შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

შიმშილის თამაშები: სპეკულაციები სურსათის ბაზრებზე
შაბათი, 13 მაისი, 2017

ძველ საბჭოთა ფილმში „ერთხელ 20 წლის შემდეგ“ 10 შვილის დედა, რომელმაც ადგილობრივ მაღაზიაში უამრავი ტანსაცმელი და სურსათი შეიძინა, მაღაზიის ადმინისტრატორს ის სპეკულატორი ეგონა  და როგორც კი ქალმა მაღაზია დატოვა, პოლიციაში დარეკა. ქალი დაჭერას გადაურჩა, როდესაც გაირკვა, რომ ამდენი საქონელი მხოლოდ თავისი დიდი ოჯახისთვის და არა გადასაყიდად შეეძინა.

საბჭოთა დროს სიტყვა „სპეკულაციას“ ძალიან უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდა. სპეკულაციაში ეჭვმიტანილები შეიძლება ციხეში აღმოჩენილიყვნენ, თუ ეჭვი დადასტურდებოდა. დღეს სპეკულაცია, როგორც ასეთი, არ არის აკრძალული, თუმცა სიტყვა „სპეკულაცია“ ან „სპეკულატორი“ ხშირად უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება.

სპეკულაცია შესაძლებელია ყველა სახის ბაზარზე; თუმცა ყველაზე ხშირად სპეკულაცია გვხვდება ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციებისა და ვალუტის ბაზრებზე. სასოფლო-სამეურნეო საქონელიც ხშირად ხდება სპეკულატორების სამიზნე, სპეკულაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხორბლისა და შაქრის ბაზრებზე. ის დროდადრო კაკაოს და ყავის ბაზარზეც იჩენს თავს. საინტერესოა, რომ ახლახანს სპეკულატორების სამიზნე გახდა ნიორი, რის გამოც 2016 წლის ბოლოს ნივრის ფასმა საოცრად მოიმატა. ამინდის გაუარესებამ ჩინეთში, სადაც იწარმოება მსოფლიო ნივრის ექსპორტის 80%-ზე მეტი, მცირე მოსავლის მოლოდინი შექმნა და მოვაჭრეებს მიეცათ სტიმული, მომავალში ფასთა სხვაობიდან მოგება ენახათ. ძლიერმა წვიმებმა და თოვლმა მოსავალი დააზიანა და მიწოდება შეამცირა. ბევრმა მოვაჭრემ საჩქაროდ შეიძინა ნიორი და ასეთმა სპეკულაციურმა შესყიდვამ ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. საბოლოოდ, მიწოდების ნაკლებობამ და ფასების ზრდამ ჩინეთიდან ექსპორტი შეამცირა.

ფასების უეცარი ზრდის ერთ-ერთი მიზეზია სპეკულაციები და ეს არაერთხელ მომხდარა განვლილი 50 წლის განმავლობაში. სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, სურსათზე ფასები ყველაზე მეტად 1974, 2007-2008 და 2010-2011 წლებში გაიზარდა.

სპეკულაცია არასოდეს არის ფასების უეცარი ზრდის ერთადერთი მიზეზი, მაგრამ მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მასში. მოკლევადიან პერიოდში, სურსათზე ფასებს, როგორც წესი, განსაზღვრავს წარმოება (მიწოდება), მარაგები, ნავთობის ფასები, სავალუტო კურსის რყევები, სავაჭრო პოლიტიკა (მაგ., ექსპორტზე შეზღუდვები) და სპეკულაცია, მაგრამ თუ ფასები ძალიან მკვეთრად იზრდება, როგორც, მაგალითად, 2008 წელს, როდესაც სურსათის ფასების ინდექსი 40%-ით გაიზარდა 2006 წელთან შედარებით, სპეკულაციას, როგორც პოტენციურ გამომწვევ მიზეზს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ (ვალი პ., 2009 წ.).

