ტყის ხანძარი ადამიანის სიცოცხლესა და ქონებას საფრთხეს უქმნის. როგორც წინა სტატიაში ვისაუბრეთ, 2017 წლის ზაფხულში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უჩვეულოდ ბევრი ტყის ხანძარი გაჩნდა. საქართველოში ამ თემამ საზოგადოებაში ცხარე დებატები გამოიწვია, კამათი მიდიოდა, ხანძრები თავისით გაჩნდა თუ ადამიანების მიერ იყო გამოწვეული. წინა სტატიაში განვიხილეთ, როგორ იწვევს ბუნებრივი მიზეზები ტყის ხანძრებს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ტყის ხანძრების გაჩენაში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს კლიმატის ცვლილებამ, რადგან მშრალი ამინდი და უფრო ხანგრძლივი ცხელი სეზონები ტყის ბუნებრივი ხანძრებისთვის სახარბიელო პირობებს ქმნის. იმავე სტატიაში მკითხველს ბუნებრივი ტყის ხანძრების რაოდენობის და სიმწვავის შემცირების რამდენიმე პოტენციური გზაც შევთავაზეთ.
ამ სტატიაში კი განვიხილავთ ტყის ხანძრებს, რომლებიც ადამიანის მიზეზით – უბრალო ღია ცის ქვეშ საქმიანობით თუ ნამდვილი კრიმინალური ქმედებით – ჩნდება.
რა არის ადამიანის მიერ გამოწვეული ხანძრების გაჩენის მთავარი მიზეზები?
• ტყეში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის კოცონი. ადამიანები ყოველთვის არ ითვალისწინებენ, რომ კოცონი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე უნდა დაინთოს და ხშირად მას ფოთლებთან და გამომშრალ კუნძებთან ანთებენ. ადამიანები ხშირად ძალიან დიდ კოცონს ანთებენ და დიდია რისკი, რომ ცეცხლზე კონტროლი დაკარგონ. კოცონთან მოლხენის შემდეგ ბევრს ავიწყდება, რომ ადგილის დატოვებამდე ცეცხლი სრულად უნდა ჩააქრონ. ეს პრობლემაა, რადგან ზოგჯერ სულ მცირე ნაპერწკალიც კი საკმარისია ტყეში ხანძრის გასაჩენად. დაბოლოს, ნაცრის არასწორად გადაყრამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ტყის ხანძარი, რადგან ნაცარი ხანდახან საკმარისად ცხელია საიმისოდ, რომ ცეცხლი გააჩინოს.
• სიგარეტის ნამწვის გადაგდება ტყის ხანძრების გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზია. ზოგი ტყეში სეირნობისას ანთებული სიგარეტის ნამწვს ძირს აგდებს ან ტყეზე გამავალ გზებზე მგზავრობისას მანქანიდან ისვრის ანთებულ სიგარეტს. ანთებული ნამწვი თუ მშრალ ფოთლებზე ან ბალახზე მოხვდება, ტყეში ხანძრის გაჩაღებასაც არაფერი უდგას წინ.
• ტყის ხანძარი შეუფერებელ ადგილებში ფოიერვერკის მოწყობამაც შეიძლება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ტყეში ფოიერვერკის გამოყენება აკრძალულია, ზოგი მაინც არღვევს ამ წესს და ფოიერვერკს ისეთ ადგილზე აწყობს, სადაც მშრალი ბალახი და/ან ბევრი ხეა.
• ადამიანები ხშირად ნარჩენებს საკუთარ ეზოში ან სახლის გარეთ, ხანდახან ტყეშიც კი წვავენ. ნარჩენების დაწვა აკრძალული არ არის, მაგრამ ამ დროს სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან უეცარმა ქარმა ან სხვა შემთხვევამ შეიძლება ხანძარი გაავრცელოს ან მასზე კონტროლი დაგვაკარგინოს, შედეგად კი ცეცხლი ტყეს მოედოს.
• ცეცხლის გაჩენა ნიშნავს რაიმე სახის ქონებისთვის (ამ შემთხვევაში, ტყისთვის) განზრახ, ზიანის მიყენების მიზნით ცეცხლის მოკიდებას. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ადამიანები ამ დანაშაულს ჩადიან, არის ის, რომ მათ ექსპორტისთვის, ავეჯის დასამზადებლად ან უბრალოდ საწვავისთვის ჯანსაღი ხეები მოჭრეს. რადგან ასეთი ქმედება უკანონოა, ზოგჯერ ისინი შემდეგ ტყეში ხანძარს აჩენენ, განსაკუთრებით პაპანაქება ზაფხულში. ხალხი იფიქრებს, რომ ცეცხლი მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია და დამნაშავეები დანაშაულს დამალავენ. ბევრი ადამიანი ეჭვობს, რომ სწორედ ეს იყო საქართველოში ამ ზაფხულს გაჩენილი უჩვეულოდ ბევრი ხანძრის მიზეზი. ტყისთვის ცეცხლის წაკიდების კიდევ ერთი სერიოზული მიზეზია სასოფლო-სამეურნეო მიწის გაფართოების საჭიროება ან ახალი გზებისა და შენობებისთვის საჭირო დამატებითი ფართის მოპოვება. მიწის რესურსი შეზღუდულია, ამიტომ სასოფლო-სამეურნეო წარმოების და/ან სამშენებლო პროექტებისთვის ხელმისაწვდომი მიწის ფართობის გასაზრდელად ტყეების გაკაფვას მიმართავენ. ტყის ფართობის გასუფთავების (და ზოგჯერ ტყის ფართობის სასოფლო-სამეურნეო ან სამშენებლო მიწად გადაქცევისთვის საჭირო პროცედურების დაჩქარების) ყველაზე მარტივი გზაა ტყის დაწვა. დაბოლოს, ტყეში ხანძრის გაჩენის დანაშაული გატყიანების ბიზნესთანაც არის დაკავშირებული ზოგიერთ ქვეყანაში – გატყიანების სამუშაოების ჩასატარებლად დაქირავებული კომპანიები/ადამიანები წვავენ ტყეეებს, რომ შემდეგ ახალი შეკვეთები მიიღონ.
რადგან ადამიანის მიერ გამოწვეული ხანძარი არსით ადამიანის ქმედებებზეა დამოკიდებული, ასეთი ხანძრების მიზეზებში კარგად უნდა გავერკვეთ, რომ უფრო ეფექტურად შევძლოთ მათთან ბრძოლა. ადამიანის მიზეზით გამოწვეულ ხანძრებზე ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, რა ინვესტიცია უნდა ჩაიდოს მეხანძრეების ტრენინგში, ტყის ხანძრებთან საბრძოლო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობაში. ეს გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება ქვეყნის უნარზე, უპასუხოს ტყის ხანძრების პრობლემას. ისინი ხანძრის პრევენციისთვის საჭირო იურიდიული რეგულაციების შემუშავებასა და, კიდევ უფრო ზოგადად, ტყის ხანძრების რისკებსა და ხარჯებზე საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის საჭირო პოლიტიკის გატარებაზეც არიან პასუხისმგებელნი.
ადამიანის მიერ გამოწვეული ხანძრების მიზეზები მრავალგვარია, სწორედ ამიტომ ცხადია, მათთან საბრძოლო სტრატეგიებიც მრავალმხრივი უნდა იყოს და შეეხოს თითოეულ მიზეზს, გამოიყენოს ყოვლისმომცველი მიდგომა. ბუნებრივი მიზეზით გაჩენილ ხანძრებთან ბრძოლის სხვადასხვა ინიციატივას შორის არსებობს სპეციალური ზომებიც, რომლებიც ამ მიზნით გამოიყენება.
• საზოგადოების მეტად გათვითცნობიერება და ადამიანებისთვის ახალგაზრდობაშივე იმის სწავლება, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ხანძრები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ ქმედებებს. მაგალითად, განათლების სამინისტრომ შეიძლება შეიმუშაოს სასკოლო პროგრამები და მოსწავლეებს ასწავლოს, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთ პატარა ასანთის ღერს. რაც მეტი ეცოდინებათ ბავშვებს ამ თემაზე, მით მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიანთ ქმედებებს მომავალში. ეს კი ადამიანის მიერ გამოწვეული ხანძრების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
• უკეთესი პოლიტიკის შემუშავება და გატარება ადამიანის მიერ გამოწვეული ხანძრების პრევენციისთვის. მაგალითად, საჭიროა არამხოლოდ იმ ადგილების შემოსაზღვრა, სადაც კოცონის დანთება აკრძალულია, არამედ საზოგადოების ნათლად ინფორმირება ამის შესახებ და რეგულაციების აღსრულება. დღეს საზღვრების დადგენა და საზოგადოების ინფორმირება კიდეც რომ მოხერხდეს, ხშირად ამ წესების აღსრულებისთვის საკმარისი რაოდენობის მოხელეები არ გვყავს.
• კრიმინალური ხანძრის თავიდან აცილების სტრატეგიების შემუშავება. კანონმდებლებმა უნდა შეიმუშაონ ისეთი რეგულაციები, რომლებიც ადამიანებს მოუკლავს სურვილს, ტყეში ხანძარი გააჩინონ ხეების უკანონს მოჭრის დასამალად თუ ტყის ფართობის სასოფლო-სამეურნეო/სამშენებლო მიწად გადასაქცევად. ამ მიმართულებით ყველაზე ფუნდამენტური ნაბიჯია ისეთი კანონების შექმნა, რომლებიც ამგვარ ქმედებას კრიმინალურ კატეგორიაში გაიყვანს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი პრობლემის გადასაჭრელად. არსებითია, რომ უკანონო ქმედებების შედეგად მიღებული სარგებელი შემცირდეს. ამ აზრით, შესაძლოა, დარეგულირდეს ხე-ტყის ბაზარი, რომ ჯანსაღი ხეების უკანონოდ გაყიდვა თავიდან ავირიდოთ და აიკრძალოს დამწვარი ტყის სასოფლო-სამეურნეო და/ან სამშენებლო მიწად გადაკეთება. ეს ნაბიჯები კრიმინალური ხანძრების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს. ცხადია, ამ ქმედებებს თან სათანადო აღსრულების მექანიზმებიც უნდა სდევდეს.
პოლონეთის პროექტი: FORESTFIRE (ტყის ხანძარი)
ტყის ხანძრების რისკის შემცირების სტრატეგიის მაგალითია პოლონეთში 2007 წელს განხორციელებული პროექტი FORESTFIRE. ეს პროექტი ადამიანების მიერ გამოწვეული ხანძრების რაოდენობის შესამცირებლად შემუშავდა. იმ წელს პოლონეთში 2,818 ტყის ხანძარი გაჩნდა. ხანძრების ყველაზე ხშირი მიზეზი იყო კრიმინალური ხანძარი (46%), გაუფრთხილებელი ქცევა, კოცონის დანთება და სიგარეტის ნამწვების დაყრა (24%). პროექტის მიზანი იყო, შეემცირებინა ადამიანის ქმედებით გამოწვეული ტყის ხანძრების რისკი და ამ მიზნით საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა ტყის ხანძრის პრევენციის კარგ პრაქტიკაზე. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა რადიო გადაცემები და დოკუმენტური ფილმი ტყეში ხანძრის გამომწვევ ქმედებებზე, განზრახ ხანძრის გაჩენასა და განგაშის ატეხვის საჭიროებაზე, ასევე, განგაშის სწორად ატეხვაზე. მასწავლებლებმა მიიღეს საგანმანათლებლო მასალები, რათა სტუდენტებისთვის უკეთ ესწავლებინათ, როგორ აირიდონ თავიდან ხანძარი და როგორ მოიქცნენ ხანძრის დროს. მეხანძრეები და ადგილობრივი საზოგადოებები ტყის ხანძრის პრევენციის ტრენინგ-კურსებს დაესწრენ. პროექტმა აამაღლა მაცხოვრებლების ცოდნა ამ საკითხის შესახებ. შედეგად, ადამიანის მიზეზით გამოწვეული ხანძრების რაოდენობა 41%-ით შემცირდა (2007-2009 წლებში) იმ ოთხ პროვინციაში, სადაც ეს პროექტი განხორციელდა.
შეუძლებელია ტყის ხანძრების – ბუნებრივის თუ ადამიანის მიერ გამოწვეულის – სრულად თავიდან არიდება. საზოგადოების ინფორმირებით, პრევენციაში ინვესტირებითა და ხანძართან მებრძოლთა სათანადო რესურსებითა და ცოდნით აღჭურვით, ასევე, ისეთი კანონმდებლობის შექმნით, რომელიც ეკონომიკურ აგენტებს სტიმულს შეუმცირებს (ადამიანის მიერ გამოწვეულ ხანძარს ნაკლებად მომგებიანს გახდის) შესაძლებელია ტყის ხანძრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შევამციროთ, შევზღუდოთ ხანძრისგან გამოწვეული ზარალი და ამგვარად თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური დანაკარგები.