეობაზე“).

კათარზისი საჯარო-კერძო პარტნიორობის მსგავსად მუშაობს, რომელსაც ასე განმარტავენ: გრძელვადიანი კონტრაქტი საჯარო აქტივის ან მომსახურების მიწოდებაზე კერძო მხარესა და სახელმწიფო ორგანოს შორის, სადაც კერძო მხარე კისრულობს მნიშვნელოვან რისკს და მართვის პასუხისმგებლობას, ხოლო ანაზღაურება დამოკიდებულია შედეგებზე” (საჯარო-კერძო პატნიორობის ცოდნის ლაბორატორია). შესაძლოა, კათარზისი სრულად არ აკმაყოფილებს საჯარო-კერძო პარტნიორობის განმარტებას, თუმცა ის ნამდვილად შეიცავს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ელემენტებს.

საჯარო-კერძო პარტნიორობების თეორია და მისი გამოყენება პრაქტიკაში

ეკონომიკურ თეორიაში, როგორც წესი, საჯარო-კერძო პარტნიორობებს განიხილავენ საკონტრაქტო თეორიის პრიზმიდან. 2003 წელს პირველად ოლივერ ჰარტმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა, შეისწავლა საჯარო-კერძო პარტნიორობების იდეა ეკონომიკური თეორიის ჭრილში. ოლივერ ჰარტმა 2016 წელს მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში. არაერთმა კვლევამ გამოიყენა და განავრცო ჰარტის მოდელი (მაგ.: ფრანჩესკონი და მუტო, 2006 წ.; ჩონგი და სხვები, 2007 წ.).

კერძო და საჯარო პარტნიორობები, ძირითადად, მისდევენ შემდეგ სქემას: „დიზაინი, მშენებლობა, დაფინანსება, ოპერირება“. ამ მოდელით მთავრობა აკონკრეტებს, რა მომსახურების მიღება სურს კერძო სექტორისგან. კერძო სექტორი, თავის მხრივ, შეიმუშავებს პროექტს, აფინანსებს მშენებლობას და აწვდის მომსახურებას პირდაპირ მომხმარებლებს (საზოგადოებას) ან საჯარო ერთეულს. საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემა შეიძლება, ასევე, იყოს: „აშენება, ოპერირება, ტრანსფერი“. ამ დროს აშენებული აქტივი გადაეცემა სახელმწიფოს მართვის კონტრაქტის დასრულების შემდეგ (რ. ჰემინგი, 2006 წ.).

საჯარო და კერძო პარტნიორობები მიმზიდველია როგორც მთავრობისთვის, ისე კერძო სექტორისთვის. კერძო სექტორის ჩართულობა ზრდის ინოვაციურობას, აუმჯობესებს მართვას და ხარჯების შემცირებისა და ეფექტიანობის გაზრდის სტიმულიც მეტია. როგორ წესი, მომსახურების ხარისხიც უკეთესია, თუ მისი მიმწოდებელი კერძო და არა საჯარო სექტორი. მეტიც, საჯარო-კერძო პარტნიორობები საშუალებას აძლევს კერძო სექტორს, იმუშაოს იმ სფეროში, რომელზეც მანამდე ხელი არ მიუწვდებოდა. დაბოლოს, საჯარო-კერძო პარტნიორობებით ერთიანდება საჯარო და კერძო რესურსები და უნარ-ჩვევები.

სულ უფრო მეტი ქვეყანა მიმართავს საჯარო-კერძო პარტნორობებს სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური პროექტისთვის. საჯარო-კერძო პარტნიორობები განსაკუთრებით გავრცელებულია ეკონომიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში (მაგ.: ფასიანი გზების პროექტი), რადგან აქ მაღალია ეკონომიკური ამონაგები. ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პროექტის საპირისპიროდ, სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტების (მაგ.: ჯანდაცვა, განათლება) ეკონომიკური ამონაგები დაბალია, თუმცა სოციალური ამონაგებია მაღალი, რის გამოც ისინი ნაკლებად მიმზიდველია კერძო სექტორისთვის. კათარზისი ფორმალურად საჯარო-კერძო პარტნიორობა არ არის, თუმცა ის ხვდება სოციალური პროექტების კატეგორიაში, რადგან ფინანსდება როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფოს მიერ და იძლევა მხოლოდ სოციალურ ამონაგებს.

საჯარო-კერძო პარტნიორობა სოფლის მეურნეობაში?

ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების სექტორებთან შედარებით, საჯარო-კერძო პარტნიორობები  ახალი ხილია სოფლის მეურნეობაში. მიუხედავად ამისა, აგრარულ საჯარო-კერძო პარტნიორობებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვების მოდერნიზების, საბაზრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, უნარ-ჩვევებისა და ტექნოლოგიის ტრანსფერის ხელშეწყობის დიდი პოტენცილი აქვს. სწორედ ამიტომ ისინი სულ უფრო ხშირად ხვდება მსოფლიოს სხვადასხვა მთავრობის დღის წესრიგში. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უკანასკნელი გამოცემა (FAO, 2016 წ.) მიმოიხილავს აგრარული ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებულ საჯარო-კერძო პარტნიორობების 70 მაგალითს 15 განვითარებადი ქვეყნიდან.

