თბილისის მცხოვრებნი არაერთხელ გამხდარან გარე ვაჭრობის დარეგულირების ციკლების მომსწრენი: ადგილობრივი ხელისუფლება გარკვეული ხნით იტანს გარე ვაჭრობას, შემდეგ არეგულირებს მას და ბოლოს ქუჩის მოვაჭრეებს ქუჩიდან აძევებს. 2006 წლიდან მოყულებული ეს ციკლები ემთხვევა ეკონომიკურ ტენდენციებსა და საარჩევნო ციკლებს. სწორედ 2006 წელს აკრძალა თბილისის მერიამ პირველად ქუჩაში ვაჭრობა და პირველი ნაბიჯებიც გადადგა გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
სულ ახლახანს თბილისის მერიამ განაახლა თბილისის ქუჩებში ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა იმ მოტივით, რომ ხალხმრავალ ადგილებში განთავსებული სავაჭრო დახლები აფერხებს ტროტუარებზე მოძრაობას, ხმაური და ანტისანიტარია კი აწუხებს მაცხოვრებლებს და ტურისტებს.
მართალია, ბევრი მიესალმება ადგილობრივი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ ნაბიჯის ეკონომიკური და სოციალური შედეგები კარგად უნდა შევისწავლოთ, რათა შევძლოთ ეკონომიკურად და სოციალურად მდგრადი გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შემუშავება.
ქუჩაში ვაჭრობა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებშია გავრცელებული. ის, ერთის მხივ, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა ქალაქში მაცხოვრებელი უმუშევრებისთვის და, მეორე მხრივ, ხელმისაწვდომ საქონელსა და მომსახურებას აწვდის გაჭირვებულ მოქალაქეებს. ის ურბანული არაფორმალური ეკონომიკის ყველაზე უხილავი სეგმენტია, თუმცა მოვაჭრეების ზუსტი რაოდენობა და მათი წვლილი ეკონომიკაში უცნობია და მუდმივად იცვლება.
ქუჩის ბაზრები ანაზღაურებად სამუშაოზე წვდომას აძლევს დაბალი განათლების ან არასაკმარისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს და მათ, ვინც დიდი ხანია აღარ არის ფორმალურად დასაქმებული. არაფორმალურ ანაზღაურებად სამუშაოს გარკვეული დადებითი წვლილი შეაქვს ადამიანების ცხოვრებაში: ის იცავს ადამიანებს უკიდურესი სიღარიბისგან, უნერგავს თვითრწმენას და უვითარებს სოციალური კაპიტალის შექმნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს (ტრავერსი, 2000 წ.). განვითარებად ქვეყნებში, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულია არასასოფლო-სამეურნეო სამუშაო ძალის ნახევრიდან სამ-მეოთხედამდე; ამ სამუშაო ძალის საკმაოდ მოზრდილ წილს გარე მოვაჭრეები (დაახლოებით 65%) წარმოაგენენ (მარტა ალტერ ჩენი და მერილი კარი, 2001 წ.). გარდა ამისა, მოქნილობის წყალობით ქუჩაში ვაჭრობა მნიშვნელოვან ეკონომიკურ შესაძლებლობებს უქმნის ქალებს. ქალები უფრო ადვილად უთავსებენ ქუჩაში ვაჭრობას სხვა საქმიანობას, ბავშვების მოვლას, საოჯახო საქმეს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ თბილისსა და მის გარეთაც ქუჩის მოვაჭრეთა უმეტესობა ქალია.
არაფორმალურ ბაზარზე მოვაჭრეებს პროდუქტის გაყიდვის ორი გზა აქვთ: პროდუქტების ბაზარში (ვაჭრობისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც მოვაჭრეები დახლებში დღიურ გადასახადს იხდიან) გაყიდვა ან ქუჩაში ვაჭრობა ყველანაირი გადასახადის გარეშე. ზოგიერთ მოვაჭრეს ქუჩაში ვაჭრობა ურჩევნია, რადგან ვაჭრობის ნებართვაში არ უწევს რაიმე საკომისიოს (დახლის საფასურის) გადახდა და უფრო მეტი მოქნილობა აქვთ თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების გასაყიდად საუკეთესო (მყიდველების აქტიურობის მიხედვით) ადგილის შერჩევაში. ამასთან, მათ უფრო მაღალი ფასების დაწესებაც შეუძლიათ, ვიდრე ბაზარში, რადგან ზოგიერთი მყიდველი მზად არის, მეტი გადაიხადოს, რომ საჭირო საქონლის შესაძენად არ მოუწიოს ბაზარში შესვლა და საქონლის ძიებაში დროის დახარჯვა. ისინი მზად არიან, მეტი გადაიხადონ, რადგან ზოგავენ დროს, მოვაჭრეები კი ამით სარგებლობენ – ამიტომაც მათთან საქონელი უფრო ძვირია, ვიდრე ბაზარში. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქუჩის მოვაჭრეები მეტ ფულს აკეთებენ, ვიდრე ქუჩის გარეთ მოვაჭრენი. ქუჩაში ვაჭრობას ხარჯებიც სდევს თან: მათი საქონელი ხშირად ექვემდებარება კონფისკაციას. ეს რისკი არ აქვთ სპეციალურ სავაჭრო ადგილებში მოვაჭრეებს. ქუჩაში მოვაჭრეებს ზოგჯერ საჯარო სივრცეში ვაჭრობისთვის დღიური გადასახადის ან ქრთამის გადახდაც უწევთ.
შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბაზრის ასეთი განაწილება ოპტიმალური და სტაბილურია, რადგან ორივე მხარე პოულობს თავიანთი საქონლისა და მომსახურების შესაბამის მომხმარებელს. ასევე, მომხმარებლებსაც ეძლევათ საშუალება, თავად აირჩიონ, რომელ ბაზარზე შეიძინონ საქონელი. ქუჩაში და სპეციალურ სივრცეში მოვაჭრეებს შეუძლიათ ეკონომიკური უფლებების რეალიზება და, სავარაუდოდ, რესურსებიც ოპტიმალურადაა განაწილებული.
თუმცა ქუჩაში ვაჭრობა ერთი მარტივი მიზეზით არ არის ტიპური საბაზრო საქმიანობა: ეკონომიკური საქმიანობა ხორციელდება არა კერძო, არამედ საჯარო საკუთრებაში. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ საჯარო სივრცეებში ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესები კონფლიქტში მოდის კოლექტიურ უფლებებთან. ქუჩაში ვაჭრობის მოწინააღმდეგეები დაობენ, რომ ქუჩაში მოვაჭრეები ისაკუთრებენ საჯარო სივრცეებს პირადი მიზნებისთვის, აფერხებენ ფეხითმოსიარულეთა და ავტომობილთა თავისუფალ მიმოსვლას და ტვირთავენ სატრანსპორტო ქსელებს. დროებითი ნაგებობები, დახლები, ჯიხურები, ანტისანიტარია, ხმაური, სივრცეების გარეგნული იერ-სახის უგულებელყოფა მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, ისიამოვნონ ამ საჯარო სივრცეებით. ამ თვალსაზრისით, მთავრობის მოვალეობაა, დაიცვას საჯარო სივრცეები ამგვარი ხელყოფისგან – მკაცრად დაარეგულიროს ან აკრძალოს კიდეც ქუჩაში ვაჭრობა.
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე წლის წინ აკრძალა ქუჩაში ვაჭრობა. თუმცა ამ გადაწყვეტილების აღსრულება საკმაოდ ხარჯიანი, არათანმიმდევრული და პოლიტიკურ ციკლებზე მიბმული გამოდგა. შემთხვევით თუ გამიზნულად, ამ მცდელობის თავიდან დაწყება ახლაც ახალი პოლიტიკური ციკლის დაწყებას დაემთხვა – პერიოდს, როდესაც ქართველ პოლიტიკოსებს პოლიტიკური პოპულიზმის შედარებით ნაკლები საბაბი აქვთ. ამ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები ამომრჩევლების საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენენ და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მათ საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პერიოდში, სწორედ ამიტომ, მთავრობის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილება, ალბათ, მხოლოდ შემდეგ მნიშვნელოვან არჩევნებამდე გასტანს.
თბილისის მერიას შეუძლია, მიმართოს ალტერნატიულ სტრატეგიას და ეკონომიკურ პოლიტიკაში ქუჩაში ვაჭრობა განიხილოს, როგორც არსებითი, სიცოცხლისუნარიანი ფუნქცია. ქუჩაში ვაჭრობა, როგორც ამტკიცებენ, ხელს უწყობს საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას, რადგან არის ხელმისაწვდომი საქონლის საიმედო წყარო. ქუჩის მოვაჭრეები ხელმისაწვდომ საქონელს მცირე რაოდენობით ჰყიდიან და, ამგვარად, დაბალშემოსავლიანი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდიან საქონელს, რომლის შეძენასაც ისინი სხვაგვარად ვერ შეძლებდნენ. გადატვირთულობის და დაბინძურების პრობლემებს კი უფრო ცუდი საჯარო მენეჯმენტი იწვევს. ამის თავიდან არიდება შეიძლება კარგად მოფიქრებული, ინოვაციური და ინკლუზიური პოლიტიკის მეშვეობით, რომელსაც ბევრი ქვეყანა (მაგ., საბერძნეთი, იტალია და ესპანეთი) მისდევს.