შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

ნუ ლაპარაკობთ საქართველოს მომავალზე!
შაბათი, 27 თებერვალი, 2016

მიკლრაითის მონაცემებით (მაკროეკონომიკა და მონაცემები ბავშვებზე, UNICEF 2000 წ.), 1991 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7% დაიხარჯა განათლებაზე. 1994 წელს ეს მაჩვენებელი 1%-მდე დაეცა. როგორც მიკლრაითი აღნიშნავს, საგანმანათლებლო ხარჯების ასეთი მკვეთრი დაცემა არც მანამდე და არც შემდეგ არ მომხდარა არც ერთ სხვა ქვეყანაში. კრიზისის  შემდეგი მდგომარეობიდან გამოსვლას დიდი დრო დასჭირდა. 1998 წლამდე საგანმანათლებლო ხარჯები მხოლოდ 2.1%-მდე გაიზარდა (მსოფლიო ბანკის განვითარების ინდიკატორები). 2002 წელს განათლების სფეროში დასაქმებულთა ხელფასები ჯერ კიდევ ძალიან დაბალი იყო. უნივერსიტეტის პროფესორები თვეში 60-70 ლარს იღებდნენ, რაც მაშინდელ საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლები იყო.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ განათლების სექტორში დასაქმებულთათვის კორუფცია გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. სტუდენტები იხდიდნენ ქრთამს, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხულიყვნენ და დიპლომი აეღოთ. თუ კარგი კავშირები არ გქონდათ, იძულებული იყავით, გადაგეხადათ ქრთამი, როგორც წესი, 8000-დან 30,000 დოლარამდე (იხ. როსტიაშვილი, კორუფციის პრობლემა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში, 2004 წ.). როგორც წესი, სტუდენტები უხდიდნენ ფულს კერძო რეპეტიტორებს, რათა მისაღები გამოცდებისთვის მომზადებულიყვნენ. ეს კერძო რეპეტიტორები, იმავდროულად, იყვნენ იმ მისაღები კომისიის წევრები, რომლებიც ასწორებდნენ გამოცდებს.

დიდი მიღწევები

2005 წელს გატარდა არაერთი გარდამტეხი რეფორმა.

პირველ რიგში, შემოღებულ იქნა ყველასათვის კარგად ნაცნობი ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა. თუ მანამდე ყველა უნივერსიტეტს გამოცდების საკუთარი, კორუმპირებული სისტემა ჰქონდა, ახლა შეიქმნა მისაღები გამოცდების ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემა.

მეორეც, გატარდა მკაცრი ანტიკორუფციული ქმედებები. ერთიანი მისაღები გამოცდების ტესტებისთვის საგამოცდო მასალა იბეჭდებოდა დიდი ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტში და პოლიციის თანხლებით მიდიოდა საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში, სადაც საგამოცდო დღემდე ინახებოდა. საგამოცდო პროცესს აკვირდებოდა 700 ადგილობრივი და 20 უცხოელი დამკვირვებელი, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო). სტუდენტების განაწილება ხდებოდა შემთხვევითობის პრინციპით და საგამოცდო ფურცლების იდენტიფიცირება ხდებოდა შტრიხკოდით. სტუდენტებს შეეძლოთ გამოცდის შედეგების გაპროტესტება. 2005 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სტუდენტების 80%-ს, მშობლების 79%-სა და ადმინისტრატორთა 96%-ს სჯეროდა, რომ განათლების სისტემიდან კორუფცია მთლიანად აღმოიფხვრა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქართული უნივერსიტეტების მისაღები გამოცდების სისტემამ მიაღწია ერთიანობისა და გამჭვირვალობის უპრეცედენტო დონეს (იხ. საჯარო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ქრონიკა, მსოფლიო ბანკი, 2012 წ.). მესამეც, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო არაერთი ინიციატივა, რომლებიც, ძირითადად, უნივერსიტეტებისკენ იყო მიმართული. შემოღებულ იქნა აკრედიტაციის მკაცრი სისტემა, რის შემდეგაც, ქვეყანაში არსებული უნივერსიტეტების რიცხვი 237-დან 43-მდე შემცირდა.

გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობაც. მსოფლიო ბანკის განვითარების ინდიკატორების მონაცემებით, 2003 წლიდან 2013 წლამდე განათლების ხარჯები თითქმის გაორმაგდა. თუმცა დაფინანსების ძირითადი ნაწილი მაინც უმაღლესი განათლების სექტორზე მოდიოდა და, რეფორმების ზოგადი მიმართულების მსგავსად, არ ეხებოდა  სასკოლო დონეზე არსებულ პრობლემებს.

გადაუხადეთ მასწავლებლებს ნორმალური ხელფასი!

