საქართველოში კოოპერატივების განვითარება 2013 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის პროექტით დაიწყო, რომლის მთავარი კომპონენტიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაა.
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, საქართველოში 1500 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია და მათგან 250-ზე მეტს ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერა აქვს მიღებული (ამ კოოპერატივების ადგილმდებარეობა იხილეთ რუკაზე).
ყველა ეს ახალშექმნილი კოოპერატივი წარმატებული ვერ იქნება და მათი სიცოცხლისუნარიანობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
თეორიას თუ დავუჯერებთ...
ლიტერატურის თანახმად, მენეჯერული უნარები, ჩართული მხარეების მონაწილეობა, კონკურენტული გარემო და ფინანსებზე წვდომა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ინიციატივის წარმატების მთავარი განმსაზღვრელი კარგი მენეჯერული უნარებია. კვლევებმა1, ამასთან, დაადასტურა, რომ ძლიერი ლიდერობა და კოლექტიურად მოქმედების სურვილი2 კიდევ უფრო წარმატებულს ხდის კოოპერატივს, მენეჯერული გამოცდილების და ცოდნის ნაკლებობა კი მარცხს განაპირობებს. ზოგიერთი კვლევა3 იმასაც ამბობს, რომ კოოპერატივების მართვა კერძო კომპანიების მართვაზე უფრო დიდი გამოწვევაა, რადგან კოოპერატივებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი გართულებულია – იგულისხმება ერთ წევრზე ერთი ხმის სისტემა (რომელიც, ამასთან, უფრო დემოკრატიულია). ამის გათვალისწინებით, ძლიერი ლიდერის ყოლა გადამწყვეტია კოოპერატივის წარმატებაში.
პრაქტიკამ აჩვენა...
ENPARD-ის მიერ მხარდაჭერილი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის „გურიის თხილის“ დამფუძნებელი, ლია მუხაშავრია მაგალითია ძლიერი ლიდერისა, რომელმაც თავისი ცოდნა და გამოცდილება გურიაში თხილის გადამამუშავებელი კოოპერატივის შესაქმნელად გამოიყენა.
იურისტი და ადამიანის უფლებადამცველი ლია თბილისში დაიბადა, 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, 1995 წელს – ტემპლის უნივერსიტის იურიდიული სკოლა (აშშ),1999 წელს კი – ფრანკფურტის ფინანსების და მართვის სკოლა (გერმანია), 1990-2014 წლებში სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციაში მუშაობდა. ამ წლებში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილება მოტივაცია შესძინა, რომ 2015 წელს დაეტოვებინა თბილისი, გურიაში მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო და თხილის გადამამუშავებელი კოოპერატივი დაეარსებინა.
გურიაში გადასვლამდე ლიამ შეაგროვა ინფორმაცია თხილის წარმოების საუკეთესო პრაქტიკაზე, ბაზრის ზომაზე, ფასებზე, შეხვდა ფერმერებს საქართველოში და საზღვარგარეთ, მოინახულა ისრაელის ცნობილი კიბუციც. საბოლოოდ, ოთხ გამოცდილ თხილის მწარმოებელთან ერთად კოოპერატივი დააარსა, რომელიც 97 წევრს აერთიანებს. წევრები ერთად ლანჩხუთის რაიონის ოთხ სოფელში (შუხუთი, მამათი, აცანა და ნინოშვილი) 150 ჰექტარ თხილის ბაღებს ფლობენ. კოოპერატივის მამოძრავებელი ძალა კარგად აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოა (162 მ2). საწარმო პირველი მოსავლის მისაღებად უკვე მზად არის. ქარხანას დღეში 5 ტონა თხილის გადამუშავება შეუძლია და იქ ორ ცვლაში 100 ადამიანის დასაქმება არის შესაძლებელი. კოოპერატივების წევრები გეგმავენ, რომ ნაჭუჭიანი თხილის ადგილზე იაფად გაყიდვის ნაცვლად, კლიენტებთან გრძელვადიანი კონტრაქტები დადონ და შუამავლების გარეშე პირდაპირ ბაზარზე გაიტანონ თხილის გული. ამით ისინი გაყიდვებიდან უფრო მეტ ამონაგებს მიიღებენ.
გამოწვევების პირისპირ
კოოპერატივის დაარსებისას ლია შეეჯახა გამოწვევას: მოტივაცია მიეცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კოოპერატივს დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებოდნენ. მათ არ სურდათ (გარკვეულწილად არც ახლა სურთ) ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება. ლია ამ ფენომენს „გლეხის ჭკუას“ ეძახის. მეტიც, სოფლად ძალიან მკვეთრია ასაკობრივი და გენდერული დისბალანსი, სოფლად ახალგაზრდობა მოსახლეობის მხოლოდ 20%-ია, როგორც ლია ამბობს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები პატივს სცემენ და ამაყობენ ლიას რეპუტაციითა და მიღწევებით, ისინი მას, როგორც ქალ ლიდერს მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ.
კიდევ ერთი დიდი გამოწვევა იყო თხილის გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებელი სახსრების მოძიება. ლიას მეთაურობით, კოოპერატივის მთავარმა გუნდმა სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა. კოოპერატივს 1700მ2 მიწა სიმბოლურ ფასად (1ლარი/1ჰა) გადაეცა იმ პირობით, რომ ქარხნის ასაშენებლად კოოპერატივი 136, 000 ლარის ინვესტიციას ჩადებდა. გარდა ამისა, „გურიის თხილმა“ 76,000 ლარის 7-წლიანი შეღავათიანი აგროკრედიტიც მიიღო (სახელმწიფო 8%-ის სუბსიდირებას ახდენს, „გურიის თხილი“ კი დანარჩენ3%-ს იხდის). მეტიც, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში (ქეას კონსორციუმის დახმარებით), კოოპერატივმა მიიღო დაბრუნებადი გრანტი 76,220 ლარი თხილის გასაშრობი, გასატეხი, დასაკალიბრებელი, დასახარისხებლი და პარტიებად შესაფუთი აღჭურვილობისთვის.
მეორე გამოწვევა იყო დიდი რაოდენობით წევრების მართვა, რომელთა რესურსებიც სხვადასხვა სოფელში იყო გაფანტული. კოოპერატივის ეფექტურად სამართავად, ლიამ 15 წევრი მენეჯერად დანიშნა. თითოეული მენეჯერი მიმაგრებულია ფერმერების ჯგუფს, რომელთა ბაღებიც ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს. მენეჯერები პასუხისმგებელი არიან, მოიპოვონ ინფორმაცია მთლიან წარმოებაზე, მიწის მფლობელობაზე, ფერმერების ჯგუფის მიერ განკარგულ ფინანსებზე. მენეჯმენტის მთავარ გუნდში ერთი აგრონომია, ერთი ქარხნის მენეჯერი და ერთიც გაყიდვებზე და კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირი (თავად ლია).
შემდეგი ნაბიჯები სიცოცხლიუნარიანობისკენ
„გურიის თხილის“ შეფასებით, წელს ქარხანა სულ მცირე 80 ტონა გასარჩევ თხილს გადაამუშავებს, მიუხედავად დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას ეპიდემიისაა, სოკოვანი დაავადებებისა და არასახარბიელო ამინდისა, რამაც მოსავალი შეამცირა და თხილის ხარისხიც გააფუჭა გურიის უმეტეს ნაწილში. საბედნიეროდ, გურიის მთიან სოფლებში საკმაოდ კარგი მოსავალი მოვიდა და წელს ქარხანა თხილის უმეტესობასას სწორედ აქედან მიიღებს.
რაც შეეხება ბაზრებს, ლიას იმედი აქვს, რომ თხილის საკმაოდ დიდ ნაწილს თურქეთში, საერთაშორისო ბაზარზე გაყიდის. მას უკრაინელ, ესპანელ და ბელგიელ პარტნიორებთან აქვს მოლაპარაკებები და აპირებს, ახლო მომავალში გარჩეული თხილი შუა აღმოსავლეთისა და ჩინეთის ბაზრებზეც გაყიდოს.
ლია თხილისა და კაკლის პროდუქტების მაღაზიების გახნასაც გეგმავს და ტურიზმს შესაძლებლობად მიიჩნევს. მას სჯერა, რომ მისი კოოპერატივი და გურიის სოფლების სილამაზე რეგიონში აგრო და ეკოტურისტებს მოიზიდავს. ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ფერმერების შემოსავლის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს.
აქამდე „გურიის თხილის“ მიღწევებს, დიდწილად ლიას ძლიერი ლიდერის უნარები განაპირობებდა; ნამდვილი წარმატება კი ჯერ კიდევ წინაა და კოოპერატივი მას მაშინ მიაღწევს, როდესაც საქმეში ჩაერთვება სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელი სხვა ფაქტორები: კოოპერატივის წევრების ჩართულობა, რაც წარმოების სტაბილური მოცულობის (კოოპერატივის გვერდის ავლით თხილის გაყიდვის თავიდან აცილება) და კარგი ხარისხის (თხილის ბაღების სათანადო მოვლა) გარანტიაა; ფინანსებზე წვდომა, რაც ფულადი სახსრების ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო (საოპერაციო ხარჯების დაფინანსება) და კარგი მარკეტინგული სტრატეგია.
წარმატება გადამდებია და, როგორც ლია ამბობს, მისმა ინიციატივამ ზოგიერთი მისი მეზობელი წაახალისა, სოფლებში დაბრუნებულიყო და კვლავ „გაენათებინა სახლი სამეზობლოში“...
1 კასუნგვა და მორონგი (2006 წ.)
2 ოტმანი და კინგი (2007 წ.)
3 კუკი (1994 წ.)
* * *
სტატია მომზადდა ევროკავშირთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიასთან თანამშრომლობით, პროგრამის – „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ – ფარგლებში. სტატიის შინაარსი არის მხოლოდ ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობა და არ წარმოადგენს ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARE ავსტრიის პოზიციას.