პროტექციონიზმსა და იმპორტის შეზღუდვას მხარდამჭერები ყველა ქვეყანაში ჰყავს. არც საქართველოა გამონაკლისი. ცოტა ხნის წინ დავესწარი შეხვედრას, სადაც ანტიდემპინგური კანონმდებლობის საჭიროება განიხილებოდა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის,“ „მმართველობა ზრდისთვის“ (G4G) და “თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია“ (FreMa). სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთში გავცვალეთ საკუთარი მოსაზრებები ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესაძლო შედეგების შესახებ. ეკონომისტის გადმოსახედიდან, მიმაჩნია, რომ ვიდრე მსგავს კანონს მივიღებთ, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. ანტიდემპინგური რეგულაციის მომხრეები, როგორც წესი, სამუშაო ადგილების დაცვაზე აპელირებენ, თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებენ ფასების შესაძლო ზრდას, ადგილობრივი კომპანიების შემცირებულ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე და სხვა უარყოფით ფაქტორებს.
როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებს, ანტიდემპინგური კანონის პროექტი უკვე მზად არის, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო მაინც აანალიზებს ახალი რეგულაციის თანმდევ რისკებს. “ანტიდემპინგური კანონმდებლობა შემუშავებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეგულაციების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს კანონი პანაცეა არ არის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა. კანონპროექტის დეკლარირებული მიზანია, დაიცვას ადგილობრივი პროდუქცია იმპორტირებული საქონლისგან, რომელიც „ნორმალურ ფასზე“ იაფად იყიდება.
ანტიდემპინგის იდეა სათავეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს. 1916 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო ანტიდემპინგური აქტი სათაურით „უსამართლო კონკურენცია“ (Unfair Competition). ანტიდემპინგური კანონი ეფექტურად გამოიყენეს რამდენიმე შემთხვევაში, რითაც, ბუნებრივია, ადგილობრივმა მწარმოებლებმა იხეირეს. მას შემდეგ ამ ტიპის რეგულაციის მხარდამჭერების რაოდენობა ნელ-ნელა გაიზარდა, განსაკუთრებით კი ვაჭრობის ფართომასშტაბიანი ლიბერალიზაციის შემდეგ, რადგან ამ უკანასკნელის შედეგად ადგილობრივი ინდუსტრიები უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ ექცევიან.
ანტიდემპინგის ძირითადი მომხმარებლები | ანტიდემპტინგის ძირითადი სამიზნე ქვეყნები | ||
ინდოეთი | 38 | ჩინეთი | 63 |
ბრაზილია | 35 | სამხრეთ კორეა | 18 |
ავსტრალია | 22 | ინდოეთი | 15 |
აშშ | 19 | ჩინეთის ტაიპეი | 13 |
ევროკავშირი | 14 | აშშ | 11 |
მექსიკა | 14 | მალაიზია | 10 |
კანადა | 13 | ტაილანდი | 9 |
ინდონეზია | 12 | ევროკავშირი | 8 |
თურქეთი | 12 | თურქეთი | 8 |
წყარო: www.antidumpingpublishing.com
ყველაზე ხშირად ანტიდემპინგური ღონისძიებები ტრადიციულ, კაპიტალტევად სექტორებში ხორციელდება, მაგალითად, როგორიცაა: მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და სხვა. ეს სექტორები თავისი არსით მოუქნელები არიან, უჭირთ ადაპტირება შეცვლილ გარემოებებთან და მათი ფიქსირებული ხარჯებიც მაღალია. როგორც წესი, ამ სექტორებში დიდია დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც, რაც საკითხს სოციალურ მნიშვნელობასაც ანიჭებს.
მთავრობები, როგორც წესი, ანტიდემპინგურ ზომებს იღებენ სპეციალურ გამოძიებაზე დაყრდნობით. კვლევა იწყება მაშინ, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ადგილობრივი ინდუსტრიისგან არგუმენტირებულ საჩივარს მიიღებს. შესაბამისი სააგენტო ცდილობს, დაადგინოს იყიდება თუ არა იმპორტირებული საქონელი წარმოების ქვეყანაში არსებულ ფასზე იაფად. ამ ტიპის გამოძიებას იმპორტიორის წინააღმდეგ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოპოვება ჭირდება, რაც საკმაოდ დიდ ადამიანურ და ინსტიტუციურ რესურსებთან არის დაკავშირებული.
სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ საქართველო თავად იყო დეპმინგში ეჭვმიტანილი. 2015 წელს ევროკომისიამ წამოიწყო გამოძიება საქართველოდან იმპორტირებულ მანგანუმის ოქსიდებზე. ადგილობრივ ფასებზე სანდო მონაცემების არარსებობის გამო, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ფასები შედარდა ამერიკის შეერთებული შტატების ფასებთან, რომელშიც გათვალისწინებული იყო წარმოების ფასი, გაყიდვები, ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები და მოგება საქართველოში. 2016 წლის ბოლოს მომჩივანს სარჩელის გამოტანა მოუხდა, რადგან გამოძიებამ დემპინგის მტკიცებულება ვერ მოიპოვა და საქმეც დაიხურა.
დავუბრუნდეთ საქართველოში ანტიდემპინგური კანონის საჭიროებას. დემპინგის საფრთხის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ბაზრის მცირე მასშტაბი და ისიც, რომ საქართველოს გავლენა უმნიშვნელოა მსოფლიო ბაზარზე, ყველა სექტორში. ამიტომ მცირეა ალბათობა იმისა, რომ საქართველო მისი სავაჭრო პარტნიორებისგან გამიზნული დემპინგის სამიზნე გახდეს. მითუმეტეს, ბოლო 25 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, სადაც დემპინგის მკაფიო ნიშნები გამოკვეთილიყო. დემპინგური საქონლის აღრევა, ძირითადად, იაფ იმპორტთან ხდება, რაც ადგილობრივი მწარმოებლების ნაწილს არასდროს ახარებს, მაგრამ მომხმარებლებისთვის და იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც ამ საქონელს თავიანთი პროდუქციის ნედლეულად იყენებენ, სარგებლის მომტანია.
აღსანიშნავია, რომ ანტიდემპინგური ღონისძიებების მხარდამჭერები, როგორც წესი, სვამენ კითხვას იმის თაობაზე, სამართლიანია თუ არა იმპორტიორთა ფასები, რაც არასწორია. ჩემი აზრით, უნდა ვსვამდეთ სხვა კითხვას: შედის თუ არა კონკრეტული მეწარმის დაცვა ეროვნულ ინტერესებში? იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმპორტიორების ფასები „არასამართლიანია“, პროტექცია, შესაძლოა, სულაც არ იყოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი.
ანტიდემპინგურ რეგულაციაზე ფიქრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რა გავლენა ექნება მას ბიუროკრატიაზე. მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის. როგორც ზემოთ ვახსენე, ანტიდემპინგური ზომები მიიღება სიღრმისეულ გამოძიებაზე დაყრდნობით. ამას კი კარგად მომზადებული კადრები და ძლიერი ინსტიტუტები სჭირდება. „ანტიდემპინგი არის ბიუროკრატიული და არა სამართლებრივი პროცესი,“ – ამბობს ფინგერი წიგნში „ანტიდემპინგი: როგორ მუშაობს და ვის ვნებს“. ამიტომ ის აუცილებლად გაზრდის ბიუროკრატიას და კორუფციის რისკს. დღეს საქართველოს მთავარი ამოცანა ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკის სწრაფი ზრდა არის. გამომდინარე აქედან, ნებისმიერ ახალ რეგულაციას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა არ გავაუარესოთ ბიზნეს-კლიმატი ქვეყანაში.
შეჯამებისთვის, ანტიდემპინგური კანონის ავტორებმა მხედველობაში უნდა მიიღონ არამხოლოდ კონკრეტული ჯგუფის სარგებელი, არამედ გავლენა ბაზრის სხვა მოთამაშეებზე და მათთვის მიყენებული ზარალი. ანალიზი ცხადად უნდა იძლეოდეს სურათს პოტენციური დანაკარგებისა და დანახარჯების შესახებ და უნდა გამოიკვეთოს ის ჯგუფი, ვისაც ეს ხარჯები დაეკისრება. მაგალითად, თუ იმპორტულ საქონელს ადგილობრივი მრეწველობა ნედლეულად იყენებს, იმპორტის გაძვირებით, ხარჯები, საბოლოო მომხარებელთან ერთად, მათთვისაც გაიზრდება. ცხადია, რომ მთავრობა მუდამ იქნება ადგილობრივი მწარმოებლების, დაინტერსებული ჯგუფების და ლობისტური ორგანიზაციების ზეწოლის ქვეშ, რომლებიც იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ. თუმცა, ვიდრე მთავრობა რაიმე სახის შეზღუდვას შემოიღებს, საჭიროა დეტალურად ანალიზი იმისა, იმსახურებს თუ არა ეს შეზღუდვა ლიბერალური ეკონომიკური კურსიდან გადახვევას.
1 http://www.economy.ge/en/media/news/dimitry-kumsishvili-comments-on-antidumping-law
2 ფინგერი: ანტიდემპინგი: როგორ მუშაობს და ვის ვნებს, მიჩიგანის უნივერსიტეტი, 23-ე გვ., 1993 წ.