ბრეის აზრით (The Shadow Education System: Private Tutoring and Its Implications for Planners, UNESCO , UNESCO 1999), ჩრდილოვანი განათლების ფენომენი გულისხმობს „კერძო მეწარმეების ან პირების მიერ, მოგების მიღების მიზნით, იმ საგნების სწავლებას, რომლებიც სკოლაში უკვე ისწავლება“. საქართველოში ჩრდილოვანი განათლება ფართოდ არის გავრცელებული, რადგან ქართული სკოლები, განსაკუთრებით სკოლის ბოლო, დამამთავრებელ კლასებში, თითქმის ვერ ახერხებენ მოსწავლეებისთვის იმ უნარ-ჩვევებისა თუ ცოდნის მიცემას, რაც საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის. მოსწავლეები იძულებული არიან, მიმართონ კერძო რეპეტიტორებს, რის შემდეგაც ბევრი მათგანი უბრალოდ აცდენს დამამთავრებელი კლასის გაკვეთილებს. 2003 წლის შემდეგ ჩრდილოვანი განათლების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. მაჩაბლის, ბრეგვაძისა და აფხაზავას 2012 წელს ჩატარებული კვლევის (კერძო რეპეტიტორობა საქართველოში) თანახმად, მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც, სულ მცირე, ერთ საგანში მაინც იღებს კერძო გაკვეთილებს, 75%-ს აღემატება. ეს ქართული სასკოლო განათლების სისტემის ხარისხისთვის სასიკვდილო განაჩენია. პრობლემაა ისიც, რომ ეს საგანგაშო ვითარება არც კი არის ქართული საჯარო პოლიტიკური განხილვების თემა!

ჩრდილოვანი განათლება არის ქართველი მასწავლებლების ყოვლად მიუღებელი ხელფასების შედეგი. კარგი მასწავლებლობისთვის (და კარგი პროფესორობისთვის) საჭიროა უზარმაზარი ადამიანური ცოდნის დაგროვება, რაც შრომის ბაზარზე შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს არ აქვთ არავითარი სტიმული, აირჩიონ ეს კარიერა. გარე დამკვირვებელთათვის ერთგვარი თავსატეხია, თუ რატომ არ ესმით ქართველ საზოგადოებასა და მთავრობას (სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მსგავსად) ეს ცალსახა და ერთი შეხედვით ტრივიალური ჭეშმარიტება. დღეს არც ერთ ჭკვიან ახალგაზრდას არ უნდა, გახდეს მასწავლებელი.

მასწავლებლებმა დაკარგეს ყველა ის პრივილეგია, რაც ასე უხვად ჰქონდათ საბჭოთა პერიოდში. მათ ხელფასების შემცირებას „კერძო რეპეტიტორობის სექტორის“ შექმნით უპასუხეს, რათა დამატებითი შემოსავალი ჰქონოდათ. მაჩაბლის, ბრეგვაძისა და აფხაზავას აზრით, კერძო რეპეტიტორთა 89% არის საჯარო სკოლის მასწავლებელი, რაც აშკარა კორუფციაა (გაირკვა, რომ მასწავლებელთა ნაწილი აიძულებს კიდეც საკუთარ მოსწავლეებს, მასთან მოემზადონ. მათ, ვინც უარს იტყვის, დაბალი ნიშნების დაწერით ემუქრებიან). ბოლო წლებში ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. 2005 წელს მასწავლებლის ხელფასი 80 ლარი იყო, მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი ქვეყანაში 150 ლარი იყო. 2013 წელს მასწავლებლები უკვე 580 ლარს იღებდნენ, იმის ფონზე, რომ საშუალო ხელფასი უკვე 898 ლარი გახდა.

მოტივირებული და კვალიფიციური მასწავლებლები არიან ქვეყნის ეკონომიკური წარმატების გარანტი: მთელი კარიერის განმავლობაში მათ შეუძლიათ ფასდაუდებელი ცოდნა გადასცენ ათასობით მოსწავლეს. ამიტომ ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნებში (მაგ.: შვეიცარიასა და გერმანიაში) საჯარო სექტორში დასაქმებულთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ანაზღაურება სწორედ მასწავლებლებს აქვთ.

ამიტომ გამოსავალი მარტივია. გააორმაგეთ მასწავლებლების ხელფასები და კრიმინალურ დანაშაულად გამოცხადდეს საჯარო სკოლის მასწავლებლების მიერ კერძო გაკვეთილების ჩატარება. მეტიც, საჯარო სკოლებშიც გამოიყენეთ ის ანტიკორუფციული ზომები, რომელთა გამოც საქართველომ საქვეყნოდ გაითქვა სახელი.

ძვირფასო პოლიტიკოსებო, ამ პრობლემას თუ არ მიხედავთ, მაშინ თქვენი მხრიდან ზრდაზე, დასაქმებასა და საქართველოს მომავალზე ლაპარაკი უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრაა. ერი, რომელიც არ შთააგონებს ყველაზე ჭკვიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს, გახდნენ მასწავლებლები და მეცნიერები, უნდა დაიშალოს – არ არის საჭირო, აგონია თაობები გაგრძელდეს. ამ პრობლემას დაუყოვნებლივ უნდა მიხედოთ, თორემ ზიანი გამოუსწორებელი იქნება.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა