შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

არაფერში გადახდილი ფული: რატომ არ იქცევიან ქართველი სტუდენტები ინვესტორებივით?
შაბათი, 21 იანვარი, 2017

2005 წელს საქართველოს მთავრობამ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოიღო. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე თითოეული უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავდა, რა გამოცდები უნდა ჩაებარებინა აბიტურიენტს, გამომცდელებიც უნივერსიტეტიდან იყვნენ. ეს პრაქტიკა სისტემის ბოროტად გამოყენების და კორუფციის საშუალებას იძლეოდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების დანერგვით საქართველოს მთავრობამ სისტემა უფრო სამართლიანი და მეტად გამჭვირვალე გახადა. ამ რეფორმის ნაწილია ისიც, რომ მთავრობა სტიპენდიას უნიშნავს სტუდენტებს სტანდარტიზებულ ტესტებში მიღებული ქულების მიხედვით. საუკეთესო სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ წლიური დაფინანსება 2250 ლარის ოდენობით, სტიპენდია ვრცელდება უნივერსიტეტში გატარებულ თითოეულ წელზე (ეს თანხა საკმარისია სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგალითად, თსუ-ში, სწავლის სრულად დასაფინანსებლად).

2005 წლიდან მთავრობა უმაღლესი განათლების ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს სტუდენტურ სტიპენდიებზე. მაგალითად, 2016-2017 აკადემიური წლისთვის, მთავრობამ 12.6 მილიონი ლარი გამოყო სტუდენტური გრანტებისთვის (საქართველოს მთავრობის განკარგულება, 158).

დაფინანსების ქართული სქემა: მუშაობს თუ არა?

რამდენად კარგად მუშაობს სტუდენტური გრანტების ეს სისტემა? სამწუხაროდ, მოქმედ სისტემას სულ მცირე ორი მნიშვნელოვანი ხარვეზი აქვს.

განსაკუთრებით მნიშნველოვანი ისაა, რომ ეს სისტემა სტუდენტებს არ უქმნის მოტივაციას, კარგად ისწავლონ უნივერსიტეტში. კერძოდ, მას მერე, რაც სტუდენტი სახელმწიფოსგან 100%-იან დაფინანსებას მოიპოვებს, ის უფასოდ ისწავლის უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, ჩაიჭრება თუ არა შემდეგ გამოცდებში. არის შემთხვევები, როდესაც ბიჭები გამიზნულად იჭრებიან გამოცდებში, რათა უნივერსიტეტში სწავლა გაუხანგრძლივდეთ და თავიდან აირიდონ სავალდებულო სამხედრო სამსახური (ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა, თუმცა მისი განხილვა სცდება ამ სტატიის თემას). ეს სტუდენტები ფლანგავენ არამხოლოდ დროს, არამედ სახელმწიფო გრანტსაც. ალბათ, ირონიულია, რომ სტუდენტი, რომელიც კარგად სწავლობდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულების მისაღებად, სრული დაფინანსების მიღების შემდეგ, უკვე  აღარ აღიქვამს ინვესტიციად უნივერსიტეტში სწავლას.

რა თქმა უნდა, გრანტის ყველა მიმღები ასე არ იქცევა. ზოგიერთი კვლავ კარგად სწავლობს, რადგან აცნობიერებს, რომ, შესაძლოა, დიპლომი უფასოდ მიეცა, მაგრამ განათლება არასოდეს არის „უფასო“ – ის მუდამ არის დროისა და მნიშვნელოვანი ძალისხმევის ინვესტიცია. სამწუხაროდ, სტუდენტების უმეტესობა პასუხობს ეკონომიკურ სტიმულს და მხოლოდ მინიმალურ ძალისხმევას დებს სწავლაში, რადგან უნივერსიტეტში დარჩენა დაფინანსებით გარანტირებული აქვს.

მეორე ხარვეზი კი ის არის, რომ სისტემა ქმნის „ჩრდილოვანი განათლების“ მაცდურ შესაძლებლობას. როგორც ISET Economist-ის წინა სტატიაშია ნახსენები, სკოლის მასწავლებლები სტუდენტებს არ აძლევენ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის საჭირო ცოდნას და იძულებულს ხდიან, კერძო რეპეტიტორებთან მოემზადონ. ეს კი ნიშნავს, რომ მოსწავლეები დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ კერძო რეპეტიტორებზე, ვერ მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას. ისინი განწირული არიან მარცხისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სტატიაში უკანასკნელ ჩავარდნაზე კი არ ვისაუბრებ, არამედ, განვიხილავ,  როგორ უნდა გადავჭრათ პირველი პრობლემა.

ISET-ის მაგალითი: რა უნდა გაითვალისწინონ განათლების რეფორმისთვის

დროა, საქართველო გადავიდეს მიღწევებზე დაფუძნებულ ახალ სასტიპენდიო სისტემაზე, რომელიც სტუდენტებს არ შეუქმნის არასწორ მოტივაციას. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? მიღწევებზე დაფუძნებული, საქართველოში გამართულად მომუშავე სასტიპენდიო სისტემის კარგი მაგალითია ISET (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა). ISET არის ინსტიტუტი, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდატების შესაბამის ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამას. ISET-ის შეფასების სისტემა დაფუძნებულია შეფასების სტანდარტულ A-F სკალაზე; სწავლების საფასურს განსაზღვრავს სტუდენტის შედეგები (პირველი მინი-სემესტრი უფასოა). ამ სისტემაში საშუალო ქულის (GPA) რამდენიმე მეათედი პუნქტით გაუმჯობესებით სტუდენტს შეუძლია, რამდენიმე ასეული დოლარით შეიმციროს სწავლის წლიური გადასახადი. შედეგად, ISET-ის სტუდენტები ბევრს მუშაობენ შედეგების გასაუმჯობესებლად. ასეთი სისტემა ირიბ გავლენას ახდენს განათლებაზე და აუმჯობესებს მის ხარისხს: სწავლის საფასურის შედეგებზე მიბმა (რასაც თან ერთვის შედეგების გაუმჯობესებისთვის მონეტარული პრიზის მიღების შანსიც) სტუდენტებს მოტივაციას უქმნის, უფრო მაღალი სტანდარტის მოთხოვნები დააკმაყოფილონ და სწავლაში მეტი ძალისხმევა ჩადონ. ეს, თავის მხრივ, ზრდის ადამიანურ კაპიტალს და დადებითად აისახება ადამიანების სამომავლო შემოსავლებზე.

ცხრილში მოცემულია ინფორმაცია ISET-ის კურსდამთავრებულთა (2008-2015 წლების 192 კურსდამთავრებულზე 247-დან) ხელფასების შესახებ საშუალო ქულისა და ეროვნების მიხედვით.

ცხრილი 1. ქვეყნების სტატისტიკა

ქვეყანა სტუდენტების რაოდენობა საშუალო GPA საშუალო ხელფასი (აშშ დოლარი)
აზერბაიჯანი 14 2.9686 1,250
სომხეთი 21 3.2600 893
საქართველო 157 3.2051 1,116

აღსანიშნავია, რომ საშუალოდ, ყველაზე დაბალი საშუალო ქულა, მაგრამ ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ აზერბაიჯანელ სტუდენტებს; სომეხ სტუდენტებს ყველაზე მაღალი საშუალო ქულა, თუმცა ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ. ქართველი კურსდამთავრებულების ეს ორივე მაჩვენებელი მაქსიმუმ და მინიმუმ მაჩვენებელთა შორისაა. ეს აიხსნება ამ სამ ქვეყანაში განსხვავებული საშუალო ხელფასებით: 2014 წელს აზერბაიჯანში საშუალო თვიური ხელფასი იყო 566 აშშ დოლარი, საქართველოში – 463 აშშ დოლარი, სომხეთში კი – 382 აშშ დოლარი.1 ISET-ის კურსდამთავრებულთა კომბინირებული საშუალო ხელფასი 121%-134%-ით მეტია, ვიდრე საშუალო ხელფასი ამ სამივე ქვეყანაში.23

უნდა აღინიშნოს, რომ ISET-ის კურსდამთავრებულების მაღალი ხელფასი განპირობებულია მიღებული განათლების ხარისხითა (მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს, როგორც წესი, უფრო მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე ბაკალავრიატის სტუდენტებს) და ინსტიტუტის ხარისხით – ISET-ის სახელი და პოპულარობა დამსაქმებლებისთვის ხარისხის მანიშნებელია.

ISET კარგი მაგალითია რეფორმის შემმუშავებლებისთვის: თუ შედეგებზე დაფუძნებულ სტიპენდიის სისტემას ქვეყნის მასშტაბით შემოვიღებთ, მნიშვნელოვნად გაიზრდება სტუდენტების მოტივაცია, არამხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ, არამედ უნივერსიტეტშიც კარგად ისწავლონ.

მე სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე (მივიღე სახელმწიფოს 100%-იანი გრანტი) და ვსწავლობდი ისეთ გარემოში, რომელშიც სტუდენტებს არ ჰქონდათ მოტივაცია, ესწავლათ და შრომა ჩაედოთ განათლებაში. სტუდენტების უმეტესობა ლექციებს არ ესწრებოდა და მხოლოდ გამოცდებს აბარებდა (100-დან 51 ქულის მიღება საკმარისია საგნის ჩასაბარებლად). ამ სტუდენტების უმეტესობას სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტი ჰქოდა. ასეთი სტუდენტები ფლანგავდნენ არამხოლოდ საკუთარ დროს, არამედ გადასახადის გადამხდელთა ფულსაც. ამის საპირისპიროდ, ISET-ში სწავლა ის გამოცდილება აღმოჩნდა, რომელიც დამეხმარა, გამეაზრებინა, რას ნიშნავს საკუთარ თავზე მუშაობა და შედეგების მიხედვით სწავლის საფასურის გადახდა.

რომ შევაჯამოთ, სტუდენტის შედეგებზე დაფუძნებული სტიპენდიის შემოღებით რეფორმების შემმუშავებლები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ორ პრობლემას გადაჭრიან: (1) ეს სისტემა შექმნის კონკურენტულ გარემოში სწავლის მოტივაციას, რაც გააუმჯობესებს განათლების ხარისხს. (2) სტუდენტები დაჯილდოვდებიან შედეგების მიხედვით და აღარ გაფლანგავენ გადასახადის გადამხდელთა ფულს. ეს კი სწავლის პროცესს უფრო აზრიანს და ნაყოფიერს გახდის.

ზოგიერთს, შესაძლოა, გახსოვთ ავტობუსის სცენა ფილმიდან „ბრონქსის ისტორია“, სადაც მამა ეუბნება შვილს: „ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი რამ არის უაზროდ გაფლანგული ნიჭი“. როგორც ეკონომისტს, არ შემიძლია, არ დავეთანხმო. იმასაც დავამატებდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი რამ გაფლანგული რესურსია, მატერიალური თუ ადამიანური.


1 მონაცემები აღებულია ამ ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სააგენტოებიდან: http://www.armstat.am/, http://www.stat.gov.az/ და http://www.geostat.ge/. ხელფასები დაკონვერტირებულია აშშ დოლარში ოფიციალური გაცვლითი კურსით.

2 რადგან არ მოიპოვება მონაცემები ეკონომიკაში სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა საშუალო ხელფასებზე, აღებულია ქვეყნების საშუალო ხელფასები; რა თქმნა უნდა, ეს მაჩვენებლები იგივე არ არის, მაგრამ მაინც ასახავს მდგომარეობას.

3 შესაძლოა, აშშ დოლარის ადგილობრივი ვალუტის გაცვლითი კურსის რყევა გარკვეულწილად გაამრუდებს განსხვავებას ISET-ის კურსდამთავრებულთა საშუალო ხელფასსა და ქვეყნების საშუალო ხელფასებს შორის.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა