საიდუმლო არ არის, რომ საუკეთესო სტუდენტებისთვის გლობალური კონკურენცია დღეს ძალიან მძაფრია. ეკონომისტები ამბობენ, რომ ადეკვატურ ადამიანურ კაპიტალს შეუძლია ქვეყანა მუდმივი ზრდის ტრაექტორიაზე გაიყვანოს. ჩვეულებრივ „ტვინებისთვის ბრძოლა“ ნაციონალურ და მულტინაციონალურ კომპანიებს შორის ხდება, რომლებიც საუკეთესო ტალანტებისთვის იბრძვიან. მათ დღეს არც უნივერსიტეტები არ ჩამორჩებიან, რომლებიც გამალებით იბრძვიან მსოფლიოში საუკეთესო სტუდენტების გადაბირებისა და შენარჩუნებისთვის. ჰარვარდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT), სტენფორდი, ოქსფორდი, კემბრიჯი და უამრავი სხვა ელიტური უნივერსიტეტი იმდენად არის კარგი უნივერსიტეტი, რამდენადაც მათი ახალწვეულები. არსებული რეპუტაციის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო განმტკიცებისთვის ამ უნივერსიტეტებს უწევთ მსოფლიოს საუკეთესო სტუდენტების მოზიდვა.
სტუდენტებისთვის ბრძოლა საქართველოშიც ისეთივე მძაფრია, როგორიც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში.
ათ წელიწადზე მეტია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) გამორჩეულად წარმატებით იზიდავს საქართველოს საუკეთესო სტუდენტებს ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე. ამ პროგრამის მეშვეობით თითქმის 300-მა კურსდამთავრებულმა შესანიშნავი კარიერა შეიქმნა აკადემიურ, საჯარო თუ კერძო სექტორში. კავკასიის რეგიონში1 მზარდი რეპუტაციის წყალობით, ISET-მა სტუდენტთა ბაზა გააფართოვა და 2017 წელს დაიწყო ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა.
ჰარვარდისა და კემბრიჯის მსგავსად, ISET-ის წარმატებაც მიღებული სტუდენტების ხარისხზეა დამოკიდებული. წელს, ISET-ის ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამას2 53 სტუდენტი შეუერთდა. რა განასხვავებს ISET-ის ახალი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ეკონომიკის სხვა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისგან საქართველოში? რამდენად კონკურენტულია ISET-ის პროგრამა? ჩვენმა გუნდმა იმ სტუდენტების უნიკალური მონაცემები გააანალიზა, რომლებიც წელს შეუერთდნენ ქართულ უნივერსიტეტებს.
|
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაახლოებით 39,000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათგან უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა 28,176 აბიტურიენტი. ISET-ის საბაკალავრო პროგრამაზე კი ამ შთამბეჭდავი რაოდენობიდან მხოლოდ 50 სტუდენტი ჩაირიცხა.
სტუდენტების განაწილება სქესისა და რეგიონების მიხედვით
თუ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს და მათ სკალირებულ ქულებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ სქესის თვალსაზრისით ორივე ცვლადი დაბალანსებულია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 2017 წელს მიღებული სტუდენტების 51% გოგოა, რომელთა საშუალო სკალირებული ქულა ბიჭების ქულაზე ოდნავ (უმნიშვნელოდ) მაღალია. ეს დაკვირვება თანხვედრაშია უნივერსიტეტში გოგონების ჩარიცხვის გლობალურ ტრენდთან. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1979 წლიდან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში უფრო მეტი გოგო აბარებს, ვიდრე ბიჭი. გენდერული ნაპრალი მას შემდეგ იზრდება. დღეისთვის აშშ-ში საბაკალავრო პროგრამაზე მიღებული სტუდენტების 55-60% გოგოა. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, აშშ-ში ქალები მუდამ ჩამორჩებიან კაცებს სატში (სქოლასტური შეფასების ტესტი) მიღებული ქულების მიხედვით.
ISET-ის შემთხვევაში, გენდერული განაწილება უფრო ბიჭებისკენ იხრება, რადგან 50 სტუდენტიდან 27 (54%) ბიჭია. ISET-ის გოგო სტუდენტების საშუალო სკალირებული ქულაც მცირედით აღემატებოდა ბიჭების ქულას.