და მაინც, რა არის სპეკულაცია?

სპეკულაცია ძალიან ძველი ფენომენია, რომელიც სურსათის ბაზარზე ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გამოჩნდა, როდესაც ფერმერებმა მოსავალი აღებამდე მიჰყიდეს მოვაჭრეებს. განმარტების თანახმად, სპეკულაცია არის აქტივის შეძენა იმ იმედით, რომ მომავალში მისი ღირებულება გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ განმარტება შედარებით მარტივია, კამათი მიმდინარეობს იმაზე, არსებობს თუ არა განსხვავება სპეკულაციასა და ინვესტიციას შორის. ზოგიერთი ეკონომიკური თეორია, მაგალითად ნეოლიბერალიზმი, ვერ ხედავს რაიმე განსხვავებას ამ ორს შორის და სპეკულაციას ინვესტიციის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს, სხვა თეორიებით კი მიიჩნევა, რომ სპეკულაცია განსხვავდება ინვესტიციისგან თავისი ბუნებით და იმით, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე.

ნეოლიბერალებისგან განსხვავებით და სხვა მრავალი ეკონომისტის მსგავსად, ვალის ნაშრომში „სურსათით სპეკულაცია, 2008 წელს ფასების გაბერვის მთავარი ფაქტორი“ ამტკიცებს, რომ განსხვავება სპეკულაციასა და ინვესტიციას შორის არის ის, რომ ინვესტიციით იქმნება დამატებითი ღირებულება, რომელიც ბიზნესს სიცოცხლისუნარობას მატებს, ხოლო სპეკულაცია მხოლოდ ფასთა სხვაობით სარგებლობს და არ ქმნის რაიმე დამატებით ღირებულებას. მეორე განსხვავებაა ის, რომ, როდესაც ინვესტიცია წარუმატებელია, აქტივების (შენობის, მანქანა-დანადგარების) გამოყენება მაინც შესაძლებელია მომავალში, ხოლო წარუმატებელი სპეკულაციისგან არაფერი რჩება. ეკონომიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით, ვალი ამბობს, რომ სისტემა ძალიან არასტაბილურად მიიჩნევა, თუ დოვლათი იქმნება სპეკულაციური ქმედებებით, რომლებიც რეალურს არაფერს მატებს ეკონომიკას.

როგორ მუშაობს სპეკულაცია?

ჩვეულებრივ, პროცესი ასეთია: ფერმერი მოვაჭრეს უთანხმდება ფიქსირებულ ფასზე, რომელიც მას მოვაჭრემ უნდა გადაუხადოს მომავალში და ხელს აწერს კონტრაქტს – დერივატივს, რომელსაც ფიუჩერსი ეწოდება. ასეთ სპეკულაციას კომერციული ვაჭრობა ჰქვია და შედარებით „კარგ სპეკულაციად“ ითვლება, რადგან, ერთი მხრივ, კონტრაქტით ფერმერს გარანტირებული აქვს ფიქსირებული ფასი და, ამავდროულად, რისკი ფერმერიდან მოვაჭრეზე გადადის. მეორე მხრივ, თუ მოვაჭრე დერივატივს მეწისქვილეს მიჰყიდის, რისკის ნაწილი მოვაჭრიდან მეწისქვილეზე გადადის. ასეთი გარიგება ხელსაყრელია მეწისქვილისთვის, რადგან გარანტირებული აქვს სტაბილური მიწოდება. საქონლის ფასი წინასწარ არ არის ცნობილი, ამიტომ, მოგვიანებით, როდესაც ფიუჩერსის გადახდის დრო დგება, ფასი შეიძლება იყოს ფერმერისა და მეწისქვილის კონტრაქტებში დაფიქსირებულ ფასზე მეტი ან ნაკლები, შესაბამისად, მხარეები ან მოგებულები არიან, ან – წაგებულები. მიუხედავად საფასო სხვაობისა, მოვაჭრე მაინც იღებს მოგებას, რადგან დერივატივები უფასო არ არის და მოვაჭრის შემოსავლის ნაწილი საკომისიოა. ამ საკომისიოს გამო საქონლის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე იქნებოდა, ვაჭრობა რომ პირდაპირ ფერმერსა და მეწისქვილეს შორის გამართულიყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვაჭრობა შედარებით კარგია, ის მაინც ზრდის ფასებს. ამასთან, ფასების ზრდა ერთადერთი პრობლემაა არაა; კომერციული მოვაჭრეები არ არიან დაინტერესებულები, გაზარდონ ღირებულებათა ჯაჭვის სხვა მონაწილეების პროდუქტიულობა. მოვაჭრეებს ურჩევნიათ, ბაზარზე სოფლის მეურნეობის საქონლის დეფიციტი და არამყარი ფასები იყოს, რადგან ამგვარად ისინი მდიდრდებიან. ზოგიერთ დიდ მოვაჭრეს თავისი მეტეოსადგურიც კი აქვს, რომ უკეთ იწინასწარმეტყველოს ამინდი და, შესაბამიდად, ფასებიც.

