ბენჯამინ ფრანკლინმა ერთხელ თქვა: „სამყაროში მხოლოდ ორი რამ არის გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები“. ჩვენ გვაქვს გადასახადი, რომლითაც შეიძლება, ასობით მილიონი ადამიანი ნაადრევ სიკვდილს გადავარჩინოთ. დროა, ეფექტურად გამოვიყენოთ ის.
-პრაბჰატ ჯა
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სიგარეტი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად ამისა, ყოველთვის, როდესაც მთავრობა ცდილობს, სიგარტზე ფასის გაზრდით დაარეგულიროს მასზე მოთხოვნა, საზოგადოებისგან ძალზე არაერთგვაროვან რეაქციას იღებს. ერთნი (უმეტესად არამწეველები) მიესალმებიან ამ ნაბიჯებს, მეორენი კი ხელისუფლებას სიხარბეში ადანაშაულებენ და არაეფექტუად თვლიან ამგვარ პოლიტიკას. ვინ არის მართალი და ვინ ცდება ამ ცხარე კამათში? მოდით, ახლოდან შევისწავლოთ ფაქტები.
ფონი
2017 წლის პირველ იანვარს ქართველი მწეველებისთვის სიგარეტის ფასი მეხუთეჯერ გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამჯერად აქციზის გადასახადი ერთ შეკვრა ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრით გაიზარდა, უფილტრო სიგარეტების შეკვრაზე – 30 თეთრით.
განმარტების მიხედვით, აქციზის გადასახადი არის არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გარკვეული საქონლის გაყიდვაზე წესდება და, როგორც წესი, მას თან სდევს მაღალი სოციალური ხარჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი პირდაპირ არ იხდის გადასახადს, ტვირთი თავდაპირველად მწარმოებელს აწვება, თუმცა ეს უკანასკნელი გადასახადს პროდუქტის ფასში ასახავს და ამგვარად გადასახადი მომხმარებელზე გადადის. აქციზის გადასახადის ტიპობრივი მაგალითებია გადასახადი ალკოჰოლზე, სიგარეტზე, წამალზე, ნავთობსა და აზარტულ თამაშებზე. გარდა ამ ჩამონათვლისა, ზოგიერთ ქვეყანაში აქციზით იბეგრება ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები და სხვა შაქრის შემცველი პროდუქტები.
ზოგადად, სიგარეტზე აქციზის გადასახადი ორ ელემენტს მოიცავს: სპეციფიკურ კომპონენტს, რომელიც გამოხატულია, როგორც ფიქსირებული თანხა ერთ შეკვრა სიგარეტზე და ადვალორულ (ფასთან შესაბამის) კომპონენტს, რომელიც გამოხატულია, როგორც პროდუქტის საცალო ფასის გარკვეული პროცენტი. საქართველოში, სიგარეტზე აქციზის გადასახადი პირველად 2013 წლის სექტემბერში გაიზარდა. 2015 წლის ივლისიდან მას დაემატა ადვალორული კომპონენტი, რომელმაც გასაყიდი ფასის 5% შეადგინა (2016 წლიდან – 10%). 2017 წლის დასაწყისიდან ფილტრიანი სიგარეტის ფასში მინიმუმ 187 თეთრი (სპეფიციკური+ადვალორული კომპონენტი) წმინდად აქციზის გადასახადზე მოდის.
აქციზის გადასახადი |
სიგარეტი |
2011 |
2012 |
2013 |
სექტემბერი,
|
2014 |
2015 |
ივლისი,
|
2016 |
2017 |
სპეციფიკური კომპონენტი | გაფილტრული | 60 | 60 | 60 | 75 | 75 | 90 | 90 | 110 | 170 |
გაუფილტრავი | 15 | 15 | 15 | 20 | 20 | 25 | 25 | 30 | 60 | |
ადვალორული კომპონენტი | გაფილტრული | 0% | 0% | 0% | 0% | 0% | 0% | 5% | 10% | 10% |
გაუფილტრავი | 0% | 0% | 0% | 0% | 0% | 0% | 5% | 10% | 10% |
წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი
რატომ გაზარდა მთავრობამ აქციზის გადასახადი?
სიგარეტზე აქციზის ბოლოდროინდელ ზრდას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესება სიგარეტზე ფასის გაზრდით სიგარეტის მოხმარების შემცირების გზით. მეორე, საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად1, საქართველო ვალდებულია, გააძლიეროს კონტროლი თამბაქოს მოხმარებაზე. მესამე, აქციზი უბრალოდ მარტივი (და, შესაძლოა, საქართველოში ერთადერთი) გზაა, გავზარდოთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები2.
შეუძლია მთავრობას, მართლაც ორი კურდღელი დაიჭიროს ერთი გასროლით – ანუ, გააუმჯობესოს ერის ჯანმრთელობა და, ამავდროულად, ბიუჯეტში დამატებითი თანხებიც მოიზიდოს? მოდით, ვნახოთ, რა როლს თამაშობს აქციზი თითოეული ამოცანის გადაჭრაში.
ბიუჯეტი
2017 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, ნავთობზე, მანქანებსა და სიგარეტზე გაზრდილი აქციზის გადასახადი ჯამში დამატებით 597 მილიონ ლარს მოუტანს ბიუჯეტს, აქედან 200 მილიონი სიგარეტიდან შეგროვდება. ეს ამბიციური პროგნოზი საკმაოდ რეალისტურია, თუ წინა საგადასახადო შემოსავლების დინამიკას გავიხსენებთ – 2011 წელს 232 მილიონიდან ის 549 მილიონამდე გაიზარდა 2016 წელს (იხ. ქვემოთ მოცემული გრაფიკი).
მოხმარება
სიგარეტის მოხმარებაზე წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული აქციზის მარკების რაოდენობის მიხედვით (როგორც წესი, ერთი აქციზის მარკა ნიშნავს ერთ გაყიდულ სიგარეტის კოლოფს).
2015 და 2016 წლებში მოგროვებული მარკების რაოდენობა ნათლად გვიჩვენებს, რომ შემცირდა იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტის (ყველაზე ძვირადღირებული ჯგუფი ბაზარზე) მოხმარება. შემცირებულია ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტების რაოდენობაც. თუმცა გაიზარდა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი საგრძნობლად გაიზარდა მათზე (პროცენტულად, იხ. ქვემოთ წარმოდგენილი გრაფიკი)3.
ნათელია, რომ მწეველებმა ფასის ზრდას ძვირადღირებული ფილტრიანი სიგარეტის (ადგილობრივი და უცხოური) უფრო იაფი უფილტრო ადგილობრივი სიგარეტით ჩანაცვლებით უპასუხეს.
ეს კი ცუდი ამბავია ხელისუფლებისთვის, რადგან უფილტრო სიგარეტის მოხმარება მეტ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.
მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ნაკლებ უცხოურ სიგარეტს ეწევა, ჯერჯერობით არ შემცირებულა იმპორტირებული სიგარეტის ღირებულება. პირიქით, იმპორტის ღირებულება გაიზარდა 2012 წლის 90.2 მილიონი აშშ დოლარიდან 101.4 მილიონ აშშ დოლარამდე 2016 წელს (გაცვლითი კურსის ეფექტის გათვალისწინების გარეშე).
თუმცა სიგარეტზე ფასის ზრდამ, შესაძლოა, გარკვეული სარგებელი მაინც მოუტანა ადგილობრივ მწარმოებლებს. სიგარეტის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა 2012 წლის 5 ათასი აშშ დოლარიდან 10.4 მილიონ აშშ დოლარამდე 2016 წელს.
ეს, შესაძლოა, იმის მანიშნებელია, რომ წარმოების მაღალი ხარჯები უბიძგებს ადგილობრივ მწარმოებლებს, კონკურენცია გაუწიონ უფრო მაღალი საფასო სეგმენტის მწარმოებლებს და გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქტების ხარისხი. ამის დადებითი შედეგია ადგილობრივი სიგარეტების საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
მოქმედებს თუ არა სიგარეტის ფასი ქცევაზე?
საინტერესოა, გადავხედოთ ლიტერატურას, რომელიც სწავლობს აქციზის გადასახადის გავლენას მოწევაზე. ერთ-ერთი ნაშრომი, „თამბაქოს დაბეგვრის და ფასდადების გავლენა მოწევაზე მაღალი რისკის მატარებელ მოსახლეობაში: ცოდნის სინთეზი“, აანალიზებს 108 არსებულ კვლევას, რომლებიც ეხება კავშირებს დაბეგვრასა და მოსახლეობის სხვადასხვა ქვეჯგუფებში თამბაქოს მოწევას შორის. ავტორებმა დაასკვნეს, რომ სიგარეტზე ფასის ზრდა გადასახადის მეშვეობით ეფექტური ნაბიჯია ახალგაზრდებზე ზემოქმედებისთვის, რომლებიც ფასის მიმართ ორჯერ და სამჯერ უფრო მგრძნობიარეები არიან, ვიდრე ზოგადი მოსახლეობა. მათ დაასკვნეს, რომ ფასის ზრდა ამცირებს მწეველთა რაოდენობას, სიგარეტის მოხმარებას და მოწევის დაწყებას ახალგაზრდებში.