მართალია, ზოგადად, სტუდენტების გენდერული განაწილება მეტნაკლებად თანაბარია, მაგრამ რეგიონული განაწილება მაინც უფრო ქვეყნის დედაქალაქისკენ იხრება. როგორც მოსალოდნელი იყო, ქულების თვალსაზრისით, თბილისი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. მას, ჩვენდა გასაკვირად, გაგრა3, რუსთავი, ახალგორი, სოხუმი და ქუთაისი მოსდევს (იხ. გრაფიკი 1). აღსანიშნავია, რომ საშუალოდ ქუთაისს კარგი შედეგები აქვს, თუმცა ის მეორე ადგილზეა, თბილისის შემდეგ, თითოეული ქალაქიდან საუკეთესო 50 სტუდენტის მიხედვით.
ISET-ის საბაკალვრო პროგრამაშიც თბილისი დომინირებს (მასზე მოდის მიღებული სტუდენტების დაახლოებით 80%). დანარჩენი სტუდენტები ქუთაისიდან (6), სამტრედიიდან (3) და თერჯოლიდან (1) არიან. დამაფიქრებელია თბილისელი სტუდენტების გამორჩეულად მაღალი წილი, რადგან ISET-ის სამაგისტრო პროგრამა ამ თვალსაზრისით უფრო მრავალფეროვანია. ხომ არ გვეუბნება ეს აღმოჩენა, რომ სუსტი სტუდენტები სამაგისტრო პროგრამებზე მიდიან, ძლიერი სტუდენტები კი საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთანავე მიდიან სრულგანაკვეთიან სამუშაოზე? ეს საკითხი უფრო ახლოდან დაკვირვებას საჭიროებს, რასაც უფრო დეტალურად ISET Economist-ის მომდევნო სტატიებში განვიხილავთ.
სხვადასხვა ეკონომიკური პროგრამების შეფასება – მოთხოვნის მხარე
ამ კვლევა-ძიებისას ეკონომიკის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები ერთმანეთს შევადარეთ აპლიკანტების რაოდენობის და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული საშუალო ქულების მიხედვით. 10-ზე მეტი უნივერსიტეტი ასწავლის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამას. პროგრამების უკეთ შედარების მიზნით, ყურადღება შევაჩერეთ ისეთ პროგრამებზე, რომლებიც, ISET-ის მსგავსად, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე არჩევით საგნად მათემატიკას ითხოვდნენ.
ეკონომიკურ პროგრამაზე მოთხოვნის გაზომვა შეიძლება ფარდობით: იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც პირველი პრიორიტეტი4 კონკრეტულ ეკონომიკურ პროგრამას მიანიჭეს/თავისუფალი ადგილების რაოდენობა. ამ თვალსაზრისით ლიდერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც თითო ვაკანტურ ადგილზე 1.9 პირველი პრიორიტეტის განაცხადი მიიღო. ISET-ის საბაკალავრო პროგრამა ლიდერებს შორისაა და მეხუთე პოზიცია უჭირავს, ISET-ში ერთ თავისუფალ ადგილზე 1.6 პირველი პრიორიტეტის განაცხადი მოდის. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში მხოლოდ შვიდი საგანმანათლებლო პროგრამა იყო ისეთი, სადაც პირველი პრიორიტეტის განაცხადები თავისუფალ ადგილებს აღემატებოდა. თუ შევხედავთ, რამდენი სტუდენტი მოდის ერთ თავისუფალ ადგილზე, ვნახავთ, რომ კონკურენცია ძალიან მძაფრია. მაგალითად, ISET-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელია 7 სტუდენტი ერთ ვაკანტურ ადგილზე. ვაკანტურ ადგილზე მიღებული განაცხადების რაოდენობა პროგრამის კონკურენტუნარიანობის ყველაზე პოპულარული მაჩვენებლია. თუმცა ის არაფერს ამბობს მიღებული სტუდენტების ტალანტზე და/ან ხარისხზე. ამ მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია, პროგრამები შედარდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულების მიხედვით. ქვემოთ, გრაფიკზე ნაჩვენებია ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ეკონომიკაში და მათი ქულები ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ISET-ის საბაკალავრო პროგრამა, ამ თვალსაზრისით, ცალსახა ლიდერია, მას მოსდევს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროგრამები.
თუ ნიმუშს გავზრდით და მასში შევიტანთ ბიზნესის ადმინისტრირების წარმატებულ საგანმანათლებლო პროგრამების (ეკონომიკის მონათესავე სფერო), დავინახავთ, რომ მხოლოდ ერთი პროგრამაა (თავისუფალი უნივერსიტეტი), რომელიც სჯობნის ISET-ს სტუდენტების საშუალო ქულების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების საშუალო სკალირებული ქულა ბევრად აღემატება ეკონომიკის საშუალო სკალირებულ ქულას.
სახელმწიფო სასწავლო გრანტების განაწილება
ბოლო მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების შესწავლის შემდეგ გავაკეთეთ, სასწავლო გრანტების განაწილებას ეხება. 2017 წელს გრანტების სტრუქტურა, გასულ წელთან შედარებით, დიდად არ შეცვლილა. იმ სტუდენტების რაოდენობა, რომელთა სწავლაც სრულად დაფინანსდა, 1009 სტუდენტამდე შემცირდა (2016 წელს 1,112 იყო), 70%-იანი და 50%-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების რაოდენობა კი თითქმის იგივე დარჩა (1,457 და 4,081 სტუდენტი 2017 წელს). გარდა ამისა, წელს სრულად დაფინანსებულ ფაკულტეტებზე5 4,051 სტუდენტი ჩაირიცხა, როცა 2016 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 3,800 იყო. სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სისტემის მიერ დაფინანსებული სტუდენტების უმეტესობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მოდის.
სახელმწიფო გრანტის განაწილების მიხედვით, ISET-ის საბაკალავრო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რაც მიღებული სტუდენტების მაღალ ხარისხზე მიუთითებს. პირველი ნაკადის თითოეულმა სტუდენტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. მათგან 16-მა 100%-იანი გრანტი მიიღო, 30-მა – 70%-იანი, 4-მა სტუდენტმა კი – 50%-იანი.
როგორც ხედავთ, ISET-ს შეუძლია თამამად თქვას, რომ წელს გაიმარჯვა საქართველოში ეკონომიკის შესწავლის მსურველი საუკეთესო სტუდენტებისთვის ბრძოლაში. ჩვენს ახალ სტუდენტებს წარმატებებს ვუსურვებთ. გვჯერა, რომ ახალი საბაკალავრო პროგრამა ისეთივე რეპუტაციასა და აღიარებას მოიპოვებს, როგორსაც სამაგისტრო პროგრამამ მიაღწია.
1 ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა არაერთი საერთაშორისო სტუდენტი, მათ შორის უკრაინიდან, ბელარუსიდან, ნიგერიიდან, ინდოეთიდან და იაპონიიდანაც კი.
2 ამ სტუდენტების უმეტესობა (50 სტუდენტი) ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდებით, დანარჩენები კი შიდა მობილობით გადმოვიდნენ თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტებიდან.
3 გაგრა და სოხუმი მდებარეობს აფზახეთში, ახალგორი კი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. ამ რეგიონების სტუდენტების უმეტესობა არის იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც ცხოვრობს საქართველოს სხვა რეგიონში.
4 ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარებამდე, აბიტურიენტი ადგენს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების სიას (რაოდენობა არ არის შეზღუდული). აბიტურიენტი ადგენს სიას ყველაზე სასურველი (პირველი არჩევანი) ნაკლებად სასურველი პროგრამების მიხედვით. აბიტურიენტი ხვდება სიის პირველ პროგრამაზე, თუ მიიღებს პროგრამისთვის საჭირო ქულას.
5 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტები გულისხმობს ახალ (2013 წლიდან არსებულ) სისტემას, რომელიც სრულად აფინანსებს სტუდენტებს, რომლებიც ჩააბარებენ გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე (აგრარული მეცნიერება, განათლება, ინჟინერია, მათემატიკა, ფიზიკა, ეკონომიკა, არქიტექტურა, არქეოლოგია და ა.შ.). ძირითად ეს პროგრამები დაკავშირებულია პროფესიებთან, სადაც კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია. ამ სისტემას მთავრობა იყენებს საქართველოს შრომის ბაზარზე პროფესიული უნარ-ჩვევების დეფიციტის აღმოსაფხვრელად. სისტემის დანერგვის პირველ წელს მხოლოდ 2,450 სტუდენტი ჩაირიცხა ამ პროგრამებზე. 2017 წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგებულია.