შეავსე ფორმა
Logo

ISET ეკონომისტი

რა სარგებელს მიიღებს საქართველოს ეკონომიკა ბიტკოინით?
შაბათი, 01 ივლისი, 2017
არსებული ვითარება

პირველად ისტორიაში, ბიტკოინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს (იხ. სურათი 1) მიაღწია და 2017 წლის ივნისის ბოლო კვირას 2,900 აშშ დოლარს აცდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოულოდნელად ბაზარზე ოპტიმისტური განწყობა გაჩნდა ბიტკოინის მიმართ, შესაძლოა, არის ის, რომ იაპონიის მთავრობამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად აღიარა გაცვლის საშუალებად. ამან ბიტკოინს მეტი დამაჯერებლობა შესძინა აზიის ყველაზე მდიდარ ქვეყანაში. ამასთან, მკვეთრად მომრავლდა საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემები, რომლებიც ბიტკოინს იყენებს ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გასაგზავნად. მოვლენათა კიდევ ერთი საინტერესო განვითარებაა აშშ-ში ბიტკოინების ფართოდ აღიარება.

ცხრილი 1. ბიტკოინის საბაზრო ფასი (აშშ დოლარში) – საშულო საბაზრო ფასი ბიტკოინის მთავარ ბირჟებზე

მაგალითად, საგანმანათლებლო სექტორში, ოჰაიოს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში შედის კურსები ბიტკოინზე და სხვა კრიპტოვალუტებზე. მსგავსად, ზოგიერთმა კოლეჯმა დაიწყო ბიტკოინის გადახდის საშუალებად აღიარება. ციფრული ვალუტის აღიარებამ ზოგიერთი კომპანია დააფიქრა ბიტკოინის მომგებიან საინვესტიციო შესაძლებლობებზე. ეს კი აჩქარებს ბიტკოინის ცნობადობის ზრდას. თუმცა, ვიდრე საკითხს ჩავუღრმავდებოდეთ და ბაზრის დინამიკას გავანაალიზებდეთ, მოდით, კარგად გავიგოთ, რა არის და როგორ მუშაობს ბიტკოინი.

ბიტკოინის განმატება

ბიტკოინი არის კრიპტოვალუტა2, რომელიც ელექტრონულად იქმნება და ინახება. ის არ კონტროლდება რომელიმე ხელისუფლების მიერ და არ იბეჭდება, როგორც სხვა ვალუტა. ბიტკოინებს აწარმოებენ ფიზიკური პირები, უმეტესად ბიზნესის წარმომადგენლები, ისინი იყენებენ კომპიუტერებს (მაგალითად BITMAIN ბლოკები), სადაც პროგრამა მათემატიკურ პრობლემებს წყვეტს. თითოეული ბლოკი დაახლოებით 1,220 აშშ დოლარი ღირს და, საშუალოდ, ერთ ბლოკს დღეში 0.005 ბიტკოინის შექმნა შეუძლია. მიმდინარე საბაზრო ფასის მიხედვით, ბლოკი შეიძლება დოლარზე ან ნებისმიერ სხვა ვალუტაზე გადაერთოს. თუმცა ჯერ კიდევ პასუხია გასაცემი კითხვაზე: როგორ იქმნება ბიტკოინები. რაც შეეხება მათემატიკურ პრობლემებს, ისინი ამოიხსნება ბიტკოინით ტრანზაქციის შესრულებისას (იხ. გრაფიკი 1). სისტემა ასე მუშაობს: როდესაც ერთ ადამიანს (გიორგის) სურს, ბიტკოინი გაუზავნოს მეორე ადამიანს (ლევანს), ერთ-ერთი პრობლემაზე მომუშავე ბლოკი, რომელიც ყველაზე წარმატებული იქნება (პირველი) გადაჭრის ტრანზაქციის პრობლემას (მათემატიკურ პრობლემას) და შედეგად პრობლემაზე მომუშავე მიიღებს ჯილდოს (ბიტკოინების გარკვეულ რაოდენობას) გაწეული მომსახურებისათვის. ტექნიკურად ბიტკოინი P2P (Peer-to-Peer) ქსელს ემყარება, ეს ნიშნავს, რომ ქსელს არ ჰყავს ცენტრალური ადმინისტრაციული ერთეული. იმისათვის, რომ ბიტკოინები გაყიდო ან იყიდო, უნდა შექმნა ბიტკოინის საფულე, რომელიც მოგანიჭებთ მისამართს და პირად გასაღებს. მომლაპარაკებელ (მოვაჭრე) მხარეებს შორის ტრანზაქციები გარანტირებულია მთელ მსოფლიოში „პრობლემაზე მომუშავეების მიერ“, რომლებიც სპეციალურ პროგრამას იყენებენ ზემოთ აღწერილი კომპლექსური მათემატიკური ამოცანის ამოსახსნელად. ამის შედეგია მოვაჭრე პარტნიორებს შორის ტრანზაქციის შესრულება/დასრულება. ზოგადად, ნებისმიერს აქვს ქსელთან წვდომა და შეუძლია გახდეს პრობლემაზე მომუშავე, ამისთვის მხოლოდ სათანადო ტექნიკა და ინტერნეტია საჭირო.

გრაფიკი 1. ბიტკოინის სისტემაში ინფორმაციის მიმოცვლა

ბიტკოინი ხელსაყრელია ნივთების ელექტრონულად შესაძენად, რადგან ის ჰგავს ყველა სხვა ვალუტას, რომელიც ციფრულად ივაჭრება და იცვლება (მაგ. ეთერიუმი, რიპლი, ლიტკოინი და სხვ.). ფასის და ტრანზაქციებში ბაზრის წილის მიხედვით ბიტკოინი ყველაზე წარმატებული კრიპტოვალუტაა. მისი აღწერა პირველად გამოქვეყნდა სატოში ნაკამოტოს5 სახელით 2008 წელს, 20096 წლიდან კი ბიტკოინის გამოსაყენებული პროგრამა ღია პლატფორმაა. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რამაც ბიტკოინის ქსელის ჩამოყალიბება განაპირობა. არ არსებობს ტრანზაქციის საკომისიო და, როგორც უკვე აღინიშნა, პრობლემაზე მომუშავეებს, რომლებიც ტრანზაქციის ავტორიზებას ახორციელებენ, ანაზღაურებად ბიტკოინები ეძლევათ. ბიტკოინის ღირებულება არ არის მიმაგრებული რაიმე აქტივზე ან რომელიმე ვალუტაზე, მაგრამ მისი ღირებულება სხვა ვალუტების მიმართ იქმნება ღია ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით. მეტიც, აღსანიშნავია ისიც, რომ ქსელს არ შეუძლია ბიტკოინების უსაზღვრო რაოდენობის გამომუშავება, რადგან ქსელს საკუთარი პროტოკოლი აქვს – პრობლემაზე მომუშავეები ვერასოდეს შექმნიან 21 მილიონ ბიტკოინზე მეტს, მაგრამ, ამავდროულად, ეს ბიტკოინები შეიძლება უფრო მცირე ნაწილებად დაიყოს (უმცირესი ნაწილია ბიტკოინის ერთი მემილიონედი, რომელსაც ჰქვია „სატოში“, ბიტკოინის დამფუძნებლის სახელი).

რისკები და სარგებელი

ზოგადად, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ და ციფრული ტრანზაქციების გაფართოებამ ტრადიციული ვალუტებისა და გაცვლის სისტემების ბევრი ნაკლოვანება გამოაჩინა. სტატიაში „რა არის ბიტკოინი – მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, საინვესტიციო შესაძლებლობები“ (2014 წ.) მაიკლ ლიუსი ამტკიცებს, რომ დღეს ტრადიციული ვალუტის მთავარი ნაკლოვანებებია დროში დაყოვნება, მაღალი დანახარჯები და უსაფრთხოების რისკი. სისუსტეები კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც რაიმე ტრანზაქცია მოიცავს მხარეებს სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ვალუტას და კომპლექსურ პროდუქტებს. გამომდინარე აქედან, ციფრულ გარემოში (რომელიც არ არის დამოკიდებული ქვეყანაზე ან ცენტრალური ბანკის ინტერვენციაზე) საერთაშორისო ვალუტის შექმნას მხარდამჭერები გამოუჩნდა ეკონომიკაში და ვალუტამაც დაიწყო გაფართოება და ღირებულებაში მატება. ავტორი, ასევე, აცხადებს, რომ ბიტკოინს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, ვიდრე გახდება არსებული ელექტრონული გადარიცხვის სისტემების სერიოზული შემცვლელი. შესაბამისად, გარდამავალ პერიოდში, კრიპტოვალუტები მომხმარებლებისა და ეკონომიკისთვის, ზოგადად, ქმნის რეალურ უპირატესობებს (სარგებელს) და ნაკლოვანებებს (რისკებს), რაც ჩამოთვლილია ცხრილში 2.

ცხრილი 2. ბიტკოინის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები და სარგებელი

სარგებელი რისკი
თაღლითობის თავიდან არიდება უკანონო და ამორალური ქმედებების დაფინანსება
იდენტობის მოპარვის შესაძლებლობის შემცირება დანაკარგის მაღალი რისკი

პირდაპირი გადარიცხვები, შუამავლების გარეშე

ისტორიულად მიუწვდომელ ბაზრებზე შეღწევა

  • უსაფრთხოების ნაკლებობა
  • გაზრდილი რეგულაციები
  • შეზღუდული სავაჭრო მასშტაბი
  • გამოყენების სიმწირე
დაბალი ტარიფები ჭარბი არასტაბილურობა

რაც შეეხება ბიტკოინის სარგებელსა და რისკებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პირველი ანგარიში „ვირტუალური ვალუტები და მეტი: პირველადი მოსაზრებები“ (2016 წ.). ანგარიში, უმეტესწილად, განიხილავს ბიტკოინის მსგავს კრიპტოვალუტებს და ავტორები მსჯელობენ მათ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ბიტკოინებით, ზოგადად,  შესაძლებელია ტრანზაქციების დაჩქარება, გადარიცხვების ხარჯის შემცირება, ფინანსური ჩართულობის გაზრდა და ფასიანი ქაღალდების შეძენისას ეფექტურობის ზრდა. მაგრამ მეორე მხრივ, ეს ქსელი მნიშვნელოვან რისკსაც შეიცავს; მაგალითად, ქსელი შეიძლება, გამოიყენონ ტერორიზმის დასაფინანსებლად ან მისი მეშვეობით გაიზარდოს ტრანზაქციები შავ ბაზარზე.

საქართველოს პოტენციალი „მოპოვებაში“

ქართველი საზოგადოებისთვის საკმაოდ ნაცნობია ბიტკოინი. პირველად მან საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც „ბიტ ფურიმ“7 (სრული ბლოკების ქსელის სერვისის8 მომწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ოპერირებს აშშ-ში, ისლანდიაში, ლონდონში, ამსტერდამში, საქართველოსა და ჰონგ კონგში) ბიტკოინების მოპოვებისათვის, ქართული საინვესტიციო ფონდის ხელშეწყობით, 2014 წელს მონაცემთა გაცვლის ცენტრი შექმნა გორში. ელექტროენერგიის დაბალი ღირებულება, დაბალი გადასახადები და ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს მდგრადობა იყო ის ფაქტორები, რომლებმაც უბიძგა „ბიტ ფურის“, ქართულ ბაზარზე შემოსულიყო. იმ სარგებლის გათვალისწინებით, რასაც ქართული ბაზარი სთავაზობდა, კომპანიამ გადაწყვიტა, მონაცემთა გაცვლის მეორე ცენტრი აეშენებინა საქართველოს დედაქალაქ თბილისში (ცენტრიდან 17 კილომენტრში, მთავარ აეროპორტთან ახლოს – გლდანში). ცენტრის სიმძლავრე 100 მეგავატია და აღემატება ისლანდიასა (1.2 მგვ.) და შვედეთში (10 მგვ.) არსებული ცენტრების სიმძლავრეებს. თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (შეღავათიანი ტარიფებით9) ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რატომაც გახსნა „ბიტ ფურიმ“ თბილისში მონაცემთა გაცვლის მეორე ცენტრი. ფირმამ 100 მლნ. აშშ დოლარი ჩადო მეორე პროექტში და ეს არის საქართველოში სიდიდით მეორე ბიტკოინის მონაცემთა ცენტრი. ახლახანს, ბიტ ფურისთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მთავრობამ შექმნა მიწის სტატუსის კერძო ბლოკების ქსელით რეგისტრაციის ინოვაციური სისტემა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობა იყენებს ბლოკების ქსელის ინფრასტრუქტურას და, რადგან ბიტკოინი ხშირად უკანონო საქმიანობასთან არის ასოცირებული,  ეს იყო ქვეყანაში ბიტკოინის რეპუტაციის გამოსწორების კარგი შანსი. „ბიტ ფურის“ ოფიციალური წარმომადგენლის10 თქმით, 100 მლნ. – აშშ დოლარის ინვესტიცია ქვეყანას მოუტანს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, თავად საქართველო კი ინოვაციური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდრებს ადგილს. საქართველოში კრიპტოვალუტის განვითარების უკანასკნელი ტენდენციების გათვალისწინებით, შეიძლება საქართველომ იპოვოს ნიშა ტექნოლოგიური მომსახურების მიწოდებაში გრძელვადიან პერიოდში, რაც გაზრდის მომსახურების ექსპორტს. ამავდროულად, ქართულმა ბაზარმა უნდა შეინარჩუნოს შედარებითი უპირატესობა გლობალურ ბაზარზე, რათა მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.


https://www.cryptocoinsnews.com/Bitcoin-in-japan-officially-recognized-in-april-asset-or-expense/
2 კრიპტოვალუტა არის ციფრული აქტივი, რომელიც გამოიყენება გაცვლის საშუალებად. კრიპტოგრაფიის გამოყენებით, იგი იცავს ტრანზაქციებს და აკონტროლებს ვალუტის ახალი ერთეულების შექმნას. კრიპტოვალუტები არის ალტერნატიული ვალუტების, კონკრეტულად კი ციფრული ვალუტების შემცვლელი.
3 2013 წელს დაარსებული Bitmain Technologies ცნობილია როგორც მსოფლიოში აღიარებული ბიტკოინის კომპანია, რომლის შექმნის მიზანიც იყო ბიტკოინის ASIC ჩიპის გამოყენებით მსოფლიოს წამყვანი ბიტკოინის შექმნა და გაყიდვა.
4 ბიტკოინები
5 2008 წლის ნოემბერში ნაშრომი ინტერნეტში დაიდო სატოში ნაკამოტოს სახელით. ნაშრომის სახელწოდებაა: ბიტკოინი: Peer-to-Peer ელექტრონული ფულის სისტემა.
6 2009 წლის 3 იანვარს ანონიმურმა პროგრამისტ(ებ)მა სატოსში ნაკამოტოს სახელით შექმნეს ბიტკოინების პირველი ბლოკი, რითიც საფუძველი ჩაუყარეს მსოფლიოს პირველ სრულად რეალიზებულ კრიპტოვალუტას
7 სრული ბლოკების ქსელის სერვისი გულისხმობს ბიტკოინების შექმნას. მსგავსი ტიპის სერვისები ინვესტორებს (რომელთაც აინტერესებთ ბიტკოინები) სთავაზობენ უკვე შექმნილ ბლოკების ქსელს. მაგალითად, თუ გსურთ ბიტკოინის შექმნა და არ გსურთ საკუთარი ბლოკის ქესლის აშენება, შეგიძლიათ ფიქსირებული თანხა გადაუხადოთ ბიტ ფურის და იყიდოთ საკუთარი სირვცე მათ ქსელში. მას შემდეგ, რაც გექნებათ ბლოკების გარკვეული რაოდენობა ბიტ ფურის ქსელში, მიიღებთ ბიტკოინების შესაბამის წილს.
8 ბლოკების ქსელი არის განაწილებული ბაზა, რომელიც გამოიყენება გამუდმებით მზარდი ჩანაწერების შესანახად, რომელთაც ბლოკებს ეძახიან. თითოეულ ბლოკს აქვს დროის ნიშნული და კავშირი წინა ბლოკთან. ბლოკების ქსელი, როგორც წესი, იმართება P2P ქსელით, რომელიც კოლექტიურად უერთდება ახალი ბლოკების ვალიდაციის ბრძანებას (წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Blockchain)
9 მაგალითად, კომპანიები, რომლებიც ზონაში საექსპორტოდ აწარმოებენ პროდუქციას, გათავისუფლდებიან გადასახადებისგან (გამონაკლისია იჯარისა და საშემოსავლო გადასახადები).
10 http://agenda.ge/news/48424/eng

The views and analysis in this article belong solely to the author(s) and do not necessarily reflect the views of the international School of Economics at TSU (ISET) or ISET Policty Institute.
შეავსე ფორმა