საინდექსო ფონდი არის ერთობლივი ფონდის სახეობა, რომლის პორტფელიც ისეა აგებული, რომ შეესაბამება ან მისდევს ისეთ საბაზრო ინდექსს, როგორიცაა Standard & Poor's 500 Index (S&P 500). 

 

წყარო: Index  Fund

კომერციული ვაჭრობის ეს ტიპი დაკავშირებულია წარმოებასთან, ხოლო საინდექსო ფონდების საქმიანობა პირდაპირ ფასიანი ქაღალლდების ინდექსების ფასების სხვაობაზეა მიბმული და უკიდურესად პროციკლურია. საინდექსო ფონდები მოვაჭრეთა კიდევ ერთი კატეგორიაა, ისინი ვაჭრობენ სხვადასხვა საქონლისგან შემდგარი კალათით. საინდექსო ფონდები, რომელთა კალათაშიც 20% სასოფლო-სამეურნეო საქონელია, სურსათზე ფასების გაბერვის (აქტივით ვაჭრობა იმ ფასად, რაც ბევრად აღემატება აქტივის რეალურ ღირებულებას) მთავარი შემოქმედნი არიან. ეს კი სპეკულაციის ძირითადი პრობლემაა. ფინანსური ბაზრის კრიზისის შემდეგ, ბევრმა საინდექსო ფონდმა საქონლის ბაზარზე გადაინაცვლა და იქ ფასების ზრდა გამოიწვია.

ასე რომ, ორივე სახის სპეკულაცია, კარგიც და ცუდიც, სურსათზე ფასების ზრდას იწვევს, ეს კი რისკის ქვეშ აყენებს სასურსათო უსაფრთხოებას – ადამიანის ძირეულ უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკვებზე.

როგორ გავუმკლავდეთ სპეკულაციას?

სახელმწიფო გარანტიები სურსათის ბაზრებზე სპეკულაციების ერთ-ერთი ალტერნატივაა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ ფერმერს გადაუხდის გარკვეულ ფასს თავის ნაწარმში, ეს, ფაქტობრივად, სუბსიდიას ნიშნავს და, შესაბამისად, ბაზარზე უხეშ ჩარევას. გარდა ამისა სუბსიდია ტვირთად აწვება ისედაც შეზღუდულ სახელმწიფო ბიუჯეტს.

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ინვესტორი და ბესტსელერის ავტორი დაგ ქეისი ამტკიცებს, რომ წარმატებული სპეკულატორები დაბალ რისკზე მიდიან და თამ რაციონალურები და არაემოციურები არიან, თუ ძალიან ბევრი მათგანი ერთდროულად იმოქმედებს, ბაზარზე ფასების გაბერვის შესაძლებლობა ცალსახად იზრდება.

* * *

სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა