შენიშვნა: ყვითელი და წითელი ფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც გამოკითხულები ისურვებდნენ დაბადებას. გამოკითხულთა მიერ არჩეული პირველი 11 ქვეყანა წითლად არის აღნიშნული, დანარჩენი – ყვითლად. ღია ნაცრისფრით აღნიშნული ქვეყნები საერთოდ არ იყო ნახსენები.
ISET-ის გუნდმა ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა, რომელიც შემდეგი შეკითხვით იწყებოდა: ქვეყნის არჩევა რომ შეგეძლოს, რომელ ქვეყანაში ისურვებდი დაბადებას? ჩვენ განზრახ ჩამოვაყალიბეთ შეკითხვა ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ დაგვესვა სრულიად განსხვავებული კითხვა: „სად ისურვებდით მოგზაურობას ან რომელ ქვეყანაში წახვიდოდით ემიგრაციაში?“ ამგვარი ფორმულირების მიზანი იყო, დავკვირვებოდით ქვეყნის მახასიათებლებს და განგვესაზღვრა, რომელ მათგანს მიიჩნევენ ადამიანები საინტერესოდ და მიმზიდველად, მაშინ, როცა გაურკვეველია მათი თავდაპირველი სოციალური მდგომარეობა (მაგალითად, ოჯახში ან დაბადებისას მიღებული სოციალურ სტატუსი). შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს და გვითხრას, რომ რესპონდენტები სასურველი დაბადების ქვეყნის შერჩევისას ამდენ ფაქტორს არ ითვალისწინებენ. მიუხედავად ამისა, გვჯერა, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და საინტერესო შედეგები მოგვცა.
გამოკითხვა ჩატარდა ქართულ ენაზე შედგენილი კითხვარით, ფეისბუქის მეშვეობით, 2017 წლის მარტში. ქვემოთ მოცემულია ჩვენი რესპონდენტების მახასიათებლები. ჩვენი შერჩევა არ ასახავს მთელ ქვეყანას გამოკითხვისას გამოყენებული არხის გამო, მიუხედავად ამისა, მიღებული შედეგები საკმაოდ საინტერესოა. გამოკითხვაში უმეტესად ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა (საშუალო ასაკი 29 წელი), მათგან 70% ქალები იყვნენ. ჩვენს რესპონდენტებს განათლების შედარებით მაღალი დონე აქვთ და შედარებით შეძლებულები არიან. მათი 97% ქართველია, 80%-ს უმოგზაურია კავკასიის რეგიონს გარეთ. სულ გამოკითხვაში 501 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მაშ, სად სურთ ჩვენს რესპონდენტებს, რომ დაბადებულიყვნენ?
საინტერესოა, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 18%-მა დაასახელა საქართველო ადგილად, სადაც ისურვებდნენ დაბადებას (პირველ პრიორიტეტად).
საქართველოს მოსდევს შემდეგი ქვეყნები (რიგითობა მოცემულია რესპონდენტების უპირატესობების მიხედვით): აშშ, იტალია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, შვეიცარია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ესპანეთი. ჩამოთვლილებიდან ყველა განვითარებული ქვეყანაა, ყველა დასავლეთ ევროპაშია, აშშ-ის გარდა. რესპონდენტებმა ჯამში 39 ქვეყანა დაასახელეს, მათგან მხოლოდ 12 იყო აზიაში და სამხრეთ ან ცენტრალურ ამერიკაში. მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სურდა, დაბადებულიყო რუსეთში. ზემოთ მოცემულ რუქაზე ყველა ნახსენები ქვეყანა წითელი (ტოპ 10+საქართველო) ან ყვითელი ფერით (დანარჩენი) არის აღნიშნული. ძალიან საინტერესოა, რომ ორმა რესპონდენტმა დაასახელა საქართველოში კონკრეტული ადგილი (ზუგდიდი და თუშეთი); სხვა ორმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ სურდათ, დაბადებულიყვნენ კამელოტში და სხვა გალაქტიკაში.
ქალებსა და მამაკაცებს საკმაოდ განსხვავებული უპირატესობები აღმოაჩნდათ, თუ არ ჩავთვლით საქართველოსა და აშშ-ს (სიის თავში): იტალიას ქართველ ქალებში მესამე ადგილი უჭირავს, ხოლო მამაკაცებში – მეცხრე; ქალების სიაში შედის საფრანგეთი, ესპანეთი და კანადა, თუმცა, ეს ქვეყნები არ არის მამაკაცების სიაში. ხოლო ნიდერლანდები, ახალი ზელანდია და ისლანდია გვხვდება მამაკაცების სიებში, მაგრამ არა ქალების მიერ არჩეულ ქვეყნებში.
ცხრილი 1. ქვეყნების რეიტინგი სქესის მიხედვით
რეიტინგი | ქალები | მამაკაცები |
1 | საქართველო | საქართველო |
2 | აშშ | აშშ |
3 | იტალია | შვეიცარია |
4 | გაერთიანებული სამეფო | ნორვეგია |
5 | გერმანია | გაერთიანებული სამეფო |
6 | შვედეთი | გერმანია |
7 | შვეიცარია | ნიდერლანდები |
8 | ნორვეგია | ახალი ზელანდია |
9 | საფრანგეთი | იტალია |
10 | ესპანეთი | ისლანდია |
11 | კანადა | შვედეთი |
ქვეყნის არჩევის მიზეზი:
ქვეყნის დასახელების შემდეგ, რესპონდენტებს ვთხოვეთ, დაესახელებინათ სამი მიზეზი, რამაც განაპირობა მათი არჩევანი. ჩვენი რესპონდენტები ორ ძალიან განსხვავებულ ჯგუფად გაიყო:
სეგმენტი 1 – ადამიანები, ვინც საქართველოში დაბადება აირჩია (შერჩევითის 18%). სამი მთავარი მიზეზი, რაც ამ სეგმენტმა დაასახელა, შემდეგია: (1) ბუნება და კლიმატი (აღნიშნა რესპონდენტების 34%-მა); (2) საჭმელი (33%): (3) კულტურა და ხალხი (21%). ეს კატეგორიები კარგად აღწერს, რა უყვართ ქართველებს თავიანთ ქვეყანაში. ვისურვებდით, ღვინო სპეციალურ კატეგორიად, საკვებისა და კულტურული ასპექტებისგან განცალკევებით გამოგვეტანა, რათა აღგვენიშნა მისი მნიშვნელობა ქართველებისთვის. რესპოდენტებმა, პასუხში „სხვა“ მიუთითეს და ახსნეს, რომ მათ უბრალოდ უყვართ სამშობლო და უნდათ (ისევ) აქ ცხოვრება.
სეგმენტი 2 – ადამიანები, რომლებსაც სურთ, სხვა ქვეყანაში დაბადებულიყვნენ (გამოკითხულთა 82%). ამ სეგმენტის მიერ დასახელებული სამი მთავარი მიზეზია: (1) პირადი თავისუფლება (დაასახელა 42%-მა); (2) განათლების და ჯანდაცვის კარგი ხარისხი (42%) და (3) პროფესიული განვითარების უკეთესი შესაძლებლობები (41%).
გრაფიკი 1. ქვეყნის არჩევის მიზეზები რესპოდენტებისათვის, რომელთაც აირჩიეს საქართველო vs დანარჩენი ქვეყნები
როგორც წესი, ქართველები „ტრადიციული აზროვნების“ მქონეებად ითვლებიან. სწორედ ამიტომ, არ ველოდით, რომ „პირადი თავისუფლება“ იქნებოდა სხვა ქვეყანაში დაბადების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი (ფაქტობრივად, ნომერ პირველი). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი შერჩევითი ერთობლიობა შედარებით ახალგაზრდა, კარგი განათლების მქონე და შეძლებული ადამიანებისგან შედგება, რომელთაც მოგზაურობის გარკვეული გამოცდილებაც აქვთ, შედეგები არც თუ გასაკვირი ხდება.
გარკვეული განსხვავებებია მამაკაც და ქალ რესპონდეტებში, როგორც ეს ცხრილში 2 არის ნაჩვენები. ქალებიც და მამაკაცებიც პირად თავისუფლებას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს ყველაზე მთავარ პრიორიტეტებად მიიჩნევენ. თუმცა, ქალების შემთხვევაში, ეს ორი მიზეზი მოსდევს არჩეულ ქვეყანაში კარგი ხარისხის განათლების და ჯანდაცვის სისტემის არსებობას, რაც პირადი განვითარების შესაძლებლობებსა და ცხოვრების უკეთეს ხარისხთან ასოცირდება (შემოსავლის გარკვეული დონეზე). ასევე, მესამე ადგილზე გასულ მიზეზებს შორის არსებული განსხვავება ადასტურებს სხვაობას სქესების უპირატესობებს შორის, მამაკაცები მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო ქალები – ბუნებასა და კლიმატს.
ცხრილი 2. ქევყნის არჩევის პირველი სამი მიზეზი ქალებისა და კაცებისათვის
რეიტინგი | მამაკაცები | ქალები |
1 | პიროვნული თავისუფლება – 49% | განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის მაღალი ხარისხი – 36% |
2 | ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის – 38% | ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის & პიროვნული თავისუფლება – ორივე 33%-33% |
3 | ქვეყნის სიმდიდრის დონე/მაღალი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე – 36% | ბუნება და კლიმატი – 27% |
რესპონდენტების მიერ მითითებული სხვა საინტერესო მიზეზები ძალიან ვიწრო, კონკრეტული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი თვისებები იყო: ფეხბურთი (ესპანეთისა და არგენტინის არჩევისას), სიმპათიური მამაკაცები (იტალია) და ლამაზი ქალები (ისლანდია), ლგბტ საზოგადოების მიმართ ტოლერანტობა (ჩეხეთი), ლუდი (გერმანია), ქვეყნის სახელი (ნეპალი).
ქორწინების სტატუსმა მხოლოდ მცირე გავლენა იქონია არჩევანზე. დაქოწინებული ადამიანები უფრო ხშირად ირჩევდნენ საქართველოს (23%) დაუქორწინებელ ადამიანებთან შედარებით (16%), ასევე, უპირატესობას ანიჭებდნენ საქართველოსთან „შედარებით ახლოს“ მდებარე ქვეყნებს. საერთო ჯამში, უმეტესობა (დაქორწინებულის თუ დაუქორწინებლის) საქართველოს გარეთ უპირატესობას ანიჭებს აშშ-სა და დასავლეთი ევროპას.
რამდენად „კარგია“ ჩვენი რესპონდენტების არჩევანი?
იმისათვის, რომ ვნახოთ, რამდენად „კარგი“ უპირატესობები აქვთ ჩვენს რესპონდენტებს ობიექტური დამკვირვებლის კუთხით, ჩვენი გამოკითხვის შედეგები შევადარეთ ეკონომისტის კვლევის განყოფილების მიერ შემუშავებულ „სასურველი დაბადების ადგილის ინდექსს“ (Where to Be Born Index (WTBBI)), რომელსაც ადრე „ცხოვრების დონის ხარისხის ინდექსი“ ერქვა. ამ ინდექსის მიზანია, გაზომოს, რამდენად აძლევს ქვეყანა თავიანთ მოქალაქეებს შესაძლებლობას, იცხოვრონ ჯანმრთელი, უსაფრთო და უზრუნველყოფილი ცხოვრებით. კვლევა ეფუძნება მეთოდს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცხოვრებით კმაყოფილების სუბიექტური გამოკითხვის შედეგებს ცხოვრების ხარისხის ობიექტურ დეტერმინანტებთან. ინდექსის ბოლო მონაცემები 2013 წლის არის.
ჩვენი გამოკითხვა | სასურველი დაბადების ადგილის ინდექსი | |
აშშ | 2 | 16 |
იტალია | 3 |
21 |
გაერთიანებული სამეფო | 4 | 27 |
გერმანია | 5 | 16 |
შვეიცარია | 6 | 1 |
ნორვეგია | 7 | 3 |
შვედეთი | 8 | 4 |
საფრანგეთი | 9 | 26 |
ნიდერლანდები | 10 | 8 |
ესპანეთი | 11 | 28 |
მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი ადასტურებას იმას, რაც ცხრილისთვის თვალის ერთი შევლებითაც ჩანს: ჩვენი გამოკითხულების არჩევანი მნიშვნელოვნად განსხვავდება აღნიშნული ინდექსისგან, დასავლეთ ევროპისა და აშშ-ისკენ გადახრით. გასაკვირია, რომ ინდექსში საკმაოდ დიდი რეიტინგის მქონე ძალიან წარმატებული ქვეყენები, მაგალითად სინგაპური (#6), ჰონგ-კონგი (#10), ტაივანი (#14), საერთოდ არ მოხვდა ჩვენი გამოკითხვის შედეგებში. მეორე მხრივ, ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც უფრო ნაცნობი და ახლობელია ქართველებისთვის, მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი, უფრო ქართველების წარმოდგენებშია ასეთი გამორჩეული, ვიდრე ინდექსის მიხედვით. გამომდინარე აქედან, არჩევანზე, როგორც ჩანს, დიდწილად უფრო მეტ გავლენას ახდენს „გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე“, ვიდრე წმინდად ეკონომიკური მოსაზრებები.
ასეთია ჩვენი რესპონდენტების უპირატესობები. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ რომ მოგვცეს შესაძლებლობა, გაგვეანალიზებინა ეს ძალზე საინტერესო მონაცემები და საინტერესო დასკვნები გამოგვეტანა იმაზე, თუ რას აფასებენ ისინი ქვეყანაში.