განვითარებად ქვეყნებში აგრარული საჯარო-კერძო პარტნიორობების მთავარი აქცენტია მცირე ფერმერების ჩართვა სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვებში. კვლევათა უმეტესობამ აჩვენა, რომ კერძო-საჯარო პარტნიორობები დადებითი გავლენას ახდენს ფერმერთა შემოსავალზე, რაც გამოწვეულია ახალი ტექნოლოგიების ათვისებით, ბაზარზე გაუმჯობესებული წვდომით, გაზრდილი პროდუქტიულობით, ფერმაში და ფერმის გარეთ საქმიანობის დივერსიფიკაციით (FAO, 2016 წ.).

საჯარო-კერძო პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელია რისკის კერძო და საჯარო აქტორებს შორის გადანაწილების შესაძლებლობა. სოფლის მეურნეობა, ზოგადად, და, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მრავალ განუზღვრელობასა და რისკთან არის დაკავშირებული. ხარჯ-ეფექტური ზომების გასატარებლად მთავრობას შეუძლია დაუპარტნიორდეს კერძო სექტორის მონაწილეებს, რომლებიც, როგორც წესი, უკეთ მართავენ ასეთ რისკებს. კვლევები აჩვენებს, რომ საბაზრო რისკს უმეტესწილად კისრულობენ ღირებულებათა ჯაჭვის წამყვანი მონაწილეები (უმეტესად, აგრარულ ბიზნესში), ხოლო წარმოების რისკი ფერმერებს აწევთ ან ნაწილდება ფერმერებსა და სახელმწიფოს შორის. ამ უკანასკნელის კარგი მაგალითია სოფლის მეურნეობის სუბსიდირებული დაზღვევა.

განვითარებულ ქვეყნებში აგრარული საჯარო-კერძო პარტნიორობების ინიციატორები უმეტესწილად კერძო სექტორის მონაწილეები არიან. პროცესსაც ისინი წარმართავენ. სახელმწიფო მხოლოდ მოკრძალებულ დახმარებას უწევს. ერთ-ერთი მაგალითია შვეიცარიული „კულინარიუმი“. ამ ქსელის მთავარი მიზანია გაჭირვებული მოხუცებისთვის სადილის მიწოდებაა, თუმცა ის გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე გაჭირვებულების დაპურებაა და ქმნის მთელს ღირებულებათა ჯაჭვს სურსათის წარმოებასა და ადგილზე მიტანაში. სასაქონლო ნიშანი „კულინარიუმი“, რომელიც საჯარო-კერძო პარტნიორობით შეიქმნა, აღიარებულია შვეიცარიელ მომხმარებლებში, რადგან ის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, პირდაპირი კავშირი ჰქონდეთ საბოლოო მომხმარებელთან. რეგიონებში მცხოვრები შვეიცარიელი ფერმერები ახალ ხილსა და ბოსტნეულს აწვდიან რესტორნებს, კვების ორგანიზატორ კომპანიებს და ცალობით მოვაჭრეებს. ამგვარად ფერმერები მეტად არიან ინტეგრირებულები ღირებულებათა ჯაჭვში, რეგიონში დასაქმებაც მეტად არის დაცული. ამ პროექტს შვეიცარიის მთავრობა ეხმარება ქსელის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსით, თუმცა უმეტეს ხარჯებს კერძო სექტორის მონაწილეები ფარავენ.

საჯარო-კერძო პარტნიორობები ქართულ სოფლის მეურნეობაში

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბოლო დროს შემუშავებულ პროექტებში აგრარული საჯარო-კერძო პარტნიორობების სხვადასხვა ფორმას იყენებს. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, რომელიც 2013 წლის მარტში განახორციელა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ. ამ პროექტის მიზანი იყო, ფერმერებს გაუმჯობესებოდათ ფინანსებზე წვდომა გრძელვადიანი სესხის მეშვეობით, რომელსაც შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი ჰქონდა. სააგენტო წარადგენს გარანტიას ფერმერების სესხის სასარგებლოდ, თუმცა სესხზე განაცხადს განიხილავენ კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები. მთავრობა ცდილობს, დანერგოს მსგავსი საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემა სოფლის მეურნეობის დაზღვევის პროგრამაში, მჭიდროდ თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან და სადაზღვევო პრემიის თანადამფინანსებელია.

მიუხედავად ბოლოდროინდელი მცდელობებისა, აგრარული საჯარო-კერძო პარტნიორობების პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია ქართულ სოფლის მეურნეობაში. კერძოდ, მთავრობამ მეტად უნდა იაქტიუროს და ხელი შეუწყოს, კოორდინაცია გაუწიოს თანამშრომლობას წამყვან აგრარული ბიზნესებსა (მსხვილი შემსყიდველები და გადამამუშავებლები) და მცირე მეურნეებს შორის. კერძო სექტორის მიერ საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, კერძო სექტორის მონაწილეობა ფერმერული კოოპერატივებისა და ასოციაციების შექმნაში, საკვების გადამამუშავებელი, შემნახველი და შესაფუთი ცენტრების აშენება, კათარზისისა და მსგავსი ორგანიზაციების მომარაგება საკვებით ქართული სოფლებიდან მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, თუ როგორ შეიძლება პარტნიორობამ დამატებითი ღირებულება შექმნას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა