შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

როგორ გამოვაცოცხლოთ ქართული სოფლის მეურნეობა?
შაბათი, 14 იანვარი, 2017
უკან ჩამორჩენილი

1990-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 70%-ზე მეტით შემცირდა. ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტი მას მერე, განსაკუთრებით კი 2003 წლიდან, სწრაფად იზრდებოდა და 2013 წელს 1990 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. საინტერესოა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართული სოფლის მეურნეობის სექტორში ვითარება სრულებით სხვაგვარად ვითარდებოდა, რაც კარგად არის ნაჩვენები გრაფიკზე 1.

გრაფიკი 1. მშპ ერთ სულ მოსახლეზე  და სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილი მშპ-ში

90-იანი წლების დასაწყისის კრიზისში სოფლის მეურნეობის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულება მშპ-ის 65% იყო. ბევრი ქართველისთვის ეს დარგი მთავარი საარსებო წყარო იყო.  თუმცა დღეს ქართული სოფლის მეურნეობა უკვე ვეღარ უწყობს ფეხს ეკონომიკის დანარჩენი სექტორების განვითარების ტემპს. ამ დროისთვის სოფლის მეურნეობის მიერ შექნილი დამატებული ღირებულება ქართული მშპ-ის 10%-ზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სამუშაო ძალის 50%-ზე მეტი ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.

უკვე დიდი ხანია მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებას.  ჩვენს წინა ბლოგებში (უმიწოდ დარჩენილი ქართველი „კაცია“?, როგორ მოქმედებს ასაკი საქართველოს რეგიონების „ინკლუზიურ ზრდაზე“, ფერმერები შემართებისა და ინიციატივის გარეშე) განვიხილეთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის ქართული სოფლის მეურნეობა ასეთ მძიმე მდგომარეობაში და ვიმსჯელეთ მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლო გზებზეც. ქვეყნისათვის ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე და 2014 წლის აღწერის მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ, გადავწყვიტეთ, რომ ის უფრო სისტემურად შეგვესწავლა. ანალიზის შედეგები საკმაოდ საინტერესო გამოდგა.

ინსტიტუციური შეზღუდვები

ბოლო ათწლეულში ეკონომიკური ლიტერატურა საუბრობდა რამდენიმე ინსტიტუციურ მიზეზზე, რომელთაც, შესაძლოა, განაპირობეს ქართული სოფლის მეურნეობის არასწორი სტრუქტურული განვითარება, ესენია: არასრულად განხორციელებული მიწის რეფორმა, დაურეგისტრირებელი მიწები და განუვითარებელი ბაზრები (საკრედიტო, წარმოების საშუალებების თუ მზა პროდუქციის), რასაც კიდევ უფრო ამძიმებდა ცუდი ფიზიკური ინფრასტრუქტურა. ყველა ზემოჩამოთვლილი მიზეზი კვლავ აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციამ ნელ-ნელა დაიწყო გაუმჯობესება მას მერე, რაც სააკაშვილის მთავრობამ სოფლის მეურნეობის „უგულებელყოფის“ პოლიტკაზე უარი თქვა; წინსვლა კიდევ უფრო დაჩქარდა ქართული ოცნების ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ.

დღეს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების უმეტესობა დაურეგისტრირებელია, საგადასახადო კანონმდებლობა კი კვლავ აჯარიმებს მსხვილ მიწის მფლობელებს (განსაკუთრებით, თუ მიწა შეძენლია 2004 წლის შემდეგ). ყოველივე ეს ზრდის ტრანზაქციის ხარჯებს და ხელს უშლის მიწის ბაზრის ფუნქციონირებას, მიწების კონსოლიდაციას1, დაბალპროდუქტიული საქმიანობის ნაცვლად, მიწის მაღალპროდუქტიული საქმიანობისთვის გამოყენებას. გარდა ამისა, კრედიტი რთულად ხელმისაწვდომი და ძვირია, რაც აძნელებს ესოდენ აუცილებელი ინვესტიციებისთვის საჭირო თანხების მოძიებას. ამავდროულად, მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ნედლეულის მიწოდება კვლავ არასტაბილურია, მხარდამჭერი სერვისებიც დეფიციტია. არსებითი ინფრასტრუქტურაც (გზები და სარწყავი სისტემები) მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა.