ნაკლებად აშკარაა, მაგრამ მაინც ძლიერია ამ ნაბიჯების ზემოქმედება ახალგაზრდა ზრდასრულებზე და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებზე. თუმცა, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების შემთხვევაში, ისმის კითხვა, რამდენად სამართლიანია აქციზის გადასახადი. ზოგიერთი ლიტერატურა მიიჩნევს, რომ გადასახადი სიგარეტზე ღარიბებზე დაწესებული რეგრესული გადასახადია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანების განკარგვად შემოსავლებში უფრო დიდი წილი უკავია აქციზში გადახდილ ფულს, ვიდრე მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების განკარგვად შემოსავლებში. გარდა ამისა, კვლევებით ნავარაუდევია, რომ, რადგან დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში მოწევის მაჩვენებლი უფრო მაღალია, თითოეული მათგანის მიერ გადახდილი თამბაქოს გადასახადი მეტია, ვიდრე მაღალშემოსავლიანების მიერ გადახდილი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თამბაქოზე დამოკიდებულებას, შესაძლოა, საკუთარი წვლილი შეაქვს იმ მანკიერი წრის ჩამოყალიბებაში, რომელიც ღარიბ ადამიანებს სიღარიბიდან თავის დაღწევის საშუალებას არ აძლევს. შესაძლოა, საქართველოც იდგას ამ პრობლემის წინაშე.
ორი კურდღლის მადევარი საქართველოს მთავრობა?
პასუხი ჩვენს თავდაპირველ კითხვაზე დადებითია:
• საქართველოს მთავრობამ წარმატებით შეამცირა სიგარეტის მოხმარება – 2012 წელთან შედარებით, 2016 წელს, ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული აქციზის მარკების ჯამური რაოდენობა 11.8%-ით შემცირდა, ეს კი მოხმარების დაახლოებით 62 მილიონი კოლოფით შემცირებას ნიშნავს. თუმცა ამ პოლიტიკის შედეგი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, შესაძლოა, არც ისე ცალსახაა, რადგან მაღალი ხარისხის სიგარეტი ჩანაცვლდა დაბალი ხარისხის სიგარეტით.
• მთავრობის საგადასახადო შემოსავლები სიგარეტზე აქციზის გადასახადიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა (2011 წლის 232 მილიონი ლარიდან 2016 წლის 549 მილიონ ლარამდე).
თუმცა, ვიდრე გამარჯვებას იზეიმებდეს, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს რამდენიმე რამეს: პირველი, ფასების ზრდას თან უნდა სდევდეს სტრატეგიები, რომლებიც გააბათილებენ ამ პოლიტიკის უარყოფით გავლენას დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი მქონე მოსახლეობაზე და მძიმე და/ან დიდი ხნის მწეველებზე. მეორე, კიდევ უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს კონტრაბანდული სიგარეტი, რათა თამბაქოს დაბეგვრამ მომავალში მეტი შედეგი მოიტანოს. მესამე, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ როგორც კი ფასების ზრდა გარკვეულ დონეს მიაღწევს, სიგარეტიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლები შემცირებას დაიწყებს.
ეს უკანასკნელი იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილების – სიგარეტის ფასებზე ზეწოლის გაგრძელების – ნამდვილი გამოცდა. საზოგადოების ჯანმრთელობისთვის კი, მოდით, ჩვენ ვისურვოთ, რომ მთავრობის ქმედებებმა გაიმეოროს ნიუ იორკის ყოფილი მერის მაიკლ ბლუმბერგის გამონათქვამის სულისკვეთება: „ბოლომდე ჩემი ნება რომ იყოს, ისე გავზრდიდი სიგარეტზე გადასახადს, რომ მისგან მიღებული შემოსავლები ნოლამდე დაეცეს“.
1 ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ავალდებულებს, შეასრულოს ევროდირექტივა 2011/64/EU, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში აქციზის გადასახადი არ უნდა იყოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის 60%-ზე ნაკლები და 1.8 ევროზე (დაახლოებით 5 ლარზე) ნაკლები ერთ შეკვრა სიგარეტზე. შესაბამისად, მომდევნო წლებში აქციზის კიდევ უფრო მკვეთრად ზრდაა მოსალოდნელი.
2 2014 წლიდან, ეკონომიკური თავისუფლების აქტის თანახმად, ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა (გარდა აქციზის გადასახადისა) მხოლოდ რეფერენდუმის მეშვეობით არის შესაძლებელი. შედეგად, ხელისუფლებას საგადასახადო შემოსავლების გასაზრდელად მხოლოდ ერთი ფისკალური ინსტრუმენტი, აქციზი აქვს.
3 საქართველოზე არსებული მონაცემების მიხედვით, საგადასახადო განაკვეთის ზრდა თითქმის მთლიანად აისახა სიგარეტის საბოლოო საცალო ფასზე. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ აქციზის გადასახადი იწვევს სიგარეტზე ფასების პირდაპირ და მყისიერ ზრდას – 2011 წლის იანვრიდან გაუფილტრავ ადგილობრივ სიგარეტზე ფასი 112%-ით გაიზარდა, გაფილტრულზე – 92%-ით, იმპორტულ გაფილტრულ სიგარეტზე – 69%-ით. ღირებულების თვალსაზრისით, ძვირადღირებული სიგარეტის (რომელიც იაფ სიგარეტზე უკეთესი ხარისხის არის, სავარაუდოდ) ფასი მეტად გაიზარდა ვიდრე იაფისა ადვოლარული კომპონენტის გამო.