ინსტიტუციური მიზეზები მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას აფერხებს. ჩვენმა ანალიზმა კიდევ ორი მნიშნველოვანი შემზღუდველი ფაქტორი გამოვლინა, რომელსაც სათანადო ყურადღება არ ეთმობა ლიტერატურაში: ქვეყანაში (კერძოდ, კი მიწის მესაკუთრეობაში) არსებული დემოგრაფიული ტენდენცია და ქართული შრომის ბაზრის ფუნქციონირება.

სხვა შეზღუდვები: დემოგრაფიული ტენდენციები მიწის მესაკუთრეობაში…

საქართველოს მოსახლეობა სწრაფად ბერდება დაბალი შობადობისა და ძლიერი ემიგრაციის გამო. ამავდროულად, როგორც ცხრილში 1 არის ნაჩვენები, მიწის საკუთრება სულ უფრო მეტად კონცენტრირებულია შედარებით ხნიერი ასაკის ადამიანებში.

ცხრილი 1. მიწის ნაკვეთების გადანაწილება მესაკუთრეთა ასაკის მიხედვით

ასაკი 2004 2014
55 წელი და მეტი 55% 61%
45-დან 54-მდე 21% 22%
სხვები 24% 17%

წყარო: სოფლის მეურნეობის აღწერა 2004 და 2014 

2004-2014 წლებში 55%-დან 61%-მდე გაიზარდა იმ მიწის მესაკუთრეთა წილი, რომელთა ასაკიც 55 წელი ან მეტია. თუ ამ ჯგუფში შევიყვანთ 45-დან 54 წლამდე პირებსაც, მაშინ მათი წილი 83%-მდე (76%-დან) იზრდება. როგორც ჩვენს წინა ბლოგებშია ნახსენები და რაც ეკონომიკურ ლიტერატურაშიც ცხადად არის ნაჩვენები, დაბერებასა და რისკების აღებისგან თავის არიდებას შორის ძლიერი კორელაციაა. მიწის მესაკუთრეთა დაბერება ორგვარ უარყოფით გავლენას იქონიებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე. პირველ რიგში, რაც უფრო მაღალია რისკების აღების სურვილი, მით უფრო მაღალია სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ალბათობა, ამიტომ არსებულმა დემოგრაფიული ტენდენციამ, შესაძლოა, შეამციროს მასშტაბური, სამუშაო ადგილების შემქმნელი საქმიანობები. და მეორე, თუ მიწა, გარკვეულწილად, „დაზღვევად“ აღიქმება, რაც განსაკუთრებით ღირებულია ძნელად პროგნოზირებად გარემოში, შედარებით ხანში შესული მფლობელები არ მოისურვებენ მის გაყიდვას. 

 …და მიწის, როგორც საარსებო წყაროს, ფუნქცია 

მიწა მის მფლობელებს უჩენს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. მაგალითად, ჩვენი ანალიზის მიხედვით, მიწაზე წვდომის შედეგად შრომის ბაზარზე ალტერნატივები უჩნდება სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს (50 წელზე უფროს ადამიანებს, არასაკმარისი განათლების მქონე ადამიანებს, ეთნიკურ უმცირესობებს). ამ ჯგუფის ის წევრები, რომელთა ოჯახებიც მიწას ფლობენ, უფრო იშვიათად არიან დაუსაქმებლები, ვიდრე იმავე ჯგუფის წევრები, რომელთა ოჯახებსაც არ გააჩნიათ მიწა. მიწა დასაქამების ერთგვარი გარანტიაა (ნაწილობრივ მაინც), მაშინაც კი, როდესაც ბაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა, შინამეურნეობებს, საჭიროების შემთხვევაში, მიწაზე საკვების მოყვანაც შეუძლიათ საკუთარი მოხმარებისთვის. 

დაბოლოს, მიწის მფლობელობას დამატებითი შემოსავლის მოტანაც შეუძლია, თუ განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს (მაგ.: ნედლეულის ვაუჩერის პროგრამა) „სოციალური პროგრამების“ სახეს მივცემთ, რაც, ძირითადად, ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერის მოსაპოვებლად იქმნება, მიწის ფლობა კი სუბსიდიების მიღების წინაპირობაა. 

აშკარაა, რომ ყველა ეს ფაქტორი ზრდის მიწის ღირებულებას მისი მფლობელების თვალში, რის შედეგადაც მცირდება მიწის მიწოდება და ფერხდება მიწის ბაზრის განვითარება. 

რა არის გამოსავალი?

საკითხის სირთულიდან გამომდინარე, ქართული სოფლის მეურნეობის გამოცოცხლებას სტრუქტურული და კარგად გააზრებული მიდგომა დასჭირდება. ალბათ, პირველ რიგში, აღმოსაფხვრელია მიწის კონსოლიდაციის და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობის შემაფერხებელი საგადასახადო ფაქტორები, ამავდროულად, ყურადღება უნდა მიექცეს მიწის რეგისტრაციას. სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს უნდა ჩამოშორდეს სოციალური დახმარების კომპონენტი (სოციალური დახმარება ცალკე პროგრამების მეშვეობით უნდა გაუწიოს სახელმწიფომ მოსახლეობას). პარალელურად, საქართველოს მთავრობამ მეტად უნდა წაახალისოს არსებული მიწის მესაკუთრეები (განსაკუთრებით, ყველაზე ნაკლებად აქტიურები) და უბიძგოს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისკენ ან მიწის იმ ფერმერებისთვის გადაცემისკენ, რომლებიც მას უფრო ნაყოფიერად და აქტიურად გამოიყენებენ. ამ შედეგების მისაღებად, შესაძლოა, გაიზარდოს ბეგარა დაუმუშავებელ მიწაზე, რასაც თან დაერთვება უკეთესი მომსახურების მიწოდება და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ამ მიზნების მიღწევისთვის სასარგებლო იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საბაზრო შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისთვის, რაც მათ (და პოტენციურ ფერმერებს) მეტად გაათვითცნობიერებს არსებულ შესაძლებლობებში. 

სხვა ნაბიჯები უფრო პირდაპირ არის დაკავშირებული მიწის მფლობელობის დემოგრაფიულ სტრუქტურასა და შრომის ბაზრის ფუნქციონირებასთან. მთავრობა უნდა ეცადოს, შექმნას კარგად მოქმედი  უსაფრთხოების ბადე და შეამციროს მიწის, როგორც დაზღვევის ინსტრუმენტის, როლი ხნიერებისა და გაჭირვებული ადამიანებისთვის შრომის ბაზარზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება შრომის ბაზრის ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც წაახალისებს შრომის ბაზარზე მონაწილეობას და გაზრდის დასაქმებას. მეორე ნაბიჯი იქნებოდა საპენსიო სისტემის რეფორმა, რომელიც სამომავლო საპენსიო შემოსავალს მეტად პროგნოზირებადს გახდის. ამ ინიციატივებთან ერთად, შესაძლოა, განხორციელდეს პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს  მიწის საკუთრების გადასვლას შინამეურნეობების უფრო ახალგაზრდა და მეტად მეწარმე წევრებზე (მაგალითად, მიზანმიმართული ტრენინგის ჩატარება, ფინანსურ რესურსებზე წვდომაში დახმარება), მიწის გადაცემას თაობებს შორის. ეს დააჩქარებდა ტრანსფორმაციას, ხოლო ცვლილების მიმართ წინააღმდეგობას კი შეამცირებდა. 

ჩვენ აზრით, მას შემდეგ, რაც კონტექსტი, სადაც ცხოვრობენ და მოქმედებენ მიწის მესაკუთრეები, შესაძლებლობები, შეზღუდვები და წამახალისებები ფაქტორები გაუმჯობესდება და სოფლის მეურნეობის დარგის საჭიროებებს მეტად მოერგება, შეგვეძლება, გაცილებით სწრაფად განვვითარდეთ.


1 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საშუალო ზომა 2014 წელს 1.31 ჰა-მდე გაიზარდა, 2004 წლის 1.21 ჰა-დან, მედიანა კი შემცირდა (2004 წელს მიწის ნაკვეთების ზომის მედიანა მოხვდა 0.5-0.99 ჰა ზომის კლასში, ხოლო 2014 წელს – 0.2-0.49 ჰა კლასში).

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა